არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რამ აღძრა ერთი მამაკაცი, ღმერთს დაბრუნებოდა? როგორ იპოვა ერთმა ახალგაზრდამ მამობრივი სითბო, რომელიც მთელი ცხოვრება ენატრებოდა? აი, რას გვიყვებიან ისინი.

„მივხვდი, რომ იეჰოვასთან უნდა დავბრუნებულიყავი“ — ილი ხალილი

დაბადების წელი: 1976

ქვეყანა: კვიპროსი

წარსულში: გზასაცდენილი შვილი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე კვიპროსში, მაგრამ ავსტრალიაში გავიზარდე. ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ იეჰოვასა და მისი სიტყვის, ბიბლიის, სიყვარული ჩემთვის ჩაენერგათ. ათი წლის ვიყავი, როცა მშობლებს აღარ ვემორჩილებოდი. ღამღამობით სახლიდან ვიპარებოდი და თანატოლებს ვხვდებოდი; ვიპარავდით მანქანებს და ათასგვარ სისაძაგლეს ჩავდიოდით.

თავიდან ამ ყველაფერს ფარულად ვაკეთებდი, რომ მშობლებს არ გაეგოთ. მაგრამ თანდათანობით მშობლების აზრი ჩემთვის სულერთი გახდა. დავუმეგობრდი ჩემზე გაცილებით უფროსებს, რომლებსაც იეჰოვა არ უყვარდათ. ისინი ძალიან ცუდ გავლენას ახდენდნენ. ბოლოს მშობლებს განვუცხადე, რომ აღარ მინდოდა მათ რწმენასთან რაიმე საერთო მქონოდა. დედ-მამა დიდ მოთმინებას ავლენდა და ცდილობდა დამხმარებოდა, მე კი ყველაფერზე უარს ვამბობდი. მშობლები ძალიან გულდაწყვეტილი იყვნენ.

სახლიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა სახის ნარკოტიკების მიღება დავიწყე. მომყავდა დიდი რაოდენობით მარიხუანა და ვყიდდი. ვეწეოდი უზნეო ცხოვრებას და დროის უმეტეს ნაწილს ღამის კლუბებში ვატარებდი. გარდა ამისა, ძალიან ფიცხი გავხდი. თუ ვინმე ისეთ რამეს იტყოდა ან გააკეთებდა, რაც არ მომწონდა, მწყობრიდან გამოვდიოდი, ხშირად ვუყვიროდი მათ და ვცემდი კიდეც. ყველაფერს იმის საპირისპიროს ვაკეთებდი, რასაც ქრისტიანი მშობლები მასწავლიდნენ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ძალიან დავუახლოვდი ერთ ნარკომანს, რომელსაც მამა ბავშვობაში გარდაეცვალა. ჩვენ ხშირად გვიანობამდე ვსაუბრობდით ხოლმე. ერთ ღამეს მან გული გადამიშალა და მითხრა, როგორ ენატრებოდა მამა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მიცვალებულები აღდგებოდნენ; ჩემდაუნებურად დავიწყე იესოზე საუბარი. ვუთხარი, რომ ის მკვდრებს აცოცხლებდა და დაგვპირდა, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებდა (იოანე 5:28, 29). „წარმოიდგინე, მამაშენს კვლავ ნახავ, — ვუთხარი მას. — თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სამოთხეში ვიცხოვროთ დედამიწაზე“. ჩემმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა ბოლო დღეებსა და სამების მოძღვრებაზე ჩამოაგდო საუბარი. ავიღე მისი ბიბლია და ის მუხლები წავაკითხე, სადაც იეჰოვა ღმერთზე, იესოსა და ბოლო დღეებზე ჭეშმარიტება ეწერა (იოანე 14:28; 2 ტიმოთე 3:1—5). რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ჩემს მეგობართან იეჰოვაზე, მით უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე.

ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი, რომელიც მშობლებმა ჩათესეს ჩემს გულში, ნელ-ნელა გაღივდა და აღმოცენება დაიწყო. ზოგჯერ, როცა მეგობრებთან ერთად ნარკოტიკებს ვიღებდი, იეჰოვა მახსენდებოდა და მასზე ვიწყებდი ფიქრს. ბევრი ჩემი მეგობარი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი უყვარდა, საქმეებით კი საპირისპიროს ამტკიცებდა. არ მინდოდა, რომ მათნაირი ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა — უნდა დავბრუნებოდი იეჰოვას.

ერთია, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ მეორეა, შეძლო ამის გაკეთება. ჩემთვის ზოგიერთი რამის შეცვლა ადვილი იყო. ნარკოტიკებისთვის თავის დანებება ძალიან არ გამჭირვებია. ძველ მეგობრებსაც ჩამოვშორდი. ბიბლიას ერთი ქრისტიანი უხუცესი მასწავლიდა.

