არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

„შენი სული . . . ჩემკენ დაიხრება“

„შენი სული . . . ჩემკენ დაიხრება“

თავმდაბლობა მიმზიდველი თვისებაა. ყველას იზიდავს თავმდაბალი ადამიანი. სამწუხაროდ, ნამდვილად თავმდაბალი ადამიანები სანთლით საძებნი არიან. ამ თვისებას იშვიათად ავლენენ განსაკუთრებით ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვთ. რისი თქმა შეიძლება იეჰოვა ღმერთზე, რომელიც სამყაროში უძლიერესი პიროვნებაა? არის ის თავმდაბალი? მოდი, დავფიქრდეთ წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებზე, რომელიც გოდების 3:20, 21-შია ჩაწერილი (წაიკითხეთ).

იერემიამ წიგნი „გოდება“ მაშინ დაწერა, როცა ისრაელში მეტად სავალალო მდგომარეობა იყო. იგი არც ისე დიდი ხნის წინ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ გაასწორეს ბაბილონელებმა მიწასთან მისი საყვარელი ქალაქი იერუსალიმი, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. გულნატკენმა წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ ღმერთმა ისრაელები თავიანთი ცოდვების გამო დასაჯა. მაგრამ გადაიწურა იერემიამ იმედი? ხომ არ ფიქრობდა ის, რომ იეჰოვა იმდენად განაწყენებული იყო, რომ ვეღარ შეამჩნევდა მათ, ვინც გულწრფელად ინანიებდა და სამუდამოდ სასოწარკვეთილებს დატოვებდა? ახლა მოვუსმინოთ იერემიას, რომელიც თითქოს თავის ხალხს ექომაგება.

მართალია, ისრაელების უმეტესობა ნაღველს შთაენთქა, მაგრამ იერემია არ კარგავდა იმედს. იგი შეღაღადებდა იეჰოვას: „გაიხსენებს შენი სული * [იეჰოვა] და ჩემკენ დაიხრება“ (მუხლი 20). იერემიას ეჭვი არ ეპარებოდა ამაში. მან იცოდა, რომ იეჰოვა არ დაივიწყებდა მას და არც მომნანიე ისრაელებს. რას გააკეთებდა ყოვლისშემძლე ღმერთი? (გამოცხადება 15:3).

იერემია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა „დაიხრებოდა“ მათკენ, ვინც გულწრფელად ინანიებდა. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „გამიხსენე და დაიხარე ჩემკენ“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, როგორი მოსიყვარულე და კეთილია ღმერთი. იეჰოვა, რომელიც „უზენაესია მთელ დედამიწაზე“, ასე ვთქვათ, დაიხრება, წამოაყენებს დაცემულთ და მათ მიმართ კვლავ კეთილგანწყობას გამოავლენს (ფსალმუნი 83:18). იმედი, რომელიც იერემიასთვის ღუზასავით იყო, მის დაჭრილ გულს მალამოსავით ედებოდა. ამ ერთგულ წინასწარმეტყველს გადაწყვეტილი ჰქონდა, მანამ დალოდებოდა იეჰოვას, სანამ ის დანიშნულ დროს არ იხსნიდა თავის მომნანიე ხალხს (მუხლი 21).

სიტყვები, რომელიც იერემიამ დაწერა, იეჰოვას შესახებ ორ რამეს გვასწავლის. პირველი ის, რომ ღმერთი თავმდაბალია (ფსალმუნი 18:35). მართალია, ღმერთი „აღმატებულია ძლიერებით“, მაგრამ მზად არის, ასე ვთქვათ, დაიხაროს და წამოგვაყენოს (იობი 37:23; ფსალმუნი 113:5—7). ნუთუ მანუგეშებელი არ არის ამის ცოდნა?! მეორე ის, რომ იეჰოვა გულმოწყალეა. ის მზად არის, აპატიოს მომნანიე ცოდვილებს და უკან მიიღოს (ფსალმუნი 86:5). ეს ორი თვისება, თავმდაბლობა და გულმოწყალება, ერთმანეთისგან განუყოფელია.

რა მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა არ ჰგავს მიწიერ მმართველებს, რომლებიც სიამაყის გამო გულქვები და ქედმაღლები არიან! გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ თავმდაბალი ღვთის შესახებ, რომელიც მზად არის, „დაიხაროს“, წამოაყენოს თავისი სასოწარკვეთილი თაყვანისმცემლები და მომავლის იმედი ჩაუნერგოს?

ივნისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იერემია 51 ეზეკიელი 5

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ძველ დროში მწიგნობრებმა სიტყვები „შენი სული“ შეცვალეს „ჩემ სულად“, თითქოს იერემია თავის თავს გულისხმობდა. მათ, როგორც ჩანს, მიაჩნდათ, რომ ღმერთი არ შეიძლებოდა „სულად“ ყოფილიყო მოხსენიებული, რადგან ბიბლიაში ეს სიტყვა მიწიერ ქმნილებებთან მიმართებით გამოიყენებოდა. მაგრამ ბიბლიაში ღმერთი ადამიანებისთვის ადვილად გასაგები ენით არის აღწერილი. ვინაიდან სიტყვა „სული“ გულისხმობს სიცოცხლეს, სიტყვები „შენი სული“ იგივეა, რაც „შენ“.

[ჩანართი 14 გვერდზე]

იეჰოვა მზად არის, ასე ვთქვათ, დაიხაროს და წამოგვაყენოს