არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს მოთმინებას

მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს მოთმინებას

„ჩვენი უფლის მოთმინება . . . ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტ. 3:15).

1. რაზე წუხს ზოგი ერთგული ქრისტიანი?

ერთგულმა დამ, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი განსაცდელი გადაიტანა, თავმდაბლურად იკითხა: „ნეტა მოვესწრები ამ ქვეყნიერების აღსასრულს?“. ეს საკითხი იეჰოვას სხვა დიდი ხნის ერთგულ მსახურებსაც აწუხებს. ჩვენ მთელი გულით ველოდებით იმ დროს, როცა ღმერთი შექმნის ყველაფერს ახალს და მოგვაშორებს დღეს არსებულ პრობლემებს (გამოცხ. 21:5). მართალია, ეჭვი არ გვეპარება, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრული ახლოს არის, მაგრამ შესაძლოა, საკმაოდ რთული იყოს, მოთმინებით დაველოდოთ იმ დღეს.

2. რა კითხვებს განვიხილავთ იეჰოვას მოთმინებასთან დაკავშირებით?

2 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გვმართებს მოთმინება. წარსულში მცხოვრები იეჰოვას მსახურების მსგავსად, ჩვენც მივიღებთ ღვთის მიერ დაპირებულს, თუ გვექნება მტკიცე რწმენა და მოთმინებით დაველოდებით მისი დაპირებების შესრულებას (წაიკითხეთ ებრაელების 6:11, 12). იეჰოვა თავად არის მომთმენი. მას შეეძლო, ბოროტებისთვის ნებისმიერ დროს მოეღო ბოლო, მაგრამ ის ითმენს სათანადო დროის დადგომამდე (რომ. 9:20—24). რატომ არის ის ასეთი მომთმენი? როგორ ჰბაძავდა იესო მამას მოთმინებაში? რით იქნება ჩვენთვის სასარგებლო, თუ ისეთივე მოთმინებას განვივითარებთ, როგორიც ღმერთს აქვს? ამ კითხვებზე პასუხები დაგვეხმარება მოთმინებისა და რწმენის განვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს.

რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?

3, 4. ა) რატომ გამოავლინა იეჰოვამ მოთმინება, როცა საქმე ეხებოდა მისი განზრახვის დედამიწაზე შესრულებას? ბ) როგორ მოიქცა იეჰოვა, როდესაც ადამი და ევა ეურჩნენ მას?

3 იეჰოვას მოთმინების გამოვლენის საფუძვლიანი მიზეზი აქვს. მართალია, ის ყოველთვის ფლობდა სამყაროში განუსაზღვრელ ძალაუფლებას, მაგრამ ედემის ბაღში ურჩობის შემდეგ წამოიჭრა საყოველთაო მნიშვნელობის კითხვები. იეჰოვამ გამოავლინა მოთმინება, რადგან იცოდა, რომ ამ კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემას დრო სჭირდებოდა. ღმერთმა კარგად იცის ზეცაში და დედამიწაზე გონიერი ქმნილებების საქმეები თუ შეხედულებები და, ეჭვგარეშეა, ის მოქმედებს ყოველი ჩვენგანის სასიკეთოდ (ებრ. 4:13).

4 იეჰოვას განზრახვა იყო, ადამისა და ევას შთამომავლებს აევსოთ დედამიწა. ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა, მას მერეც, რაც სატანამ ევა აცდუნა და ადამმა ურჩობა გამოავლინა. ის არ გამოსულა მდგომარეობიდან, არ მიუღია ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არ ჰქონია მძაფრი რეაგირება და არ ჩაუქნევია ხელი ადამიანთა მოდგმაზე. ნაცვლად ამისა, განსაზღვრა, თუ როგორ შეესრულებინა თავისი განზრახვა ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებით (ეს. 55:11). თავისი განზრახვის შესასრულებლად და უზენაესობის გასამართლებლად იეჰოვამ გამოავლინა დიდი თავშეკავება თუ მოთმინება, და ათასობით წელი ლოდინიც კი მოუწია, ამ განზრახვის გარკვეული მხარეები საუკეთესოდ რომ შესრულებულიყო.

5. რა შედეგები მოჰყვება იეჰოვას მოთმინებას?

