არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

შეხვედრა, რომელიც გამოირჩეოდა ერთიანობის სულითა და ბრწყინვალე გეგმებით

შეხვედრა, რომელიც გამოირჩეოდა ერთიანობის სულითა და ბრწყინვალე გეგმებით

პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელია. ასეთი იყო 127-ე ყოველწლიური შეხვედრაც, რომელიც შაბათს, 2011 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა. მოწვეული სტუმრები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზი, აშშ) იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გერიტ ლოში მიესალმა დარბაზში შეკრებილებს. 85 ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს მან უთხრა, რომ ისინი განუმეორებელი საერთაშორისო საძმოს ნაწილი იყვნენ. ასეთი ერთიანობა კარგი დამოწმებაა და განადიდებს იეჰოვას. ერთიანობის თემამ არაერთხელ გაიჟღერა შეხვედრის განმავლობაში.

საინტერესო ანგარიში მექსიკიდან

პროგრამის პირველ ნაწილში ისაუბრეს იეჰოვას ხალხის ერთიანობაზე. ბალტასარ პერლამ ინტერვიუ აიღო მექსიკის ბეთელის ოჯახის სამი წევრისგან და სთხოვა, ესაუბრათ, თუ რა შედეგები მოყვა ცენტრალური ამერიკის 6 ფილიალის მექსიკის ფილიალთან შეერთებას. ასეთი ცვლილების შედეგად მექსიკის ბეთელის ოჯახში თავი მოიყარა სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანმა. ამ ქვეყნებიდან ჩასულ თანაქრისტიანებს ერთმანეთის გამხნევების საშუალება მიეცათ. თითქოს ღმერთმა აიღო დიდი საშლელი და წაშალა ეროვნული ბარიერები.

ძმები ფიქრობდნენ, როგორ დახმარებოდნენ ამ 6 ქვეყანაში მცხოვრებ მაუწყებლებს, რომ თავი იეჰოვას ორგანიზაციისგან იზოლირებულად არ ეგრძნოთ. ამ მიზნით თითოეულ კრებას, მათ შორის დაშორებულ ტერიტორიებზე არსებულ კრებებსაც, მიეცა შესაძლებლობა, უსაფრთხო ელექტრონული ფოსტის საშუალებით ურთიერთობა ჰქონოდა მექსიკის ფილიალთან.

ახალი ამბები იაპონიიდან

იაპონიის ფილიალის წარმომადგენელმა ჯეიმზ ლინტონმა ისაუბრა, თუ როგორ დაზარალდნენ ძმები 2011 წლის მარტში იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. უამრავმა მოწმემ დაკარგა საყვარელი ადამიანები და ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ. იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულები 3 100-ზე მეტი თავშესაფრითა და ასობით ავტომობილით უზრუნველყვეს. მოხალისეები თანამშრომლობდნენ რეგიონულ სამშენებლო კომიტეტებთან, რომლებიც შეუჩერებლივ არემონტებდნენ და-ძმების სახლებს. 1 700-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა იქ, სადაც საჭიროება იყო. შეერთებული შტატებიდან იაპონიაში ჩამოვიდა მოხალისეთა ჯგუფი, რათა დახმარებოდა და-ძმებს სამეფო დარბაზების აღდგენაში და, საერთო ჯამში, 575-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

უფრო მეტი ყურადღება დაეთმო სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული და-ძმების სულიერ და ემოციურ მხარდაჭერას. 400-ზე მეტმა უხუცესმა გააკეთა სამწყსო მონახულებები. ხელმძღვანელმა საბჭომ მსოფლიო მთავარი სამმართველოდან სტიქიურ ზონაში მცხოვრები თანაქრისტიანების გასამხნევებლად 2 სამხარეო ზედამხედველი გააგზავნა, რითაც მათდამი მზრუნველობა გამოავლინა. მოწმეების მიერ გამოვლენილი ასეთი ყურადღება მართლაც დიდი ნუგეშის წყარო აღმოჩნდა.

იურიდიული გამარჯვებები

ბრიტანეთის ფილიალის წარმომადგენელმა სტივენ ჰარდმა აუდიტორიის ყურადღება იურიდიულ გამარჯვებებზე საუბრით მიიპყრო. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა გადასახადების სახით საფრანგეთის ფილიალისგან 58 მილიონ ევროს ითხოვდა. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღო და განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობამ დაარღვია ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება. მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩანდა, რომ საქმე თანხას არ ეხებოდა. მასში ნათქვამი იყო: „რელიგიური გაერთიანების არ აღიარება, მისი ლიკვიდაციის მცდელობა და რელიგიური ორგანიზაციის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება არის კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითი“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის საქმესთან დაკავშირებითაც ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, 1965 წლიდან ევროპის კონვენცია არ ათავისუფლებს ცალკეულ ადამიანებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. მაგრამ ევროპის სასამართლოს უმაღლესმა ორგანომ, დიდმა პალატამ, დაადგინა, რომ ევროპის კონვენცია ადამიანს იმ შემთხვევაში მისცემს უფლებას, „უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, თუ ამის სერიოზული საფუძველი არსებობს“. ეს გადაწყვეტილება ავალდებულებს სომხეთს და ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, აღიარონ იგივე უფლება.

