არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიქეცით როგორც უმცირესი

მოიქეცით როგორც უმცირესი

„ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკ. 9:48).

1, 2. რა მითითება მისცა იესომ თავის მოციქულებს და რატომ?

იდგა ახ. წ. 32 წელი. იესო გალილეაში იყო, როდესაც მოციქულებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. რამდენიმე მათგანი კამათობდა, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. სახარების დამწერი ლუკა გვატყობინებს: «მსჯელობა დაიწყეს, ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იესომ იცოდა მათი გულის ზრახვები, ამიტომ მოიყვანა ბავშვი, გვერდით დაიყენა და უთხრა მათ: „ვინც იღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს. ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“» (ლუკ. 9:46—48). მოთმინებით, მაგრამ მტკიცედ, იესო დაეხმარა მოციქულებს იმის დანახვაში, რომ მათ სჭირდებოდათ თავმდაბლობა.

2 შეესაბამებოდა იესოს ეს მითითება იმ ფასეულობებს, რომლებიც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებს შორის იყო გაბატონებული? თუ ის სრულად ეწინააღმდეგებოდა მათ აზროვნებას? იმ დროს არსებული სოციალური ფონის შესახებ „ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ წერია: „ყოველ ფეხის ნაბიჯზე, გაუთავებლად ისმოდა კითხვა, თუ ვინ იყო უფრო დიდი და უმთავრესი საფიქრალი ყველასთვის კუთვნილი პატივის მიგება იყო“. იესო მოუწოდებდა თავის მოციქულებს, რომ განსხვავებული ყოფილიყვნენ სხვებისგან.

3. ა) რას ნიშნავს, მოიქცე როგორც უმცირესი და რატომ შეიძლება ეს არ იყოს ადვილი? ბ) რა კითხვები წამოიჭრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიქცეთ როგორც უმცირესი?

3 ბერძნული სიტყვა, რომელიც „უმცირესად“ ითარგმნება, ნიშნავს მოკრძალებულ, თავმდაბალ და უმნიშვნელო ადამიანს. ეს აგრეთვე ეხება მათ, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს და არ შეუძლია სხვაზე გავლენის მოხდენა. იესომ პატარა ბავშვის მაგალითით აჩვენა მოციქულებს, რომ ისინი თავმდაბლები და მოკრძალებულები უნდა ყოფილიყვნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ეს მითითება დღევანდელმა ჭეშმარიტმა ქრისტიანებმაც უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ ზოგჯერ არც ისე ადვილია, მოიქცე როგორც უმცირესი. ჩვენ მიდრეკილი ვართ სიამაყისკენ, რამაც შეიძლება დიდების მოხვეჭისკენ გვიბიძგოს. მეტოქეობის სულით გამსჭვალულმა გარემომ და ქვეყნიერების სულმა, შესაძლოა, გაგვიღვივოს სხვებზე გავლენის მოხდენის სურვილი და გაგვხადოს ეგოისტები ან აგრესიულები. რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის მოვიქცეთ როგორც უმცირესი? რა გაგებით იქნება დიდი ის, ვინც ჩვენ შორის მოიქცევა როგორც უმცირესი? რა შემთხვევებში უნდა ვეცადოთ თავმდაბლობის გამოვლენას?

„ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“

4, 5. რა დაგვეხმარება თავმდაბლობის განვითარებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

4 თავმდაბლობის განვითარების ერთ-ერთი საშუალება არის იმაზე ფიქრი, თუ რამდენად აღმატებულია იეჰოვა ჩვენზე. მართლაც, „ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი“ (ეს. 40:28). პავლე მოციქულმა იეჰოვას დიდებულების შესახებ დაწერა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომ. 11:33). მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების დაწერიდან დაახლოებით 2 000 წელი გავიდა და ადამიანებმა ბევრ რამეში გაიღრმავეს ცოდნა, ეს სიტყვები კვლავ ჭეშმარიტებად რჩება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ცოდნა გვაქვს, თავმდაბლობამ უნდა აღგვძრას, არასოდეს შევწყვიტოთ იეჰოვას, მისი საქმეებისა და მისი გზების შესახებ ცოდნის მიღება.

