არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ სულს ავლენთ?

როგორ სულს ავლენთ?

„უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან“ (ფლმ. 25).

1. რას იმედოვნებდა პავლე, როცა სწერდა თანამორწმუნეებს?

მოციქულმა პავლემ თავის წერილებში არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ღმერთი და ქრისტე მოიწონებდნენ კრებების მიერ გამოვლენილ სულს. მაგალითად, გალატელებს პავლემ მისწერა: „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა იყოს, ძმებო, თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან. ამინ“ (გალ. 6:18). რას გულისხმობდა ის, როცა ამბობდა „თქვენ მიერ გამოვლენილი სული“?

2, 3. ა) რას გულისხმობდა ზოგჯერ პავლე, როდესაც იყენებდა სიტყვა „სულს“? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს იმ სულთან დაკავშირებით, რომელსაც ვავლენთ?

2 პავლეს მიერ გამოყენებული სიტყვა „სული“ ამ კონტექსტში მიუთითებს ძლიერ ძალაზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს საუბრებსა და საქციელზე. ზოგი თავაზიანი, ყურადღებიანი, რბილი ხასიათის, გულუხვი ან მიმტევებელია. ბიბლია დადებითად მოიხსენიებს მათ, ვინც ავლენს „სიმშვიდესა და რბილ ხასიათს“ და „მშვიდ სულს“ (1 პეტ. 3:4; იგავ. 17:27). სხვა კი შეიძლება ადვილად ნაწყენდებოდეს; შესაძლოა, ახასიათებდეს სარკაზმი, სიმდიდრისკენ სწრაფვა ან დამოუკიდებლობის სული. არიან ისეთებიც, რომლებიც ავლენენ უწმინდურ, ურჩ და მოჯანყე სულსაც კი.

3 ამიტომ, როცა პავლე იყენებდა ისეთ გამოთქმას, როგორიცაა „უფალი იყოს შენ მიერ გამოვლენილ სულთან“, ის თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, გამოევლინათ ღვთის ნებასთან შეთანხმებული სული და მიებაძათ ქრისტესთვის (2 ტიმ. 4:22; წაიკითხეთ კოლოსელების 3:9—12). კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: როგორ სულს ვავლენ პირადად მე? როგორ შემიძლია უფრო მეტად გამოვავლინო ღვთისმოსაწონი სული? შემიძლია უკეთ შევუწყო ხელი კრებაში დადებითი სულის განვითარებას? მაგალითად: ის, თუ რამდენად შთამბეჭდავი იქნება ყაყაჩოებით მოქარგული ალისფერი მინდორი, თითოეულ ყვავილზეა დამოკიდებული. მსგავსადვე, თითოეული ჩვენგანი არის „ყაყაჩო“, რომელიც ხიბლს ჰმატებს კრების სილამაზეს. მართლაც, უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი ამ „ყვავილთაგანი“. ახლა ვნახოთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ვავლენდეთ ღვთისმოსაწონ სულს.

ერიდეთ ამ ქვეყნიერების სულს

4. რა არის „ამ ქვეყნიერების სული“?

4 წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორ. 2:12). რა არის „ამ ქვეყნიერების სული“? ეს იგივე სულია, რომელიც მოხსენიებულია ეფესოელების 2:2-ში: „ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“. ეს „ჰაერი“ არის ქვეყნიერების სული ანუ აზროვნება, რომელიც პირდაპირი გაგებით ჰაერივით ყველგანაა. დღეს ბევრს აქვს ასეთი აზროვნება: „რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“ ან „უნდა იბრძოლო შენი უფლებებისთვის“. ასეთი ადამიანები არიან სატანის ქვეყნიერების „ურჩობის ძეები“.

5. როგორი სული გამოავლინა ზოგიერთმა ისრაელში?