სამშენებლო პროექტები

შემდეგ გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გაი პირსი და აღნიშნა, რომ ყველას აინტერესებდა, თუ რა სამშენებლო პროექტებია დაგეგმილი ნიუ-იორკის შტატში. მან აუდიტორიას ვიდეოფილმით აჩვენა, თუ რა გაკეთდა და რა გაკეთდება უოლკილში, პატერსონში და ახლახან შეძენილ ტერიტორიებზე უორიკსა და ტაქსიდოში (ნიუ-იორკი). უოლკილში ახალი საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2014 წლისთვის; ამ ახალ საცხოვრებელში 300-ზე მეტი ოთახი იქნება.

უორიკში 100 ჰექტარზე აშენდება ახალი კომპლექსი. ძმა პირსმა აღნიშნა: „თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა აქვს იეჰოვას განზრახული უორიკთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ მშენებლობას იმ მიზნით, რომ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო იქ გადავიდეს“. იგეგმება უორიკის ჩრდილოეთით 10 კილომეტრში მდებარე 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყენება სამშენებლო ტექნიკისა და მასალის შესანახად. „როგორც კი მშენებლობის ნებართვას მივიღებთ, ვიმედოვნებთ, რომ მთლიან პროექტს 4 წელიწადში დავამთავრებთ, — თქვა გაი პირსმა. — ამის შემდეგ მთელ ჩვენს საკუთრებას ბრუკლინში გავყიდით“.

„ეჭვი ხომ არ ეპარება ხელმძღვანელ საბჭოს, რომ დიდი გასაჭირი ახლოსაა?“ — იკითხა ძმა პირსმა და თავადვე გასცა პასუხი: „სრულებითაც არა. თუ დიდი გასაჭირი ჩვენს გეგმებს ჩაშლის, ეს მართლაც ბრწყინვალე რამ იქნება!“.

უფრთხილდით მბრდღვინავ ლომს

ხელმძღვანელი საბჭოს სხვა წევრმა სტივენ ლეტმა განიხილა 1 პეტრეს 5:8, სადაც წერია: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. მან თქვა, რომ ლომის ზოგიერთი თვისება ზუსტად შეესაბამება პეტრეს მაგალითში მოხსენიებული ეშმაკის აღწერილობას.

ლომი ადამიანზე ძლიერი და სწრაფია, ამიტომ არც კი უნდა ვეცადოთ, საკუთარი ძალებით შევეწინააღმდეგოთ ან გავექცეთ სატანას. ჩვენ იეჰოვას დახმარება გვჭირდება (ეს. 40:31). ლომი ეპარება მსხვერპლს, ასე რომ, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ სულიერ სიბნელეს, საიდანაც სატანა თავს ესხმის თავის მსხვერპლს. როგორც ლომი კლავს უმწეო ანტილოპას ან მძინარე ზებრის ნაშიერს, ასე უმოწყალოდ უნდა სატანას ჩვენი განადგურება. როცა ლომი დაიკმაყოფილებს შიმშილს, მსხვერპლის ამოცნობა შეუძლებელია, ასე ემართება სატანის მსხვერპლსაც, რომლის „მდგომარეობა პირველზე უარესი“ ხდება (2 პეტ. 2:20). ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სატანას და მტკიცედ დავიცვათ ნასწავლი ბიბლიური პრინციპები (1 პეტ. 5:9).

დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას სახლში

„ჩვენ ყველას გვაქვს ადგილი იეჰოვას სახლში“, — თქვა შემდგომმა მომხსენებელმა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა. ყველა ქრისტიანს, ვისაც სწამს იესოს მსხვერპლის, ადგილი აქვს ღვთის „სახლში“, მის სულიერ ტაძარში, სადაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას. ეს არის ადგილი, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა ვაფასებდეთ. დავითის მსგავსად, ჩვენც გვსურს, „რომ მთელი [ჩვენი] სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში“ ვმკვიდრობდეთ (ფსალმ. 27:4).

ძმა ჰერდმა განიხილა ფსალმუნის 92:12—14 და იკითხა: «როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ „გავიფურჩქნოთ“»? „სულიერ სამოთხეში იეჰოვა სითბოს ავლენს ჩვენდამი, გვიცავს და გვაძლევს ჭეშმარიტების გამომაცოცხლებელ წყალს. მოდი, ყოველთვის მადლიერი ვიყოთ ამისთვის“, — თქვა სამუელ ჰერდმა. ბოლოს მან მოხსენება ასეთი მოწოდებით დაამთავრა: „მოდი, დავრჩეთ იეჰოვას სახლში არა მოკლე დროით, არამედ მარადიულად!“.

