არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიქეცით, როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქე

მოიქეცით, როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქე

მოიქეცით, როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქე

„მოიქეცით . . . სასიხარულო ცნობის ღირსად“ (ფილ. 1:27).

როგორ უპასუხებთ?

ვინ შეიძლება გახდეს სამეფოს მოქალაქე?

რას ნიშნავს, ვისწავლოთ სამეფოს ენა, ისტორია და კანონები?

როგორ შეუძლიათ დაამტკიცონ სამეფოს მოქალაქეებმა, რომ უყვართ ღვთის ნორმები?

1, 2. რატომ ჰქონდა პავლეს რჩევას ფილიპეს კრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა?

მოციქულმა პავლემ ფილიპეში კრებას მოუწოდა, რომ მოქცეულიყვნენ „სასიხარულო ცნობის ღირსად“ (წაიკითხეთ ფილიპელების 1:27). აქ გამოყენებული სიტყვა „მოიქეცით“ ბერძნულ ენაზე შეიძლება ნიშნავდეს, „ისე მოიქცე, როგორც მოქალაქეს შეეფერება“. პავლეს ნათქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფილიპეს კრებისთვის, რადგან როგორც ჩანს, ფილიპე იყო იმ ქალაქებს შორის ერთ-ერთი, რომლის მაცხოვრებლებიც რომის მოქალაქეები იყვნენ. რომის მოქალაქეობას ფილიპესა და მთლიანად რომის იმპერიაში მცხოვრებნი დიდ პატივად მიიჩნევდნენ და მათ რომის კანონი განსაკუთრებულად იცავდა.

2 ფილიპეს კრების წევრებს საამაყოდ მართლაც ჰქონდათ მიზეზი. პავლემ შეახსენა მათ, რომ როგორც ცხებული ქრისტიანები მოქალაქეობას „ზეცაში“ მიიღებდნენ (ფილ. 3:20). ისინი ღვთის სამეფოს მოქალაქეები იყვნენ და არა რომელიმე ქვეყნის. ცხებული ქრისტიანები მიიღებდნენ შეუდარებელ კურთხევებსა და დაცვას (ეფეს. 2:19—22).

3. ა) ვის შეუძლია გახდეს სამეფოს მოქალაქე? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 პავლეს შეგონება „მოიქეცით“ ანუ მოიქეცით როგორც მოქალაქე, ძირითადად, მათ ეხებათ, ვინც ქრისტესთან ერთად იმეფებს ზეცაში (ფილ. 3:20). მაგრამ ეს მითითება შეიძლება ღვთის სამეფოს მიწიერ ქვეშევრდომებსაც ეხებოდეს, რადგან ყველა მიძღვნილი ქრისტიანი ემსახურება იმავე მეფეს, იეჰოვას, და ისინი უნდა ცხოვრობდნენ ერთნაირი სტანდარტებით (ეფეს. 4:4—6). დღეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ, გახდნენ რომელიმე მდიდარი ქვეყნის მოქალაქე. განვიხილოთ რა მოთხოვნები აქვთ მოქალაქეობის მისაღებად ადამიანურ მთავრობებსა და ღვთის სამეფოს. მათი შედარება დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ღვთის მოქალაქეობის მიღების პატივი. ახლა შევეხოთ სამ მოთხოვნას, რომლებიც აუცილებელია ღვთის სამეფოს მოქალაქეობის მისაღებად.

მოთხოვნები მოქალაქეობის მისაღებად

4. რა არის სუფთა ენა და რას ნიშნავს სუფთა ენაზე „ლაპარაკი“?

