არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაბედულად გავუმკლავდეთ დღეს არსებულ სირთულეებს

გაბედულად გავუმკლავდეთ დღეს არსებულ სირთულეებს

„ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმ. 46:1).

1, 2. რა სირთულეებს ხვდება ბევრი, მაგრამ რა სურთ ღვთის მსახურებს?

ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. დედამიწას გამუდმებით ატყდება თავს სტიქიური უბედურებები — მიწისძვრა, ცუნამი, ხანძარი, წყალდიდობა, ვულკანის ამოფრქვევა, ტორნადო, ტაიფუნი და ციკლონი. ეს ყველაფერი ადამიანებს უდიდეს ზიანს აყენებს. ამას ემატება ოჯახური თუ პირადი პრობლემები, რის გამოც ადამიანებს შიში და დარდი ეუფლებათ. ისიც ფაქტია, რომ ყველა ჩვენგანზე „დრო და შემთხვევაც მოქმედებს“ (ეკლ. 9:11).

2 მთლიანობაში, ღვთის მსახურები კარგად უმკლავდებიან ასეთ სირთულეებს. მიუხედავად ამისა, გვსურს, მზად ვიყოთ ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად, რომელიც თავს იჩენს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე. როგორ გავართვათ თავი ასეთ პრობლემებს ისე, რომ სიხარული არ დავკარგოთ? რა დაგვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ დღეს არსებულ სირთულეებს?

ისწავლეთ მათგან, ვინც გაბედულად შეხვდა სირთულეებს

3. რომაელების 15:4-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია ვპოვოთ ნუგეში სირთულეების დროს?

3 თუმცა პრობლემებს დღეს უფრო მეტი ადამიანი ხვდება, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს პრობლემები ახალი არ არის კაცობრიობისთვის. ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულში მცხოვრები ღვთის ზოგიერთი მსახურისგან, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ცხოვრებისეულ სირთულეებს (რომ. 15:4).

4. რა პრობლემებს შეხვდა დავითი და რა დაეხმარა მას?

4 განვიხილოთ დავითის მაგალითი. სხვა პრობლემებთან ერთად მას უწევდა მეფის მრისხანების ატანა, თავს ესხმოდნენ მტრები, მოსტაცეს ცოლები, უღალატეს უახლოესმა ადამიანებმა. დავითი ემოციურ ტკივილსაც განიცდიდა (1 სამ. 18:8, 9; 30:1—5; 2 სამ. 17:1—3; 24:15, 17; ფსალმ. 38:4—8). დავითის შესახებ ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რამხელა მწუხარება მოუტანა ამ განსაცდელებმა მას. მიუხედავად ამისა, ღვთის ამ ერთგულ მსახურს იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. რწმენით აღსავსე დავითმა დაწერა: „იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი. ვინ შემაძრწუნებს?!“ (ფსალმ. 27:1; წაიკითხეთ ფსალმუნის 27:5, 10).

5. რა დაეხმარა აბრაამსა და სარას, გამკლავებოდნენ სხვადასხვა გასაჭირს?

5 აბრაამი და სარა კარვებში უცხო ქვეყანაში ხიზნებად ცხოვრობდნენ და ასე მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი განვლეს. მათთვის ცხოვრება ყოველთვის არ იყო ადვილი. ისინი იტანდნენ შიმშილს და არ უშინდებოდნენ გარშემო მცხოვრებ ერებს (დაბ. 12:10; 14:14—16). როგორ ახერხებდნენ ისინი ამას? ღვთის სიტყვაში წერია, რომ აბრაამი „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:8—10). აბრაამსა და სარას მზერა მომავლისკენ ჰქონდათ მიმართული და არაფერს რთავდნენ ნებას, რომ გულგატეხილობა დაუფლებოდათ.

6. როგორ მივბაძოთ იობს?

6 იობს უდიდესი განსაცდელების გადატანა მოუწია. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ის, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა (იობ. 3:3, 11). უბედურებას უბედურება ემატებოდა, იობს კი სრულად არ ესმოდა, რატომ შეემთხვა მას ეს ყველაფერი. მაგრამ ის არ დანებებულა. იობმა შეინარჩუნა უმწიკვლობა და ღვთისადმი რწმენა (წაიკითხეთ იობის 27:5). რა მშვენიერი მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა მან!

7. რა გადახდა პავლეს, როდესაც ღმერთს ემსახურებოდა, მაგრამ რა დაეხმარა მას, გაბედულად განეგრძო მსახურება?