5 ასეთი აზროვნება ახალი არ არის. მოსეს დროს კორახი აჯანყდა მათ წინააღმდეგ, ვისაც ისრაელის კრებულში გარკვეული პასუხისმგებლობები ჰქონდა. კორახის მთავარი სამიზნე აარონი და მისი ვაჟები იყვნენ, რომლებიც მღვდლებად მსახურობდნენ. შესაძლოა, ის მათ არასრულყოფილებას ამჩნევდა ან შეიძლება ამტკიცებდა, რომ მოსე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებს თავის ნათესავებს აძლევდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ნათელია, რომ მას ყველაფერზე ადამიანური თვალსაზრისი ჰქონდა. კორახი იეჰოვას მიერ დანიშნული მამაკაცების მიმართ უპატივცემულობას ავლენდა და მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა: „კმარა! . . . რატომ აღზევდით . . . კრებულზე“ (რიცხ. 16:3). კორახის მსგავსად, დათანმაც და აბირამმაც დაიწყეს მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა. ისინი მოსეს ეუბნებოდნენ: „გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!“. როდესაც მოსემ დათანი და აბირამი მოიხმო, მათ ქედმაღლურად განუცხადეს: „ჩვენ არ მოვალთ“ (რიცხ. 16:12—14). ცხადია, იეჰოვას არ მოეწონა მათ მიერ გამოვლენილი სული და ამიტომ ყველა მოჯანყე დასაჯა (რიცხ. 16:28—35).

6. როგორ ავლენდა ზოგიერთი პირველ საუკუნეში არასწორ სულს და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

6 ზოგიერთი პირველ საუკუნეში არაფრად აგდებდა ძალაუფლებას ანუ კრიტიკული გახდა მათ მიმართ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა ჰქონდა (იუდ. 8). ისინი უკმაყოფილო იყვნენ თავიანთი პასუხისმგებლობებით და ცდილობდნენ, სხვები განეწყოთ იეჰოვას მიერ დანიშნული მამაკაცების წინააღმდეგ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ღვთისგან დაკისრებულ დავალებებს (წაიკითხეთ 3 იოანეს 9, 10).

7. რა მხრივ გვმართებს სიფრთხილის გამოვლენა კრებაში?

7 ცხადია, ასეთ სულს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანულ კრებაში. სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე. კრებაში უხუცესები არ არიან სრულყოფილები, ისევე როგორც მოსესა და იოანე მოციქულის დროს მცხოვრები ზედამხედველები. უხუცესების მიერ დაშვებული შეცდომები შეიძლება პირადად ჩვენ შეგვეხოს. თუ ეს მოხდება, რამდენად მიუღებელი იქნება, რომ გამოვავლინოთ ამქვეყნიური სული, მოვითხოვოთ „სამართლიანობა“ ან დავიჟინოთ, რომ პასუხი აგებინონ ამ უხუცესს. იეჰოვამ შეიძლება არჩიოს, რომ ყურადღება არ გაამახვილოს უხუცესების ზოგიერთ უმნიშვნელო შეცდომაზე. განა ჩვენც ასე არ უნდა მოვიქცეთ? ზოგიერთი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, უარს ამბობს უხუცესებისგან დახმარების მიღებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავს მათ უარყოფით მხარეებს. ეს შეიძლება შევადაროთ პაციენტს, რომელიც წამლის მიღებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ექიმი არ მოსწონს.

8. რომელი ბიბლიურ მუხლები გვეხმარება, გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია?

8 არასწორი სულის გამოვლენას თავს ავარიდებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ბიბლიის თანახმად, იესოს „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი“ უჭირავს. „ვარსკვლავებით“ წარმოდგენილი არიან ცხებული ზედამხედველები და, მთლიანობაში, ზედამხედველები კრებებში. იესოს შეუძლია ისე უხელმძღვანელოს ამ „ვარსკვლავებს“, როგორც ჩათვლის საჭიროდ (გამოცხ. 1:16, 20). ამიტომ, როგორც ქრისტიანული კრების თავი, ის სრულად აკონტროლებს უხუცესთა საბჭოებს. თუ რომელიმე უხუცესი საჭიროებს გამოსწორებას, ქრისტე, რომლის თვალებიც ცეცხლის ალს არის შედარებული, თავად გადაწყვეტს, როდის და როგორ გააკეთოს ეს (გამოცხ. 1:14). მანამდე კი, ჩვენ უნდა განვივითაროთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც წმინდა სულით არის დანიშნული. მოციქულმა პავლემ დაწერა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17).

9. ა) რა გამოცდის წინაშე შეიძლება დადგეს ქრისტიანი, როდესაც რჩევა ან შეგონება ეძლევა? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ შეგონების დროს?