5 იმაზე ფიქრი, რომ ღვთის გზების ძიება აღემატება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, დაეხმარა ლეოს *, თავი უმცირესად მიეჩნია. ახალგაზრდობაში ლეო მეცნიერებით იყო გატაცებული. მან ასტროფიზიკა ისწავლა, რადგან სურდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ფიზიკური სამყაროს შესახებ; საბოლოო ჯამში, ის ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა. ლეო ამბობს: „მივხვდი, რომ მხოლოდ მეცნიერული თეორიების შესწავლით შეუძლებელია სამყაროს სრულად შეცნობა. ამიტომ ასტროფიზიკას თავი დავანებე და სამართლის სწავლა დავიწყე“. დროთა განმავლობაში ლეო ოლქის პროკურორი, მოგვიანებით კი მოსამართლე გახდა. საბოლოოდ, მან და მისმა მეუღლემ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, მიიღეს ჭეშმარიტება, ღმერთს თავი მიუძღვნეს და მოინათლნენ. კითხვას, თუ რა დაეხმარა მას, ასეთი წარსულის მიუხედავად, მოქცეულიყო როგორც უმცირესი, ლეომ უყოყმანოდ უპასუხა: „დამეხმარა იმის გაცნობიერება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ვიცით იეჰოვასა და სამყაროს შესახებ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი“.

6, 7. ა) თავმდაბლობის რა გასაოცარ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა? ბ) როგორ განგვადიდებს ღვთის თავმდაბლობა?

6 სხვა ფაქტორი, რომელიც გვეხმარება მოვიქცეთ ისე, როგორც უმცირესი, არის ის, რომ იეჰოვა თავად ავლენს თავმდაბლობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9). წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვამ, შეუდარებელი სიდიადის ღმერთმა, იმის ღირსად ჩაგვთვალა, რომ მისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით შეგვესრულებინა მისადმი მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ზრდის თესლს, რომელსაც ჩვენ ვთესავთ და ვრწყავთ, მან მოგვანიჭა პატივი, ვიმსახუროთ მასთან ერთად (1 კორ. 3:6, 7). განა ეს ღვთის მხრიდან გასაოცარი თავმდაბლობის მაგალითი არ არის? მართლაც, იეჰოვას თავმდაბლობის მაგალითი უნდა იყოს დიდი აღმძვრელი ძალა, რომ მოვიქცეთ როგორც უმცირესი.

7 ღვთის თავმდაბლობის მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა ფსალმუნმომღერალ დავითზე. ის უმღეროდა იეჰოვას: „შენ მომცემ შენი ხსნის ფარს, შენი თავმდაბლობა განმადიდებს“ (2 სამ. 22:36). დავითი თვლიდა, რომ ნებისმიერი პატივი და დიდება, რაც კი მას გააჩნდა, ყველაფერი ღვთის თავმდაბლობის წყალობით ჰქონდა. იეჰოვა თითქოსდა იხრებოდა, თავს იმდაბლებდა, რომ ყურადღება მიექცია მისთვის (ფსალმ. 113:5—7). ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ნებისმიერი თვისება, უნარი თუ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იეჰოვასგან გვაქვს მიღებული (1 კორ. 4:7). ადამიანი, რომელიც იქცევა როგორც უმცირესი, იმ გაგებით არის უფრო დიდი, რომ ის იეჰოვასთვის უფრო მოსაწონი მსახური ხდება (ლუკ. 9:48). ვნახოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი.

თქვენ შორის უმცირესი იქნება დიდი

8. რა გავლენას ახდენს თავმდაბლობა იეჰოვას ორგანიზაციისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?

8 თავმდაბლობა არის უმთავრესი თვისება იმისათვის, რომ ვიყოთ კმაყოფილი ღვთის თეოკრატიულ ორგანიზაციაში და მხარი დავუჭიროთ კრების საქმიანობას. განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ქალის, პეტრას მაგალითი. ის გაიზარდა იეჰოვას მოწმეების ოჯახში. პეტრას ყველაფრის თავისებურად გაკეთება უნდოდა და ამიტომ ჩამოშორდა კრებას. გავიდა წლები და ის დაუბრუნდა კრებას. ახლა პეტრა ძალიან ბედნიერია, რომ კვლავ იეჰოვას ორგანიზაციაშია და სურს, ყველანაირად დაუჭიროს მხარი კრების საქმიანობას. რატომ შეიცვალა მან შეხედულება? პეტრა წერს: „მივხვდი, ღვთის ორგანიზაციაში თავი ისე რომ მეგრძნო, როგორც სახლში, ორი მნიშვნელოვანი თვისება უნდა განმევითარებინა — თავმდაბლობა და მოკრძალება“.

9. რა დამოკიდებულება აქვს თავმდაბალ ადამიანს სულიერი საზრდოს მიმართ და რატომ ხდის ეს მას უფრო ძვირფასს იეჰოვას თვალში?