5 კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ითმენს იეჰოვა, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მარადიული სიცოცხლე. ახლა ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რომ გადარჩეს „უამრავი ხალხი“ (გამოცხ. 7:9, 14; 14:6). სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით იეჰოვა იწვევს ადამიანებს, რომ მათ ისწავლონ მისი სამეფოსა და სამართლიანი ნორმების შესახებ. სამეფოს შესახებ ცნობა არის საუკეთესო ცნობა მთელი კაცობრიობისთვის. დიახ, ეს მართლაც „სასიხარულო ცნობაა“ (მათ. 24:14). თითოეული, ვისაც იეჰოვა იზიდავს, ხდება სიმართლის მოყვარული ნამდვილი მეგობრებისგან შემდგარი საერთაშორისო საძმოს ნაწილი (იოან. 6:44—47). ჩვენი მოსიყვარულე მამა ეხმარება ასეთ ადამიანებს, დაიმსახურონ მისი მოწონება. ის აგრეთვე ირჩევს მათ თავისი ზეციერი სამეფოს მომავალ წევრებად. ზეციერი ჯილდოს მიღების შემდეგ ეს ერთგული მსახურები დაეხმარებიან მორჩილ კაცობრიობას, მიაღწიონ სრულყოფილებას და მარადიულ სიცოცხლეს. ასე რომ, იეჰოვა ითმენს და ამასთანავე, ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს თავისი განზრახვები ჩვენდა სასიკეთოდ.

6. ა) რა გაგებით ავლენდა იეჰოვა მოთმინებას ნოეს დროს? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა მოთმინებას ჩვენს დღეებში?

6 იეჰოვა მომთმენია უკიდურესად რთულ სიტუაციაშიც კი და ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ მოექცა ის ბოროტებს წარღვნის წინ. აივსო დედამიწა უზნეობითა და ძალადობით და „გული ეტკინა“ იეჰოვას, ადამიანები ასე ცუდად რომ იქცეოდნენ (დაბ. 6:2—8). ის უსასრულოდ არ მოითმენდა ასეთ სიტუაციას, ამიტომ გადაწყვიტა, წარღვნით გაენადგურებინა ურჩი კაცობრიობა. „მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ და ამავდროულად, ყველაფერი მოამზადა ნოესა და მისი ოჯახის გადასარჩენად (1 პეტ. 3:20). თავის დროზე იეჰოვამ აცნობა მას თავისი გადაწყვეტილების შესახებ და დაავალა კიდობნის აშენება (დაბ. 6:14—22). ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო და თავის თანამედროვეებს მოახლოებული განადგურების შესახებ აფრთხილებდა (2 პეტ. 2:5). იესომ ჩვენი დრო ნოეს დღეებს შეადარა. იეჰოვას უკვე აქვს გადაწყვეტილი, თუ როდის მოუღებს ბოლოს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. მაგრამ „იმ დღესა და საათზე“ არავინ არ იცის (მათ. 24:36). დღეს ჩვენ იეჰოვასგან გვაქვს დავალება, გავაფრთხილოთ ადამიანები და ვუთხრათ, თუ როგორ შეუძლიათ გადარჩნენ.

7. აყოვნებს იეჰოვა თავისი დანაპირების შესრულებას? ახსენით.

7 იეჰოვას მოთმინება არ ნიშნავს იმას, რომ ის უბრალოდ ელოდება დროის გასვლას. არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას არ აინტერესებს ჩვენი კეთილდღეობა და არ ზრუნავს ჩვენზე. მაგრამ სინამდვილეში, არც ისე ადვილია ამაზე ფიქრი, როცა ასაკი გვემატება ან კვლავ ამ ბოროტ ქვეყნიერებასთან გვიწევს ჭიდილი. ამან შეიძლება გული გაგვიტეხოს ან ვიფიქროთ, რომ იეჰოვა აყოვნებს თავისი დანაპირების შესრულებას (ებრ. 10:36). არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ღმერთს მოთმინების საფუძვლიანი მიზეზები აქვს და დროის ამ პერიოდს თავის ერთგულ მსახურთა სასარგებლოდ იყენებს (2 პეტ. 2:3; 3:9). ახლა განვიხილოთ, თუ როგორ ჰბაძავდა იესო მამას მოთმინების გამოვლენაში.

