არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია

იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია

იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია

„ნამდვილად თქვენი ღმერთია ღმერთთა ღმერთი, მეფეთა უფალი და საიდუმლოთა განმცხადებელი“ (დან. 2:47).

როგორ უპასუხებთ?

რა გაგვიცხადა იეჰოვამ მომავალთან დაკავშირებით?

რა არის წარმოდგენილი მხეცის პირველი ექვსი თავით?

რა კავშირია მხეცსა და ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ ქანდაკებას შორის?

1, 2. რა განგვიცხადა იეჰოვამ და რატომ?

რომელი სახელმწიფოები იქნება გაბატონებული დედამიწაზე მაშინ, როცა ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას? ჩვენთვის პასუხი დღესავით ნათელია, რადგან ის „საიდუმლოთა განმცხადებელმა“ ღმერთმა იეჰოვამ გაგვიმჟღავნა. წინასწარმეტყველი დანიელისა და იოანე მოციქულის მეშვეობით ღმერთი გვეხმარება, ამოვიცნოთ ეს სახელმწიფოები.

2 იეჰოვამ ამ ერთგულ მამაკაცებს მხეცების შესახებ რამდენიმე ხილვა ანახა. მან დანიელს აგრეთვე აუხსნა სიზმარში ნანახი მეტალის უზარმაზარი ქანდაკების მნიშვნელობა. იეჰოვამ მათ ჩვენ სასარგებლოდ ჩააწერინა ეს წინასწარმეტყველებები (რომ. 15:4). რატომ? ვინაიდან სურს, განგვიმტკიცოს იმედი, რომ მალე ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მმართველობას (დან. 2:44).

3. რა უნდა გვესმოდეს უპირველესად, ზუსტად რომ გავიგოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და რატომ?

3 დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები არა მარტო რვა მეფის, ანუ ადამიანთა მმართველობების ამოცნობაში გვეხმარება, არამედ გვიჩვენებს, თუ რა თანმიმდევრობით გამოჩნდებოდნენ ისინი. ამ წინასწარმეტყველებების ზუსტ მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ ჩავწვდებით ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველების მნიშვნელობას. რატომ? იმიტომ, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება მთავარ თემად გასდევს ბიბლიას და ყველა სხვა წინასწარმეტყველება მჭიდროდ არის დაკავშირებული მასთან.

გველის შთამომავალი და მხეცი

4. ვინ არის ქალის შთამომავალი და რას გააკეთებს ის?

4 ედემში ამბოხების შემდეგ მალევე იეჰოვამ თქვა, რომ „ქალი“ წარმოშობდა „შთამომავალს“ * (წაიკითხეთ დაბადების 3:15). ეს შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა გველს ანუ სატანას. მოგვიანებით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ის იქნებოდა აბრაამის შთამომავალი ისრაელი ერიდან, იუდას ტომიდან და მეფე დავითის სამეფო ხაზიდან (დაბ. 22:15—18; 49:10; ფსალმ. 89:3, 4; ლუკ. 1:30—33). შთამომავლის მთავარი ნაწილი გახდა ქრისტე იესო (გალ. 3:16). ამ შთამომავლის სხვა ნაწილს კი შეადგენენ ქრისტიანული კრების სულითცხებული წევრები (გალ. 3:26—29). იესო და ეს ცხებული ქრისტიანები წარმოადგენენ ღვთის სამეფოს, რომელსაც ღმერთი გამოიყენებს სატანის გასანადგურებლად (ლუკ. 12:32; რომ. 16:20).

5, 6. ა) რამდენი ძლევამოსილი მმართველობა მოიხსენიეს დანიელმა და იოანემ? ბ) რას განასახიერებს „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცის თავები?

