არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას

ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა

ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა

იოსებმა ეს-ესაა ბოლო ტვირთი გადაჰკიდა თავის ვირს. წარმოიდგინეთ, როგორ მიმოავლებდა იგი თვალს წყვდიადში ჩაფლულ ბეთლემს და როგორ გადაუსვამდა გავაზე ხელს საპალნით დამძიმებულ პირუტყვს. უეჭველია, ის ფიქრობდა, თუ რამხელა გზა ჰქონდა გასავლელი, სანამ ეგვიპტემდე ჩააღწევდა. ალბათ, ისიც ადარდებდა, როგორ შეეგუებოდა მისი ოჯახი ასეთ დიდ ცვლილებას; მათ ხომ სრულიად უცხო ხალხში მოუწევდათ ცხოვრება, ახალი ენის სწავლა და ახალ კულტურასთან შეგუება?!

იოსებისთვის ადვილი არ იყო, თავისი საყვარელი მეუღლისთვის, მარიამისთვის, ცუდი ამბავი შეეტყობინებინა. მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და მარიამს მოუყვა, რა უთხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: მეფე ჰეროდე მათი პატარა ვაჟის მოკვლას აპირებდა. ამიტომ, ისინი იქაურობას უნდა გასცლოდნენ (მათე 2:13, 14). ამ ამბავმა მარიამს თავზარი დასცა. მას ვერ წარმოედგინა, ვის უნდა ნდომებოდა მისი უდანაშაულო, თოთო ბავშვის სიკვდილი. ვერც მარიამი და ვერც იოსები ვერ ხვდებოდნენ, ბოლომდე რა ხდებოდა. მაგრამ მიენდნენ იეჰოვას და გასამგზავრებლად მოემზადნენ.

ბეთლემს ღრმა ძილით ეძინა. სოფელში ვერავინ წარმოიდგენდა, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა მათ თავს. იოსებმა, მარიამმა და იესომ კი ამ დროს ზურგს უკან მოიტოვეს ღამის წყვდიადში გახვეული ბეთლემი. ისინი სამხრეთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. მალე აღმოსავლეთით ცამაც ინათა. ალბათ, იოსებს მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რა ელოდათ წინ. იგი იმაზეც წუხდა, როგორ შეძლებდა უბრალო დურგალი ძლიერი მტრის ხელიდან თავისი ოჯახის დახსნას. შეძლებდა ის საკუთარი ძალით მათ რჩენას? ღირსეულად შეასრულებდა ის ღვთისგან დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას, ეზრუნა ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე და აღეზარდა ის? იოსები დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. თუ განვიხილავთ, როგორ გაუმკლავდა ის თითოეულ ამ სირთულეს, დავინახავთ, რატომ უნდა გამოავლინონ მამებმა, და არა მარტო მათ, იოსების მსგავსი რწმენა.

ოჯახის უსაფრთხოების სადარაჯოზე

თვეებით ადრე, იოსები ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, როცა ელის ქალიშვილზე დაინიშნა. იმ დროს მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. იოსებმა იცოდა, რომ მარიამი უმწიკვლო და ღვთისმოშიში ქალი იყო. მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ ის ფეხმძიმედ იყო. მან გადაწყვიტა, ფარულად გაყროდა მარიამს და არ გაეხმაურებინა ეს ამბავი. * მას ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში და უთხრა, რომ მარიამი იეჰოვას წმინდა სულით იყო ფეხმძიმედ. ანგელოზმა ისიც დასძინა, რომ მარიამი ვაჟს გააჩენდა, რომელიც დაიხსნიდა „თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“. ანგელოზმა დაარწმუნა იოსები: „ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის“ (მათე 1:18—21).

