არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

„ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“

„ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“

იყო დრო, როცა იეჰოვას ემსახურებოდი? ხომ არ ფიქრობ, რომ თუ კვლავ მოინდომებ, მას ემსახურო, აღარ მიგიღებს? ყურადღებით წაიკითხე ეს და მომდევნო სტატია. ისინი უშუალოდ შენთვის მომზადდა.

„ლოცვაში ვთხოვდი იეჰოვას, რომ ხელი არ ეკრა ჩემთვის და ეპატიებინა, ტკივილი რომ მივაყენე“. ასეთი სიტყვები თქვა ერთმა ქალმა, რომელიც ბავშვობიდანვე ბიბლიური ნორმებით აღიზარდა, მაგრამ უარი თქვა ღვთის მსახურებაზე და ქრისტიანისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესი არჩია. გებრალებათ ის? ალბათ, გაინტერესებთ, რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვინც ერთ დროს ემსახურებოდა მას? ახსოვს ღმერთს ისინი? სურს, რომ დაუბრუნდნენ? ამ კითხვებზე პასუხი რომ გავიგოთ, დავფიქრდეთ იერემიას სიტყვებზე. შეუძლებელია, გული არ გაგითბოთ იმან, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ (წაიკითხეთ იერემიას 31:18—20).

დაფიქრდით, რა ვითარებაში დაწერა იერემიამ ზემოთ მოყვანილი სიტყვები. ათობით წლით ადრე, სანამ იერემია წინასწარმეტყველებას დაიწყებდა, ძვ. წ. 740 წელს იეჰოვამ დაუშვა, რომ ისრაელის ათტომიანი სამეფო ასურელთა ტყვეობაში ჩავარდნილიყო. * ღმერთმა ისრაელი დასაჯა, რადგან ისინი სერიოზულად სცოდავდნენ და მის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს არაფრად აგდებდნენ (2 მეფეები 17:5—18). მოინანია ტყვეობაში მყოფმა ხალხმა, რომლებიც ასე შორს იყვნენ თავიანთი ღმერთისა და სამშობლოსგან? აპატია იეჰოვამ ყველა ის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს? მისცემდა ის მათ ოდესმე უფლებას, რომ კვლავ დაბრუნებოდნენ?

„მოვინანიე“

ტყვეობაში მყოფი ისრაელები მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს და მოინანიეს. იეჰოვას ეს მხედველობიდან არ გამორჩენია. ნახეთ, როგორ აღწერს იეჰოვა ეფრემის ანუ ტყვეობაში მყოფი ისრაელების გრძნობებსა და განწყობას:

„მესმის, როგორ გლოვობს თავის თავს ეფრემი“ (მუხლი 18). იეჰოვას ესმოდა, როგორ მოთქვამდნენ ისრაელები და როგორ წუხდნენ იმის გამო, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. გამოთქმა „გლოვობს თავის თავს“ ნიშნავს „კანკალს ან ცახცახს“, — ამბობს ერთი თეოლოგი. ისრაელები ჰგავდნენ გზასაცდენილ შვილს, რომელიც სინანულისგან თავს აქნევდა; ის ნანობდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდო თავი და მისტიროდა იმ დროს, როცა მშობლიურ სახლში ცხოვრობდა (ლუკა 15:11—17). რას ამბობდნენ ისრაელები?

„შენ გამომასწორე, როგორც გაუწვრთნელი ხბო“ (მუხლი 18). ხალხმა აღიარა, რომ სასჯელს იმსახურებდა. ისინი ჰგავდნენ გაუწვრთნელ ხბოს. ამ ფრაზაში შესაძლოა იგულისხმებოდეს მოზვერი, „რომლისთვისაც სახრე მანამდე არასდროს დაურტყამთ, სანამ უღელში შებმული არ გაჯიუტდა“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში.

„დამაბრუნე და მეც დავბრუნდები, რადგან შენა ხარ იეჰოვა, ჩემი ღმერთი“ (მუხლი 18). მათ გული მოიდრიკეს და მოუხმეს ღმერთს. ისინი ცოდვაში ჩაეფლნენ, მაგრამ ამჯერად ემუდარებოდნენ იეჰოვას, წამოეყენებინა და ისევ თავის ფრთებქვეშ მიეღო. ბიბლიის ერთ თარგმანში მომნანიე ისრაელთა სიტყვები ასეა გადმოტანილი: „შენ ჩვენი ღმერთი ხარ. გთხოვ, სახლში დაბრუნების უფლება მოგვეცი“ (Contemporary English Version)

„მოვინანიე . . . შემრცხვა და დამცირებულად ვიგრძენი თავი“ (მუხლი 19). ხალხი ძალიან ნანობდა ჩადენილ დანაშაულს. ისინი აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. ისრაელები მკერდში მჯიღს იცემდნენ, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ძალიან რცხვენოდათ საკუთარი საქციელის და განადგურებულად გრძნობდნენ თავს (ლუკა 15:18, 19, 21).