9 ის, თუ როგორ სულს ავლენს ქრისტიანი, მაშინ ხდება ცხადი, როდესაც რჩევას აძლევენ ან პასუხისმგებლობას უხსნიან კრებაში. ერთ ახალგაზრდა ძმას, რომელიც ძალადობრივი ვიდეოთამაშებით ერთობოდა, უხუცესებმა ტაქტიანად მისცეს რჩევა. სამწუხაროდ, მან არ გაითვალისწინა მათი რჩევა და რადგან აღარ შეესაბამებოდა ბიბლიურ მოთხოვნებს, კრებაში მომსახურედ მსახურების უფლება ჩამოერთვა (ფსალმ. 11:5; 1 ტიმ. 3:8—10). ამ ძმამ ყველას გააგებინა, რომ არ ეთანხმებოდა უხუცესების გადაწყვეტილებას. მან არაერთი წერილი გაგზავნა ფილიალში, რომლებშიც აკრიტიკებდა უხუცესებს და ამისკენ კრების სხვა წევრებსაც მოუწოდებდა. სინამდვილეში, თუ ჩვენი საქციელის გამართლების მიზნით კრების მშვიდობას შევუქმნით საფრთხეს, საპირისპირო შედეგებს მივიღებთ. ბევრად უკეთესი იქნება, თუ შეგონებას შევხედავთ, როგორც საკუთარი სისუსტეების დანახვის შესაძლებლობას და უსიტყვოდ მივიღებთ რჩევას (წაიკითხეთ გოდების 3:28, 29).

10. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ დადებითი და უარყოფითი სულის შესახებ იაკობის 3:16—18-დან? ბ) რა მოჰყვება შედეგად „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ გამოვლენას?

10 იაკობის 3:16—18-ში კარგად არის ნაჩვენები, თუ რა უწყობს ხელს კრებაში გამოვლენილ როგორც უარყოფით, ისე დადებით სულს. იქ ნათქვამია: „სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება. ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა. სიმართლის ნაყოფი კი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“. თუ „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ თანახმად ვიმოქმედებთ, ღვთისმოსაწონი თვისებები დაგვეხმარება, ხელი შევუწყოთ კრებაში დადებითი სულის განვითარებას.

გამოავლინეთ პატივისცემა კრებაში

11. ა) რის გაკეთებას მოვერიდებით, თუ დადებითი სული გვექნება? ბ) რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან?

11 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ დანიშნა უხუცესები, რათა მწყემსონ „ღვთის კრება“ (საქ. 20:28; 1 პეტ. 5:2). ამიტომ უხუცესად ვმსახურობთ თუ არა, გონივრულია, დავაფასოთ ყოველივე ის, რასაც იეჰოვა აკეთებს. სწორი დამოკიდებულება დაგვეხმარება, ზედმეტად არ ვიფიქროთ კრებაში ჩვენს მდგომარეობაზე. როდესაც ისრაელის მეფე საულმა დაინახა, რომ დავითს შეეძლო მისი ადგილი დაეკავებინა, ეჭვის თვალით დაუწყო ყურება (1 სამ. 18:9). მეფემ გამოავლინა არასწორი სული და დავითის მოკვლაც კი უნდოდა. ნაცვლად იმისა, რომ საულის მსგავსად ზედმეტად ვწუხდეთ ჩვენს მდგომარეობაზე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ მივბაძავთ დავითს. ყველა იმ უსამართლობის მიუხედავად, რომელსაც ის შეხვდა, ეს ახალგაზრდა მამაკაცი პატივისცემას ინარჩუნებდა ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელისადმი (წაიკითხეთ 1 სამუელის 26:23).

12. რა უწყობს ხელს კრებაში ერთიანობას?

12 აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება გაღიზიანების მიზეზი გახდეს არა მარტო კრებაში, არამედ ზედამხედველებს შორისაც კი. ამასთან დაკავშირებით ბიბლია გვირჩევს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ და „გონიერი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი“ (რომ. 12:10, 16). უნდა გვესმოდეს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება რამდენიმე სწორი მოსაზრება არსებობდეს. ამიტომ არ უნდა დავიჟინოთ, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მართლები. თუ ვცდილობთ სხვისი შეხედულების გათვალისწინებას, კრების ერთიანობას შევუწყობთ ხელს (ფილ. 4:5).

13. როგორ უნდა მოვიქცეთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ და რომელი ბიბლიური მაგალითი გვიჩვენებს ამას?