4 ენის შესწავლა. ზოგი მთავრობა მოითხოვს სახელმწიფო ენის სწავლას მათგან, ვისაც მოქალაქეობის მიღება სურს. მოქალაქეობის მიღების შემდეგაც კი ადამიანები ცდილობენ, უკეთ დაეუფლონ ახალ ენას. შესაძლოა, გრამატიკულ წესებს სწრაფად სწავლობენ, მაგრამ სიტყვების სწორად წარმოთქმას გარკვეული დრო სჭირდება. მსგავსადვე, ღვთის სამეფო თავისი მოქალაქეებისგან მოითხოვს ენის სწავლას, რომელსაც ბიბლია „სუფთა ენას“ უწოდებს (წაიკითხეთ სოფონიას 3:9). რა არის „სუფთა ენა“? ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. სუფთა ენაზე „ლაპარაკი“ მოიცავს ღვთის კანონებისა და პრინციპების თანახმად ცხოვრებას. ღვთის სამეფოს მოქალაქეებმა შეიძლება მალე ისწავლონ ძირითადი ბიბლიური სწავლებები და მოინათლონ, მაგრამ ნათლობის მერეც უნდა ეცადონ, სულ უფრო და უფრო უკეთ „ილაპარაკონ“ სუფთა ენაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, ნასწავლი ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში გამოიყენოს.

5. რატომ უნდა ვისწავლოთ ყველაფერი იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ?

5 ისტორიის შესწავლა. ვისაც სურს, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გახდეს, მეტ-ნაკლებად უნდა იცოდეს მისი ისტორია. მსგავსადვე, მათ, ვისაც სამეფოს მოქალაქეობა სურთ, შეძლებისდაგვარად უნდა ისწავლონ ღვთის სამეფოს შესახებ. განვიხილოთ კორახის ვაჟების მაგალითი, რომლებიც ძველ ისრაელში მსახურობდნენ. მათ უყვარდათ იერუსალიმი და თაყვანისცემის ადგილი და სიამოვნებდათ ქალაქის ისტორიის შესახებ საუბარი. მათზე მარტო ქვები და ფილები კი არ ახდენდა შთაბეჭდილებას, არამედ ის, თუ რას განასახიერებდა ეს ქალაქი და თაყვანისცემის ადგილი. იერუსალიმი იყო იეჰოვას, „დიდი მეფის ქალაქი“, რადგან ის ითვლებოდა წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად. სწორედ იქ ასწავლიდნენ მღვდლები იეჰოვას კანონებს და სწორედ ამ ქალაქიდან, იერუსალიმიდან, მართავდა მეფე ხალხს, რომელთა მიმართაც იეჰოვა ავლენდა თავის სიკეთეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 48:1, 2, 9, 12, 13). მათ მსგავსად, გსურთ, თქვენც შეისწავლოთ და მოუყვეთ სხვებს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის ისტორიის შესახებ? რაც უფრო მეტს გაიგებთ ღვთის ორგანიზაციისა და იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს იეჰოვა თავის ხალხს, მით უფრო რეალური გახდება თქვენთვის ღვთის სამეფო. ამასთანავე, უფრო მეტად გექნებათ სურვილი, იქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ (იერ. 9:24; ლუკ. 4:43).

6. რატომ არის გონივრული იეჰოვას მოთხოვნა, ვისწავლოთ და დავემორჩილოთ სამეფოს კანონებსა და პრინციპებს?

6 კანონების ცოდნა. მთავრობები თავიანთი ქვეშევრდომებისგან მოითხოვენ ქვეყნის კანონების ცოდნასა და დაცვას. ამიტომ გონივრულია, რომ იეჰოვა სამეფოს ყველა მოქალაქისგან მოითხოვს, შეისწავლონ და დაემორჩილონ მის კანონებსა და პრინციპებს (ეს. 2:3; იოან. 15:10; 1 იოან. 5:3). ადამიანური კანონები არასრულყოფილია და შეიძლება უსამართლოც კი იყოს. ამის საპირისპიროდ, „იეჰოვას კანონი სრულყოფილია“ (ფსალმ. 19:7). გვიყვარს იეჰოვას კანონი და ყოველდღე ვკითხულობთ ღვთის სიტყვას? (ფსალმ. 1:1, 2). ღვთის კანონი რომ ვიცოდეთ, პირადად უნდა შევისწავლოთ ის. ჩვენ მაგივრად ამას სხვა ვერავინ გააკეთებს.