9 თავმდაბალი ადამიანი გულწრფელად მადლიერია ყველაფრისთვის, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, მათ შორის სულიერი საზრდოსთვისაც. ასეთი ადამიანი გულმოდგინედ იკვლევს ბიბლიას და დიდი ინტერესით კითხულობს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იეჰოვას სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, თავმდაბალ ადამიანს ჩვევად აქვს ყოველი ახალი პუბლიკაციის წაკითხვა, სანამ თაროზე შემოდებს მას. როდესაც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვითა და შესწავლით თავმდაბლობას ვავლენთ, სულიერად წინ მივიწევთ და იეჰოვას საშუალებას ვაძლევთ, უფრო მეტად გამოგვიყენოს მსახურებაში (ებრ. 5:13, 14).

10. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ კრებაში როგორც უმცირესი?

10 ის, ვინც ისე იქცევა, როგორც უმცირესი, „დიდი“ სხვა მხრივაც გახდება. თითოეულ კრებაში არიან გამოცდილი, ღვთის წმინდა სულით დანიშნული მამაკაცები, რომლებიც უხუცესებად მსახურობენ. ისინი ორგანიზებას უწევენ ისეთ სულიერ ღონისძიებებს, როგორებიცაა კრების შეხვედრები, სამქადაგებლო მსახურება თუ სამწყემსო მონახულება. როდესაც ვიქცევით ისე, როგორც უმცირესი და მხარს ვუჭერთ ასეთ ღონისძიებებს, ამით ხელს ვუწყობთ სიხარულს, მშვიდობასა და ერთიანობას კრებაში (წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17). თუ უხუცესად ან მომსახურედ მსახურობთ, განა არ ხართ იეჰოვას მადლიერი, მსახურების ასეთი პატივი რომ გხვდათ წილად?

11, 12. როგორი დამოკიდებულება ფასდება ყველაზე მეტად იეჰოვას ორგანიზაციაში და რატომ?

11 ის, ვინც იქცევა როგორც უმცირესი, „დიდი“ ანუ ღვთის ორგანიზაციისთვის უფრო ძვირფასი ხდება, რადგან თავმდაბლობა მას იეჰოვას კარგ და მოსაწონ მსახურად ხდის. იესოს უწევდა მოწაფეების გაფრთხილება, მოქცეულიყვნენ როგორც უმცირესი, ვინაიდან ზოგიერთზე გავლენას ახდენდა იმ დროს გაბატონებული სული. ლუკას 9:46-ში ვკითხულობთ: „მსჯელობა დაიწყეს, ვინ იყო მათ შორის უდიდესი“. ჩვენც ხომ არ ვფიქრობთ ზოგჯერ, რომ თანამორწმუნეებზე ან სხვა ადამიანებზე უკეთესი ვართ? ჩვენ გარშემო ბევრი ამაყი და ეგოისტი ადამიანი ცხოვრობს. მოდი, მოვერიდოთ სიამაყეს და გამოვავლინოთ თავმდაბლობა. როდესაც ასე ვიქცევით და იეჰოვას ნებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ჩვენთან ურთიერთობა და-ძმებისთვის უფრო სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი ხდება.

12 იესოს გაფრთხილება, რომ მოვიქცეთ როგორც უმცირესი, ნამდვილად აღმძვრელია. ნუთუ არ უნდა ვცდილობდეთ თავმდაბლობის გამოვლენას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში? მოდი, განვიხილოთ სამი მხარე.

ეცადეთ, მოიქცეთ როგორც უმცირესი

13, 14. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს მოიქცეს როგორც უმცირესი და როგორ იმოქმედებს ეს მათ ქორწინებაზე?

13 ოჯახში. დღეს ბევრი ადამიანი მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას, მაშინაც კი, თუ ამით სხვების უფლებები ირღვევა. მაგრამ თავმდაბალი ადამიანი ავლენს ისეთ დამოკიდებულებას, რომლისკენაც პავლე მოციქული მოგვიწოდებს. ის რომაელებს სწერდა: „მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19). ის, ვინც იქცევა როგორც უმცირესი, ცდილობს, ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით კი თავის ძვირფას მეორე ნახევართან.