მოთმინების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

8. რა და რა სიტუაციაში გამოავლინა იესომ მოთმინება?

8 იესო ღვთის ნებას ასრულებს და ის ამას ათასწლეულების მანძილზე სიხარულით აკეთებდა. როცა სატანა ღმერთს ეურჩა, იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ მისი მხოლოდშობილი ძე გამოეგზავნა დედამიწაზე, როგორც მესია. დაფიქრდით, რას ნიშნავდა ეს იესოსთვის — დედამიწაზე მოსვლამდე მას ათასობით წელი უნდა ეცადა (წაიკითხეთ გალატელების 4:4). მაგრამ ის გულხელდაკრეფილი არ ელოდა ამ დროს. იესო მთლიანად იყო დაკავებული მამის ნების შესრულებით. როდესაც ის დედამიწაზე ჩამოვიდა, მან იცოდა, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, უნდა მომკვდარიყო სატანის ხელით (დაბ. 3:15; მათ. 16:21). ის მოთმინებით დაემორჩილა ღვთის ნებას, თუმცა ეს მას ენით აუწერელი ტკივილის ფასად დაუჯდა. იესომ ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე ან მდგომარეობაზე, რაც ჩვენთვის ნამდვილი კურთხევა აღმოჩნდა (ებრ. 5:8, 9).

9, 10. ა) რას აკეთებდა იესო, სანამ მოთმინებით ელოდა იეჰოვას? ბ) როგორ უნდა ვუყურებდეთ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს?

9 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ მიიღო ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე (მათ. 28:18). ის იყენებს ამ ძალაუფლებას, რათა შეასრულოს ღვთის განზრახვა იეჰოვას მიერ დანიშნული დროის მიხედვით. ღვთის მარჯვნივ მყოფი იესო მოთმინებით იცდიდა 1914 წლამდე, ვიდრე მისი მტრები მის ფეხქვეშ არ მოექცეოდნენ (ფსალმ. 110:1, 2; ებრ. 10:12, 13). მალე ის გაანადგურებს სატანის ქვეყნიერებას. მანამდე კი იესო ეხმარება ადამიანებს და მიუძღვის მათ „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ (გამოცხ. 7:17).

10 ხედავთ იესოს მაგალითიდან, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ იეჰოვას მიერ დანიშნული დროის მიმართ? უეჭველია, იესო მზად იყო, შეესრულებინა მამის ნებისმიერი სათხოვარი; მაგრამ ის მოთმინებით უნდა დალოდებოდა იეჰოვას დროს. ჩვენც ველოდებით სატანის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, ამიტომ გვჭირდება მოთმინება; არასდროს გავუსწროთ ღმერთს წინ და არც ფარ-ხმალი დავყაროთ გულგატეხილობის გამო. როგორ განვივითაროთ ასეთი მოთმინება?

როგორ განვივითაროთ ისეთივე მოთმინება, როგორიც ღმერთს აქვს?

11. ა) რა კავშირია რწმენასა და მოთმინებას შორის? ბ) რა გვაძლევს მტკიცე რწმენის საფუძველს?

11 იესოს დედამიწაზე მოსვლამდე წინასწარმეტყველებმა და სხვა ერთგულმა მსახურებმა დაამტკიცეს, რომ არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ განსაცდელების მოთმინებით გადატანა. მათი მოთმინება პირდაპირ კავშირში იყო მათ რწმენასთან (წაიკითხეთ იაკობის 5:10, 11). თუკი ისინი არ ირწმუნებდნენ იმას, რასაც იეჰოვა ეტყოდა მათ ანუ გამოავლენდნენ რწმენის ნაკლებობას, შეძლებდნენ კი მოთმინებით დალოდებოდნენ ღვთის განზრახვების შესრულებას? ისინი არაერთხელ შეხვედრიან რწმენის სერიოზულ გამოცდებს, მაგრამ ეჭვი არ შეპარვიათ, რომ იეჰოვა აუცილებლად შეასრულებდა თავის დანაპირებს (ებრ. 11:13, 35—40). ჩვენ მტკიცე რწმენის უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რადგან იესო „ჩვენი რწმენის“ გამასრულყოფილებელია (ებრ. 12:2). იესომ შეასრულა წინასწარმეტყველება და გაამჟღავნა ღვთის განზრახვები, რაც რწმენის საფუძველს გვაძლევს.

