არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მასწავლე შენი ნების შესრულება“

„მასწავლე შენი ნების შესრულება“

„მასწავლე შენი ნების შესრულება, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი“ (ფსალმ. 143:10).

1, 2. რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასარგებლო ღვთის ნების გათვალისწინება და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მეფე დავითის მაგალითიდან?

გიცდიათ ინტერნეტში რუკის მეშვეობით მოგეძებნათ ის ადგილი, სადაც მისვლას აპირებთ? ასეთი სახით შეგიძლიათ ზემოდან გადახედოთ არემარეს და შეარჩიოთ საუკეთესო გზა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. მსგავსად, როდესაც ცხოვრებაში სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უნდა გავითვალისწინოთ იეჰოვას თვალსაზრისი და მაშინ შევძლებთ ვიაროთ გზით, რომელიც იეჰოვას მოსწონს (ეს. 30:21).

2 ისრაელის მეფე დავითი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ითვალისწინებდა ღვთის ნებას და ამით საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. განვიხილოთ დავითის ცხოვრებიდან რამდენიმე შემთხვევა, საიდანაც დავინახავთ, რომ ის მთელი გულით იყო იეჰოვა ღმერთთან (1 მეფ. 11:4).

დავითი დიდ პატივს სცემდა იეჰოვას სახელს

3, 4. ა) რამ აღძრა დავითი, შებრძოლებოდა გოლიათს? ბ) როგორი თვალსაზრისი ჰქონდა დავითს ღვთის სახელზე?

3 განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც დავითი შეებრძოლა გოლიათს, ფილისტიმელთა უძლეველ მეომარს. რამ აღძრა ეს ახალგაზრდა, მიეღო გამოწვევა თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათისგან, რომელსაც სამ მეტრამდე ათი სანტიმეტრი თუ დააკლდებოდა? (1 სამ. 17:4). მისმა გაბედულებამ თუ ღვთისადმი რწმენამ? ორივე თვისება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამ გმირული ნაბიჯის გადასადგმელად. მაგრამ იეჰოვასა და განსაკუთრებით მისი სახელისადმი პატივისცემამ აღძრა დავითი, რომ შებრძოლებოდა უზარმაზარ გოლიათს. აღშფოთებულმა დავითმა იკითხა: „ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს რომ დასცინის!“ (1 სამ. 17:26).

4 დავითმა მის წინ მდგომ გოლიათს განუცხადა: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე“ (1 სამ. 17:45). ჭეშმარიტ ღმერთზე მინდობით დავითმა შურდულითა და ერთი ქვით ძირს დასცა ფილისტიმელთა დაუმარცხებელი მებრძოლი. ის არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მთელი თავისი ცხოვრება ენდობოდა იეჰოვას და უდიდეს პატივს მიაგებდა მის სახელს. დავითი მოუწოდებდა ისრაელებს, ეამაყათ იეჰოვას წმინდა სახელით (წაიკითხეთ 1 მატიანეს 16:8—10).

5. რა სიტუაციას შეიძლება შევხვდეთ, რომელიც დამცინავ გოლიათს გაგვახსენებდა?

5 გეამაყებათ, რომ იეჰოვაა თქვენი ღმერთი? (იერ. 9:24). როგორ რეაგირებთ, როდესაც მეზობლები, თანამშრომლები, თანაკლასელები ან ნათესავები ცუდად ლაპარაკობენ იეჰოვას შესახებ ან დასცინიან მის მოწმეებს? როცა იეჰოვას სახელს შეურაცხყოფენ, მიენდობით იეჰოვას და ამოიღებთ ხმას? მართალია, ხანდახან არის „დუმილის დრო“, მაგრამ არ უნდა გვრცხვენოდეს, რომ ვართ იეჰოვას მოწმეები და იესოს მიმდევრები (ეკლ. 3:1, 7; მარ. 8:38). ჩვენ უნდა ვიყოთ ტაქტიანები და თავაზიანები მათ მიმართ, ვინც უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ არასდროს არ უნდა დავემსგავსოთ იმ ისრაელებს, რომლებიც გოლიათის დამცინავი სიტყვების მოსმენაზე „შეძრწუნდნენ . . . და თავზარი დაეცათ“ (1 სამ. 17:11). ნაცვლად ამისა, მოდი, გაბედულად დავიცვათ იეჰოვა ღმერთის წმინდა სახელი. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ადამიანებს იმის გაგებაში, თუ როგორი ღმერთია სინამდვილეში იეჰოვა. ამისთვის ვიყენებთ მის დაწერილ სიტყვას, რათა დავანახვოთ ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთთან დაახლოება (იაკ. 4:8).