სამეფოს მოქალაქეებს უყვართ ღვთის ნორმები

7. რა მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ სამეფოს მოქალაქეები?

7 სამეფოს მოქალაქეებად რომ დავრჩეთ, აუცილებელია ღვთის ნორმების სიყვარული და არა მხოლოდ მათი ცოდნა. მრავალი მოქალაქე ამბობს, რომ ეთანხმება თავისი ქვეყნის კანონებსა და ნორმებს, მაგრამ როცა რომელიმე კანონი არ მოსწონთ და იციან, რომ არავინ უყურებს, არღვევენ მათ. ასეთი ადამიანები „კაცთმაამებლები“ არიან (კოლ. 3:22). სამეფოს მოქალაქეები მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ჩვენ სიხარულით ვემორჩილებით ღვთის კანონებს მაშინაც კი, როცა სხვები არ გვიყურებენ, რადგან გვიყვარს ჩვენი კანონმდებელი (ეს. 33:22; წაიკითხეთ ლუკას 10:27).

8, 9. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ნამდვილად გიყვართ თუ არა ღვთის კანონები?

8 როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ნამდვილად გიყვართ თუ არა ღვთის კანონები? დააკვირდით თქვენს რეაქციას, როდესაც რჩევას გაძლევენ ისეთ საკითხზე, რომელსაც თვლით, რომ პირადი გადასაწყვეტია, მაგალითად: ჩაცმულობა და გარეგნობა. სანამ სამეფოს მოქალაქე გახდებოდით, შეიძლება მოუწესრიგებლად ან გამომწვევად იცვამდით. მაგრამ იეჰოვას სიყვარულმა აღგძრათ, თქვენი ჩაცმულობით განგედიდებინათ ღმერთი (1 ტიმ. 2:9, 10; 1 პეტ. 3:3, 4). შეიძლება ფიქრობთ, რომ ახლა მოკრძალებულად გაცვიათ. მაგრამ როგორ მოიქცეოდით, თუ უხუცესი გეტყოდათ, რომ თქვენი ჩაცმულობა კრების ზოგიერთი წევრის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს? დაიწყებდით თავის მართლებას, განაწყენდებოდით ან გაჯიუტდებოდით? ღვთის სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ის არის, რომ მიჰბაძონ ქრისტეს (1 პეტ. 2:21). იესოს მაგალითთან დაკავშირებით პავლე წერდა: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომ. 15:2, 3). კრებაში მშვიდობის შესანარჩუნებლად მოწიფული ქრისტიანი მზად უნდა იყოს, გულისწყრომის გარეშე გაითვალისწინოს სხვების სინდისი (რომ. 14:19—21).

9 განვიხილოთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი — ჩვენი დამოკიდებულება ზნეობრივი საკითხებისადმი და ქორწინებისადმი. ისინი, ვინც ჯერ არ არიან ღვთის სამეფოს მოქალაქეები, შეიძლება იწყნარებენ ჰომოსექსუალიზმს, პორნოგრაფიას თვლიან უწყინარ გართობად და ფიქრობენ, რომ მრუშობა და გაყრა პირადი გადასაწყვეტია. სამეფოს მოქალაქეები კი წინდახედულები არიან და არ ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე. თუმცა ბევრი ქრისტიანი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ისინი ქორწინებასა და სქესობრივ ურთიერთობას ღვთის ძღვნად მიიჩნევენ. ისინი აფასებენ იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს და მთელი გულით ეთანხმებიან იმას, რომ ვინც უზნეობას სჩადის, ღვთის სამეფოს მოქალაქეობის ღირსი არ არის (1 კორ. 6:9—11). მაგრამ, ამავე დროს, მათ ესმით, რომ გული ვერაგია (იერ. 17:9). ისინი აფასებენ გაფრთხილებებს, რომლებიც მათ მაღალზნეობრივი ნორმების შენარჩუნებაში ეხმარება.