13 არის რაიმე არასწორი საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში, თუ ხედავთ, რომ კრებაში რაღაც შესაცვლელია? რა თქმა უნდა, არა. პირველ საუკუნეში წამოიჭრა საკითხი, რომელსაც ბევრი კამათი მოჰყვა. ძმებმა „გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ იერუსალიმში ამ დავის თაობაზე“ (საქ. 15:2). ცხადია, თითოეულ ძმას ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზე და იმაზე, თუ როგორ გადაჭრილიყო ის. მას მერე, რაც თითოეულმა გამოთქვა თავისი აზრი და მიიღეს სულით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, ძმებმა შეწყვიტეს ამ საკითხზე კამათი. ამ გადაწყვეტილების შესახებ კრებებს დაეგზავნა წერილები, რამაც და-ძმები გაამხნევა, დიდად გაახარა და რწმენაში განამტკიცა (საქ. 15:31; 16:4, 5). მსგავსადვე, დღესაც თუ პასუხისმგებელ ძმებს რაღაც საკითხზე დაველაპარაკებით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ისინი ილოცებენ და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

გამოავლინეთ დადებითი სული ურთიერთობების დროს

14. როგორ გამოვავლინოთ დადებითი სული სხვებთან ურთიერთობის დროს?

14 ურთიერთობის დროს დადებით სულის გამოვლენის არაერთი საშუალება არსებობს. ძალიან კარგ სულს გამოვავლენთ, თუ მალევე ვაპატიებთ მას, ვინც გვაწყენინა. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). გამოთქმა „თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“, მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება მართლაც არსებობდეს გაღიზიანების სერიოზული მიზეზები. მიუხედავად ამისა, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვების ნაკლოვანებებს და არ დავარღვიოთ კრების მშვიდობა. პირიქით, ჩვენ უნდა მივბაძოთ იეჰოვას, მზადყოფნით ვაპატიოთ სხვებს და განვაგრძოთ მათთან ერთად მსახურება.

15. ა) რას ვსწავლობთ პატიების შესახებ იობის მაგალითიდან? ბ) როგორ გვეხმარება ლოცვა ღვთისმოსაწონი სულის გამოვლენაში?

15 პატიების შესახებ შეგვიძლია იობის მაგალითიდან ვისწავლოთ. მისმა ვაი-ნუგეშისმცემლებმა მას ძალიან ატკინეს გული თავიანთი სიტყვებით. მაგრამ იობმა აპატია მათ. როგორ? მან „ილოცა თავისი მეგობრებისთვის“ (იობ. 16:2; 42:10). სხვებისთვის ლოცვა გვეხმარება, შევიცვალოთ მათდამი დამოკიდებულება. თუ თანაქრისტიანებისთვის ვილოცებთ, გამოვავლენთ ისეთივე სულს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (ლუკ. 11:13). ღვთის სული დაგვეხმარება, გამოვავლინოთ ქრისტიანული თვისებები სხვებთან ურთიერთობისას (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23).

ხელი შეუწყვეთ დადებითი სულის განვითარებას ღვთის ორგანიზაციაში

16, 17. როგორი სულის გამოვლენა გაქვთ გადაწყვეტილი პირადად თქვენ?

16 მართლაც, სასიამოვნო შედეგებს მივიღებთ, თუ კრების თითოეული წევრი მიზნად დაისახავს, ხელი შეუწყოს კრებაში დადებითი სულის გამოვლენას! ამ სტატიაში განხილული საკითხების შემდეგ შეიძლება თქვენც გადაწყვიტოთ, რომ უკეთ გამოავლინოთ ჯანსაღი სული. თუ ეს ასეა, მიეცით ღვთის სიტყვას თქვენზე მოქმედების საშუალება (ებრ. 4:12). პავლე, რომელიც სერიოზულად უფიქრდებოდა, თუ რა გავლენას ახდენდა მისი საქციელი თანამორწმუნეებზე, წერდა: „არაფერი ვიცი ჩემს თავზე ისეთი, რაც ჩემ წინააღმდეგ არის; თუმცა ამით არ ვმართლდები, რადგან იეჰოვა განმსჯის“ (1 კორ. 4:4).

17 თუ ვცდილობთ, ზემოდან მომავალი სიბრძნის თანახმად ვიმოქმედოთ და ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევთ საკუთარ თავს ან მდგომარეობას, ამით კრებაში დადებითი სულის განვითარებას შევუწყობთ ხელს. თანაქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვექნება, თუ ვაპატიებთ და დადებითად ვიფიქრებთ მათზე (ფილ. 4:8). თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა და იესო მოიწონებენ ჩვენ მიერ გამოვლენილ სულს (ფლმ. 25).