6. რა იყო დავითის უმთავრესი მიზანი, როდესაც გოლიათს შეებრძოლა და რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

6 ამ შემთხვევიდან სხვა მნიშვნელოვან გაკვეთილსაც ვსწავლობთ. როდესაც დავითმა ბრძოლის ველზე მიირბინა, იკითხა: „რას მისცემენ იმას, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოსწმენდს ისრაელს?“. ხალხმა უკვე ნათქვამი სიტყვები გაუმეორა: „ვინც . . . [გოლიათს] დაამარცხებს, მეფე სიმდიდრით აავსებს, თავის ასულს მიათხოვებს“ (1 სამ. 17:25—27). მაგრამ მისთვის მთავარი მატერიალური ჯილდოს მიღება არ ყოფილა. დავითის მიზანი სულ სხვა რამ იყო. მას უნდოდა, განედიდებინა ჭეშმარიტი ღმერთი (წაიკითხეთ 1 სამუელის 17:46, 47). რას ვიტყოდით ჩვენზე? არის ჩვენთვის მთავარი მიზანი, გავითქვათ სახელი სიმდიდრითა და დიდების მოხვეჭით? ცხადია, ჩვენ გვსურს, მივბაძოთ დავითს, რომელიც მღეროდა: „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმ. 34:3). მოდი, მივენდოთ ღმერთს და ჩვენს სახელზე წინ მისი სახელი დავაყენოთ (მათ. 6:9).

7. როგორ განვავითაროთ რწმენა, რომელიც აუცილებელია მათთან საუბრისას, ვინც ჩვენ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი?

7 გოლიათთან შებრძოლება დავითისგან იეჰოვაზე სრულ მინდობას მოითხოვდა. ახალგაზრდა დავითს მტკიცე რწმენა ჰქონდა. ასეთი რწმენა მან განივითარა მწყემსობის პერიოდში ღვთისადმი მინდობით (1 სამ. 17:34—37). მსახურების გასაგრძელებლად ჩვენც გვჭირდება მტკიცე რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით. ასეთ რწმენას განვავითარებთ, თუ მივენდობით იეჰოვას ყოველდღიურ საქმეებში. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას შეგვიძლია ჩვენ გვერდით მჯდომს ვესაუბროთ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე. როცა კარდაკარ მსახურებაში მივდივართ, თავი არ უნდა შევიკავოთ მათთან საუბრისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებით (საქ. 20:20, 21).

დავითი ელოდა იეჰოვას

8, 9. როგორ ცხადყოფდა დავითი მეფე საულთან ურთიერთობისას, რომ ყოველთვის იეჰოვას ნებაზე ფიქრობდა?

8 დავითი რომ იეჰოვას ენდობოდა, ისრაელის პირველი მეფე საულისადმი მისი დამოკიდებულებიდანაც ჩანს. საულმა სამჯერ სცადა, ის შუბით კედელზე მიეჭედებინა, მაგრამ დავითი სამივეჯერ დაუსხლტა მეფეს ხელიდან და არც უფიქრია სამაგიეროს გადახდაზე. საბოლოოდ, ის გაექცა საულს (1 სამ. 18:7—11; 19:10). შემდეგ მეფემ ამოირჩია 3 000 რჩეული კაცი ისრაელიდან და დავითის საძებნელად უდაბნოში წავიდა (1 სამ. 24:2). ბოლოს ის მიადგა იმ გამოქვაბულს, სადაც დავითი და მისი ხალხი იყვნენ. დავითს შეეძლო, მოეკლა მეფე საული, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ბოლოს და ბოლოს, განა იეჰოვას ნება არ იყო, დავითი საულის ნაცვლად რომ გამეფებულიყო? (1 სამ. 16:1, 13). დავითს თავისი მხარდამჭერთათვის რომ მოესმინა, საული მოკვდებოდა. მაგრამ მან თქვა: „იეჰოვამ დამიფაროს, ასეთი რამ ვუყო ჩემს ბატონს, იეჰოვას ცხებულს“ (წაიკითხეთ 1 სამუელის 24:4—7). საული კვლავ ღვთის მიერ ცხებულ მეფედ რჩებოდა. დავითს არ სურდა, მისთვის წაერთმია ტახტი, რადგან იეჰოვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მეფობა ჩამორთმეული საულისთვის. მან საულის მოსასხამს კიდე მოაჭრა, რითაც აჩვენა რომ მის მიმართ ბოროტება არ ჰქონდა განზრახული (1 სამ. 24:11).

