არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბავშვების პირით“ მიღებული გამხნევება

„ბავშვების პირით“ მიღებული გამხნევება

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ 2009 წლის დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ტაგანროგში (რუსეთი) იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ. იმავე სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა სამეფო დარბაზის კონფისკაცია და ჩვენი პუბლიკაციებიდან 34-ის ექსტრემისტულად გამოცხადება. ეს გამაოგნებელი ინფორმაცია განთავსდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ და-ძმების სურათებთან ერთად, რომლებსაც შეეხოთ ეს გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

რამდენიმე თვის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულმა ცენტრმა რუსეთში მიიღო ამანათი და წერილი კუინზლენდში (ავსტრალია) მცხოვრები მოწმეების ერთი ოჯახისგან, რომელთაც წაუკითხავთ ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. წერილში ეწერა: „ძვირფასო ძმებო! ჩვენი შვილები, კოდი და ლარისა, გულგრილი არ დატოვა რუსეთში მცხოვრები და-ძმების მიერ გამოვლენილმა რწმენამ და იმ განსაცდელებმა, რომლებსაც ისინი შეხვდნენ. ბავშვებმა დაწერეს ღია ბარათები და წერილები. აგრეთვე შევაგროვეთ საჩუქრები და გვინდა, ეს ყველაფერი გავუგზავნოთ ტაგანროგელ ბავშვებს. გვსურს, მათ იცოდნენ, რომ ძალიან შორს არიან კიდევ სხვა ბავშვები, რომლებიც აგრეთვე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას და ფიქრობენ მათზე. ისინი დიდ სიყვარულსა და მოკითხვებს უთვლიან ტაგანროგელ ბავშვებს“.

საჩუქრების მიღების შემდეგ ტაგანროგელმა ბავშვებმა ავსტრალიელ ოჯახს გაუგზავნეს სამადლობელი წერილები ნახატებით. „ბავშვების პირით“ გამხნევებულმა ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც რუსეთის ფილიალში მსახურობს, კოდის და ლარისას მისწერა: „ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ გრძნობენ თავს ბავშვებიც და დიდებიც, როდესაც მათ სჯიან იმის გამო, რაც არ ჩაუდენიათ. ჩვენს და-ძმებს ტაგანროგში ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მათ წაართვეს სამეფო დარბაზი და ამან ძალიან დაამწუხრა ისინი. ამ და-ძმებს ძალიან გაამხნევებს იმის გაგება, რომ მსოფლიოს სხვა კუთხეში მათზე ფიქრობენ. მადლობა თქვენ მიერ გამოვლენილი სითბოსა და ხელგაშლილობისთვის“ (ფსალმ. 8:2).

ჩვენ ვართ გაერთიანებული საძმოს ნაწილი და ერთმანეთისადმი სიყვარული გვეხმარება, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ განსაცდელებსა და სირთულეებს. იმ დროს, როცა სასამართლო დარბაზებში იმაზე მსჯელობენ, აღვივებს თუ არა იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები შუღლს, ჩვენი ბავშვები ერთმანეთის კეთილდღეობაზე ზრუნავენ, სცდებიან ეროვნულ თუ კულტურულ საზღვრებს და საქმეებით ამტკიცებენ იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35).