12. როგორ განვიმტკიცოთ რწმენა?

12 რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ რწმენის განსამტკიცებლად და მოთმინების განსავითარებლად? ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის რჩევების გამოყენებაა. მაგალითად, დავფიქრდეთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ უნდა დავაყენოთ სამეფო პირველ ადგილზე. შეგიძლიათ უფრო მეტი ძალისხმევა მოახმაროთ, რომ გამოიყენოთ მათეს 6:33-ში მოცემული რჩევა? ეს შეიძლება ნიშნავდეს მსახურებისთვის მეტი დროის დათმობას ან ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ცვლილებების მოხდენას. მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, თუ აქამდე როგორ აკურთხებდა იეჰოვა თქვენს ძალისხმევას. შესაძლოა, ღმერთი დაგეხმარათ, გქონოდათ ბიბლიის შესწავლა და გეგრძნოთ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:7). ასე რომ, თუ იფიქრებთ იმ კურთხევებზე, რომლებიც პირადად თქვენ მოგიტანათ იეჰოვას მითითებების მიყოლამ, უფრო გაგიადვილდებათ მოთმინების განვითარება (ფსალმ. 34:8).

13. როგორ შეიძლება რწმენისა და მოთმინების განვითარება? მოიყვანეთ მაგალითი.

13 რწმენისა და მოთმინების განვითარება ჰგავს თესვის, ხვნისა და მკის პროცესს. ყოველთვის როცა მიწათმოქმედი კარგ მოსავალს იმკის, დარწმუნებულია, რომ მომავალ წელსაც დათესავს. რა თქმა უნდა, მას კვლავ მოუწევს ლოდინი მკამდე, მაგრამ ამის გამო ის თესვისგან თავს არ იკავებს, და შესაძლოა, მომავალი წლისთვის უფრო მეტი მიწაც დაამუშაოს. ის დარწმუნებულია, რომ აიღებს მოსავალს. მსგავსადვე, როდესაც ვსწავლობთ იეჰოვას მითითებებს, ვიცავთ მათ და შედეგად უხვ კურთხევებს ვიმკით, იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა მატულობს. ამასთანავე, იზრდება ჩვენი რწმენა, რაც გვიადვილებს, დაველოდოთ იმ კურთხევებს, რომელთა მიღებაში ეჭვი არ გვეპარება (წაიკითხეთ იაკობის 5:7, 8).

14, 15. როგორ უნდა ვუყურებდეთ ადამიანთა ტანჯვას?

14 განვიხილოთ, როგორ უნდა ვუყურებდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთი საშუალებაა მოთმინების განსავითარებლად. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ყველაფერს იეჰოვას თვალით ვუყუროთ. მაგალითად, როგორ უყურებს ის ადამიანთა ტანჯვას? იეჰოვა დიდი ხანია, ადამიანთა ტანჯვას უყურებს და ეს მას ტკივილს აყენებს; მაგრამ ღმერთი მწუხარებას არ შთაუნთქავს ისე, რომ სიკეთის კეთების უნარი წაერთმია. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა იმისათვის, რომ „დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ და აენაზღაურებინა ის ზარალი, რომელიც სატანამ მიაყენა კაცობრიობას (1 იოან. 3:8). ერთი რამ ცხადია, ტანჯვა და მწუხარება დროებითია, ღვთისმიერი ხსნა კი — მარადიული. არც ჩვენ გვინდა, რომ სატანის ბოროტი ქვეყნიერების გამო მწუხარებამ გვშთანთქას; არც ის გვინდა, რომ ვეღარ ვითმენდეთ აღსასრულამდე. ნაცვლად ამისა, მოდი, რწმენით ვუყუროთ იმას, რაც ახლა უხილავია, მაგრამ მარადიული. იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, თუ როდის მოსპოს ბოროტება და ის თავის დროზე დაიწყებს მოქმედებას (ეს. 46:13; ნაუმ. 1:9).