5 ედემში წარმოთქმულ პირველ წინასწარმეტყველებაში აღნიშნული იყო, რომ სატანასაც ეყოლებოდა „შთამომავალი“. ეს შთამომავალი მტრად ექცეოდა და შეიძულებდა ქალის შთამომავალს. ვინ არის გველის შთამომავალი? ყველა, ვისაც სატანის მსგავსად სძულს ღმერთი და ეწინააღმდეგება მის ხალხს. ისტორიის განმავლობაში სატანამ არაერთ მმართველობას ანუ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი (ლუკ. 4:5, 6). მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა იქონია დიდი გავლენა ღვთის ხალხზე — ისრაელ ერზე ან ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაზე. ეს გასაგებს ხდის, თუ რატომ მოიხსენიებენ დანიელი და იოანე მთლიანობაში მხოლოდ რვა ძლევამოსილ მმართველობას.

6 ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქულ იოანეს რამდენიმე გასაოცარი ხილვა აჩვენა (გამოცხ. 1:1). ერთ ხილვაში იოანემ იხილა ზღვის ნაპირზე მდგარი დრაკონით წარმოდგენილი ეშმაკი (წაიკითხეთ გამოცხადების 13:1, 2). იოანემ აგრეთვე იხილა ზღვიდან ამომავალი უცნაური მხეცი, რომელმაც ეშმაკისგან მიიღო ძალაუფლება. ალისფერი მხეცი გამოცხადების 13:1-ში მოხსენიებული მხეცის ქანდაკებაა. მოგვიანებით ანგელოზმა აუხსნა იოანეს, რომ ამ ალისფერი მხეცის შვიდი თავი წარმოადგენს „შვიდ მეფეს“ ანუ სახელმწიფოს (გამოცხ. 13:14, 15; 17:3, 9, 10). როდესაც იოანე ამ სიტყვებს წერდა, ამ მმართველობებიდან ხუთი უკვე დაცემული იყო, ერთი იმ დროს არსებობდა, ხოლო შემდგომი „ჯერ კიდევ არ იყო მოსული“. რომელი სახელმწიფოები ანუ მსოფლიო იმპერიები იქნებოდა ეს? მოდი, განვიხილოთ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცის თითოეული თავი. ჩვენ დავინახავთ, თუ რა სახის დეტალებს მოჰფინა დანიელმა ნათელი იმ სამეფოებზე საუბრისას, რომლებიც მხოლოდ საუკუნეების შემდგომ გამოჩნდნენ მსოფლიო არენაზე.

ეგვიპტე და ასურეთი — პირველი ორი თავი

7. რა არის წარმოდგენილი პირველი თავით და რატომ?

7 მხეცის პირველი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე. რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტე იყო პირველი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღვთის ხალხის მტერი გახდა. აბრაამის შთამომავლობა, რომლისგანაც ქალის აღთქმული შთამომავალი უნდა წარმოშობილიყო, ეგვიპტეში გამრავლდა. მოგვიანებით ეგვიპტელებმა ისრაელების ჩაგვრა დაიწყეს. სატანამ სცადა აღთქმული შთამომავლის მოსვლამდე ღვთის ხალხის განადგურება. როგორ? იმით, რომ აღძრა ფარაონი, დაეხოცა ყველა ახალშობილი ისრაელი ბიჭუნა. იეჰოვამ ხელი შეუშალა სატანის ამ ჩანაფიქრს და გაათავისუფლა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან (გამ. 1:15—20; 14:13). მოგვიანებით მან ისრაელები აღთქმულ მიწაზე დაამკვიდრა.

8. რას განასახიერებს მეორე თავი და რის გაკეთებას შეეცადა ის?

8 მხეცის მეორე თავით წარმოდგენილია ასურეთი. ღვთის ხალხის მოსპობა ამ ძლიერმა სამეფომაც სცადა. მართალია, იეჰოვამ ასურეთი გამოიყენა ათტომიანი სამეფოს დასასჯელად კერპთაყვანისმცემლობისა და მოჯანყე სულის გამო, მაგრამ ასურეთმა შემდეგ იერუსალიმზეც მიიტანა იერიში. სატანას ალბათ მიზნად ჰქონდა ბოლო მოეღო სამეფო ხაზისთვის, რომლიდანაც საბოლოოდ იესო მოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, იეჰოვას განზრახვებში არ შედიოდა. ამიტომ მან გაანადგურა დამპყრობლები და სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი (2 მეფ. 19:32—35; ეს. 10:5, 6, 12—15).