14 განვიხილოთ, როგორ უნდა მოიქცეს ცოლ-ქმარი, როცა საქმე დასვენებას ეხება. მათ შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ დასვენებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ქმარს ერჩივნოს, თავისუფალ დროს სახლში დარჩეს და წიგნი იკითხოს. მეორე მხრივ, ცოლს შეიძლება სადმე სხვაგან სადილობა ან მეგობრების ნახვა სურდეს. ცოლს უფრო გაუადვილდება ქმრის პატივისცემა, თუ დაინახავს მეუღლის თავმდაბლობას და იმას, რომ ქმარი ითვალისწინებს მის ინტერესებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ქმარსაც ეყვარება ცოლი და დააფასებს მას, როცა დაინახავს, რომ მეუღლე ითვალისწინებს მის სურვილებს და არ ცდილობს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს. ოჯახური კვანძები უფრო განმტკიცდება, თუ ცოლიც და ქმარიც ცდილობენ, მოიქცნენ როგორც უმცირესი (წაიკითხეთ ფილიპელების 2:1—4).

15, 16. რა რჩევას იძლევა დავითი 131-ე ფსალმუნში და როგორ უნდა იმოქმედოს ამან კრებაში ჩვენს საქციელზე?

15 კრებაში. დღეს მრავალს სურს, მაშინვე დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები. მათ მოთმინება თითქმის არ აქვთ და ლოდინი კლავთ. თუ მოვიქცევით როგორც უმცირესი, ეს დაგვეხმარება, დაველოდოთ იეჰოვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 131:1—3). თავმდაბლობის გამოვლენა და იეჰოვას ლოდინი დაგვიცავს, კურთხევებს მოგვიტანს, გვანუგეშებს და კმაყოფილებას მოგვგვრის. სწორედ, ამიტომ მოუწოდა დავითმა ისრაელებს, რომ მოთმინებით დალოდებოდნენ თავიანთ ღმერთს.

16 თქვენც შეგიძლიათ იგრძნოთ მსგავსი ნუგეში, თუ თავმდაბლურად დაელოდებით იეჰოვას (ფსალმ. 42:5). შესაძლოა, თქვენ ხართ ის, ვისზეც შეიძლება ითქვას, „კარგი საქმე ნდომებია“ და ამიტომაც „ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვით“ (1 ტიმ. 3:1—7). ცხადია, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროთ, რომ წმინდა სულმა თქვენში ზედამხედველისთვის საჭირო თვისებები განავითაროს. მაგრამ, როგორ გრძნობთ თავს, თუ ხედავთ, რომ სხვები თქვენზე სწრაფად მიიწევენ წინ? თავმდაბალი ქრისტიანი, რომელიც მოთმინებით ელოდება კრებაში პასუხისმგებლობების მიღებას, სიხარულით განაგრძობს მსახურებას და ნებისმიერ დავალებას სიამოვნებით ასრულებს.

17, 18. ა) რა მოჰყვება შედეგად, როცა სხვებს პატიებას ვთხოვთ ან თავად ვპატიობთ? ბ) რა რჩევაა მოცემული იგავების 6:1—5-ში?

17 სხვებთან ურთიერთობისას. უმეტესობისთვის ბოდიშის მოხდა არც ისე ადვილია. მაგრამ თუ ღვთის მსახურები აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და სხვებს პატიებას სთხოვენ, ისინი იქცევიან როგორც უმცირესი; ამასთანავე, მზად არიან, აპატიონ სხვებს შეცდომები. სიამაყე განხეთქილებასა და შუღლს იწვევს, ხოლო პატიება ხელს უწყობს კრებაში მშვიდობას.

18 შეიძლება საჭირო გახდეს, თავი დავიმდაბლოთ და გულწრფელი პატიება ვთხოვოთ სხვებს. მაგალითად, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ვასრულებთ სხვისთვის მიცემულ პირობას. შეიძლება ამ დროს, გარკვეულწილად, სხვა დავადანაშაულოთ, მაგრამ თავმდაბალი ქრისტიანი საკუთარ შეცდომებზე იფიქრებს და აღიარებს მათ (წაიკითხეთ იგავების 6:1—5).

19. რა მიზეზების გამო უნდა ვიყოთ მადლიერი ბიბლიური რჩევისთვის, მოვიქცეთ როგორც უმცირესი?

19 ჩვენ მართლა მადლიერი ვართ ბიბლიური რჩევისთვის, მოვიქცეთ როგორც უმცირესი. შეიძლება დროდადრო არც ისე ადვილია ასე მოქცევა, მაგრამ თუ იმაზე ვიფიქრებთ, რამდენად აღმატებულია შემოქმედი ჩვენზე და თავად ის როგორ ავლენს თავმდაბლობას, აღვიძრებით, ჩვენც გამოვავლინოთ ეს არაჩვეულებრივი თვისება. ასე მოქცევით, ჩვენ უფრო ძვირფასი მსახურები გავხდებით იეჰოვასთვის. ამიტომ მოდი, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მოიქცეს როგორც უმცირესი.

^ აბზ. 5 სახელი შეცვლილია.