9 დავითმა მაშინაც გამოავლინა პატივისცემა ღვთის მიერ დანიშნული მეფისადმი, როდესაც საული უკანასკნელად ნახა. იმ დროს დავითი და აბიშაი მივიდნენ საულის ბანაკში და ის მძინარე ნახეს. აბიშაი ფიქრობდა, რომ ღმერთმა დავითს მტერი ხელში ჩაუგდო და უთხრა, რომ საულს შუბის ერთი დარტყმით დააკლავდა მიწას, მაგრამ დავითმა ამის ნება არ მისცა (1 სამ. 26:8—11). ვინაიდან ის ყოველთვის ეძებდა ღვთის ხელმძღვანელობას, აბიშაის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ შეუცვლია გადაწყვეტილება, ემოქმედა იეჰოვას ნების თანახმად.

10. რა რთულ სიტუაციებს შეიძლება შევხვდეთ პირადად და რა დაგვეხმარება მტკიცედ დგომაში?

10 შესაძლოა, ჩვენც შევხვდეთ რთულ სიტუაციებს. ახლობლებმა იეჰოვას ნების შესრულებაში მხარდაჭერის ნაცვლად, შეიძლება შეეცადონ, ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე, რომ გვქონდეს ადამიანური აზროვნება. აბიშაის მსგავსად, ზოგმა შეიძლება გვიბიძგოს, იეჰოვას ნების გათვალისწინების გარეშე გავაკეთოთ რამე. მტკიცედ რომ ვიყოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვას თვალსაზრისი და მისი გზებით ვიაროთ.

11. რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას ნება?

11 დავითი ლოცულობდა: „მასწავლე შენი ნების შესრულება“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 143:5, 8, 10). საკუთარ გონებაზე დაყრდნობის ან სხვებისთვის ყურის დაგდების ნაცვლად, დავითს სურდა, რომ იეჰოვას ესწავლებინა მისთვის. ის სიამოვნებით ფიქრობდა ღვთის ყველა ნამოქმედარზე და ნახელავზე. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩავწვდეთ ღვთის ნებას, თუ გამოვიკვლევთ წმინდა წერილებს და ვიფიქრებთ მასში ჩაწერილ ისტორიებზე, საიდანაც ჩანს, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა ადამიანებს.

დავითი აფასებდა კანონში მოცემულ პრინციპებს

12, 13. რატომ დაღვარა დავითმა წყალი, რომელიც მისმა სამმა მეომარმა მიუტანა მას?

12 ის, რომ დავითი აფასებდა კანონში მოცემულ პრინციპებს და სურდა მათ თანახმად ცხოვრება, ნამდვილად მისაბაძია. განვიხილოთ, რა მოხდა, როცა მან ინატრა წყლის დალევა „ბეთლემის ჭიდან“. დავითის სამი მეომარი შეიჭრა ქალაქში, რომელიც ფილისტიმელებს ჰქონდათ დაკავებული და წყალი მიუტანეს მას. „მაგრამ დავითმა უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა“. რატომ მოიქცა დავითი ასე? მან ეს შემდეგნაირად ახსნა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო! განა ამ ვაჟკაცების სულების ფასად მოტანილ სისხლს დავლევ?! მათ ხომ საფრთხეში ჩაიგდეს სულები წყლის მოსატანად!“ (1 მატ. 11:15—19).

13 დავითმა კანონიდან იცოდა, რომ სისხლი იეჰოვასთვის უნდა დაეღვარათ და არ უნდა ეჭამათ. მას ისიც ესმოდა, თუ რატომ უნდა გაკეთებულიყო ეს ასე. დავითმა იცოდა, რომ „ხორციელის სული მის სისხლშია“. თუმცა ეს წყალი იყო და არა სისხლი. მაშ, რატომ არ დალია მან წყალი? დავითი აფასებდა პრინციპს, რომელზედაც იყო დაფუძნებული ეს კანონი. მისთვის ეს წყალი ისეთივე ძვირფასი იყო, როგორიც ამ სამი მამაკაცის სისხლი. სწორედ ამიტომ იყო დავითისთვის წარმოუდგენელი, დაელია ეს წყალი. დალევის ნაცვლად, მან გადაწყვიტა, მიწაზე დაეღვარა ის (ლევ. 17:11; კან. 12:23, 24).

14. რა დაეხმარა დავითს, ჰქონოდა იეჰოვას თვალსაზრისი?

