არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ღვთის სიტყვის შუქმა ჩვენს ოჯახში შემოაღწია“

„ღვთის სიტყვის შუქმა ჩვენს ოჯახში შემოაღწია“

არასდროს დამავიწყდება 2005 წლის 22 აგვისტოს დილა, როცა ოჯახი სასაუზმოდ შევიკრიბეთ. მაშინ ჩემი სიცოცხლე სასწორზე იდო, რადგან თავის ტვინში საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე მქონდა. საუზმის დაწყებამდე ჩემმა ქმარმა, კრიშნამ, ილოცა, რის შემდეგაც ოჯახს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე:

„მინდა გითხრათ, რომ დიდ რისკზე მივდივარ, — საავადმყოფოში ვწვები ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად იყავით, რადგან შეიძლება ცოცხალი ვეღარ მიხილოთ. ვინიცობაა მოვკვდე, უკვე დაკრძალვაზეც მაქვს თადარიგი დაჭერილი. გთხოვთ, ვინც უკვე იცნობთ იეჰოვას, ნუ მიატოვებთ მას, ხოლო თქვენ, ვინც ჯერ არ ემსახურებით იეჰოვას, გემუდარებით, დაიწყეთ ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ ისეთივე იმედი, როგორიც მე მაქვს; თქვენც ჩემსავით მოუთმენლად დაელოდებით ახალ ქვეყნიერებას, სადაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში და სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ“.

სანამ თხრობას განვაგრძობდე და გეტყოდეთ, რა შედეგით დასრულდა ოპერაცია, ნება მიბოძეთ, ცოტა რამ იმის შესახებაც გიამბოთ, თუ როგორ ოჯახში აღვიზარდე და როგორ გავიცანით ჭეშმარიტი ღმერთი.

ინდუისტური ადათ-წესებით აღზრდილი

ჩვენი ოჯახი ბორცვზე წამომართულ რკინითა და ხით ნაშენ სახლში ცხოვრობდა ზღვისპირა ქალაქ დურბანში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). სახლამდე რომ მიგვეღწია, მთავარი გზიდან 125-საფეხურიანი კიბე უნდა აგვევლო. შემდეგ ბუჩქებს შორის გაკვალულ ბილიკს უნდა გავყოლოდით, რომელსაც სახლამდე მივყავდით. ჩვენი ჭიშკრის სიახლოვეს ბებიაჩემს ტაძარი ჰქონდა, რომელიც ინდუსთა ღვთაებების გამოსახულებებითა და ქანდაკებებით იყო სავსე. ბებია მეუბნებოდა, რომ „ტაძრის ბავშვი“ ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სწორედ ჩვენი ღვთაებების წყალობით მოვევლინე ქვეყანას. ტაძრის მოპირდაპირე მხარეს პრიალა წითელსაფეხურიანი კიბე ადიოდა, რომლითაც ჩვენი სახლის ჭიშკარს მიადგებოდით. ჩვენ უზარმაზარი სახლი გვქონდა, გრძელი დერეფნით, რვა საძინებელი ოთახითა და დიდი სამზარეულოთი, სადაც ნახშირის ღუმელი გვედგა. სახლში 27 სული ვცხოვრობდით, მათ შორის პაპა-ბებია, მამაჩემი, მისი ნაბოლარა და და სამი უმცროსი ძმა თავიანთი ოჯახებით.

ამხელა ოჯახის შენახვა ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ სწორედ საერთო საზრუნავმა შეგვკრა ერთ მუშტად. ამდენი სასიამოვნო მოგონება რომ დაგვრჩა, სწორედ იმას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ერთ ჭერქვეშ ამდენი ვცხოვრობდით. ოჯახის საქმეს ოთხი ქალი ინაწილებდა, მათ შორის იყო დედაჩემი, გარგი დევი, და მისი სამი მაზლის ცოლი. ისინი რიგრიგობით ალაგებდნენ სახლს და ამზადებდნენ საჭმელს. ოჯახს პაპაჩემი მეთაურობდა და საკვებზეც იგი ზრუნავდა. ოთხშაბათობით პაპა-ბებია ბაზარს მიაშურებდნენ ხოლმე, საიდანაც მთელი კვირის სამყოფი ხორცითა და ხილ-ბოსტნეულით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ამ დროს ჩვენ ფიჭვის ხის ჩრდილქვეშ ვისხედით, რომელიც სანაპიროს გადასცქეროდა, და მათ დაბრუნებას ველოდით. როგორც კი თვალს მოვკრავდით პაპა-ბებიას, რომლებიც ავტობუსიდან სურსათ-სანოვაგით დატვირთული კალათებით ხელში ჩამოდიოდნენ, ჩავირბენდით 125-საფეხურიან კიბეს და ტვირთის წამოღებაში ვეხმარებოდით.