იოსები მართალი და ღვთის მორჩილი კაცი იყო. ამიტომ, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ანგელოზმა უთხრა. იგი მზად იყო, შეესრულებინა საკმაოდ რთული დავალება: აღეზარდა ვაჟი, რომელიც არ იყო მისი სისხლი და ხორცი, მაგრამ ღვთისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. მოგვიანებით, იოსები დაემორჩილა კეისრის ბრძანებას და თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად ჩავიდა ბეთლემში აღსაწერად. სწორედ იქ დაიბადა იესო. *

იოსები თავის ოჯახთან ერთად ნაზარეთში აღარ დაბრუნებულა. ის დასახლდა ბეთლემში, რომელიც იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ იოსები ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ცოლ-შვილი სიდუხჭირეში არ ჰყოლოდა. მოგვიანებით მათ უბრალო სახლში დაიდეს ბინა. ამ დროისთვის იესო ერთ წელზე მეტი ხნის იყო. მაშინ მათ ცხოვრებაში კიდევ ერთი მოულოდნელი ცვლილება მოხდა.

მათ ესტუმრნენ ასტროლოგები აღმოსავლეთიდან, შესაძლოა შორეული ბაბილონიდან. ასტროლოგებს წინ მიუძღოდათ ვარსკვლავი, რომელმაც იოსებისა და მარიამის სახლამდე მიიყვანა. ისინი ეძებდნენ ბავშვს, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გამხდარიყო. ამ მამაკაცებმა დიდი პატივისცემა გამოავლინეს იესოსა და დედამისის მიმართ.

ვარსკვლავმა ასტროლოგები თავდაპირველად ბეთლემში კი არა, იერუსალიმში მიიყვანა. ამიტომ, ნებით თუ უნებლიეთ, მათ პატარა იესოს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. იერუსალიმში მათ ბოროტ მეფე ჰეროდეს უთხრეს, რომ ეძებდნენ ბავშვს, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გამხდარიყო, რამაც მეფე აღაშფოთა (იხილეთ სტატია „ვინ გააგზავნა ვარსკვლავი?“ რუბრიკაში მკითხველები გვეკითხებიან, გვერდი 29).

საბედნიეროდ, საქმეში ჰეროდეზე გაცილებით ძლიერი პიროვნება ჩაერია. სტუმრებმა იოსების ოჯახს მიართვეს საჩუქრები, სამაგიეროდ კი არაფერი უთხოვიათ. როგორ გააოცებდა იოსებსა და მარიამს, რომ ასე მოულოდნელად ამხელა სიმდიდრის, „ოქროს, გუნდრუკისა და სმირნის“, მფლობელები გახდნენ! ასტროლოგები მეფე ჰეროდეს დაჰპირდნენ, რომ როგორც კი ბავშვს იპოვიდნენ, შეატყობინებდნენ მის ადგილსამყოფელს. მაგრამ ამ დროს საქმეში იეჰოვა ჩაერია და სიზმარში ასტროლოგები გააფრთხილა, სახლში სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ (მათე 2:1—12).

მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ასტროლოგები იოსების ოჯახს დაემშვიდობებოდნენ, იეჰოვას ანგელოზმა იოსები გააფრთხილა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“ (მათე 2:13). როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, იოსები უმალვე დაემორჩილა ღმერთს. მან თავისი შვილის უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დააყენა და ოჯახი ეგვიპტეში წაიყვანა. ვინაიდან ასტროლოგებმა იოსების ოჯახს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს, მათ საკმარისი სახსრები ექნებოდათ, რაც მგზავრობისას და ეგვიპტეში ცხოვრების პირველ ხანებში წაადგებოდათ.

მოგვიანებით დაწერილ აპოკრიფულ მითებსა და ლეგენდებში მათი მგზავრობა ისეა აღწერილი, რაც სინამდვილისგან შორს არის. მაგალითად, ამ მითებში ნათქვამია, რომ პატარა იესომ სასწაული მოახდინა და გზა შეამოკლა, ყაჩაღები გააკეთილშობილა და ფინიკის პალმებს ტოტები დაბლა დაახრევინა, დედამისს რომ ნაყოფი მოეკრიფა. * სინამდვილეში კი მათ გრძელი, დამქანცველი გზის გავლა მოუწიათ, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.

დღეს მშობლებს იოსების მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ოჯახი საფრთხისგან რომ დაეცვა, იოსებმა სამუშაო მიატოვა და უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე. ცხადია, ის თავის ოჯახზე ზრუნვას წმინდა მოვალეობად მიიჩნევდა, რომელიც იეჰოვამ მიანდო. დღეს მშობლებს შვილების აღზრდა საშიშ გარემოში უწევთ. ქვეყნიერება საფრთხეს უქმნის, რყვნის და ღუპავს ახალგაზრდებს. მისასალმებელია, რომ დღეს არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებიც იოსებივით თავიანთ შვილებს ასეთი ცუდი გავლენისგან იცავენ.

