არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა დავაყენოთ იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე?

რატომ უნდა დავაყენოთ იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე?

რატომ უნდა დავაყენოთ იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე?

„ჩემი პირი ილაპარაკებს შენს სიმართლეზე, მთელი დღე — შენგან ხსნაზე“ (ფსალმ. 71:15).

როგორ უპასუხებთ?

რა ფაქტორებმა განსაზღვრა ნოეს, მოსეს, იერემიასა და პავლეს ცხოვრება?

რა ფასეულობები განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებს?

რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ პირველ ადგილზე იეჰოვას მსახურება დააყენოთ?

1, 2. ა) რას ცხადყოფს ადამიანი იეჰოვასადმი თავის მიძღვნით? ბ) როგორ გვეხმარება ნოეს, მოსეს, იერემიასა და პავლეს მაგალითების განხილვა?

როდესაც იეჰოვას მიუძღვენით თავი და იესოს მონათლული მიმდევარი გახდით, თქვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგით. ღვთისადმი მიძღვნა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პირადად თქვენ მიიღეთ. ფაქტობრივად, თქვენ ასეთი რამ თქვით: „იეჰოვა, მინდა, რომ შენ მიხელმძღვანელო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მე შენი მსახური ვარ. მინდა, რომ შენ განსაზღვრო ჩემი დრო, დამიდგინო პრიორიტეტები და გამოიყენო ჩემი შესაძლებლობები თუ ნიჭი“.

2 თუ თქვენ უკვე მიძღვნილი ქრისტიანი ხართ, ალბათ, მსგავსი რამ აღუთქვით იეჰოვას. ამ ნაბიჯის გამო ნამდვილად იმსახურებთ ქებას; ეს სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ახლა, როცა იეჰოვას თქვენს ბატონად თვლით, როგორ იყენებთ დროს? ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება ნოეს, მოსეს, იერემიასა და მოციქულ პავლეს მაგალითების განხილვა. ისინი მთელი გულით ემსახურებოდნენ იეჰოვას. ჩვენი მდგომარეობა ჰგავს მათ მდგომარეობას. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ჩანს, თუ რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი. ეს დაგვეხმარება, შევამოწმოთ, როგორ ვიყენებთ ჩვენს დროს (მათ. 28:19, 20; 2 ტიმ. 3:1).

წარღვნამდე

3. რა მსგავსებაა ნოეს დროსა და ჩვენს დროს შორის?

3 იესომ ნოეს დრო ჩვენს დროს შეადარა. მან თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება . . . ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათ. 24:37—39). დღეს ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვან დროში ცხოვრობენ. ისინი ყურად არ იღებენ გაფრთხილებებს, რომლებსაც ღვთის მსახურები აცხადებენ. ნოეს დროს მცხოვრები ადამიანების მსგავსად, ბევრს სასაცილოდ მიაჩნია ის, რომ ღმერთი მალე გაანადგურებს ბოროტ ადამიანებს (2 პეტ. 3:3—7). როგორ იყენებდა ნოე დროს მტრულად განწყობილი საზოგადოების მიუხედავად?

4. როგორ გამოიყენა ნოემ დრო, როცა იეჰოვასგან დავალება მიიღო და რატომ?

4 როცა ნოემ ღვთის განზრახვების შესახებ გაიგო და მისგან დავალება მიიღო, ააშენა კიდობანი ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად (დაბ. 6:13, 14, 22). ამასთანავე, ნოე აცხადებდა იეჰოვას განაჩენს მოსალოდნელი განადგურების შესახებ. მოციქული პეტრე მას „სიმართლის მქადაგებელს“ უწოდებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნოე ცდილობდა, აეხსნა თავისი თანამედროვეებისთვის, თუ რამდენად სახიფათო მდგომარეობაში იყვნენ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5). იქნებოდა გონივრული, თუ ნოე და მისი ოჯახი რაღაც საქმეს მოჰკიდებდნენ ხელს, წინ წაიწევდნენ ან კომფორტულ ცხოვრებას მოიწყობდნენ? რა თქმა უნდა, არა. მათ იცოდნენ, რაც მოხდებოდა, ამიტომ არაფერს რთავდნენ ნებას, ხელი შეეშალა მნიშვნელოვან საქმეში.

ეგვიპტის უფლისწულის არჩევანი

5, 6. ა) რისთვის მოამზადა მოსე მიღებულმა განათლებამ? ბ) რატომ უარყო მოსემ ეგვიპტის უფლისწულობა?

