არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვიარსებოთ ნაკლები შემოსავლით?

როგორ ვიარსებოთ ნაკლები შემოსავლით?

როგორ ვიარსებოთ ნაკლები შემოსავლით?

ობედი ორი ვაჟის მამაა. ის აფრიკის ერთ დიდ ქალაქში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და ოჯახის რჩენა არ უჭირდა. მას იმის საშუალებაც კი ჰქონდა, რომ დროდადრო ოჯახი დასასვენებლად საფარიზე (ნაკრძალი, სადაც ნებადართულია ლაშქრობა და ნადირობა) წაეყვანა. მათ დალხენილ ცხოვრებას მაშინ დაესვა წერტილი, როცა მან სამუშაო დაკარგა იმის გამო, რომ სასტუმროში შემცირდა კლიენტთა რაოდენობა.

სტეფანი 22 წელზე მეტი ხნის მანძილზე ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ადმინისტრატორი იყო. ბევრ სხვა ფუფუნებასთან ერთად თავისი სამსახურის წყალობით მას ჰქონდა დიდი სახლი, ჰყავდა მანქანა, მოსამსახურეები და შვილები პრესტიჟულ სკოლაში დაჰყავდა. როცა ბანკში რეორგანიზაცია დაიწყო, მან მოულოდნელად დაკარგა სამსახური. სტეფანი ამბობს: „მე და ჩემი ოჯახის წევრები განადგურებული ვიყავით. სასოწარკვეთილს მომავალზე ფიქრიც კი მაშინებდა“.

ობედისა და სტეფანის მდგომარეობაში ბევრი აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მილიონებმა დაკარგეს სამუშაო და სტაბილური შემოსავალი. ბევრს კი, ვისაც გაუმართლა და იშოვა სამუშაო, მოუწია, შეგუებოდა დაბალ ანაზღაურებას მაშინ, როცა ფასები დღითიდღე იზრდება ყველაფერზე. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, განვითარებულსა თუ განვითარებადს, არ ძალუძს, თავი დააღწიოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ მძიმე შედეგებს.

პრაქტიკული სიბრძნის აუცილებლობა

თუ შეგიმცირდათ შემოსავალი ან სრულიად დაკარგეთ შემოსავლის წყარო, ბუნებრივია, უარყოფითი ფიქრები მოგეძალოთ. ერთი რამ ცხადია: ვერავინ შეხვდება გულარხეინად სამუშაოს დაკარგვას. მაგრამ ერთმა ბრძენმა მამაკაცმა თქვა: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემხედვარე პანიკაში ჩავვარდეთ, როგორ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, უნდა შევიძინოთ „პრაქტიკული სიბრძნე“ (იგავები 2:7, სქოლიო).

მართალია, ბიბლია არ არის ფინანსურ საკითხებში დამხმარე სახელმძღვანელო, მაგრამ ამ მხრივ მისი პრაქტიკული რჩევები მილიონებს დაეხმარა მთელ მსოფლიოში. ახლა დავფიქრდეთ რამდენიმე ძირითად ბიბლიურ პრინციპზე.

გამოთვალეთ ხარჯები. ყურადღება მიაქციეთ ლუკას 14:28-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ თუ გაითვალისწინებთ ამ პრინციპს, წინასწარ განსაზღვრავთ აუცილებელ ხარჯებს და ზედმეტს აღარ დახარჯავთ. მაგრამ, როგორც ობედი აღიარებს, ეს არც ისე ადვილია. იგი ამბობს: „სამუშაოს დაკარგვამდე მე და ჩემი ოჯახის წევრები სუპერმარკეტებში ბევრ ისეთ რამეს ვყიდულობდით, რაც სინამდვილეში არ გვჭირდებოდა. ჩვენ არასდროს გვქონდა წინასწარ განსაზღვრული, რამდენს დავხარჯავდით, რადგან სახარჯო ფული არ გველეოდა. ამიტომ, თვალს რაც ეამებოდა, არაფერზე ვამბობდით უარს“. მაგრამ დღეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რაში დავხარჯავთ ფულს, გვეხმარება, შემცირებული შემოსავალი ოჯახის მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ.

შეეგუეთ ახალ მდგომარეობას. რასაკვირველია, ადვილი არ არის, შეეგუო გაცილებით უბრალო ცხოვრებას, მაგრამ ეს აუცილებელია. ერთ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). სტეფანი ამბობს: „ფული რომ დაგვეზოგა, მე და ჩემს ოჯახის წევრებს მოგვიწია, გადავსულიყავით ჩვენს სახლში, რომელიც გაცილებით პატარა იყო და თანაც ურემონტო. ბავშვებიც ისეთ სკოლაში გადავიყვანეთ, სადაც სწავლის საფასური შედარებით იაფი იყო, თუმცა იქაც შეეძლოთ კარგი განათლების მიღება“.

ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან გულახდილად ისაუბრონ. ოსტინი, რომელიც საფინანსო დაწესებულებაში მუშაობდა ცხრა წლის მანძილზე და სამსახური დაკარგა, ამბობს: „მე და ჩემი ცოლი დავსხედით და ჩამოვწერეთ, რისი ყიდვა იყო აუცილებელი. ჩვენ უარი ვთქვით ძვირადღირებულ საკვებსა და დასვენებაზე; ტანსაცმელსაც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვყიდულობდით. მიხარია, რომ ჩემი ოჯახი შეეგუა ახალ მდგომარეობას“. შეიძლება ბავშვებს ბოლომდე არ ესმოდეთ, რატომ არის აუცილებელი ასეთი ცვლილების მოხდენა, მაგრამ თქვენ, მშობლებო, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამის გაგებაში.

მზად იყავით ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. თუ აქამდე ოფისში მუშაობდით, შეიძლება ფიზიკურ სამუშაოზე ფიქრიც კი გაშინებდეთ. ოსტინი ამბობს: „ემოციურად გამიჭირდა, მოვრგებოდი ხელქვეითის როლს, რადგან მანამდე დიდ ფირმაში ადმინისტრატორის მოვალეობას ვასრულებდი“. არ არის გასაკვირი, რომ მას ასეთი რეაქცია ჰქონდა, ვინაიდან იგავების 29:25-ში ვკითხულობთ: „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია“. თუ ყოველთვის იმაზე იფიქრებთ, რას იტყვიან სხვები თქვენზე, ნამდვილად გაგიჭირდებათ ოჯახის რჩენა. რა დაგეხმარებათ, თავიდან მოიცილოთ ასეთი უარყოფითი ფიქრები?

ასეთ დროს აუცილებელია თავმდაბლობა. მას შემდეგ, რაც ობედი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა თავის ავტოსახელოსნოში შესთავაზა მუშაობა. მას მტვრიან ქუჩებში დიდხანს სიარული მოუწევდა, მანქანებისთვის საჭირო საღებავები და ნაწილები რომ შეეძინა. ობედი ამბობს: „მართალია, დიდად არ მომწონდა ჩემი ახალი სამუშაო, მაგრამ უკეთესიც ვერსად ვიპოვე. თავმდაბლობა დამეხმარა, რომ შევგუებოდი სამსახურს, სადაც იმ თანხის მეოთხედზე ნაკლებს გამოვიმუშავებდი, რომელსაც სასტუმროში მუშაობის დროს მიხდიდნენ. მაგრამ ჩემი ხელფასი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოჯახი მერჩინა“. როგორ დაგეხმარებათ მსგავსი განწყობა?

იყავით კმაყოფილი. ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „კმაყოფილი“ ისეთ ადამიანთან მიმართებით გამოიყენება, რომელიც „ბედნიერია და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს“. განა შეიძლება ბედნიერი და კმაყოფილი იყოს ადამიანი, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს?! მაგრამ დავფიქრდეთ მისიონერის, პავლე მოციქულის, სიტყვებზე, რომელმაც კარგად იცოდა, რას ნიშნავდა სიღარიბეში ცხოვრება: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო. ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი და სიუხვეში ცხოვრებაც“ (ფილიპელები 4:11, 12).

შესაძლოა დღეს დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ ამ ცვალებად ქვეყნიერებაში შეიძლება უარეს დღეშიც ვყოფილიყავით. ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ ყურად ვიღებთ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ რჩევას: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს . . . ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“. პავლე ამ სიტყვებით სიზარმაცისკენ კი არ უბიძგებდა თანაქრისტიანებს, არამედ აჩვენებდა, თუ როგორ შეიძლებოდა გაწონასწორებული ყოფილიყვნენ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვისას (1 ტიმოთე 6:6, 8).

ნამდვილი ბედნიერების წყარო

ნამდვილი ბედნიერება არ მოაქვს არც ფუფუნებაში ცხოვრებას და არც იმ ყველაფრის შეძენას, რასაც თვალი მოისურვებს. თავად იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ იმას, რაც გვაქვს, სხვების დასახმარებლად და გასამხნევებლად გამოვიყენებთ (საქმეები 20:35).

ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, ყველაზე უკეთ იცის, რა გვჭირდება. თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით ის პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს. ეს რჩევები ბევრს დაეხმარა, გაეუმჯობესებინა ცხოვრება და თავიდან აერიდებინა ზედმეტი წუხილი. რა თქმა უნდა, სასწაული არ მოხდება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ერთი ხელის მოსმით არ შეიცვლება, მაგრამ იესო გვარწმუნებს, რომ თუ უპირველესად ვეძებთ სამეფოს და მამის, ღვთის, სიმართლეს, სხვა დანარჩენი შეგვემატება (მათე 6:33).