ოჯახის მარჩენალი

როგორც ჩანს, იოსები და მისი ოჯახი დიდხანს არ დარჩენილან ეგვიპტეში, რადგან ანგელოზმა შეატყობინა იოსებს, რომ ჰეროდე მოკვდა. იოსები ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ იეჰოვა ეგვიპტიდან მოუხმობდა თავის ძეს (მათე 2:15). იოსებმა ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ სად დასახლდებოდნენ ამჯერად ისინი?

იოსები სიფრთხილეს იჩენდა, რადგან ჰეროდეს მემკვიდრე, არქელაე თავისი წინამორბედის მსგავსად, ბოროტი და სისხლისმღვრელი მეფე იყო. ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ ოჯახი ჩრდილოეთით, თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში (გალილეა) წაეყვანა, სადაც შორს იქნებოდა იერუსალიმისა და იქ გამეფებული ქაოსისგან. სწორედ ნაზარეთში აღზარდეს მან და მარიამმა თავიანთი შვილები (მათე 2:19—23).

ისინი უბრალოდ ცხოვრობდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ცხოვრების გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იოსები დურგალი იყო. ის ხეზე მუშაობდა: ჭრიდა ხეებს, მიჰქონდა სახლში და ამუშავებდა, რათა გამოეყენებინა სახლების, ნავებისა და პატარა ხიდების ასაგებად, და, ამასთანავე, ურმების, ურმის თვლების, უღლებისა და სხვა სამეურნეო იარაღების გასაკეთებლად (მათე 13:55). ეს ძალიან მძიმე საქმე იყო. ბიბლიურ დროში დურგლები ხშირად მუშაობდნენ თავიანთი ეზოს ჭიშკრებთან ან სახელოსნოებში, რომელიც სახლის გვერდით ჰქონდათ.

იოსები სხვადასხვა სახის სამუშაო იარაღებს იყენებდა, რომელთაგანაც ზოგი შესაძლოა მამამისმა დაუტოვა მემკვიდრეობით. ის შეიძლება იყენებდა გონიოს, შვეულს, მოსანიშნ ცარციან ძაფს, წალდს, ხერხს, ხელეჩოს, ჩაქუჩს, ხის ჩაქუჩს, სხვადასხვა ზომის სატეხებს, ბურღს, ათასგვარ წებოსა თუ ლურსმნებს, თუმცა ეს უკანასკნელი ძვირი ღირდა.

წარმოიდგინეთ, რა გაფაციცებით უყურებდა პატარა იესო თავის მამობილს მუშაობის დროს. ალბათ, მის ფართოდ გახელილ თვალებს იოსების არც ერთი მოძრაობა არ რჩებოდა შეუმჩნეველი. უეჭველია, ის ამაყობდა თავისი მამით, რომელსაც ფართო მხარ-ბეჭი და ძლიერი, დაკუნთული მკლავები ჰქონდა. იგი აღტაცებაში მოჰყავდა ამ დახელოვნებული ოსტატის მარჯვე ხელებსა და გაწაფულ თვალს. ალბათ, იოსები აჩვენებდა პატარა იესოს, როგორ გაეპრიალებინა ხის ხაოიანი ზედაპირი თევზის გამხმარი კანით. ის იმასაც აუხსნიდა იესოს, როგორ უნდა დაემუშავებინა სიკომოროს, მუხისა და ზეთისხილის ხეები.

იესო იმასაც ხედავდა, როგორ ჭრიდა მამამისი თავისი ძლიერი ხელებით ხეებს, როგორ ამუშავებდა ხის უზარმაზარ ძელებს და როგორ ამაგრებდა ერთმანეთში ხის დიდ კოჭებს და ამავე ძლიერი ხელებით რა სათუთად ეფერებოდა მეუღლეს, იესოსა და მის და-ძმებს. იოსებსა და მარიამს იესოს გარდა, სულ მცირე, კიდევ ექვსი შვილი ჰყავდათ (მათე 13:55, 56). იოსებს მძიმედ შრომა უწევდა, რომ ერჩინა თავისი დიდი ოჯახი.