5 განვიხილოთ მოსეს მაგალითი. ის ფარაონის ქალიშვილმა იშვილა და მეფის კარზე იზრდებოდა, როგორც უფლისწული. მოსეს „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ შეასწავლეს (საქ. 7:22; გამ. 2:9, 10). ამ განათლების წყალობით მას ფარაონის კარზე დიდი მომავალი ელოდა. მოსეს შეეძლო გამოჩენილი ადამიანი გამხდარიყო იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში, ეცხოვრა ფუფუნებაში, ჰქონოდა ყველანაირი პრივილეგია და არ მოეკლო არანაირი სიამოვნება. მაგრამ იყო ეს ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანი?

6 მოსეს თავისმა ნამდვილმა მშობლებმა ასწავლეს, თუ რა აღუთქვა იეჰოვამ მის წინაპრებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს. მას სწამდა, რომ ეს დანაპირები შესრულდებოდა. ის სერიოზულად ფიქრობდა თავის მომავალზე და იეჰოვასადმი ერთგულებაზე. მაგრამ რა გადაწყვიტა, როცა არჩევნის წინაშე დადგა, ეგვიპტის უფლისწული გამხდარიყო თუ ისრაელი მონა? მოსემ „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—26). მოგვიანებით მან დაიწყო იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა (გამ. 3:2, 6—10). რატომ გადაწყვიტა მან ეს? იმიტომ, რომ მოსეს სწამდა ღვთის დანაპირების. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი წარმატება ეგვიპტეში დიდხანს არ გასტანდა. და მართლაც, სულ მალე იეჰოვამ ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა თავს. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან ჩვენ, იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა? ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიერებაში კარიერისკენ ვისწრაფოთ და სიამოვნება ვეძებოთ, მთელი ყურადღება იეჰოვასა და მისადმი მსახურებაზე უნდა გვქონდეს გადატანილი.

იერემიამ იცოდა, რა მოხდებოდა

7. რით ჰგავს იერემიას მდგომარეობა ჩვენსას?

7 კიდევ ერთი, ვინც იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დააყენა, წინასწარმეტყველი იერემია იყო. იეჰოვამ მას დაავალა, გაეცხადებინა განაჩენი განდგომილი იერუსალიმისა და იუდას განადგურების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ იერემია „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრობდა (იერ. 23:19, 20). მას კარგად ესმოდა, რომ სისტემა, რომელიც იმ დროს არსებობდა, დიდხანს არ გასტანდა.

8, 9. ა) რატომ სჭირდებოდა ბარუქს აზროვნების შეცვლა? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, როცა რაღაცას ვგეგმავთ?

8 რის გაკეთებას არ ცდილობდა იერემია იქიდან გამომდინარე, რაც სწამდა? ის არ ცდილობდა დასაღუპავად განწირულ სისტემაში დამკვიდრებას. ეს ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული. მაგრამ იერემიას მდივანი ბარუქი თავიდან სიტუაციას სწორად ვერ აფასებდა. ღვთის შთაგონებით იერემიამ გადასცა მას იეჰოვას სიტყვები: „აი, რასაც ვაშენებ, თავადვე ვანგრევ და რასაც ვრგავ, თავადვე ვძირკვავ, მთელ მიწასაც კი. შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ. უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს . . . შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერ. 45:4, 5).

9 ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რა იყო ის „დიდი რამე“, რასაც ბარუქი ეძებდა. * მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას მომავალი არ ჰქონდა; ამ ყოველივეს მალე ბოლო მოეღებოდა, როცა ბაბილონელები იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს დაიპყრობდნენ. რას ვსწავლობთ აქედან? იმ ყველაფრის შეძენა, რაც საარსებოდ აუცილებელია, დაგეგმვას მოითხოვს (იგავ. 6:6—11). მაგრამ განა გონივრულია, დიდი დრო და ენერგია ისეთ რამეს დავუთმოთ, რაც დროებით სარგებლობას მოგვიტანს? იეჰოვას ორგანიზაცია კვლავაც გეგმავს ახალი სამეფო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობას; მას სხვა თეოკრატიული პროექტებიც აქვს. ამ ყველაფრის მიზანი სამეფო ინტერესების წინ წაწევაა. კარგი იქნება, თუ იეჰოვას მიძღვნილი ქრისტიანები გეგმების დასახვისას გაითვალისწინებენ ამას და ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღვთის სამეფოს დააყენებენ. ბიბლია მოგვიწოდებს: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და [იეჰოვას] სიმართლე“ (მათ. 6:33). აკეთებთ ამას მთელი გულით?

„ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ“

10, 11. ა) რისკენ ისწრაფოდა პავლე ქრისტიანად გახდომამდე? ბ) რამ შეცვალა ძირფესვიანად მისი მიზნები?