ქრისტიანები აფასებენ ღვთის სიტყვას

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა შემდეგ მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის აფასებდნენ ღვთის სიტყვას. პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა წინადაცვეთის საკითხი სწორედ ღვთის სიტყვის თანახმად გადაწყვიტეს (საქ. 15:16, 17). მაგრამ მეორე საუკუნეში ეგრეთ წოდებული ქრისტიანები წმინდა წერილებზე მეტად ბერძნულ ფილოსოფიას აფასებდნენ. მოგვიანებით ზოგიერთებმა ბიბლიური სწავლებები შეცვალეს ეგრეთ წოდებული ეკლესიის მამებისა და რომის იმპერატორების მოსაზრებებით, რითაც ცრუ სწავლებების გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

ძმა სპლეინმა ისაუბრა იესოს ერთ მაგალითზე, რომლითაც იესომ დაგვანახვა, რომ ყოველთვის იქნებოდნენ ნამდვილი ცხებული ქრისტიანები, რომლებიც დაიცავდნენ ჭეშმარიტებას დედამიწაზე (მათ. 13:24—30). ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ ვინ იყვნენ ისინი. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ბევრი ამხელდა არაბიბლიურ სწავლებებსა და ქმედებებს. მათ შორის იყვნენ: არქიეპისკოპოსი აგობარდ ლიონელი (მე-9 საუკუნე), პიტერ ბრუიელი, ჰენრი ლოზანელი და ვალდესი (ვალდო) (მე-12 საუკუნე), ჯონ უიკლიფი (მე-14 საუკუნე), უილიამ ტინდალი (მე-16 საუკუნე), ჰენრი გრუ და ჯორჯ სტორზი (მე-19 საუკუნე). დღეს ბიბლიური პრინციპების დაცვას იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ და ისინი ბიბლიას ჭეშმარიტების საფუძვლად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ აირჩია ხელმძღვანელმა საბჭომ 2012 წლის მუხლად იოანეს 17:17: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“.

შთამბეჭდავი ცვლილებები, რომლებიც შეეხო დასწავლებასა და მსახურებას

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ენტონი მორისმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მისიონერებსა და სპეციალურ პიონერებს ეხებოდათ. 2012 წლის სექტემბრიდან ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის ჩატარდება ზოგიერთ ქვეყანაში. სკოლა „გალაადმა“ თავისი დანიშნულება შეიცვალა. გასული ოქტომბრიდან ყველამ, ვინც გაიარა სკოლა „გალაადი“, უკვე იყო სპეციალური სრული დროით მსახური; ზოგი მსახურობდა მისიონერად, რომელთაც არ ჰქონდათ „გალაადი“ გავლილი, ზოგი სპეციალურ პიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად ან ბეთელში. კურსდამთავრებულებს დანიშნავენ ღვთის ხალხის გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად ფილიალებში, მიმომსვლელ მსახურებად ან მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სადაც ისინი კრებებს სამქადაგებლო მსახურებაში დაეხმარებიან.

2012 წლის იანვრიდან ისინი, ვინც დაამთავრა ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის და ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის, დაინიშნენ დროებით სპეციალურ პიონერებად და მსახურობენ ისეთ დაშორებულ ტერიტორიებზე, სადაც ცოტა მაუწყებელია ან საერთოდ არ არიან. ისინი ასეთ მსახურებაში იქნებიან 1-დან 3 წლამდე. ზოგიერთებმა შეიძლება გააგრძელონ სპეციალურ პიონერად მსახურება.

2011 წლის ყოველწლიური შეხვედრა მართლაც გამამხნევებელი იყო. იმედი გვაქვს, რომ იეჰოვა აკურთხებს იმ სიახლეებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებასა და მსოფლიო საძმოს ერთიანობის განმტკიცებას. ყოველივე ეს ქებასა და დიდებას მოუტანს ჩვენს ზეციერ მამას იეჰოვას.

[ჩარჩო/სურათები 18, 19 გვერდებზე]

მოდი, უკეთ გავიცნოთ ისინი

პროგრამის ნაწილი იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრების ქვრივებთან ინტერვიუ. ინტერვიუ ცხრა ქვრივიდან ხუთისგან აიღეს. მარინა სიდლიკი, ედით სიუტერი, მელიტა იარაჩი, მელბა ბერი და სიდნი ბარბერი მოჰყვნენ, თუ როგორ გაიგეს ჭეშმარიტება და როგორ დაიწყეს სრული დროით მსახურება. თითოეულმა მათგანმა სტუმრებს სასიამოვნო მოგონებები გაუზიარა; მათ გაიხსენეს თავიანთი მეუღლეები და ის, თუ რა კურთხევები ჰქონდათ. ინტერვიუს ბოლოს ყველამ იმღერა სიმღერა ნომერი 86 სათაურით „ერთგული ქალები, ქრისტიანი დები“.

[სურათები]

(ზემოთ) დანიელ და მარინა სიდლიკები; გრანტ და ედით სიუტერები; თეოდორ და მელიტა იარაჩები

(ქვემოთ) ლოიდ და მელბა ბერები; კერი და სიდნი ბარბერები

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

6 ფილიალი, რომლებიც შეუერთდა მექსიკის ფილიალს

მექსიკა

გვატემალა

ჰონდურასი

სალვადორი

ნიკარაგუა

კოსტა-რიკა

პანამა

[სურათი 17 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს სავარაუდო დიზაინი (უორიკი, ნიუ-იორკი)