მაგრამ იოსებს ისიც კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა. ამიტომ, დროს ნახულობდა იმისათვის, რომ ბავშვებისთვის მეტი ესწავლებინა იეჰოვა ღმერთისა და მისი კანონების შესახებ. მას და მარიამს ხშირად დაჰყავდათ შვილები სინაგოგაში, სადაც კანონს ხმამაღლა კითხულობდნენ და ხსნიდნენ. ალბათ, იესოს ბევრი კითხვა უჩნდებოდა და იოსებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ რამენაირად დაეკმაყოფილებინა ბავშვის სულიერი წყურვილი. იოსებს თავისი ოჯახი რელიგიურ დღესასწაულებზეც მიჰყავდა იერუსალიმში. წელიწადში ერთხელ პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად იოსების ოჯახს დაახლოებით 112 კილომეტრის გავლა უწევდათ, რასაც ორ კვირას ანდომებდნენ.

დღეს ქრისტიანი ოჯახის თავები იოსებს ჰბაძავენ. ისინი შვილებს დროს უთმობენ და ყველაფერზე წინ, რაშიც უზრუნველი ცხოვრების მოწყობაც შედის, შვილების სულიერ აღზრდას აყენებენ. ისინიც ბავშვებთან ერთად ქრისტიანული კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე დასასწრებად დიდ მანძილს გადიან. იოსების მსგავსად, მათ იციან, რომ უმჯობესია, მთელი თავიანთი დრო, უნარი და სახსრები შვილების აღზრდას მოახმარონ, ვიდრე სხვა რამეს.

„გულშემოყრილები დაგეძებთ“

იესო 12 წლის იყო, როცა იოსებმა თავისი ოჯახი, ჩვეულებისამებრ, პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში წაიყვანა. იდგა გაზაფხული. იუდეველები თავიანთი დიდი ოჯახებით იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ყვავილებით გადაპენტილ ხეებს შორის ქარავნებით მიუყვებოდნენ. როგორც კი მაღლობზე გაშენებულ ქალაქს მიუახლოვდნენ, ბუნების ლამაზი პეიზაჟი ერთფეროვანმა ხედმა შეცვალა. ალბათ, ბევრი იუდეველი ქალაქის დანახვაზე აღსავალი ფსალმუნების მღერას წამოიწყებდა (ფსალმუნები 120—134). ქალაქში ასობით ათასი ადამიანი ირეოდა. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ოჯახები ქარავნებით შინისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. იოსები და მარიამი, რომლებიც ათასგვარი საქმით იყვნენ დაკავებული, ფიქრობდნენ, რომ იესო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. როცა იერუსალიმი ერთი დღის სავალზე ჩამოიტოვეს, მაშინღა შეამჩნიეს, რომ იესო გვერდით არ ჰყავდათ და თავზარი დაეცათ (ლუკა 2:41—44).

ისინი გულგახეთქილები გაბრუნდნენ იერუსალიმისკენ და ყველგან ეძებდნენ პატარა იესოს. წარმოიდგინეთ, როგორი დაცარიელებული მოეჩვენებოდათ ქალაქის ქუჩები, როცა სასოწარკვეთილნი თავიანთ ვაჟს დაეძებდნენ და სახელით უხმობდნენ! სად შეიძლებოდა ამ დროს იესო ყოფილიყო? სამი დღის უშედეგო ძებნის შემდეგ ხომ არ იფიქრებდა იოსები, რომ იეჰოვას ნდობა ვერ გაამართლა და წმინდა დავალება ვერ შეასრულა? ბოლოს ისინი ტაძარში მივიდნენ და იქ ეძებდნენ ბავშვს მანამ, სანამ არ იპოვეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც სწავლულები და კანონის მცოდნე მამაკაცები იყვნენ თავმოყრილი. წარმოიდგინეთ, რამხელა შვებას იგრძნობდნენ იოსები და მარიამი! (ლუკა 2:45, 46).