10 ბოლოს განვიხილოთ პავლეს მაგალითი. სანამ ქრისტიანი გახდებოდა, მას, ერთი შეხედვით, საუკეთესო მომავალი ელოდა. მან იუდეველთა კანონები იმ დროისთვის ყველზე გამოჩენილი მასწავლებლებისგან ისწავლა. პავლეს უფლებამოსილება იუდეველთა მღვდელმთავრისგან ჰქონდა მიღებული. ის იუდაიზმის მიმდევარი იყო და თავის თანატოლებთან შედარებით დიდ წარმატებებს აღწევდა (საქ. 9:1, 2; 22:3; 26:10; გალ. 1:13, 14). მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაიგო, რომ იუდეველებმა, როგორც ერმა, იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგეს.

11 პავლეს ესმოდა, რომ იუდეველთა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას არც მომავალი ჰქონდა და არც არანაირი ღირებულება იეჰოვას თვალში (მათ. 24:2). ამ ყოფილმა ფარისეველმა მიიღო ღვთის განზრახვების შესახებ ახალი, უფრო ნათელი გაგება და მიხვდა, თუ რა დიდი პატივი იყო სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა. პავლე რასაც უწინ მნიშვნელოვნად თვლიდა, ახლა ყველაფერს „დიდ ნაგვად“ მიიჩნევდა. მან უარი თქვა თავის მიზნებზე და მთელი ცხოვრება სასიხარულო ცნობის ქადაგებას მიუძღვნა (წაიკითხეთ ფილიპელების 3:4—8, 15; საქ. 9:15).

გადახედეთ პრიორიტეტებს

12. რა დააყენა იესომ პირველ ადგილზე მონათვლის შემდეგ?

12 ნოე, მოსე, იერემია, პავლე და სხვები თავიანთ დროსა და ენერგიას ღვთის მსახურებას ახმარდნენ. მათ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს. რა თქმა უნდა, იეჰოვას მიძღვნილ მსახურებს შორის ყველაზე დიდებული იესოა (1 პეტ. 2:21). მონათვლის შემდეგ იესომ თავისი სიცოცხლე სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და იეჰოვას განდიდებას მიუძღვნა. იმ ქრისტიანისთვის, ვინც იეჰოვას თავის ბატონად აღიარებს, ღვთის მსახურება პირველ ადგილზე უნდა იყოს მის ცხოვრებაში. აყენებთ იეჰოვასადმი მსახურებას პირველ ადგილზე? როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს თეოკრატიული საქმიანობა და სხვა ყოველდღიური საქმეები? (წაიკითხეთ ფსალმუნების 71:15; 145:2).

13, 14. ა) რაზე უნდა დაფიქრდეს ყველა მიძღვნილი ქრისტიანი? ბ) რა სიხარული მოაქვს მსახურებას ღვთის ხალხისთვის?

13 წლების მანძილზე იეჰოვას ორგანიზაცია კვლავ და კვლავ მოუწოდებს ქრისტიანებს, იფიქრონ და ილოცონ პიონერული მსახურების შესახებ. სხვადასხვა მიზეზისა თუ მდგომარეობის გამო იეჰოვას ზოგიერთ ერთგულ მსახურს არ შეუძლია თვეში საშუალოდ 70 საათი იქადაგოს. მაგრამ მათ ცუდად არ უნდა იგრძნონ ამის გამო თავი (1 ტიმ. 5:8). თქვენზე რის თქმა შეიძლება? შეგიძლიათ იმსახუროთ პიონერად?

14 გაიხსენეთ, რა სიხარული მოუტანა წელს ღვთის ხალხს გახსენების საღამოს წინა პერიოდმა. მარტის თვეში დამხმარე პიონერებს შეეძლოთ 30 ან 50 საათი ემსახურათ (ფსალმ. 110:3). მილიონობით ქრისტიანმა იმსახურა დამხმარე პიონერად და ამან კრებებში არნახული სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია. შეგიძლია საქმეები ისე მოაწყო, რომ მსგავსი სიხარული უფრო ხშირად განიცადო? ყოველი დღის ბოლოს მიძღვნილ ქრისტიანს ისეთი კმაყოფილების გრძნობა დაეუფლება, რომ შეუძლია თქვას: „იეჰოვა, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“.

15. განათლებასთან დაკავშირებით რა უნდა იყოს ქრისტიანის მიზანი?