ბაბილონი — მესამე თავი

9, 10. ა) რის ნება დართო იეჰოვამ ბაბილონელებს? ბ) რა უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველების შესასრულებლად?

9 მხეცის მესამე თავით, რომელიც იოანემ იხილა, გვევლინება სამეფო, რომლის დედაქალაქი ბაბილონი იყო. იეჰოვამ ნება დართო ბაბილონელებს, იერუსალიმი გაენადგურებინათ და ხალხი ტყვედ წაეყვანათ. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ღმერთი ამ უბედურების შესახებ აფრთხილებდა მოჯანყე ისრაელებს (2 მეფ. 20:16—18). მან იწინასწარმეტყველა, რომ შეწყდებოდა იმ მეფეების ხაზი, რომლებიც იერუსალიმში „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1 მატ. 29:23). იეჰოვამ ისიც თქვა, რომ მეფე დავითის შთამომავალი, რომელიც „კანონით უფლებამოსილი“ იქნებოდა, მოვიდოდა და ძალაუფლებას დაიბრუნებდა (ეზეკ. 21:25—27).

10 სხვა წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ აღთქმული მესიის ანუ ცხებულის მოსვლისას იერუსალიმის ტაძარი კვლავ იქნებოდა თაყვანისმცემლობის ცენტრი (დან. 9:24—27). ისრაელების ბაბილონში ტყვედ წაყვანამდე კი ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა (მიქ. 5:2). ეს წინასწარმეტყველებები რომ შესრულებულიყო, ისრაელები უნდა გათავისუფლებულიყვნენ ტყვეობიდან, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და აღედგინათ ტაძარი. მაგრამ ბაბილონელებს არ სჩვეოდათ ტყვეების გათავისუფლება. მაშ, როგორ შესრულდებოდა ეს ყველაფერი? იეჰოვამ ამ კითხვაზეც განუცხადა პასუხი თავის წინასწარმეტყველებს (ამოს. 3:7).

11. რა და რა სახით არის წარმოდგენილი ბაბილონის იმპერია? (იხილეთ სქოლიო).

11 ბაბილონში გადასახლებულებს შორის წინასწარმეტყველი დანიელიც იყო (დან. 1:1—6). იეჰოვამ მას დააწერინა, თუ რომელი სამეფოები გამოჩნდებოდა ამ მსოფლიო იმპერიის შემდეგ. სიმბოლოების გამოყენებით იეჰოვამ ფარდა ახადა ამ საიდუმლოს. მან მეფე ნაბუქოდონოსორს სიზმრად ანახა სხვადასხვა მეტალისგან შემდგარი უზარმაზარი ქანდაკება (წაიკითხეთ დანიელის 2:1, 19, 31—38). დანიელის მეშვეობით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ოქროს თავი ბაბილონის იმპერია იყო. * ბაბილონის შემდგომი მსოფლიო იმპერია წარმოდგენილია ვერცხლის მკერდითა და მკლავებით. რომელი სამეფო იქნებოდა ეს და როგორ მოეპყრობოდა ის ღვთის ხალხს?

მიდია-სპარსეთი — მეოთხე თავი

12, 13. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მიდია-სპარსეთი მხეცის მეოთხე თავია?

12 დანიელამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ნათელი მოჰფინა იმას, თუ რომელი მსოფლიო იმპერია დაამარცხებდა ბაბილონს. იეჰოვამ არა მარტო ის იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დაეცემოდა ქალაქი ბაბილონი, არამედ დამპყრობლის სახელიც კი გააცხადა. ეს იყო სპარსელი კიროსი (ეს. 44:28 — 45:2). მიდია-სპარსეთის მსოფლიო იმპერიის შესახებ დანიელმა სხვა ორი ხილვაც იხილა. ერთში ეს სამეფო წარმოდგენილი იყო დათვით, რომელიც „ცალმხარაწეული იდგა“. მას უთხრეს: „ჭამე ბევრი ხორცი!“ (დან. 7:5). მეორეში დანიელმა იხილა ორრქიანი ვერძი, რომელიც ორი სამეფოსგან შემდგარი ამ იმპერიის შესაფერისი სიმბოლო იყო (დან. 8:3, 20).

