არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა: „ორ კილომეტრზე გაჰყევი“?

მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მიმდევრებს ასეთი რჩევა მისცა: „თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). იესოს მსმენელები, ალბათ, მიხვდებოდნენ, რომ ის გულისხმობდა სავალდებულო სამუშაოს, რომლის შესრულებასაც ძალაუფლების მქონენი აიძულებდნენ თავიანთ მოქალაქეებს.

ახ. წ. I საუკუნეში იუდეაში რომაელები ბატონობდნენ. ისინი იუდეველებს მონებივით ამუშავებდნენ და მათ შინაურ ცხოველებსაც ნებისმიერი საქმის შესასრულებლად იყენებდნენ; უფრო მეტიც, მათ ხალხისთვის ყველაფრის წართმევა შეეძლოთ, რასაც იმით ამართლებდნენ, რომ ეს მათი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა. მაგალითად, რომაელმა ჯარისკაცებმა აიძულეს კირინელი სიმონი, რომ იესოს წამების ბოძი გოლგოთამდე მიეტანა (მათე 27:32). ასეთ ქმედებებს იუდეველები დიდ უსამართლობად მიიჩნევდნენ და ძალიან ღიზიანდებოდნენ ამის გამო.

ხალხმა არ იცოდა, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ძნელი წარმოსადგენია, რომ იუდეველები სიხარულით შეხვედროდნენ რომაელების ნებისმიერ ბრძანებას და ზუსტად ისე შეესრულებინათ, როგორც ისინი მოითხოვდნენ მათგან. ამიტომ, როცა იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, ვინმეს „ორ კილომეტრზე გაჰყოლოდნენ“, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა ის საქმე, რასაც ძალაუფლების მქონენი დაავალებდნენ, წუწუნისა და გულისწყრომის გარეშე გაეკეთებინათ (მარკოზი 12:17).

ვინ იყო სახარებებში მოხსენიებული ანა, რომელიც იესოს გასამართლებას ესწრებოდა?

იმ დროს ანა (ანანი) „უფროსი მღვდელი“ იყო (ლუკა 3:2; იოანე 18:13; საქმეები 4:6). ის მღვდელმთავარ კაიაფას სიმამრი იყო. იგი თვითონაც ასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას დაახლოებით ახ. წ. 6-7 წლიდან 15 წლამდე, სანამ იუდეის მმართველმა, ვალერიუს გრეტუსმა, ის სხვა მღვდელმთავრით არ ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, ანას მაინც დიდი გავლენა ჰქონდა იუდეაში. მისი ხუთივე ვაჟი და სიძე მღვდელმთავრებად მსახურობდნენ.

სანამ ისრაელი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მღვდელმთავარი მთელი ცხოვრება ასრულებდა თავის მსახურებას (რიცხვები 35:25). მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მღვდელმთავარს და მეფეებს უშუალოდ რომაელები ნიშნავდნენ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მათი გადაყენება. ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობით, სირიის რომაელმა გამგებელმა დაახლოებით ახ. წ. 6-7 წელს მღვდელმთავარ იოაზარის ნაცვლად ანა დანიშნა. როგორც ჩანს, ეს წარმართი მმართველები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, როცა მღვდლებიდან რომელიმეს მღვდელმთავრად ნიშნავდნენ.

ყველამ კარგად იცოდა, რომ ანას ოჯახმა სიხარბით მოიხვეჭა დიდი სიმდიდრე. როგორც ჩანს, მათ ეს ქონება იმით დააგროვეს, რომ სრულად აკონტროლებდნენ ტაძარში შესაწირავი ცხოველებით, ფრინველებითა თუ პროდუქტებით, მათ შორის მტრედებით, ცხვრით, ზეთითა თუ ღვინით, ვაჭრობას. იოსებ ფლავიუსის თქმით, ანანის (ანანია), ანას ვაჟის „მსახურები ისეთი არამზადები იყვნენ, რომ ხალხს მეათედის გადახდას აიძულებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ მათ, ვინც მეათედის გაღებაზე უარს ამბობდა“.