არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

იეჰოვა შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი . . . პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“ (გამ. 34:6, 7).

1, 2. ა) როგორი ღმერთი იყო ისრაელი ერისთვის იეჰოვა? ბ) რომელ კითხვაზე მივიღებთ პასუხს ამ სტატიაში?

ნეემიას დღეებში ლევიანმა მღვდლებმა ლოცვაში სახალხოდ აღიარეს, რომ მათ მამა-პაპას არაერთხელ უთქვამს უარი იეჰოვას მითითებების მოსმენაზე. მიუხედავად ამისა, იეჰოვა კვლავ და კვლავ იყო მათთვის „მპატიებელი, მწყალობელი, გულმოწყალე, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე ღმერთი“. ნეემიას დროს ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელებისადმი ღმერთი კვლავ ავლენდა წყალობას (ნეემ. 9:16, 17).

2 თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: რას ნიშნავს ჩემთვის ის, რომ იეჰოვას შეუძლია პატიება? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ, როგორ აპატია იეჰოვამ ორ მამაკაცს და რით იყო ეს მათთვის სასარგებლო. ეს მამაკაცები, ორი მეფე, დავითი და მენაშე არიან.

დავითის სერიოზული ცოდვები

35. რა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა დავითმა?

3 მიუხედავად იმისა, რომ დავითი ღვთისმოშიში კაცი იყო, მან სერიოზული ცოდვები ჩაიდინა. ამ ცოდვებიდან ორი ეხებოდა ურიასა და ბათ-შებას. მის მიერ ჩადენილი ცოდვების შედეგებმა ტკივილი მიაყენა ყველას, ვისაც ეს შეეხო. მაგრამ ის, თუ როგორ მიუთითა იეჰოვამ დავითს შეცდომაზე, ცხადყოფს, რაოდენ გულმოწყალე და მპატიებელია ღმერთი. ვნახოთ, რა მოხდა.

4 დავითმა გააგზავნა ისრაელის ლაშქარი ამონელთა დედაქალაქ რაბას დასაპყრობად. რაბა მდებარეობდა იერუსალიმის აღმოსავლეთით 80 კილომეტრში, მდინარე იორდანის გაღმა. იერუსალიმში დავითმა თავისი სამეფო სასახლის ბანიდან მობანავე გათხოვილ ქალს, ბათ-შებას, მოჰკრა თვალი. მისი ქმარი სახლში არ იყო. მეფეს ბათ-შებას ყურებით იმდენად აღეძრა ვნება, რომ ის სასახლეში მოაყვანინა და იმრუშა (2 სამ. 11:1—4).

5 როდესაც დავითმა გაიგო, რომ ბათ-შება ფეხმძიმედ იყო, მან მისი ქმარი, ურია, იერუსალიმში მოიხმო იმ იმედით, რომ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი ექნებოდა. მაგრამ დავითის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ურია არ წავიდა სახლში. ამის შემდეგ მეფემ ჩუმად მისწერა წერილი თავისი ლაშქრის მხედართმთავარს, რომ ურია „ბრძოლის წინა ხაზზე“ დაეყენებინათ და ჯარისკაცებს მიეტოვებინათ. დავითის ჩანაფიქრი განხორციელდა — ურია მოკლეს ბრძოლის ველზე (2 სამ. 11:12—17). მეფემ მრუშობა არ იკმარა და უდანაშაულო კაცის სისხლშიც გაისვარა ხელები.

დავითი აღიარებს თავის შეცდომებს

6. როგორი იყო იეჰოვას რეაქცია დავითის ცოდვებზე და რას ცხადყოფს ეს ღვთის შესახებ?