15 თუ სკოლას ამთავრებთ, ალბათ, კარგი ჯანმრთელობა გაქვთ და არც ბევრი პასუხისმგებლობა გაწევთ ტვირთად. სერიოზულად ფიქრობთ, რომ შეუერთდეთ პიონერთა დიდ ლაშქარს? უეჭველია, სკოლის მასწავლებლებს გულწრფელად სჯერათ, რომ თქვენ მიზნად უმაღლეს განათლებასა და ქვეყნიურ კარიერას დაისახავთ. ისინი თავიანთ იმედებს ამყარებენ სოციალურ თუ ფინანსურ სისტემაზე, რომელსაც დიდი მომავალი არ აქვს. ამის საპირისპიროდ, თეოკრატიული მიზნების დასახვა მართლაც ღირებულ და ხანგრძლივ შედეგებს მოგიტანთ; ამით იესოს სრულყოფილ მაგალითს მიჰყვებით. ასეთი ბრძნული გადაწყვეტილება ნამდვილ ბედნიერებას მოგანიჭებთ. სრული დროით მსახურება დაგიცავთ კიდეც. გარდა ამისა, თქვენ დაამტკიცებთ, რომ გადაწყვეტილი გაქვთ, იცხოვროთ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად (მათ. 6:19—21; 1 ტიმ. 6:9—12).

16, 17. რა კითხვები წამოიჭრება სამუშაოსა და სხვა მიზნებთან დაკავშირებით?

16 დღეს ბევრი ღვთის მსახური მძიმედ შრომობს, ოჯახი რომ არჩინოს. თუმცა ზოგი სამუშაოს საჭიროზე მეტ დროს უთმობს (1 ტიმ. 6:8). კომერციული სამყარო ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვარწმუნოს, თითქოს არ შეგვიძლია ბაზარზე გამოსული ათასგვარი პროდუქტისა თუ სიახლეების გარეშე ცხოვრება. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ სურთ, სატანის ქვეყნიერებამ დაუდგინოს პრიორიტეტები (1 იოან. 2:15—17). ისინი, ვინც უკვე პენსიაში გავიდნენ, საუკეთესოდ გამოიყენებენ დროს, თუ პიონერად იმსახურებენ და ასეთი სახით იეჰოვასადმი მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებენ.

17 იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: რა არის ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი მიზანი? ვაყენებ სამეფო ინტერესებს პირველ ადგილზე? ვავლენ იესოს მსგავსად თავგანწირვის სულს? ვითვალისწინებ იესოს რჩევას, რომ ყოველთვის მივყვე მას? შემიძლია შევცვალო ჩემი გეგმები ისე, რომ მეტი დრო დავუთმო სამეფოს შესახებ ქადაგებას და სხვა თეოკრატიულ მიზნებს? თუ მდგომარეობა ახლა არ მაძლევს მსახურების გაფართოების საშუალებას, ვაგრძელებ თავგანწირვის სულის განვითარებას?

„სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“

18, 19. რაზე შეგვიძლია ვილოცოთ და რატომ მოეწონება იეჰოვას ჩვენი ასეთი თხოვნა?

18 სასიხარულოა ღვთის ხალხის გულმოდგინების დანახვა. მაგრამ ზოგს არ აქვს პიონერად მსახურების სურვილი. ზოგი კი თავს ღირსეულად არ თვლის, თუმცა მდგომარეობა პიონერობის საშუალებას აძლევს (გამ. 4:10; იერ. 1:6). თუ თქვენც ასე ფიქრობთ, კარგი იქნება, ხშირად ილოცოთ ამის შესახებ. პავლემ თანაქრისტიანებს უთხრა, რომ იეჰოვა „თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). თუ არ გსურთ მსახურების გაფართოება, სთხოვეთ იეჰოვას, გქონდეთ სურვილიც და შესაძლებლობაც (2 პეტ. 3:9, 11).

19 ნოე, მოსე, იერემია, პავლე და იესო ღვთის მიძღვნილი მსახურები იყვნენ. ისინი თავიანთ დროსა და ენერგიას იეჰოვას გამაფრთხილებელი ცნობის გასაცხადებლად იყენებდნენ და არაფერს აძლევდნენ უფლებას, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ. ამ ქვეყნიერების აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ ღვთის მიძღვნილ ყველა მსახურს გვმართებს, ძალ-ღონე არ დავიშუროთ და მივბაძოთ ამ ერთგულ მამაკაცებს (მათ. 24:42; 2 ტიმ. 2:15). ასეთი სახით ჩვენ გავახარებთ იეჰოვას და მისგან უხვ კურთხევას მივიღებთ (წაიკითხეთ მალაქიას 3:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 იხილეთ წიგნი „ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით“, გვერდები 104—106.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

ხალხი არაფრად აგდებდა ნოეს გაფრთხილებას

[სურათი 24 გვერდზე]

სერიოზულად ფიქრობთ, რომ შეუერთდეთ პიონერთა დიდ ლაშქარს?