15 ამ ქვეყნიერების მძიმე ბოლო დღეებში შეიძლება შევხვდეთ რწმენის ურთულეს გამოცდებს. არ უნდა განვრისხდეთ, როდესაც ვხდებით ძალადობის მსხვერპლი ან როცა ჩვენი საყვარელი ადამიანები იტანჯებიან. ნაცვლად ამისა, ყველას გვმართებს, სრულად მივენდოთ იეჰოვას. თუმცა არასრულყოფილების გამო ამის გაკეთება არც ისე ადვილია. მაგრამ გავიხსენოთ, თუ რა გააკეთა იესომ. ეს ჩაწერილია მათეს 26:39-ში (წაიკითხეთ).

16. რის გაკეთებას უნდა ვერიდოთ დარჩენილი დროის განმავლობაში?

16 მოთმინების გამოვლენაში ხელს შეგვიშლიდა ასეთი დამოკიდებულება: „რაც მოხდება, მოხდება“. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ აღსასრული ახლოს არის, შესაძლოა დაიწყოს სხვა საქმეების დაგეგმვა იმის შიშით, რომ იეჰოვას ნათქვამი არ გამართლდეს. ისინი შეიძლება ფიქრობენ: „დაველოდები და ვნახავ, მართლა გამართლდება თუ არა იეჰოვას ნათქვამი“. შესაძლოა, ისინი ცდილობენ, სახელი გაითქვან, ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დაყენების ნაცვლად სიმდიდრის მოხვეჭისკენ ილტვიან ან ფიქრობენ, რომ უმაღლესი განათლება კომფორტული ცხოვრების საშუალებას მისცემს. მაგრამ, სინამდვილეში, განა ასეთი აზროვნება რწმენის ნაკლებობაზე არ მეტყველებს? პავლე მოგვიწოდებს, მივბაძოთ ღვთის ერთგულ მსახურებს, რომლებმაც „რწმენითა და მოთმინებით“ მიიღეს იეჰოვას ყველა დანაპირები (ებრ. 6:12). იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ამ ბოროტმა ქვეყნიერებამ იმაზე მეტ ხანს გასტანოს, ვიდრე მისი განზრახვის შესასრულებლად არის საჭირო (აბაკ. 2:3). ამ დროის განმავლობაში მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, არამედ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და გულმოდგინედ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ეს დღესვე მოგვიტანს შეუდარებელ კმაყოფილებას (ლუკ. 21:36).

როგორ ჯილდოვდება მოთმინება

17, 18. ა) რის შესაძლებლობა გვეძლევა მოთმინების გამოვლენასთან ერთად? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ ვავლენთ მოთმინებას?

17 თვეებია, იეჰოვას ვემსახურებით, თუ — ათწლეულები, ყველას გვსურს, მარადიულად ვემსახუროთ მას. მოთმინება ხსნის მიღებამდე ყველაფრის ატანაში დაგვეხმარება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დროა დარჩენილი ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე. იეჰოვა გვაძლევს შესაძლებლობას, დავამტკიცოთ, ბოლომდე ვენდობით თუ არა მის გადაწყვეტილებებს და, თუ საჭიროა, მისი სახელის გამო ტანჯვაც კი ავიტანოთ (1 პეტ. 4:13, 14). გარდა ამისა, იეჰოვა გვეხმარება, განვივითაროთ მოთმინება, რომელიც აუცილებელია ხსნისთვის (1 პეტ. 5:10).

18 იესოს მიღებული აქვს მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე და, თქვენ გარდა თქვენს თავს ვერავინ გამოსტაცებს ქრისტეს მისი დამცველი ხელიდან (იოან. 10:28, 29). არანაირი საფუძველი არ გვაქვს მომავლის ან თუნდაც სიკვდილის შიშის. ისინი, ვინც ბოლომდე მოითმენენ, გადარჩებიან. ამიტომ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნიერებამ შეგვაცდინოს და იეჰოვასადმი ნდობა დაგვაკარგვინოს. ნაცვლად ამისა, უნდა განვიმტკიცოთ რწმენა და გონივრულად გამოვიყენოთ ის დრო, სანამ იეჰოვა ითმენს (მათ. 24:13; წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:17, 18).