6 რა თქმა უნდა, იეჰოვამ დაინახა ყველაფერი, რაც მოხდა. მას არაფერი რჩება მხედველობიდან (იგავ. 15:3). მიუხედავად იმისა, რომ დავითმა ბათ-შება ცოლად შეირთო, „არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი“ (2 სამ. 11:27). როგორი რეაქცია ჰქონდა ღმერთს დავითის სერიოზულ ცოდვებზე? მან მეფესთან ნათან წინასწარმეტყველი გაგზავნა. ვინაიდან იეჰოვა მპატიებელი ღმერთია, მას სურდა წყალობის გამოვლენა, მაგრამ ამისთვის საფუძველი სჭირდებოდა. ნუთუ გამამხნევებელი არ არის ჩვენთვის იეჰოვას ასეთი მიდგომა? ნაცვლად იმისა, რომ დავითისთვის დაეძალებინა ცოდვების აღიარება, ღმერთმა ნათანს დაავალა, მეფისთვის მოეყოლა ისტორია, რომელიც მას დაანახვებდა ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს (წაიკითხეთ 2 სამუელის 12:1—4). მართლაც ეს იყო საუკეთესო გზა ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

7. როგორ იმოქმედა დავითზე ნათანის მაგალითმა?

7 ნათანის მაგალითმა დავითში სამართლიანობის გრძნობა გააღვიძა. მეფე ძალიან განრისხდა იმ მდიდარ კაცზე და ნათანს უთხრა: „სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ უსამართლობის მსხვერპლისთვის უნდა აენაზღაურებინათ ზარალი. ნათანმა უთხრა: „შენა ხარ ის კაცი!“. დავითისთვის ეს სრულიად თავზარდამცემი იყო. წინასწარმეტყველმა მეფეს უთხრა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის საქციელს — მის სახლს არასოდეს მოშორდებოდა „მახვილი“ და მის ოჯახს უბედურება დაატყდებოდა. გარდა ამისა, დავითს სახალხოდ დაამცირებდნენ მისი შეცდომების გამო. გულმოდრეკილმა დავითმა სრულად გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე და აღიარა: „შევცოდე იეჰოვას“ (2 სამ. 12:5—14).

დავითმა ილოცა და ღმერთმაც აპატია

8, 9. როგორ ამჟღავნებს 51-ე ფსალმუნი დავითის ფიქრებს და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ?

8 სიმღერიდან, რომელიც დავითმა შეცოდების შემდეგ დაწერა, ჩანს მისი გულწრფელი მონანიება. 51-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, თუ როგორ უღვრის გულს დავითი იეჰოვას და ვხედავთ, რომ მან მარტო კი არ აღიარა შეცდომები, არამედ მოინანია კიდევაც. მისი უმთავრესი საწუხარი ღმერთთან ურთიერთობა იყო. „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე“, — აღიარა დავითმა. ის სთხოვდა იეჰოვას: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი . . . დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით და გამამაგრე მზადყოფნის სულით“ (ფსალმ. 51:1—4, 7—12). დავითის მსგავსად, თქვენც გულწრფელად და გულახდილად ესაუბრებით იეჰოვას თქვენს გრძნობებზე?

9 იეჰოვას არ დაუცვია დავითი მის მიერ ჩადენილი ცოდვების შედეგებისგან, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე იმკიდა. იეჰოვა ხედავდა მეფის მომნანიე სულს — ხედავდა მის „მოდრეკილ და განადგურებულ გულს“ და ამიტომაც აპატია მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:5; ფსალმ. 51:17). ყოვლისშემძლე ღმერთმა იცის, თუ რა მიზეზებსა და მოტივებს მიჰყავს ადამიანი ცოდვამდე. მოსეს კანონის თანახმად, დავითი და ბათ-შება მრუშობისთვის მსაჯულებს სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და თავად გაასამართლა ისინი (ლევ. 20:10). ღმერთმა ისრაელის მომდევნო მეფედ სოლომონი აირჩია (1 მატ. 22:9, 10).

10. ა) დავითის პატიების რა საფუძველი შეიძლება ჰქონოდა იეჰოვას? ბ) როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, იეჰოვასგან პატიება რომ მიიღოს?

10 იეჰოვამ მეფეს, შესაძლოა, კიდევ იმიტომ აპატია, რომ თავად დავითიც პატიობდა საულს (1 სამ. 24:4—7). როგორც იესომ თქვა, ღმერთი ისე გვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით სხვებს. „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათ. 7:1, 2). რამხელა შვების მომგვრელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს — ისეთ სერიოზულ ცოდვებსაც კი, როგორიცაა მრუშობა და მკვლელობა. ის გვაპატიებს, თუ თავად ვართ მზად პატიებისთვის, ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს მის წინაშე და თუ ცხადვყოფთ, რომ ცუდი საქმეებისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ. როცა შემცოდველი გულწრფელად ინანიებს, მისთვის „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ დგება (წაიკითხეთ საქმეების 3:19).

