არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა

კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა

კოვერდეილი და ინგლისური ბიბლიის პირველი სრული გამოცემა

პირველი სრული ბიბლიის წინასიტყვაობაში, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცა, არ იყო მოხსენიებული მთარგმნელის სახელი. მაგრამ 1535 წელს ნათელი მოეფინა მის ვინაობას. ეს იყო მაილზ კოვერდეილი. ამ დროს მისი მეგობარი უილიამ ტინდალი დაპატიმრებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობის, კერძოდ, ბიბლიის თარგმნის გამო. მომდევნო წელს კი იგი სიკვდილით დასაჯეს.

კოვერდეილის მიერ შესრულებულ ბიბლიის თარგმანს ნაწილობრივ საფუძვლად ტინდალის ნაშრომები დაედო. როგორ იხილა კოვერდეილის თარგმანმა მზის შუქი? როგორ გადაურჩა კოვერდეილი სიკვდილით დასჯას მაშინ, როცა ბიბლიის სხვა მთარგმნელებს თავიანთი მოღვაწეობა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ? და ბოლოს, რას მიაღწია კოვერდეილმა?

ბიბლიის თარგმნას საფუძველი ეყრება

როგორც ცნობილია, მაილზ კოვერდეილი 1488 წელს იორქშირში (ინგლისი) დაიბადა. იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა; 1514 წელს კი კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლის წოდება მიიღო. კოვერდეილს სურდა, კათოლიკურ ეკლესიაში რეფორმები გატარებულიყო, რაც მისი აღმზრდელის, რობერტ ბარნზის, დამსახურება იყო. თავად ბარნზი 1528 წელს ინგლისიდან გაიქცა და ევროპის კონტინენტს შეაფარა თავი. 12 წლის შემდეგ ეკლესიის წინამძღოლებმა ეს რეფორმატორი ბოძზე გააკრეს და დაწვეს.

1528 წლისთვის კოვერდეილმა ეკლესიაში წამოიწყო ქადაგება იმის თაობაზე, რომ კათოლიკური რიტუალები, კერძოდ გამოსახულებების თაყვანისცემა, აღსარება და მესა წმინდა წერილებს ეწინააღმდეგებოდა. ვინაიდან მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, დატოვა ინგლისი და ევროპის კონტინენტზე გადავიდა, სადაც დაახლოებით შვიდი წელი დაყო.

კოვერდეილი ქალაქ ჰამბურგში (გერმანია) უილიამ ტინდალთან დაბინავდა. ისინი ერთად მუშაობდნენ და საერთო მიზნისთვის იღვწოდნენ — მათ სურდათ, უბრალო ხალხისთვის გასაგები გამხდარიყო ბიბლია. სწორედ ამ დროს ისწავლა კოვერდეილმა ბევრი რამ ტინდალისგან და ბიბლიის თარგმნის ხელოვნებას დაეუფლა.

ცვლილების დრო

ამასობაში კი ინგლისში მდგომარეობა შეიცვალა. 1534 წელს ჰენრი VIII-მ რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის წინააღმდეგ საჯაროდ გაილაშქრა. იგი აგრეთვე დაუფარავად ამბობდა, რომ სურდა, ბიბლია ინგლისურენოვანი ხალხისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ცოტა ხანში ამ საქმეს კოვერდეილი შეეჭიდა. მას ძალიან სხარტად და მოხდენილად შეეძლო ინგლისურ ენაზე აზრების ჩამოყალიბება, მაგრამ არ ჰქონდა ისეთი მდიდარი ლინგვისტური გამოცდილება, როგორიც მის მეგობარსა და მასწავლებელს, ტინდალს, რომელიც თავისუფლად ფლობდა ებრაულ და ბერძნულ ენებს. ამიტომ, კოვერდეილმა ლათინურ და გერმანულ თარგმანებზე დაყრდნობით გადაამუშავა ტინდალის თარგმანი.

კოვერდეილის სახელით ცნობილი ბიბლია გამოიცა ევროპის კონტინენტზე 1535 წელს, ტინდალის სიკვდილით დასჯამდე ერთი წლით ადრე. ეს ნაშრომი მეფე ჰენრის მისამართით აღვლენილი ერთგვარი სახოტბო სიმფონია იყო. კოვერდეილმა დაარწმუნა ჰენრი, რომ მის მიერ თარგმნილი ბიბლიიდან ამოღებული იყო ტინდალის მიერ დართული სქოლიოები, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან სხვა მონაკვეთებთან ერთად ეს სქოლიოები კათოლიკური ეკლესიის არაბიბლიურ სწავლებებს ამხელდა. ამიტომ, ჰენრი დასთანხმდა მას ბიბლიის გამოცემაზე. ასე რომ, ინგლისში ცვლილებების დრო დადგა.

კოვერდეილის სახელით ცნობილი ბიბლია ინგლისში კიდევ ერთხელ გამოიცა 1537 წელს, ოღონდ ამჯერად ორ ნაწილად. ამავე წელს ანტვერპენში (ბელგია) დაიბეჭდა თარგმანი, რომელიც „მათეს ბიბლიის“ სახელით გახდა ცნობილი. ეს თარგმანი, რომელიც მეფე ჰენრის მხარდაჭერით გამოიცა, ტინდალისა და კოვერდეილის ნაშრომებს აერთიანებდა.