7 ახლა განვიხილოთ მოციქულ პავლეს მაგალითი. ის იყო „საფრთხეში ქალაქში, საფრთხეში უკაცრიელ ადგილას, საფრთხეში ზღვაზე“. მისთვის უცხო არ იყო შიმშილი, წყურვილი, სიცივე და სიშიშვლე. ერთხელ ხომალდის მსხვრევის გამო მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გაატარა (2 კორ. 11:23—27). ამ ყველაფრის მიუხედავად, ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა პავლემ მას შემდეგ, რაც სიკვდილს თვალებში ჩახედა ღვთისადმი მსახურების გამო: „რათა საკუთარი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც მკვდრებს აღადგენს. მან ამხელა რაღაცისგან, სიკვდილისგან გვიხსნა და კვლავაც გვიხსნის“ (2 კორ. 1:8—10). ცოტას თუ გადაუტანია იმდენი უბედურება, რამდენიც პავლეს. მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს შეიძლება დაეუფლოს ისეთივე გრძნობები, როგორიც პავლეს ჰქონდა. ამიტომ მისი მაგალითი გვანუგეშებს და გვამხნევებს ჩვენ.

არ დაუშვათ, რომ პრობლემებმა გშთანთქათ

8. როგორ შეიძლება დღევანდელმა პრობლემებმა იმოქმედოს ჩვენზე? ახსენით.

8 დღევანდელ მსოფლიოში იმდენი უბედურება ხდება და იმდენი პრობლემაა, რომ მრავალი თავს დათრგუნულად გრძნობს. ასეთი გრძნობა ზოგიერთ ქრისტიანსაც ეუფლება. ლანს *, რომელიც მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურობდა, მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს, რომ ეს მისთვის მეხის გავარდნასავით იყო. ლანი დასძენს: „მკურნალობამ ძალიან დამასუსტა და თავს უღირსად ვგრძნობდი“. ამას ისიც დაემატა, რომ ის უვლიდა ქმარს, რომელსაც ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარეს. როგორ მოვიქცეთ, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით?

9, 10. ა) რის უფლება არ უნდა მივცეთ სატანას? ბ) როგორ გადავიტანოთ საქმეების 14:22-ში მოხსენიებული „მრავალი გასაჭირი“?

9 არ დაგვავიწყდეს, რომ სატანა განსაცდელებით ცდილობს ჩვენი რწმენის შერყევას. მაგრამ სატანას არ უნდა მივცეთ სიხარულის წართმევის უფლება. იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. ისეთ ბიბლიურ მაგალითებზე დაფიქრება, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, დაგვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ სირთულეებს.

10 არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება. ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ პრობლემები გვექნება (2 ტიმ. 3:12). საქმეების 14:22-ში წერია: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“. გულის გატეხვის ნაცვლად, დაე, სირთულეები გაბედულების გამოვლენის შესაძლებლობად მივიჩნიოთ და გვქონდეს იმის რწმენა, რომ ღმერთს შეუძლია ჩვენი დახმარება.

11. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა არ გვშთანთქას?

11 მნიშვნელოვანია, ყურადღება დადებით მხარეებზე გავამახვილოთ. ღვთის სიტყვა გვეუბნება: „გულის სიხარული სახეზეც აისახება, გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს“ (იგავ. 15:13). მედიცინის მუშაკები დიდი ხანია ამჩნევენ, რომ პოზიტიურზე ფიქრი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ის პაციენტები, რომლებსაც შაქრის აბებს, პლაცებოს, აძლევდნენ, მხოლოდ იმიტომ გრძნობდნენ თავს უკეთ, რომ ფიქრობდნენ, აბები შველოდათ. სხვა შემთხვევაში, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ გაუარესდა, რომ ეუბნებოდნენ, წამალი უარყოფითად იმოქმედებდა მათზე. ამას ნოცებოს ეფექტი ჰქვია. გამუდმებით იმაზე ფიქრმა, რის შეცვლაც ჩვენ ძალებს აღემატება, შეიძლება გაგვანადგუროს. საბედნიეროდ, იეჰოვა „შაქრის აბებს“ არ გვაძლევს. ნაცვლად ამისა, მძიმე წუთებში ღმერთი გვეხმარება, გვამხნევებს თავისი სიტყვისა თუ მოსიყვარულე საძმოს მეშვეობით და გვამტკიცებს წმინდა სულით. ასეთ საკითხებზე ფიქრი სულიერად გამოგვაცოცხლებს. უარყოფით მოვლენებზე ყურადღების კონცენტრირების ნაცვლად, ეცადეთ თითოეული პრობლემის მოგვარებას და იფიქრეთ ცხოვრების დადებით მხარეებზე (იგავ. 17:22).