მენაშე ინანიებს სერიოზულ ცოდვებს

11. მეფე მენაშეს რა საქმეები არ იყო მოსაწონი ღვთისთვის?

11 განვიხილოთ სხვა ბიბლიური მაგალითი, რომლიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა მპატიებელი ღმერთია. დავითის მმართველობიდან დაახლოებით 360 წლის შემდეგ იუდას მეფე მენაშე გახდა. მისი 55-წლიანი მმართველობა ბოროტებით გამოირჩეოდა და ამაზრზენი საქმეების გამო იეჰოვას რისხვა დაატყდა თავს. სხვა დანარჩენთან ერთად მენაშე სამსხვერპლოებს უგებდა ბაალებს, თაყვანს სცემდა „ცის ლაშქარს“, ცეცხლში ატარებდა თავის ვაჟებს და ხელს უწყობდა სპირიტიზმის გავრცელებას. მართლაცდა, „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში“ (2 მატ. 33:1—6).

12. როგორ დაუბრუნდა მენაშე ღმერთს?

12 საბოლოოდ, მენაშე ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროს, შესაძლოა, მას გაახსენდა ის სიტყვები, რომლებიც მოსემ ისრაელებს უთხრა: „როცა ძალიან გაგიჭირდებათ და გეწევათ ეს სიტყვები იმ დღეების მიწურულს, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს და მოისმენთ მის ხმას“ (კან. 4:30). მენაშე დაუბრუნდა იეჰოვას. როგორ? მან „დიდად დაიმდაბლა თავი“ და „ლოცვით მიმართავდა“ ღმერთს (როგორც ეს 21-ე გვერდზე მოცემული სურათიდან ჩანს) (2 მატ. 33:12, 13). ბიბლიაში არ წერია, თუ რა სიტყვებით მიმართა მენაშემ იეჰოვას ლოცვაში, მაგრამ შეიძლება მისი ლოცვა გარკვეულწილად ჰგავდა 51-ე ფსალმუნში მოცემულ მეფე დავითის ლოცვას. მაგრამ ერთი რამ ცხადია — მენაშე სრულიად შეიცვალა.

13. რატომ აპატია იეჰოვამ მენაშეს?

13 როგორ უპასუხა იეჰოვამ მენაშეს ლოცვებს? ღმერთმა „შეისმინა [მენაშეს] ვედრება, წყალობის თხოვნა“. დავითის მსგავსად, მეფეც მიხვდა, რამდენად სერიოზული ცოდვები ჩაიდინა და მთელი გულით მოინანია. სწორედ ამიტომ აპატია იეჰოვამ მას და იერუსალიმში მეფობა დაუბრუნა. შედეგად, „მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“ (2 მატ. 33:13). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი გულმოწყალე ღმერთი პატიობს ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს. და ეს ძალიან გამამხნევებელია!

პატიობს იეჰოვა უსაზღვროდ?

14. რა განსაზღვრავს, აპატიებს იეჰოვა შემცოდველს თუ არა?

14 ღვთის ხალხს შორის ცოტას თუ მოუწევს ისეთ სერიოზულ ცოდვებზე პატიების თხოვნა, როგორებიც დავითმა და მენაშემ ჩაიდინეს. მაგრამ იეჰოვას მიერ ამ ორი მეფის პატიება იმაში გვარწმუნებს, რომ ღმერთი მზად არის უმძიმესი ცოდვებიც კი აპატიოს მას, ვინც გულწრფელად ინანიებს.

15. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ავტომატურად არ პატიობს ცოდვებს?