სამეფოს მოქალაქეები აფასებენ გაფრთხილებებს

10, 11. რა დროულ გაფრთხილებებს გვაძლევს ღვთის სამეფო და თქვენ რას ფიქრობთ ასეთ გაფრთხილებებზე?

10 მთავრობები ზრუნავენ თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მოსახლეობას აფრთხილებენ საკვებთან თუ მედიკამენტებთან დაკავშირებით. თუმცა ყველა საკვები და წამალი მავნებელი არ არის, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი ადამიანის ჯანმრთელობას გარკვეულ საფრთხეს უქმნის, მთავრობა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს. თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, ის გულგრილობაში და უყურადღებობაში იქნება დამნაშავე. მსგავსადვე, ღვთის სამეფო დროულ გაფრთხილებებს გვაძლევს ზნეობრივ და სულიერ საფრთხეებთან დაკავშირებით. მაგალითად, ინტერნეტი კარგი საშუალებაა ურთიერთობისთვის, განათლების მისაღებად და გასართობად. ღვთის ორგანიზაცია იყენებს ინტერნეტს და მისი მეშვეობით ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მაგრამ მრავალი ვებ-გვერდი ჩვენს ზნეობასა და სულიერობას საფრთხეს უქმნის. პორნოგრაფიის ამსახველი ვებ-გვერდები სერიოზულ სულიერ საფრთხეს უქმნის სამეფოს მოქალაქეებს. ათწლეულების მანძილზე გონიერი მონის კლასი გვაფრთხილებს ასეთი ვებ-გვერდების შესახებ. განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ ამ გაფრთხილებებისთვის?!

11 ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა სოციალური ქსელები, რომლებიც შეიძლება სასარგებლოც იყოს, თუ მათ გამოყენებისას სიფრთხილეს გამოვიჩენთ. მაგრამ ასეთი ვებ-გვერდები ზიანის მომტანიც შეიძლება იყოს. ადამიანი შეიძლება ცუდ საზოგადოებაში აღმოჩნდეს (1 კორ. 15:33). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ გვაფრთხილებს ღვთის ორგანიზაცია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ ასეთი ვებ-გვერდების გამოყენებისას. წაკითხული გაქვთ გონიერი მონის მიერ ახლახან გამოცემული სტატიები სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით? არ იქნებოდა გონივრული ასეთი ვებ-გვერდების გამოყენება ამ მასალის წაკითხვის გარეშე! * ეს იმის მსგავსი იქნებოდა, რომ ძლიერმოქმედი წამალი ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე მიგვეღო.

12. რატომ არ არის გონივრული გაფრთხილებების უგულებელყოფა?

12 ვინც ყურს არ უგდებს ერთგული მონის გაფრთხილებებს, ზიანს აყენებს საკუთარ თავს და გულს ტკენს საყვარელ ადამიანებს. ზოგს პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ექცა, ზოგმა კი უზნეობა ჩაიდინა; ამ დროს ისინი შეიძლება თავს იმით იტყუებენ, რომ იეჰოვა ვერ ხედავს, რასაც აკეთებენ. რამხელა უგუნურებაა ადამიანს სჯეროდეს, თითქოს იეჰოვასგან შეუძლია რამის დამალვა! (იგავ. 15:3; წაიკითხეთ ებრაელების 4:13). ღმერთს სურს, დაეხმაროს ასეთ ადამიანებს და ამ მიზნით თავის მიწიერ მსახურებს იყენებს (გალ. 6:1). როგორც ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული ქმედებების გამო ჩამოართვას ვინმეს მოქალაქეობა, ასევე შეუძლია იეჰოვას „მოქალაქეობა“ ჩამოართვას მათ, ვინც არღვევს მის ნორმებს და არ ინანიებს * (1 კორ. 5:11—13). მიუხედავად ამისა, ღმერთი გულმოწყალეა. მათ, ვინც ინანიებს და ცუდ საქმეებს თავს ანებებს, შეუძლიათ აღიდგინონ ღმერთთან კარგი ურთიერთობა და შეინარჩუნონ სამეფოს მოქალაქეობა (2 კორ. 2:5—8). მართლაც, რამხელა პატივია, ვემსახუროთ ასეთ მოსიყვარულე მეფეს!