ჩემთვის სხვა ცვლილებების მოხდენა გაცილებით რთული აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ფიცხი ვიყავი და ამიტომ მიჭირდა თავის ხელში აყვანა. მთლიანობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებდი და მწყობრიდან გამოვდიოდი. ყოველთვის, როცა თავს ვერ ვაკონტროლებდი, სინდისი მქენჯნიდა. გულგატეხილი იმ უხუცესს მივმართავდი დახმარებისთვის, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა. იგი ყოველთვის მოთმინებას ავლენდა, კარგად მექცეოდა და მამხნევებდა. ერთხელ „საგუშაგო კოშკიდან“ წამაკითხა სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული. * ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როცა გავბრაზდებოდი. თანდათანობით შევძელი გამეთვალისწინებინა ამ სტატიაში მოცემული რჩევები და ლოცვის დახმარებით თავი ხელში ამეყვანა. ბოლოს, 2000 წლის აპრილში მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ჩემი მშობლები სიხარულით ცას ეწივნენ.

კურთხევები: ახლა შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ და სუფთა სინდისი მაქვს, რადგან აღარ ვიღებ ნარკოტიკებს და აღარც უზნეო ცხოვრებას ვეწევი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, იქნება ეს ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება თუ დასვენება, გაცილებით ბედნიერად ვგრძნობ თავს. მიხარია, რომ დღეს ყველაფერს დადებითად ვუყურებ.

მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს, რომლებმაც არასდროს მიმატოვეს. აგრეთვე ვფიქრობ იესოს სიტყვებზე, რომლებიც იოანეს 6:44-შია ჩაწერილი: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“. ძალიან მიხარია, რომ შევძელი იეჰოვასთან დაბრუნება, რომელმაც მთელი გულით მიმიღო.

„მენატრებოდა მამა“ — მარკო ანტონიო ალვარეს სოტო

დაბადების წელი: 1977

ქვეყანა: ჩილე

წარსულში: ჰევი-მეტალის ჯგუფის წევრი

მოკლე ბიოგრაფია: დედამ მარტომ გამზარდა პუნტა-არენასში. ეს არის ლამაზი ქალაქი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მაგელანის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს. ხუთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, რის გამოც გარიყულად ვგრძნობდი თავს. მამა ძალიან მენატრებოდა.

დედაჩემი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას და სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დავყავდი. მეზიზღებოდა ეს შეხვედრები და ხშირად გზაში ისტერიკაში ვვარდებოდი. როდესაც 13 წლის გავხდი, იქ სიარულზე კატეგორიული უარი განვაცხადე.

იმ დროს მუსიკამ გამიტაცა; თანაც მუსიკალური ნიჭიც აღმომაჩნდა. 15 წლის ვიყავი, როცა დღესასწაულებზე, ბარებში თუ წვეულებებზე ჰევი-მეტალს ვასრულებდი. ურთიერთობა მქონდა ნიჭიერ მუსიკოსებთან, რომლებმაც კლასიკური მუსიკა შემაყვარეს. მალე კონსერვატორიაში ჩავაბარე. 20 წლის რომ გავხდი, დედაქალაქში, სანტიაგოში, გადავედი და იქ გავაგრძელე სწავლა. ამავე დროს, ჰევი-მეტალის ჯგუფებთან ერთად ვუკრავდი.

მთელი ამ ხნის მანძილზე შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი. ტკივილი რომ გამეყუჩებინა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრებად ვთვლიდი, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მივეძალე. ჩხუბისთავი ვიყავი, რაზეც ჩემი გარეგნობაც მეტყველებდა. შავი ფერის ტანსაცმლით დავდიოდი, მოვუშვი წვერი და თმა წელამდე გავიზარდე.

შარიანი ვიყავი და ყოველთვის ვჩხუბობდი, რის გამოც ხშირად პოლიციასთან მქონდა საქმე. ერთხელ, მთვრალმა ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან ვიჩხუბე, რომლებმაც მე და ჩემს მეგობრებს თავი მოგვაბეზრეს. ისე მაგრად მცემეს, რომ ყბა გამიტეხეს.

სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ტკივილი უახლოესმა ადამიანმა მომაყენა. ერთ დღეს გავიგე, რომ ჩემი შეყვარებული წლების მანძილზე ჩემს ძმაკაცთან მღალატობდა. ამის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ მიმალავდნენ. ამან ემოციურად გამანადგურა.

