არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

ვინ გააგზავნა ვარსკვლავი?

ვინ გააგზავნა ვარსკვლავი?

▪ გინახავთ საშობაო სცენები თუ წარმოდგენები, რომლებშიც წარმოდგენილია სამი მეფე ანუ სამი ბრძენკაცი, რომლებიც ბაგაში მწოლიარე ახალშობილ იესოს ინახულებენ? ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, ღმერთმა ისინი ვარსკვლავის დახმარებით ბეთლემამდე მიიყვანა. უამრავმა ბავშვმა ზეპირადაც კი იცის ამ მეფეების სახელები — მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. მაგრამ შეესაბამება ესოდენ ფართოდ გავრცელებული გადმოცემა ბიბლიაში ჩაწერილს? რასაკვირველია, არა. მასში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა.

მოდი, თავდაპირველად გავიგოთ, ვინ იყვნენ ეს მამაკაცები. ბიბლიის ბერძნულ ორიგინალში არც მეფეებია ნახსენები და არც ბრძენკაცები. ისინი სინამდვილეში მოგვები ანუ ასტროლოგები იყვნენ. ეს მამაკაცები, როგორც ჩანს, წარმართული ჩვეულების თანახმად, ვარსკვლავებზე დაკვირვებით მკითხაობდნენ. ბიბლია არ აკონკრეტებს არც მათ სახელებს და არც მათ რაოდენობას.

ახლა კი იმას მივაქციოთ ყურადღება, როდის მოინახულეს მათ იესო. იმ დროს იესო ბაგაში მწოლიარე ახალშობილი აღარ იყო. რის საფუძველზე ვამტკიცებთ ამას? ერთ-ერთი სახარების დამწერი მათე ამბობს: „როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“ (მათე 2:11). ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლია იესოს ჩვილად კი არ მოიხსენიებს, არამედ ბავშვად. ამ დროს იოსები და მარიამი უკვე აღარ იყვნენ ბოსელში. ისინი უკვე სახლში ცხოვრობდნენ.

საინტერესოა ისიც, ვინ გაგზავნა ვარსკვლავი, რომელმაც ასტროლოგები იესოსთან მიიყვანა? სასულიერო პირები ასწავლიან, რომ ვარსკვლავი ღვთისგან იყო გაგზავნილი. სიმართლეა ეს? არ დაგავიწყდეთ, რომ თავდაპირველად ვარსკვლავმა ისინი ბეთლემში კი არა, მეფე ჰეროდესთან მიიყვანა იერუსალიმში. მათ შეატყობინეს ამ შურიან და სისხლისმსმელ მეფეს, რომ დაიბადა ბავშვი, რომელიც იუდეველთა მეფე გახდებოდა, რამაც კიდევ უფრო შეაძულა მას იესო (მათე 2:2). ჰეროდე მზაკვრულად მოიქცა და ასტროლოგებს სთხოვა, მისთვისაც შეეტყობინებინათ ბავშვის ადგილსამყოფელი, რათა მასაც საკადრისი პატივი მიეგო მისთვის. ამის შემდეგ ვარსკვლავმა ეს მამაკაცები იოსებთან და მარიამთან მიიყვანა. ასე რომ, ასტროლოგებს შეიძლება გაუცნობიერებლად დაეღუპათ პატარა იესო, ამ საქმეში ღმერთი რომ არ ჩარეულიყო. რადგან ასტროლოგებმა ჰეროდეს ბავშვის ადგილსამყოფელი არ შეატყობინეს, განრისხებულმა ბრძანება გასცა, რომ ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ბიჭები დაეხოცათ (მათე 2:16).

მოგვიანებით იეჰოვამ იესოზე თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). განა ასეთი მოსიყვარულე და სამართლიანი მამა წარმართ ასტროლოგებს აირჩევდა თავის მაცნეებად, რომლებიც მოსეს კანონით აკრძალულ საქმიანობას ეწეოდნენ? (კანონი 18:10). ნუთუ გამოიყენებდა ის ვარსკვლავს, რომელიც ასტროლოგებს ძლევამოსილ და საშიშ მკვლელთან, ჰეროდესთან, მიიყვანდა და ისეთ რამეს გააგებინებდა მას, რაც კიდევ უფრო გააცოფებდა? და შემდეგ ამავე ვარსკვლავის მეშვეობით თავის უსუსური ძის ადგილსამყოფლამდე მიიყვანდა მათ?

დავუშვათ, კარგი მთავარსარდალი თავის საუკეთესო ჯარისკაცს მტრის ზურგში აგზავნის ერთობ სახიფათო დავალებით. ნუთუ ეს მთავარსარდალი შეატყობინებს მტერს ამ ჯარისკაცის ადგილსამყოფელს? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვამაც ხომ თავისი ძე საშიშ ქვეყნიერებაში გამოგზავნა. ნუთუ ის ხელში ჩაუგდებდა თავის დაუცველ ძეს ბოროტ მეფე ჰეროდეს? არასოდეს!

მაშ, ვინ გააგზავნა ეს ვარსკვლავი თუ მისი მსგავსი ობიექტი? ვინ იყო ყველაზე მეტად დაინტერესებული იესოს სიკვდილით და ვის არ უნდოდა, იესო გაზრდილიყო და თავისი მისია შეესრულებინა დედამიწაზე? ვინ ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას და ვინ ავრცელებს სიცრუეს, ვინ არის ძალადობის სულისჩამდგმელი და ვის აქვს სისხლში ხელები გასვრილი? ეს სხვა არავინაა თუ არა სატანა ეშმაკი. იესომ მას უწოდა „ცრუ და სიცრუის მამა“, რომელიც „თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოანე 8:44).