15 რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვა ყველას ავტომატურად პატიობს ცოდვებს. ამიტომ მოდი, შევადაროთ დავითისა და მენაშეს დამოკიდებულება თავნება ისრაელებისა და იუდეველების დამოკიდებულებას. ღმერთმა ნათანის პირით ამხილა დავითი და მისცა აზროვნების შეცვლის შესაძლებლობა. დავითმაც მადლიერებით მიიღო ღვთის ეს დახმარება. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა მენაშემაც გულწრფელად მოინანია. მაგრამ ხშირად ისრაელისა და იუდას მკვიდრები არ ინანიებდნენ. ამიტომაც იეჰოვა არ პატიობდა მათ და წინასწარმეტყველების პირით უცხადებდა თავის დამოკიდებულებას მათი ურჩობისადმი (წაიკითხეთ ნეემიას 9:30). ბაბილონიდან ისრაელების დაბრუნების შემდეგაც კი იეჰოვა განაგრძობდა მათ გაფრთხილებას ისეთი ერთგული მაცნეების პირით, როგორებიც იყვნენ მღვდელი ეზრა და წინასწარმეტყველი მალაქია. როდესაც ისრაელები იეჰოვას ნების თანახმად მოქმედებდნენ, დიდ სიხარულს განიცდიდნენ (ნეემ. 12:43—47).

16. ა) რა მოჰყვა შედეგად იმას, რომ ისრაელმა ერმა არ მოინანია? ბ) რის შესაძლებლობას აძლევს იეჰოვა ისრაელების შთამომავლებს?

16 მას შემდეგ, რაც იესო დედამიწაზე მოვიდა და მსხვერპლად გაიღო თავისი სრულყოფილი სიცოცხლე, იეჰოვა აღარ მოითხოვდა ცხოველურ შესაწირავს (1 იოან. 4:9, 10). იესო ირეკლავდა მამის თვალსაზრისს და ეს კარგად ჩანს მის სიტყვებში: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათ. 23:37, 38). ასე რომ, ცოდვილი და მოუნანიებელი ერი შეიცვალა სულიერი ისრაელით (მათ. 21:43; გალ. 6:16). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცალკეულ ისრაელებზე? მათ შეუძლიათ მიიღონ იეჰოვასგან პატიება და წყალობა, თუ გამოავლენენ რწმენას ღვთისადმი და იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი. დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეჰოვასგან პატიების მიღების შესაძლებლობა მიეცემა მათაც, ვინც ცოდვების მონანიების გარეშე დაიხოცნენ (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15).

კურთხევები, რომლებიც იეჰოვასგან პატიებას მოაქვს

17, 18. როგორ შეგვიძლია მივიღოთ პატიება ღვთისგან?

17 იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? რა თქმა უნდა ისე, როგორც დავითი და მენაშე: უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა, მოვინანიოთ შეცდომები, გულწრფელად ვთხოვოთ იეჰოვას პატიება და სუფთა გული (ფსალმ. 51:10). თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ, სულიერი დახმარების მისაღებად უხუცესებს უნდა მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე ცოდვა გვაქვს ჩადენილი, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზუსტად ისეთია, როგორადაც წარუდგინა თავი მოსეს: „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“. იეჰოვა არ შეცვლილა (გამ. 34:6, 7).

18 ღმერთი შეჰპირდა მომნანიე ისრაელებს, რომ სრულიად გაათავისუფლებდა მათი ცოდვებისგან და ამაში დასარწმუნებლად გამოიყენა ძლიერი შედარება — მათი „ალისფერი“ ცოდვები „თოვლივით“ გათეთრდებოდა (წაიკითხეთ ესაიას 1:18). მაშ, რას ნიშნავს იეჰოვასგან პატიება ჩვენთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მადლიერებას ვავლენთ და ვინანიებთ, იეჰოვა სრულად გვაპატიებს ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებს.

19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 ვინაიდან იეჰოვა გვპატიობს, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას და ვაპატიოთ სხვებს? შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვერ ვაპატიოთ მას, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ გულწრფელად მოინანია? როგორ მოვიქცეთ, რომ არ განგვივითარდეს ასეთი სული? შემდეგი სტატია დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ გული, რათა უფრო დავემსგავსოთ ჩვენს მამა იეჰოვას, რომელიც კარგია და მზად არის პატიებისთვის (ფსალმ. 86:5).