არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუვიწყარი არდადეგები

დაუვიწყარი არდადეგები

წერილი ირლანდიიდან

დაუვიწყარი არდადეგები

„დასვენება გჭირდება, რომ ცოტა ხანს მაინც გადაერთო სხვა რამეზე და გამოცდებზე აღარ იფიქრო, — მითხრეს მშობლებმა. — მოდი, შენს მამიდაშვილებთან ჩავიდეთ ირლანდიაში და თან ვუქადაგოთ იქაურებს, რომლებიც იშვიათად ისმენენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას“.

დიდად ვერ მოვიხიბლე ამ იდეით. თითქოს გამოცდებზე ნერვიულობა არ მყოფნიდა, ახლა მგზავრობაზეც უნდა მენერვიულა, რადგან ინგლისს არ ვიყავი გაცილებული და თვითმფრინავითაც არასდროს მემგზავრა. ისიც მაფიქრებდა, როგორ შევეგუებოდი მე, 17 წლის ენერგიული ახალგაზრდა, ლონდონური ცხოვრების სწრაფი ტემპის მერე ირლანდიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქის მდორე რიტმს?

როგორც აღმოჩნდა, თურმე სულ ტყუილად ვნერვიულობდი. თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე ბუნების სილამაზემ დამატყვევა. მიუხედავად ამისა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩავთვლიმე, რადგან ინგლისი დილაუთენია დავტოვეთ. ჩვენი მანქანა ქვის გალავნებით შემოსაზღვრულ ვიწრო შარაგზას მიუყვებოდა. დროდადრო მეღვიძებოდა და ამ გალავნების მიღმა ჩემ თვალწინ თვალწარმტაცი მთაგორიანი ხედები იშლებოდა.

პირველ ღამეს პატარა ქალაქ სკიბერინში გავჩერდით ერთ ოჯახში, რომელიც ირლანდიაში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იყო გადასული. ჩვენ ერთად სასიამოვნო საღამო გავატარეთ. ვითამაშეთ ბიბლიური თამაში — ჩანთიდან ვიღებდით ფურცელს, რომელზეც ბიბლიის რომელიმე პერსონაჟის სახელი ეწერა, შემდეგ მიმიკითა და ჟესტებით ვცდილობდით გაგვეცოცხლებინა ბიბლიური ეპიზოდი, რომელიც ბიბლიის ამ პერსონაჟს უკავშირდებოდა. სხვები კი ცდილობდნენ გამოეცნოთ, ვის ვანსახიერებდით.

მომდევნო დღეს მე, ჩემი მშობლები, პატარა ძმა, მამიდაშვილები და კიდევ ერთი ოჯახი ბორნით გადავედით პატარა კუნძულ ჰეირიზე, სადაც სულ ოცდაათიოდე კაცი ცხოვრობს. როგორც იესომ თქვა, სასიხარულო ცნობა ნაქადაგები უნდა ყოფილიყო მთელ დედამიწაზე. ჩვენ მთელი დღის მანძილზე ვუზიარებდით გამამხნევებელ ბიბლიურ აზრებს მეგობრულად განწყობილ სტუმართმოყვარე ხალხს და თან ხელუხლებელი ბუნების ენით აუწერელი სილამაზით ვტკბებოდით.

ლაჟვარდისფერ ცაზე მზე კაშკაშებდა. ყვითლად აფეთქებული ჯოჯოს ბუჩქები ჰაერში ქოქოსისებრ ნაზ და საამო სურნელს აფრქვევდნენ. გაზაფხულის ყვავილებს კუნძულის ჭაობნარზე ფარდაგი გაეშალათ. ზღვის ყურის ქვიშნარს კლდოვანი ნაპირები ცვლიდა, სადაც ჩვამებსა და ატლანტიკურ რეგვენებს თავიანთ ბარტყებთან ერთად ბუდე დაედოთ. ყურეში, სადამდეც თვალი გასწვდებოდა, პატარ-პატარა დაუსახლებელი კუნძულები იყო მიმოფანტული. მართლაც რომ დავტკბით იეჰოვას შემოქმედების სიდიადით!

იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში ბევრს დავუმეგობრდი, ბევრი ისეთი რამეც გავაკეთე, რაც მანამდე არასდროს გამეკეთებინა. ძალიან მომეწონა კანოეთი გასეირნება. კანოედან სუნთქვაშეკრული შევცქეროდი ირლანდიის სანაპიროს მომნუსხველ ხედს. სავახშმოდ გვინდოდა თევზი დაგვეჭირა, მაგრამ სელაპებიც შემოგვიერთდნენ და სანამ არ დანაყრდნენ, მანამ ვერაფერი დავიჭირეთ. სანაპიროზე ბევრი ვითამაშეთ და შევეცადე, ირლანდიური ცეკვისთვისაც ამეწყო ფეხი.

გვსურდა, ცოტა რამ ქალაქ სკიბერინის წარსულიდანაც გაგვეგო. როდესაც XIX საუკუნის 40-იან წლებში ირლანდიაში კარტოფილის მოსავალი არ მოვიდა, ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში სწორედ ეს მხარე აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი შიმშილით მოკვდა და დაახლოებით 9 000 მიცვალებული ერთად მიაბარეს მიწას. რა ბედნიერებაა, რომ მალე ღვთის სამეფო აღმოფხვრის შიმშილს და ათასობით დაღუპული ადამიანი აღდგება სამოთხედქცეულ დედამიწაზე!

ადგილობრივ მოწმეებთან ერთად ვინახულებდით დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და მათთან ვქადაგებდით. ფრიალო კლდეზე შეფენილ სახლებამდე რომ მიგვეღწია, რომლებიც ირლანდიის ზღვას გადაჰყურებდნენ, ვიწრო, ციცაბო ფერდობის გავლა გვიწევდა. აქაც ხალხი თბილად და მეგობრულად გვხვდებოდა. როგორც კუნძულ ჰეირის მკვიდრთ, მათაც ვეუბნებოდით, რომ ამ მხარეში ვისვენებდით და დროდადრო ხალხს იმედის მომცემ სასიხარულო ცნობასაც ვუზიარებდით.

დედაჩემი გაესაუბრა ერთ ქალბატონს, რომელმაც სიხარულით გამოართვა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ იგი კვლავ მოვინახულეთ, გვითხრა, რომ სიამოვნებით წაიკითხა ჩვენი ჟურნალები.

ამ ქალბატონმა გვთხოვა: „არ დამივიწყოთ, კვლავ მომიტანეთ ჟურნალები და კიდევ მესაუბრეთ“. ჩვენ ვუთხარით, რომ იქ დროებით ვიყავით ჩასული და შევპირდით, რომ ვინმეს გავუგზავნიდით.

„კარგი, როცა აქეთ მოხვდები, აუცილებლად მინახულე. ირლანდიელები ასე ადვილად არ ვივიწყებთ ნაცნობ სახეებს!“ — უთხრა ამ ქალბატონმა დედას.

ბოლო დღე სანაპიროზე გავატარეთ იქაურ და-ძმებთან ერთად. ნაპირზე გამორიყული ხის ტოტებით ქვებს შორის დავანთეთ ცეცხლი და კლდოვან ნაპირებთან ზღვის კამკამა წყალში დაჭერილი მიდიები შევწვით. ჩემთვის, ქალაქელი გოგონასთვის, ეს ერთობ სასიამოვნო წუთები იყო!

ირლანდიაში გატარებული ეს ერთი კვირა მართლაც დაუვიწყარი იყო. ეს არდადეგები არა მხოლოდ იმით იყო გამორჩეული, რომ კარგად გავერთე, არამედ იმითაც, რომ იეჰოვასთვისაც რაღაც გავიღე და მისი სახელი განვადიდე. ძალიან მიყვარს ღვთის მსახურება. როდესაც გყავს კარგი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც შენსავით უყვართ ღმერთი და შენ მხარდამხარ მსახურობენ, ღვთის მსახურებას კიდევ უფრო დიდი სიხარული მოაქვს. შინ დაბრუნებულმა იეჰოვას მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ ამდენი მოსიყვარულე, სულიერად მოწიფული მეგობარი მაჩუქა; მადლობელი ვარ ამ დაუვიწყარი დღეებისთვის, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით გავიხსენებ.

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

An Post, Ireland