არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ აქცევდნენ იუდეველები თავიანთ გენეალოგიას დიდ ყურადღებას?

საგვარტომო ნუსხების შედგენა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაედგინათ, ვინ რომელ ტომსა და შტოს მიეკუთვნებოდა. ეს იმისთვისაც იყო საჭირო, რომ სწორად განაწილებულიყო მიწის ნაკვეთები და მემკვიდრეობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აღთქმული მესიის შთამომავლობითი ხაზი. იუდეველებმა კარგად იცოდნენ, რომ მესია უნდა მოსულიყო იუდას ტომში, კერძოდ დავითის ხაზით (იოანე 7:42).

გარდა ამისა, „ვინაიდან მღვდლებისა და ლევიანების საქმის გამგრძელებლები მხოლოდ მათი მემკვიდრეები უნდა ყოფილიყვნენ . . . უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი შთამომავლობითი ხაზი არ დარღვეულიყო“, — ამბობს სწავლული იოაკიმ იერემიასი. იუდეველი ქალი, რომელიც ცოლად გაყვებოდა მღვდლის ოჯახის წარმომადგენელს, ვალდებული იყო, წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცება, რომ ისიც სამღვდელო შტოს წარმომადგენელი იყო, რათა „მათი შთამომავლობითი ხაზის სიწმინდე დაცული ყოფილიყო და არ მომხდარიყო აღრევა“. ნეემიას დროს ოჯახები, რომლებიც ლევიანთა შტოს მიეკუთვნებოდნენ, სამღვდელო მსახურებისთვის გამოუსადეგრად ითვლებოდნენ, თუ „ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ პოულობდნენ“ (ნეემია 7:61—65).

უფრო მეტიც, მოსეს კანონის მიხედვით, ვერც „უკანონო ვაჟი“ და ვერც „ამონელი და მოაბელი“ ვერ შევიდოდა იეჰოვას კრებულში (კანონი 23:2, 3). ამ მიზეზის გამო, როგორც ზემოხსენებული სწავლული, იერემიასი, დასძენს, „ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც ამა თუ იმ უფლებით სურდა სარგებლობა, უნდა დაედასტურებინა, ვისი შთამომავალი იყო. სწორედ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ . . . უბრალო იუდეველმაც კი იცოდა, ვისი შთამომავალი იყო და თორმეტიდან რომელ ტომს მიეკუთვნებოდა“.

როგორ ადგენდნენ და ინახავდნენ იუდეველები საგვარტომო ნუსხებს?

სახარების დამწერებმა, მათემ და ლუკამ, დეტალურად მოგვაწოდეს იესოს წინაპართა საგვარტომო ნუსხა (მათე 1:1—16; ლუკა 3:23—38). დღემდე სხვა საგვარეულო ნუსხებიცაა შემონახული. მაგალითად, იუდაურ მიდრაშში იესოს თანამედროვე ერთი რაბინის, ჰილელის, შესახებ ნათქვამია: „იერუსალიმში აღმოჩენილ გრაგნილზე მოცემული იყო საგვარტომო ნუსხა, რომლის მიხედვითაც ჰილელი დავითის შთამომავალი იყო“. პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, თავის ნაშრომში, „ავტობიოგრაფია“, წერს, რომ მისი წინაპრები იყვნენ სამღვდელო კლასის წარმომადგენლები, მაგრამ მის ძარღვებში „სამეფო სისხლიც“ ჩქეფდა, რადგან დედამისი სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ფლავიუსმა აღნიშნა, რომ ეს ცნობები მან მოიძია „ოფიციალურ ჩანაწერებში“.

იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა შემონახული სამღვდელო კლასის წარმომადგენელი ოჯახების საგვარტომო ნუსხები, იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში, „აპიონის წინააღმდეგ“, წერს, რომ მის თანამემამულეებს უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ „სამღვდელო კლასის საგვარტომო ჩანაწერები“ უცვლელად შემონახულიყო. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „როგორც ჩანს, იერუსალიმში ნდობით აღჭურვილ პირს ევალებოდა ამ ჩანაწერების დაცვა; გარდა ამისა, იუდეველებს შეეძლოთ მიემართათ სპეციალური სასამართლოსთვის თავიანთი წარმომავლობის დასადგენად“. იმ იუდეველებს, რომლებიც არ იყვნენ სამღვდელო კლასის წარმომადგენლები, მამების ქალაქებში უნდა გაევლოთ რეგისტრაცია (ლუკა 2:1—5). იესოს საგვარტომო ნუსხა ზუსტად რომ აღეწერათ, სახარების დამწერებმა სწორედ არქივით ისარგებლეს. ისიც აღსანიშნავია, რომ იუდაში, როგორც ჩანს, თითოეული ოჯახი თავად ზრუნავდა თავისი საგვარტომო ნუსხის შედგენასა და დაცვაზე.