იესო უსმენდა კანონის მცოდნე მამაკაცებს და კითხვას კითხვაზე უსვამდა. ისინი გაოცებული იყვნენ მისი წვდომის უნარითა და პასუხებით. მარიამი და იოსები ამის დანახვაზე განცვიფრდნენ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, უთხრა თუ არა იოსებმა რამე პატარა იესოს. მაგრამ, როგორც ჩანს, ორივეს სათქმელი მარიამმა თქვა: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“ (ლუკა 2:47, 48).

ბიბლიის ამ მცირე ეპიზოდიდან კარგად ჩანს, სინამდვილეში რას ნიშნავს, იყო მშობელი. როგორც დავინახეთ, არ არის ადვილი, შეასრულო მშობლის მოვალეობა მაშინაც კი, როცა სრულყოფილი შვილი გყავს. დღევანდელ საშიშ ქვეყნიერებაში მშობლებმა შეიძლება ენით აუწერელი ემოციური ტკივილი იგრძნონ, მაგრამ ღვთის სიტყვამ გაამხნეოს ისინი, რადგან მასში ნათქვამია, რომ არ არის ადვილი, იყო მშობელი.

საბედნიეროდ, იესო სწორედ იქ დარჩა, სადაც ყველაზე მეტ სიახლოვეს გრძნობდა თავის ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან. ის გაფაციცებით ისმენდა ყველაფერს, რომ არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. ამიტომ, მან ბავშვური გულწრფელობით მიუგო მშობლებს: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკა 2:49).

იოსებს კიდევ არაერთხელ გაახსენდებოდა იესოს სიტყვები. ის, ალბათ, ამაყობდა კიდეც ამით. მან ხომ მთელი თავისი ძალ-ღონე შეალია იმას, რომ თავის შვილობილს ასეთი სიახლოვე ეგრძნო იეჰოვა ღმერთთან. იესო ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სითბოთი წარმოთქვამდა სიტყვა „მამას“, რაშიც დიდი წვლილი სწორედ იოსებს მიუძღოდა.

თუ მამა ხართ, გააზრებული გაქვთ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრიათ შვილების წინაშე? თქვენ ხომ მათ უნდა ასწავლოთ, რას ნიშნავს, იყო მოსიყვარულე მამა, რომელიც ყოველთვის ოჯახის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას?! თუ გყავთ გერები ან ნაშვილები ბავშვები, გახსოვდეთ იოსები და თბილად მოეპყარით თითოეულს; არასდროს გამოარჩიოთ ერთმანეთისგან. დაეხმარეთ მათ, რომ უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ ზეციერ მამას, იეჰოვას.

ღირსეული მამა

მართალია, ბიბლიაში იოსები მხოლოდ რამდენჯერმეა მოხსენიებული, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ ეპიზოდების განხილვა. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ იესო „კვლავაც ემორჩილებოდა“ თავის მშობლებს. აგრეთვე იმასაც ვკითხულობთ, რომ „ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკა 2:51, 52). რას ვიგებთ ამ მუხლებიდან იოსებზე? იოსები კვლავ ღირსეულად ასრულებდა ოჯახის თავის მოვალეობას, რადგან მისი სრულყოფილი ვაჟი პატივს სცემდა მამას, როგორც ოჯახის მეთაურს და ემორჩილებოდა მას.

ჩვენ აგრეთვე ვიგებთ, რომ იესოს დღითიდღე ემატებოდა სიბრძნე. რასაკვირველია, ამაში იოსებს დიდი წვლილი მიუძღოდა. იმ დროს იუდეველებს შორის ერთი ცნობილი იგავი იყო გავრცელებული. ამ იგავის თანახმად, მხოლოდ მოცლილი ხალხი შეიძლებოდა დაბრძენებულიყო, დურგლებს, მიწათმოქმედებსა და მჭედლებს კი „არ შეეძლოთ მართებულად განსჯა და ლოგიკური მსჯელობა, რის გამოც მათი პირიდან ვერასდროს გაიგებდით ბრძნულ იგავებს“. მოგვიანებით იესომ დაამტკიცა, რომ ეს იგავი სინამდვილისგან შორს იყო. ალბათ, ბავშვობაში იესო არაერთხელ მოისმენდა თავისი მამობილისგან, უბრალო დურგლისგან, იეჰოვას „სამართლიანობისა და განსჯის უნარის შესახებ“.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოსებმა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზეც იზრუნა. იესო ჯანმრთელი და ძლიერი კაცი დადგა. გარდა ამისა, იოსებმა იესოს თავისი ხელობაც ასწავლა. მას არა მარტო დურგლის ვაჟად, არამედ დურგლადაც იცნობდნენ (მარკოზი 6:3). ასე რომ, იოსების შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ოჯახის თავები ბრძნულად იქცევიან, თუ იოსებს ჰბაძავენ; ზრუნავენ შვილების კეთილდღეობაზე და საკუთარი თავის რჩენას ასწავლიან.