13 იეჰოვამ გამოიყენა მიდია-სპარსეთის იმპერია, რომ შესრულებულიყო ბაბილონის დაცემისა და ისრაელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ წინასწარმეტყველება (2 მატ. 36:22, 23). მაგრამ მოგვიანებით იმავე სამეფომ ლამის ძირფესვიანად მოსპო ღვთის ხალხი. წიგნი „ესთერი“ გვამცნობს, რომ სპარსეთის ყველაზე გავლენიანმა მთავარმა ჰამანმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მან მთელ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების განადგურება გადაწყვიტა და კონკრეტული თარიღიც კი დანიშნა. იეჰოვამ ამჯერადაც დაიცვა თავისი ხალხი და სატანის შთამომავლის გეგმა ჩაშალა (ესთ. 1:1—3; 3:8, 9; 8:3, 9—14). ამიტომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიდია-სპარსეთი „გამოცხადებაში“ მოცემული მხეცის მეოთხე თავია.

საბერძნეთი — მეხუთე თავი

14, 15. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ საბერძნეთის იმპერიის შესახებ?

14 „გამოცხადებაში“ ნაჩვენები მხეცის მეხუთე თავით საბერძნეთი გვევლინება. მანამდე დანიელმა ახსნა, რომ ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების სპილენძის მუცლითა და ბარძაყებით სწორედ ეს სამეფო იყო წარმოდგენილი. დანიელმა სხვა ორი ხილვაც ნახა, სადაც ამ იმპერიისა და მისი ყველაზე გამოჩენილი მმართველის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები იყო მოცემული.

15 ერთ ხილვაში დანიელმა ნახა ოთხფრთიანი ჯიქი, რომელიც საბერძნეთს წარმოადგენდა. ოთხი ფრთა იმაზე მეტყველებდა, რომ ეს იმპერია ელვის სისწრაფით დაიპყრობდა ქვეყნებს (დან. 7:6). მეორე ხილვაში მან ნახა, თუ რა სწრაფად ამარცხებს ვაცი, რომელსაც ერთი დიდი რქა ჰქონდა, ორრქიან ვერძს ანუ მიდია-სპარსეთს. იეჰოვამ უთხრა დანიელს, რომ ვაცი განასახიერებდა საბერძნეთს, ხოლო დიდი რქა — მის ერთ-ერთ მეფეს. შემდეგ დანიელმა დაწერა, რომ ვაცს დიდი რქა მოსტყდებოდა და მის ნაცვლად ოთხი პატარა რქა ამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება საბერძნეთის აღზევებამდე დაახლოებით ორი საუკუნით ადრე დაიწერა, ყველა დეტალი ზედმიწევნით შესრულდა. ალექსანდრე მაკედონელმა, საბერძნეთის ყველაზე გამორჩეულმა მეფემ, მიდია-სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. დიდების მწვერვალზე მყოფი ალექსანდრე 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ასე მოსტყდა ვაცს დიდი რქა და მისი სამეფო მისმა ოთხმა მხედართმთავარმა გაინაწილა (წაიკითხეთ დანიელის 8:20—22).

16. რა გააკეთა ანტიოქე IV-მ?

16 სპარსეთის დამარცხების შემდეგ ღვთის ხალხზე საბერძნეთი გაბატონდა. ამ დროს ისინი კვლავ აღთქმულ მიწაზე ცხოვრობდნენ და იერუსალიმის ტაძარიც აღდგენილი იყო. ისინი იეჰოვას რჩეულ ხალხად რჩებოდნენ და ტაძარი ისევ წარმოადგენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს. მაგრამ ძვ. წ. მეორე საუკუნეში საბერძნეთი, მხეცის მეხუთე თავი, თავს დაესხა ღვთის ხალხს. ალექსანდრეს ოთხად გაყოფილი იმპერიის ერთმა მმართველმა ანტიოქე IV-მ იერუსალიმის ტაძარში წარმართული სამსხვერპლო ააგო და იუდეველთა რელიგიის მიმდევრებს სიკვდილით სჯიდა. რა საშინელი საქციელი იყო ეს სატანის შთამომავლის მხრიდან! მაგრამ მალე საბერძნეთის ადგილს სხვა მსოფლიო იმპერია დაიკავებდა. ვინ იქნებოდა მხეცის მეექვსე თავი?