პუნტა-არენასში დავბრუნდი, სადაც მუსიკას ვასწავლიდი და ვიოლონჩელოზე ვუკრავდი. აგრეთვე ჰევი-მეტალის ჯგუფებთან ერთად ვუკრავდი და მათთან ერთად ჩანაწერებს ვაკეთებდი. იმ დროს გავიცანი მომხიბვლელი სუსანა და ჩვენ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ცოტა ხანში სუსანამ გაიგო, რომ დედამისს სწამდა სამების მოძღვრება, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მან მკითხა: „აბა, რა არის სიმართლე?“. ვუთხარი, რომ სამების მოძღვრება არასწორი იყო, მაგრამ არ შემეძლო ბიბლიიდან მომეყვანა ამის დამამტკიცებელი მუხლები. ვიცოდი, ვის შეეძლო ამის გაკეთება. სუსანას ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმეებს შეეძლოთ მისთვის ბიბლიიდან ეჩვენებინათ სიმართლე. შემდეგ ისეთი რამ გავაკეთე, რაც წლების მანძილზე არ გამიკეთებია — ღმერთს მივმართე ლოცვით და დახმარება ვთხოვე.

რამდენიმე დღეში თვალი მოვკარი ერთ კაცს, რომელიც მეცნო. მივედი მასთან და ვკითხე, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. ცოტა არ იყოს, შეაშინა ჩემმა გარეგნობამ, მაგრამ მაინც თავაზიანად ამიხსნა, თუ როდის ტარდებოდა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრები. მივხვდი, რომ მასთან შეხვედრა ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო. სამეფო დარბაზში მივედი და უკანა რიგში დავჯექი, რათა არავის შევემჩნიე. მაგრამ ბევრმა მიცნო. მათ გაახსენდათ, რომ ბავშვობაში ვესწრებოდი შეხვედრებს. ისინი თბილად შემხვდნენ და გულში ჩამიკრეს. საოცარი სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ სახლში ვიყავი. იქ შევხვდი ძმას, რომელიც ბავშვობაში ბიბლიას მასწავლიდა. ვთხოვე, რომ კვლავ ესწავლებინა ჩემთვის ბიბლია.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთ დღესაც წავიკითხე იგავების 27:11, რომელშიც ეწერა: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე“. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ აზრმა, რომ უბრალო მოკვდავს შეუძლია სამყაროს შემოქმედს გული გაუხაროს. მივხვდი, რომ სწორედ იეჰოვა ავლენს მამობრივ სითბოს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიყავი მონატრებული.

სურვილი გამიჩნდა, მესიამოვნებინა ჩემი ზეციერი მამისთვის და შემესრულებინა მისი ნება, მაგრამ წლების მანძილზე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მონა ვიყავი. საბოლოოდ ჩავწვდი იესოს სიტყვების მნიშვნელობას, რომელიც მათეს 6:24-შია ჩაწერილი: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“. ცვლილებების მოხდენაში ძალიან დამეხმარა 1 კორინთელების 15:33-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“. მივხვდი, რომ თუ ისევ ძველ მეგობრებთან მექნებოდა ურთიერთობა, მავნე ჩვევებს ვერ მოვიშორებდი. ბიბლია პირდაპირ მეუბნებოდა, რომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიმეღო — თავიდან უნდა მომეშორებინა ყველაფერი, რაც მაბრკოლებდა (მათე 5:30).

ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე მაშინ დავდექი, როცა უარი უნდა მეთქვა ჰევი-მეტალზე, მაგრამ თანაქრისტიანების დახმარებით მე ეს შევძელი. თავი დავანებე სმას და ნარკოტიკებს. აგრეთვე შევიჭერი თმა, გავიპარსე წვერი და შავის გარდა, სხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმაც დავიწყე. როცა სუსანას ვუთხარი, რომ თმის შეჭრას ვაპირებდი, ძალიან დაინტერესდა, ისეთი რა ხდებოდა სამეფო დარბაზში, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მან მითხრა: „შენთან ერთად წამოვალ სამეფო დარბაზში. მინდა გავიგო, რა ხდება იქ“. მას ძალიან მოეწონა იქაური ატმოსფერო და მალე თავადაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ბოლოს, მე და სუსანა დავქორწინდით, 2008 წელს კი იეჰოვას მივუძღვენით თავი და მოვინათლეთ. გვიხარია, რომ დღეს დედასთან ერთად იეჰოვას ვემსახურებით.

კურთხევები: თავი დავაღწიე ორგულ საზოგადოებას და ქვეყნიერებას, რომელიც მოჩვენებით ბედნიერებას გთავაზობს. დღემდე მიყვარს მუსიკა, მაგრამ განურჩევლად ყველაფერს აღარ ვუსმენ. ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ოჯახის წევრებსა და სხვებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. მსურს, დავანახვო, რომ ის, რასაც ქვეყნიერება სთავაზობს მათ, მიმზიდველი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში „დიდი ნაგავია“ (ფილიპელები 3:8).

დღეს ერთგული მეგობრები მყავს ქრისტიანულ კრებაში, სადაც სიყვარული და მშვიდობა სუფევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იეჰოვას სახით მოსიყვარულე მამა ვიპოვე.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 სტატია „წარმატება შეუპოვრობის შედეგია“ იხილეთ 2000 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 4—6.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„იეჰოვასთან დაბრუნება შევძელი, რომელმაც სიხარულით მიმიღო“