როდესაც ბიბლიაში იმ მონაკვეთს ვკითხულობთ, როცა 30 წლის იესო ინათლება, იოსები აღარსად ფიგურირებს. ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის, როცა იესო მსახურებას შეუდგა, მარიამი ქვრივი იყო (იხილეთ ჩარჩო „როდის მოკვდა იოსები?“, გვერდი 27). იოსებმა ბოლომდე ერთგულად შეასრულა მამის როლი. ის მართლაც ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა იყო! კარგი იქნება, თუ ყველა, მამები თუ ნებისმიერი სხვა ქრისტიანი, იოსებივით ძლიერ რწმენას გამოავლენს!

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იმ დროს ნიშნობა თითქმის დაქორწინების ტოლფასი იყო.

^ აბზ. 8 იხილეთ სტატია „გულში დასკვნებს აკეთებდა“ რუბრიკაში „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, 2008 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“.

^ აბზ. 14 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესომ პირველი სასწაული მონათვლის შემდეგ მოახდინა (იოანე 2:1—11). აპოკრიფული სახარებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?“, გვერდი 18.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

როდის მოკვდა იოსები?

ჩვენთვის ცნობილია, რომ იოსები ცოცხალი იყო მაშინ, როცა იესო 12 წლის იყო. სწორედ ამ ასაკში იწყებდნენ იუდეველი ბავშვები მამის ხელობის შესწავლას და 15 წლის ასაკში უკვე შეგირდი ხელოსნები ხდებოდნენ. როგორც ჩანს, იოსებმა კიდევ დიდხანს იცოცხლა, რადგან შეძლო იესოსთვის კარგად ესწავლებინა დურგლობა. იყო იოსები ცოცხალი მაშინ, როცა იესო 30 წლის ასაკში მსახურებას შეუდგა? ძალიან საეჭვოა. ამ დროისათვის ბიბლია მხოლოდ იესოს დედასა და და-ძმებს მოიხსენიებს. ბიბლიის ერთ მონაკვეთში იესო „მარიამის ვაჟადაც“ არის მოხსენიებული (მარკოზი 6:3). ბიბლიიდან ჩანს, რომ იმ დროს მარიამი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. იოსები იმ დროს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ქმარს აუცილებლად დაეკითხებოდა (იოანე 2:1—5). ბიბლიურ დროში ქალი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებებს, თუ ქვრივი არ იქნებოდა. გარდა ამისა, იოსები ცოცხალი რომ ყოფილიყო, იესო სიკვდილის წინ მოციქულ იოანეს არ დაავალებდა მარიამზე ზრუნვას (იოანე 19:26, 27). აშკარაა, რომ იოსები მაშინ დაიღუპა, როცა იესო ყმაწვილკაცი იყო. უეჭველია, იესო, როგორც უფროსი ვაჟი, მონათვლამდე მამის ხელობას გააგრძელებდა, ოჯახი რომ ერჩინა.

[სურათი 24 გვერდზე]

იოსებმა შვილის დასაცავად უკან არაფერზე დაიხია

[სურათი 25 გვერდზე]

იოსები მძიმედ შრომობდა თავისი ოჯახის სარჩენად

[სურათი 26 გვერდზე]

იოსებს ყოველთვის მიჰყავდა ოჯახი იერუსალიმის ტაძარში თაყვანსაცემად

[სურათი 28 გვერდზე]

იოსებმა თავის ვაჟს დურგლობა ასწავლა