მალე მეფის მთავარმა მრჩეველმა, ტომას კრომველმა, რომელსაც კენტერბერის არქიეპისკოპოსი კრანმერი უჭერდა მხარს, დაინახა იმის საჭიროება, რომ „მათეს ბიბლია“ გადამუშავებული სახით ხელახლა გამოცემულიყო. ამიტომ, მან მიმართა კოვერდეილს, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედა მის მიერ შესრულებული ხელნაწერისთვის. მეფე ჰენრიმ 1539 წელს ნებართვა მისცა მათ, რომ ახალი თარგმანი დაებეჭდათ და თავადაც შეუკვეთა მისი რამდენიმე ეგზემპლარი, რათა ეკლესიებში ხალხისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დადებულიყო. ამ თარგმანს მისი მოცულობის გამო „დიდი ბიბლია“ ეწოდა. ბიბლიის ამ თარგმანმა საქვეყნო აღიარება პოვა.

კოვერდეილის მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა

ჰენრი VIII-ის სიკვდილისა და მისი მემკვიდრის, ედუარდ VI-ის ტახტზე ასვლის შემდეგ კოვერდეილი 1551 წელს ქალაქ ექსეტერის ეპისკოპოსად აკურთხეს. მაგრამ, როდესაც 1553 წელს ტახტზე ედუარდის ნაცვლად კათოლიკე დედოფალი მარიამი ავიდა, კოვერდეილი იძულებული გახდა, გაქცეულიყო და თავშესაფარი დანიაში ეძებნა. მოგვიანებით ის შვეიცარიაში გადავიდა, სადაც მოღვაწეობა განაგრძო. მან აგრეთვე გამოსცა „ახალი აღთქმის“ სამტომეული ინგლისურ ენაზე, რომელსაც თან ახლდა ლათინური ტექსტი, როგორც შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო სასულიერო პირებისთვის.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოვერდეილის სახელით ცნობილ ბიბლიაში გამოტოვებული იყო ღვთის სახელი „იეჰოვა“. ტინდალის მიერ ნათარგმნ ებრაულ წერილებში კი ღვთის სახელი 20-ზე მეტჯერ იყო მოხსენიებული. ერთ წიგნში მკვლევარი ჯეიმზ მოუზლი აღნიშნავს: „1535 წელს გამოცემულ თავის თარგმანში კოვერდეილმა სრულიად ამოიღო ეს სიტყვა (იეჰოვა)“. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მან ღვთის სახელი, იეჰოვა, სამჯერ მოიხსენია „დიდ ბიბლიაში“.

კოვერდეილის სახელით ცნობილი ბიბლია ყველაზე ძველი ინგლისური გამოცემაა, რომლის თავფურცელზეც მოცემულია ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი ბიბლია, რომელშიც აპოკრიფული წიგნები ებრაული წერილების კანონიკურ წიგნებთან ერთად კი არ არის მოცემული, არამედ ცალკეა გატანილი დანართში.

კოვერდეილის ულამაზესი ინგლისური ენა თუ მხატვრული გამონათქვამები მოგვიანებით შესრულებულ თარგმანებშიც გამოიყენეს. მაგალითად, ფსალმუნის 23:4 საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ თარგმანში მსგავსი მხატვრული ენითაა გადმოცემული: „შავეთის ველზეც რომ ვიარო“. როგორც პროფესორი გრინსლეიდი ამბობს, ამავე ფსალმუნის მე-6 მუხლში გამოყენებული სიტყვა „კეთილი“ „არის განსაკუთრებული სიტყვა, რადგან ის თავისი ხალხის მიმართ ღვთის აღმატებულ სიყვარულზე მიუთითებს და უფრო მეტია, ვიდრე თბილი გრძნობა და მოწყალება“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ ამავე სიტყვას იყენებს. ამ თარგმანში სიტყვა „სიკეთეს“ თან აქვს დართული სქოლიო: „ანუ ერთგული სიყვარული“.

«იმ დღიდან მოყოლებული, რაც ტინდალი „ახალი აღთქმის“ თარგმნას შეუდგა . . . კოვერდეილის სახელით ცნობილმა „დიდმა ბიბლიამ“ ინგლისურ ენაზე მანამდე შესრულებული ყველა სხვა თარგმანი უკან ჩამოიტოვა», — ნათქვამია ერთ წიგნში (The Bibles of England). სწორედ კოვერდეილის სახელით ცნობილი თარგმანის წყალობით ეზიარა მისი თანამედროვე ინგლისურენოვანი საზოგადოება ბიბლიას.

[სურათები 11 გვერდზე]

1537 წელს გამოცემული ბიბლიის თავფურცელზე მოცემული ტეტრაგრამატონი (მარცხნივ)

[საავტორო უფლება]

From the book Our English Bible: Its Translations and Translators

[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]

Photo source: From The Holy Scriptures of the Olde and Newe Testamente With the Apocripha by Myles Coverdale