12, 13. ა) რა დაეხმარა ღვთის მსახურებს, გამკლავებოდნენ სტიქიური უბედურების შედეგებს? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) ასეთ დროს, რა ცხადყოფს, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?

12 ამ ბოლო დროს ზოგიერთ ქვეყანას დამანგრეველი სტიქიური უბედურებები დაატყდა თავს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში მრავალმა ჩვენმა ძმამ გასაოცარი ამტანობა გამოავლინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი. 2010 წლის თებერვალში ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ ჩილეში მრავალი ჩვენი ძმის სახლები დაანგრია და ქონება გაანადგურა. ზოგიერთი თანაქრისტიანი საარსებო წყაროს გარეშეც კი დარჩა. მიუხედავად ამისა, ჩვენს და-ძმებს მსახურება არ შეუწყვეტიათ. სამუელი, რომელსაც სახლი მთლიანად დაენგრა, ამბობს: „ასეთ უკიდურესად რთულ სიტუაციაშიც კი მე და ჩემი მეუღლე ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და ვქადაგებდით. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს დაგვეხმარა, სასოწარკვეთილებას არ მივცემოდით“. სხვა ერთგულ თანამორწმუნეებთან ერთად, არც მათ გაიტეხეს გული და ენთუზიაზმით განაგრძეს იეჰოვასადმი მსახურება.

13 გადაუღებელი წვიმების გამო 2009 წლის სექტემბერში მანილას (ფილიპინები) 80 პროცენტზე მეტი წყალმა დაფარა. ერთმა მდიდარმა კაცმა, რომელმაც დიდძალი ქონება დაკარგა, თქვა: „წყალდიდობამ მდიდარი და ღარიბი არ იცის; მან ყველა დაგვაზარალა და მწუხარება მოგვიტანა“. ეს გვახსენებს იესოს ბრძნულ რჩევას: „მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (მათ. 6:20). ადამიანმა მატერიალური ქონება შეიძლება მოულოდნელად დაკარგოს. ამიტომ თუ ის იმედს მასზე ამყარებს, იმედგაცრუებას ვერ გაექცევა. რამდენად გონივრულია, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავოს იეჰოვასადმი ჩვენს ურთიერთობას, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენს ვერაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება (წაიკითხეთ ებრაელების 13:5, 6).

მიზეზები გაბედულების გამოსავლენად

14. რა მიზეზები გვაქვს გაბედულების გამოსავლენად?

14 იესომ იცოდა, რომ მაშინ, როცა ის მოსული იქნებოდა, ადამიანებს ბევრი პრობლემა ექნებოდათ, მაგრამ თქვა: „ნუ შეძრწუნდებით“ (ლუკ. 21:9). ჩვენ მხარს გვიჭერს ჩვენი მეფე, იესო ქრისტე და ჩვენი შემოქმედი, ამიტომ სრული საფუძველი გვაქვს, ვენდოთ ამ სიტყვებს. პავლემ ასე გაამხნევა ტიმოთე: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმ. 1:7).

15. როგორ ავლენდნენ რწმენას ღვთის მსახურები და როგორ მივბაძოთ მათ?

15 ნახეთ, რას ამბობდნენ ღვთის მსახურები, რომელთაც ძლიერი რწმენა ჰქონდათ. დავითმა თქვა: „იეჰოვაა ჩემი ძალა და ფარი. გულით ვენდობი მას. შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული“ (ფსალმ. 28:7). პავლემ იეჰოვასადმი სრული მინდობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისით, ვინც შეგვიყვარა“ (რომ. 8:37). რთულ სიტუაციაში მყოფმა იესომ ცხადყო, რომ მას მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მან თქვა: „მარტო არა ვარ, რადგან მამა ჩემთან არის“ (იოან. 16:32). რა ჩანს ღვთის მსახურთა ამ სიტყვებიდან? ისინი სრულად ენდობოდნენ იეჰოვას. ღვთისადმი ასეთი ნდობის განვითარება დაგვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ დღეს არსებულ პრობლემებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 46:1—3).

რამდენიმე საშუალება გამბედაობის განსავითარებლად

16. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვის შესწავლა?