რომი — მეექვსე „საშინელი და საზარელი“ თავი

17. რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეექვსე თავმა დაბადების 3:15-ის შესრულებაში?

17 როცა იოანემ მხეცის შესახებ ხილვა ნახა, მსოფლიოში გაბატონებული მდგომარეობა რომს ეკავა (გამოცხ. 17:10). ამ მეექვსე თავმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში. სატანამ რომაელი მმართველები გამოიყენა, რომ ქალის შთამომავალი „ქუსლში დაეგესლა“. როგორ? ისინი შეეცადნენ, იესოსთვის ამბოხებაში დაედოთ ბრალი და სიკვდილით დასაჯეს (მათ. 27:26). მაგრამ სატანისგან „დაგესვლა“ დროებითი იყო, ვინაიდან იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო.

18. ა) რომელი ახალი ერი აირჩია იეჰოვამ და რატომ? ბ) როგორ განაგრძობდა გველის შთამომავალი ქალის შთამომავლისადმი მტრობას?

18 ისრაელის რელიგიურმა წინამძღოლებმა რომთან პირი შეკრეს და იესოს წინააღმდეგ ამხედრდნენ. იუდეველების უმეტესობამ უარყო კიდეც ქრისტე. ამიტომ იეჰოვამ უარყო ებრაელები, როგორც თავისი ხალხი (მათ. 23:38; საქ. 2:22, 23). მან აირჩია ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 3:26—29; 6:16). ეს ერი წარმოადგენდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას, რომლის წევრებიც იყვნენ როგორც ებრაელები, ისე უცხოტომელები (ეფეს. 2:11—18). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გველის შთამომავალი განაგრძობდა ქალის შთამომავლისადმი მტრობას. რომი არაერთხელ შეეცადა, მოესპო ქრისტიანული კრება, შთამომავლის სხვა ნაწილი. *

19. ა) როგორ აღგვიწერს დანიელი მეექვსე მსოფლიო იმპერიას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სასწავლო სტატიაში?

19 ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების რკინის ფეხებით რომი იყო წარმოდგენილი (დან. 2:33). დანიელმა სხვა ხილვაში ნახა არა მხოლოდ რომის იმპერია, არამედ მისგან წარმოქმნილი მომდევნო მსოფლიო იმპერია (წაიკითხეთ დანიელის 7:7, 8). საუკუნეების განმავლობაში რომი ყველა თავისი მტრისთვის „საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი“ სახელმწიფო იყო. წინასწარმეტყველების თანახმად, ამ იმპერიიდან წარმოიშობოდა „ათი რქა“ და ერთი მათგანი განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებდა. რისი სიმბოლოა ეს ათი რქა და რა არის წარმოდგენილი პატარა რქით? რა კავშირშია ეს პატარა რქა ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ უზარმაზარ ქანდაკებასთან? ამ კითხვებზე პასუხს მე-14 გვერდზე მოცემული სტატია გაგვცემს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ქალით წარმოდგენილია იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება (ეს. 54:1; გალ. 4:26; გამოცხ. 12:1, 2).

^ აბზ. 11 ბაბილონი წარმოდგენილია როგორც წიგნ „დანიელში“ მოცემული კერპის ოქროს თავით, ისე „გამოცხადებაში“ ნაჩვენები მხეცის მესამე თავით. იხილეთ გვერდები 12, 13.

^ აბზ. 18 თუმცა რომაელებმა ახ. წ. 70 წელს გაანადგურეს იერუსალიმი, ეს არ იყო დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი, ვინაიდან იმ დროისთვის ებრაელები აღარ იყვნენ ღვთის რჩეული ხალხი.

[სასწავლო კითხვები]