14 დავითი ცდილობდა, მთლიანად გაეთავისებინა ღვთის კანონი. ის მღეროდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). დავითი სწავლობდა ღვთის კანონს და ღრმად უფიქრდებოდა მას. ის ენდობოდა იეჰოვას ბრძნულ მითითებებს. შედეგად, დავითი დაწერილის მიღმა მოსეს კანონის არსს ხედავდა. როდესაც ბიბლიას ვსწავლობთ, კარგია, თუ ვიფიქრებთ წაკითხულზე და ჩავიბეჭდავთ გულში, რათა ვიცოდეთ, რა არის იეჰოვასთვის მოსაწონი კონკრეტულ სიტუაციაში.

15. სოლომონის რომელ გადაწყვეტილებაში გამოჩნდა, რომ არ აფასებდა ღვთის კანონებს?

15 იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო დავითის ვაჟის სოლომონის მიმართ. თუმცა დროთა განმავლობაში სოლომონმა არ დააფასა ღვთის კანონები. მან არ გაითვალისწინა იეჰოვას მოთხოვნა, რომ ისრაელის მეფეს არ უნდა ჰყოლოდა ბევრი ცოლი (კან. 17:17). როგორც ვიცით, სოლომონმა ბევრი უცხოელი ცოლი მოიყვანა. ასაკში რომ შევიდა, „მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა“. იმის მიუხედავად, თვითონ რა მიზეზებს ასახელებდა, ბიბლია ამბობს, რომ „ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში და მამამისი დავითისგან განსხვავებით ბოლომდე არ მიჰყვებოდა იეჰოვას“ (1 მეფ. 11:1—6). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავემორჩილოთ ღვთის სიტყვაში მოცემულ კანონებსა და პრინციპებს. მაგალითად, ასე უნდა მოვიქცეთ, როცა დაოჯახებაზე ვფიქრობთ.

16. ა) რა მითითება არის ბიბლიაში დაქორწინებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ იმოქმედებს ამ მითითებაზე ფიქრი მათზე, ვისაც დაოჯახება სურს?

16 თუ ჩვენ მიმართ რომანტიკული გრძნობა განუვითარდება მას, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე, ვის თვალსაზრისს ავირეკლავთ, დავითის თუ სოლომონის? ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ბიბლია მოუწოდებს, დაქორწინდნენ „ოღონდ უფალში“ (1 კორ. 7:39). თუ ქრისტიანი დაქორწინებას გადაწყვეტს, მან თანაქრისტიანზე უნდა იქორწინოს. და თუ გვესმის ამ ბიბლიური მოთხოვნის არსი, მას, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე, არა მარტო უარს ვეტყვით დაქორწინებაზე, არამედ არანაირ რომანტიკულ ურთიერთობას არ გავაბამთ მასთან.

17. რა დაგვეხმარება, არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში?

17 დავითის მაგალითი, თუ როგორ ეძებდა ღვთის ხელმძღვანელობას, აგრეთვე დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ პორნოგრაფიული მასალის დათვალიერების ცდუნებას. წაიკითხეთ შემდეგი მუხლები, იფიქრეთ იქ მოცემულ პრინციპებზე და ეცადეთ, ჩაწვდეთ იეჰოვას ნებას ამ საკითხთან დაკავშირებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:37; მათეს 5:28, 29; კოლოსელების 3:5). ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებზე ფიქრი გვეხმარება, არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში.

ყოველთვის გახსოვდეთ ღვთის თვალსაზრისი

18, 19. ა) რა დაეხმარა დავითს, შეენარჩუნებინა ღვთის კეთილგანწყობილება არასრულყოფილების მიუხედავად? ბ) თქვენ რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 მიუხედავად იმისა, რომ დავითი ბევრ რამეში მისაბაძი იყო, მან რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა (2 სამ. 11:2—4, 14, 15, 22—27; 1 მატ. 21:1, 7). მაგრამ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის ინანიებდა ჩადენილ ცოდვებს. დავითი ღვთის წინაშე „სუფთა გულით“ დადიოდა (1 მეფ. 9:4). რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იმიტომ, რომ ის ცდილობდა ღვთის ნების თანახმად მოქმედებას.

19 არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია გვქონდეს ღვთის კეთილგანწყობილება. ამის მხედველობაში მიღებით, მოდი, გულმოდგინედ ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, ღრმად ვიფიქროთ ნასწავლზე და გულში ჩაბეჭდილის თანახმად მტკიცედ ვიმოქმედოთ. შედეგად, ფსალმუნმომღერალივით თავმდაბლურად ვთხოვთ მას: „მასწავლე შენი ნების შესრულება“.