16 ქრისტიანული გაბედულება თავდაჯერებულობა არ არის. ასეთი გაბედულება ღვთის უკეთ გაცნობისა და მასზე მინდობის შედეგია, რაც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით არის შესაძლებელი. დეპრესიაში მყოფი ერთი და ამბობს, თუ რა ეხმარება მას: „ხშირად ვკითხულობ გამამხნევებელ ბიბლიურ მუხლებს“. ვითვალისწინებთ რჩევას, რომ რეგულარულად ვატარებდეთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს? ასე მოქცევა დაგვეხმარება, განვივითაროთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. ის წერდა: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმ. 119:97).

17. ა) რით უზრუნველგვყოფს ღმერთი გაბედულების განსავითარებლად? ბ) მოყევით, როგორ დაგეხმარათ ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი რომელიმე ბიოგრაფია პირადად თქვენ.

17 სხვა საშუალება, რითაც ღმერთი გვეხმარება, არის ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები, რომლებიც გვიღრმავებს იეჰოვასადმი ნდობას. ბევრი ქრისტიანისთვის დამხმარე აღმოჩნდა ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილი ბიოგრაფიები. ერთმა დამ, რომელსაც ბიპოლარული მოშლილობა აქვს, წაიკითხა ყოფილი მისიონერი ძმის ბიოგრაფია. ის ძალიან გამხნევდა, როცა გაიგო, რომ ძმა წარმატებით უმკლავდებოდა იმავე დაავადებას. და წერდა: „ამ ბიოგრაფიის წაკითხვამ იმედი ჩამისახა და დამეხმარა, გამეგო ჩემი პრობლემა“.

18. რატომ უნდა ვილოცოთ?

18 ლოცვა ნებისმიერ სიტუაციაში გვეხმარება. მოციქული პავლე ყურადღებას ამახვილებდა ლოცვის მნიშვნელოვნებაზე და წერდა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). სრულად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც განსაცდელების დროს გვაძლიერებს? ბრიტანეთში მცხოვრებმა ალექსმა, რომელსაც დიდი ხანი ტანჯავდა დეპრესია, თქვა: „ლოცვა და ღვთის მოსმენა ანუ მისი სიტყვის კითხვა ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია“.

19. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?

19 კრების შეხვედრები კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც იეჰოვა გვეხმარება. ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული“ (ფსალმ. 84:2). ჩვენც იმავეს ვგრძნობთ, რასაც ფსალმუნმომღერალი? ზემოხსენებული ლანი გვიზიარებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კრების შეხვედრებისადმი: „არასდროს არ მიჩნდებოდა შეკითხვა, წავსულიყავი თუ არა კრებაზე. ვიცოდი, რომ თუ მინდოდა იეჰოვასგან დახმარების მიღება, მე იქ უნდა ვყოფილიყავი“.

20. როგორ გვეხმარება ქადაგება?

20 გამბედაობის განვითარებაში აგრეთვე გვეხმარება სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა (1 ტიმ. 4:16). ავსტრალიაში მცხოვრები ერთი და, რომელსაც უამრავი პრობლემა ჰქონდა, ამბობს: „გული მსახურებისკენ არ მიმიწევდა. ერთხელ უხუცესმა შემომთავაზა მსახურებაში ერთად წასვლა და მეც დავთანხმდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა მეხმარებოდა. ყოველთვის, როცა მსახურებაში მივდიოდი, თავს ბედნიერად ვგრძნობდი“ (იგავ. 16:20). ბევრი აღნიშნავს, რომ თავადაც უძლიერდებათ რწმენა, როცა სხვებს იეჰოვას გაცნობაში ეხმარებიან. ქადაგებისას ისინი ყურადღებას საკუთარ პრობლემებზე კი არა, უფრო მნიშვნელოვანზე ამახვილებენ (ფილ. 1:10, 11).

21. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული პრობლემების დროს?

21 იეჰოვა სხვადასხვა სახით გვეხმარება, უშიშრად გავუმკლავდეთ დღევანდელ სირთულეებს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს ნებისმიერ პრობლემას, თუ ვისარგებლებთ ზემოხსენებული საშუალებებით; ასევე თუ ვიფიქრებთ ღვთის გაბედულ მსახურებზე და მივბაძავთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს, შეგვიძლია პავლეს მსგავსად ჩვენც ვთქვათ: „გვამხობენ, მაგრამ არ ვიღუპებით . . . სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:9, 16). იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, გაბედულად შევხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:17, 18).

^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.