ჩვენს ბაღში მაღალი პალმის ხე გვედგა, რომელზეც მაინები (ფრინველის სახეობა) ბუდობდნენ. ჩვენ მათ ყოველ მოძრაობას ვადევნებდით თვალს და მათი ჟღურტულითაც ვტკბებოდით. ჭიშკრის სიახლოვეს კიბეზე ჩამომსხდარნი ხშირად ვისმენდით ბებიის მოყოლილ ათასგვარ ისტორიას, რომელზეც თითქოსდა მაინები ეჟღურტულებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ბევრჯერ გვიცინია, გვიტირია, გვითამაშია და გვიოხუნჯია კიდეც — ვინ მოთვლის, რამდენი სასიამოვნო წუთი გვაქვს ერთად გატარებული?! რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ამ სახლში ავიდგით სულიერად ფეხი და გავიცანით ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა და მისი ძე, იესო ქრისტე.

სანამ იეჰოვას დავუახლოვდებოდით, ყოველდღიურად არაერთ ინდუისტურ რიტუალს ვასრულებდით. გარდა ამისა, წელიწადის სხვადასხვა დროს აღვნიშნავდით დღესასწაულებს, რომელზეც ვეპატიჟებოდით სტუმრებს, რათა ერთად მიგვეგო პატივი ჩვენი ღვთაებებისთვის. ზოგიერთი რიტუალის შესრულების დროს ბებიაჩემი ტრანსში ვარდებოდა და სულებთან ამყარებდა კავშირს. შუაღამით ჩვენი ღმერთებისთვის ცხოველურ შესაწირავებს აღვავლენდით. პაპაჩემიც არანაკლებ მორწმუნე იყო. იგი ქველმოქმედებით იყო ცნობილი, რადგან თავისი წვლილი შეჰქონდა არაერთი ინდუისტური ტაძრისა თუ სკოლის აშენებაში.

ჭეშმარიტების შუქი ჩვენს ოჯახში აღწევს

1972 წელს პაპაჩემი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. რამდენიმე თვეში ჩემმა ერთ-ერთმა ბიცოლამ, სახელად ინდერვათიმ, რომელსაც ჯეინსაც ეძახდნენ, ორ იეჰოვას მოწმეს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გამოართვა. ის წუხდა, რომ სახლში არ შეიპატიჟა ისინი. ჩვენ ყოველთვის უარით ვისტუმრებდით მოწმეებს. მაგრამ როდესაც მათ კვლავ მოგვაკითხეს, ბიცოლამ ამჯერად შემოიპატიჟა და გულიც გადაუშალა; მან მოწმეებს მოუყვა, თუ რა თავსატეხს უჩენდა ბიძაჩემი, რომელიც ბევრს სვამდა. მეზობლები და ნათესავები ბიცოლაჩემს ურჩევდნენ, გაყროდა ქმარს. მოწმეებმა აუხსნეს, თუ როგორ უყურებდა ღმერთი ქორწინებას (მათე 19:6). მას ძალიან მოეწონა ბიბლიური რჩევა და დანაპირები, რომ მალე დედამიწაზე ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. * მან გადაწყვიტა, არ გაყროდა ბიძაჩემს და მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მას მოწმეები მისაღებ ოთახში უტარებდნენ შესწავლას, ხოლო სხვა რძლები თავ-თავიანთი ოთახებიდან აყურადებდნენ.

ცოტა ხანში სხვა ბიცოლებმა და დედაჩემმაც დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ჯეინი ყოველთვის გვიზიარებდა ნასწავლს და ხშირად გვიკითხავდა და გვიხსნიდა მოთხრობებს წიგნიდან „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. * როდესაც ბიძებმა გაიგეს, რომ მათი ცოლები ბიბლიას სწავლობდნენ, შეეწინააღმდეგნენ. ერთ-ერთმა ბიძამ მთელი ჩვენი ლიტერატურა, მათ შორის ბიბლია, დაწვა. მან არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაგვაკლო იმის გამო, რომ კრების შეხვედრებს ვესწრებოდით. მამაჩემი იყო ერთადერთი, რომელიც არ აჰყოლია თავის ძმებს. მას არასდროს დაუშლია ჩვენთვის ბიბლიის სწავლა. საბედნიეროდ, არც ჩემი ბიცოლები და არც დედაჩემი არ შეუშინდნენ წინააღმდეგობას — ოთხივე განაგრძობდა შეხვედრებზე სიარულს და იღრმავებდა იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულს.