ისრაელებმა მოინანიეს. მათ მწუხარებით აევსოთ გული, აღიარეს თავიანთი ცოდვები ღვთის წინაშე და მიატოვეს უღვთო საქმეების კეთება. ნუთუ არ მოულბებოდა ღმერთს გული მათ შემხედვარეს და არ მისცემდა უკან დაბრუნების უფლებას?

„უეჭველად შევიბრალებ მას“

იეჰოვას ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მან თქვა: „ისრაელისთვის მამა ვარ, ეფრემი კი პირმშოა ჩემი“ (იერემია 31:9). განა მოსიყვარულე მამა ხელს ჰკრავს შვილს, რომელიც მოდრეკილი გულით პატიებას სთხოვს? ნახეთ, რა მამობრივ მზრუნველობას ავლენს იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ და როგორი სითბოთი მიმართავს:

„განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი?! რამდენადაც მის წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, იმდენად კარგად გავიხსენებ“ (მუხლი 20). რა სათუთი გრძნობებია გამოხატული ამ სიტყვებით! მოსიყვარულე, მაგრამ პრინციპული მამის მსგავსად, იეჰოვამ ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ თავისი შვილების „წინააღმდეგ ელაპარაკა“, რაც იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით აფრთხილებდა მათ, მიეტოვებინათ ცოდვილი გზებით სიარული. როცა ისრაელები გაჯიუტდნენ და ყური არ ათხოვეს ღმერთს, მან დაუშვა, რომ თავისი ერი მშობლიურ კერას მოეწყვიტათ და ტყვეობაში წაეყვანათ. მართალია, ღმერთმა დასაჯა ისინი, მაგრამ სამუდამოდ არ დავიწყებია. იეჰოვას არ შეეძლო ამის გაკეთება. მოსიყვარულე მამა არასდროს ივიწყებს თავის შვილებს. რას გრძნობდა იეჰოვა, როცა თავისი შვილების მოდრეკილ გულს ხედავდა?

„შიგნეული შემეძრა მის გამო. * უეჭველად შევიბრალებ მას“ (მუხლი 20). იეჰოვას ძალიან ენატრებოდა თავისი შვილები. როდესაც დაინახა, რაოდენ გულწრფელად ინანიებდნენ ისრაელები, მათი უკან მიღების ძლიერი სურვილი გაუჩნდა. იესოს იგავში მოყვანილი გზასაცდენილი შვილის მამის მსგავსად, იეჰოვასაც „გული დაეწვა“ მათ გამო და ხელგაშლილმა მიიღო (ლუკა 15:20).

„იეჰოვა, ნება მომეცი, დაგიბრუნდე!“

იერემიას 31:18—20-ში ჩაწერილი სიტყვებიდან კარგად ვხედავთ, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და როგორი გულმოწყალეა. ღმერთი არ ივიწყებს მათ, ვინც ერთ დროს მას ემსახურებოდა. როგორ ეპყრობა ღმერთი მათ, ვისაც მასთან დაბრუნების სურვილი აქვს? ის მზადაა, აპატიოს მათ (ფსალმუნი 86:5). იგი არასდროს შეაქცევს ზურგს მათ, ვინც მთელი გულით ინანიებს (ფსალმუნი 51:17). პირიქით, ის სიხარულით ღებულობს მათ (ლუკა 15:22—24).

სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ქალმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდა ღმერთს და იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას დასწრებოდა. თავდაპირველად უარყოფით გრძნობებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა. იგი იხსენებს: „უღირსად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კრების უხუცესებმა თანამიგრძნეს და სულიერი ძალების აღდგენაში დამეხმარნენ“. ის უდიდესი მადლიერებით ამბობს: „რა ბედნიერებაა, რომ იეჰოვამ თავისთან დაბრუნების უფლება მომცა!“

თუ ერთ დროს იეჰოვას ემსახურებოდი და კვლავ გაქვს მასთან დაბრუნების სურვილი, დაესწარი იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს. გახსოვდეს, რომ იეჰოვა თანაგრძნობასა და გულმოწყალებას ავლენს მათ მიმართ, ვინც ასეთი სიტყვებით ევედრება: „ნება მომეცი, დაგიბრუნდე!“

აპრილში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იერემია 17 — 31

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 საუკუნეებით ადრე, ძვ. წ. 997 წელს, ისრაელი ორ სამეფოდ გაიყო. ერთი იყო სამხრეთით მდებარე ორტომიანი სამეფო, მეორე კი — ჩრდილოეთით მდებარე ათტომიანი სამეფო, რომელსაც ეფრემიც ეწოდებოდა. ამ ათტომიან სამეფოს ეფრემის სახელით იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ ის ტომებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო.

^ აბზ. 5 ბიბლიის მთარგმნელებისთვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში ახსნილია, რა დატვირთვა აქვს ამ მხატვრული ენით ნათქვამ ფრაზას: «ისრაელები სიტყვა „შიგნეულში“ გულისხმობდნენ მძაფრ ემოციებს».