სამეფოს მოქალაქეები აფასებენ განათლებას

13. საიდან ჩანს, რომ სამეფოს მოქალაქეები აფასებენ განათლებას?

13 ბევრი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავიანთმა მოქალაქეებმა განათლება მიიღონ. ისინი ორგანიზებას უწევენ სკოლებს, სადაც ასწავლიან წერა-კითხვას და ამა თუ იმ პროფესიას. სამეფოს მოქალაქეები აფასებენ ასეთ სკოლებს და გულმოდგინედ სწავლობენ წერა-კითხვას, რათა მატერიალურად იზრუნონ საკუთარ თავზე. ისინი ბევრად უფრო აფასებენ იმ განათლებას, რომელსაც ღებულობენ როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქეები. ასეთ განათლებას იეჰოვა ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით გვაძლევს. მშობლებს მოუწოდებენ, უკითხონ თავიანთ ბავშვებს. ყოველთვიურად გონიერი მონა ბეჭდავს ბიბლიაზე დაფუძნებულ მასალას „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთში!“. თუ ყოველდღე რამდენიმე გვერდს წაიკითხავთ, შეძლებთ ფეხდაფეხ მიჰყვეთ ღვთიური განათლების ამ მნიშვნელოვან არხს.

14. ა) რა დასწავლებას ვღებულობთ? ბ) რომელ მითითებებს იყენებთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთან დაკავშირებით?

14 ყოველკვირა სამეფოს მოქალაქეები კრების შეხვედრებზე ღებულობენ დასწავლებას. მაგალითად, 60 წელზე მეტია თეოკრატიული მსახურების სკოლა ეხმარება მაუწყებლებს, იყვნენ ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებლები. ხართ ჩაწერილი ამ სკოლაში? ბოლო წლებში ერთგული მონა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარებას. ასეთი საღამოები აძლიერებს და აერთიანებს ოჯახებს. გიცდიათ ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული რჩევების გამოყენება? *

15. რა არის ყველაზე დიდი პატივი ჩვენთვის?

15 ქვეყნის მოქალაქეები ეძებენ თავიანთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს და ამისთვის კარდაკარაც კი დადიან. სამეფოს მოქალაქეები ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და ბევრად უფრო აქტიურად უჭერენ მხარს ღვთის სამეფოს, იქნება ეს ქუჩაში თუ კარდაკარ. როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, „საგუშაგო კოშკი“, რომელიც აუწყებს იეჰოვას სამეფოს, მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალია. ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია, სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბროთ. თქვენც გულმოდგინედ მონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში? (მათ. 28:19, 20).

16. როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ღვთის სამეფოს კარგი მოქალაქე ხართ?

16 მალე ღვთის სამეფო იქნება ერთადერთი მთავრობა, რომელიც დედამიწაზე იმმართველებს. ის გვიხელმძღვანელებს არა მხოლოდ სულიერ საკითხებში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში. იქნებით იმ დროს ღვთის სამეფოს კარგი მოქალაქე? ახლა არის დრო, რომ დაამტკიცოთ ეს. რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა იღებდეთ ყოველდღე, ყველაფერი იეჰოვას განსადიდებლად აკეთეთ და ასეთი სახით დაამტკიცეთ, რომ იქცევით როგორც ღვთის სამეფოს ღირსეული მოქალაქე (1 კორ. 10:31).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 იხილეთ 2011 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 6, 7 და 2011 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდები 3—6.

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 14 გვერდზე]

ითვალისწინებთ ინტერნეტთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებულ გაფრთხილებებს?

[სურათი 12 გვერდზე]

გიყვართ წმინდა თაყვანისმცემლობა და ღვთის ორგანიზაციის ისტორია კორახის ვაჟების მსგავსად?

[სურათი 15 გვერდზე]

ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს დაგეხმარებათ, გახდეთ სამეფოს კარგი მოქალაქეები