1974 წელს ჯეინი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მალე დედაჩემი და სხვა ბიცოლებიც მოინათლნენ. დროთა განმავლობაში ბებიაჩემმაც უარი თქვა ინდუისტური ადათ-წესების შესრულებაზე. წლების მანძილზე ჩემებს კრების შეხვედრებზე დავყვებოდი. ერთხელაც იეჰოვას მოწმეთა ერთ დიდ კონგრესზე ერთმა იეჰოვას მოწმემ, შამილა რამპერსადმა, მკითხა: „როდის აპირებ მონათვლას?“ პასუხად მივუგე: „ვერ მოვინათლები, რადგან ბიბლია არავის უსწავლებია ჩემთვის“. მან შემომთავაზა ბიბლიის შესწავლა. 1977 წლის 16 დეკემბერს კონგრესზე მოვინათლე. საბოლოოდ, ჩვენი ოჯახის 27 წევრიდან 18 მოვინათლეთ. მაგრამ იმ დროისთვის, როცა ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მამაჩემი, სონი დევა, ჯერ კიდევ ინდუიზმის მიმდევარი იყო.

„ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“

ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილმა სიტყვებმა ძალიან მანუგეშა განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ამ მუხლებში ვკითხულობთ: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“. ადვილი არ არის, „არაფერზე დაიწყო წუხილი“ მაშინ, როცა გეუბნებიან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმო. თავდაპირველად, როცა ამის შესახებ შევიტყვე, ტირილი ამივარდა, მოგვიანებით კი იეჰოვას გადავუშალე გული ლოცვაში, რის შემდეგაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამეუფლა „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“.

თითქოს იეჰოვა ღმერთს ჩემი მარჯვენა ეჭირა და გვერდიდან არ მცილდებოდა (ესაია 41:13). სწორედ იეჰოვა დამეხმარა, გაბედულება მომეკრიბა და ექიმებისთვის ამეხსნა, რატომ მქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი, მივყოლოდი ბიბლიურ მითითებას და არ გადამესხა სისხლი (საქმეები 15:28, 29). ქირურგი და ანესთეზიოლოგი დამთანხმდნენ, რომ ოპერაციას უსისხლოდ გამიკეთებდნენ. ოპერაციის შემდეგ ქირურგმა მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მთელი სიმსივნე ამომკვეთეს. მას თავის პრაქტიკაში არ ახსოვდა, რომ ასეთი რთული ქირურგიული ჩარევის მერე პაციენტს რეაბილიტაციის პერიოდი ასე სწრაფად გაევლო.

სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ მწოლიარემ, ბიბლიის შესწავლა ჩავატარე. ოპერაციიდან შვიდი კვირის თავზე კი საჭეს მივუჯექი, განვაახლე ქადაგება და კრების შეხვედრებზე დასწრება. მადლიერი ვარ იმ ქრისტიანი და-ძმების, რომლებიც მსახურების დროს მეხმარებოდნენ. ისინი ყოველთვის მარწმუნებდნენ, რომ არასდროს მიმატოვებდნენ და მალე მშობლიურ კერას დავუბრუნდებოდი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სწრაფი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ყოველთვის ვუსმენდი ბიბლიის აუდიოჩანაწერებს და გონებას სულიერი აზრებით ვივსებდი.

სიხარული გამიორკეცდა, როცა გავიგე, რომ ოპერაციის შემდეგ მამაჩემსაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა. იგი 73 წლის ასაკში მოინათლა და დღეს იეჰოვას მოშურნე მსახურია. ჩვენი დიდი ოჯახის ამჯერად უკვე 40 წევრი ერთად ვცემთ თაყვანს იეჰოვას. ვინაიდან ჰემიანოფსია (ნახევრადსიბრმავე) მჭირს ანუ მხედველობის მარცხენა ველი დახშული მაქვს, ხოლო თავის ქალის მთლიანობა — ლითონის ფირფიტებით აღდგენილი, ერთი სული მაქვს, როდის დადგება დრო, როცა იეჰოვა „ყველაფერს ახალს“ შექმნის დედამიწაზე სამოთხეში (გამოცხადება 21:3—5).

მყავს მოსიყვარულე მეუღლე, რომელიც ქრისტიანულ კრებაში უხუცესად მსახურობს, და შესანიშნავი ქალიშვილი, კლერისტა, რომელიც გვერდში მიდგას და მეხმარება, რომ განვაგრძო სრული დროით მსახურება. იეჰოვა ღმერთმა უხვად მაკურთხა, რადგან დღესაც შემიძლია დავეხმარო ბიბლიის ბევრ შემსწავლელს, რათა მათაც იგრძნონ ღვთის სიტყვის ძალა თავიანთ ცხოვრებაში. მათგან 30-ზე მეტმა უკვე თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

მოუთმენლად ველი დროს, როცა ღმერთი ამ მტანჯველი ქვეყნიერებისგან გვიხსნის და სამოთხედქცეულ დედამიწაზე ვიცხოვრებთ!

^ აბზ. 12 დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.