არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიოგრაფია

„დავინახე, მაგრამ ვერ გავიგე“

„დავინახე, მაგრამ ვერ გავიგე“

1975 წელს, როცა ორი წლის ვიყავი, დედა პირველად დაეჭვდა, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა. მას ხელში ვეჭირე, ამ დროს მის მეგობარს ხელიდან რაღაც მძიმე საგანი დაუვარდა, რამაც უჩვეულოდ დიდი ხმა გამოსცა. დედამ შენიშნა, რომ ხმაურზე არანაირი რეაქცია არ მქონდა. სამი წლის ასაკში ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი. ექიმებმა დაასკვნეს, რომ აბსოლუტურად მქონდა სმენა დაკარგული; ეს იყო შოკი მთელი ჩვენი ოჯახისთვის.

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამამ მე და ჩემი უფროსი და-ძმები — სამი ძმა და ერთი და —  დედის ანაბარა დაგვტოვა. იმ დროს საფრანგეთში სმენადაკარგული ბავშვებისთვის არ იყო გათვალისწინებული განათლების ისეთი მეთოდები, როგორიც დღეს არის, ამიტომ იმდროინდელი სწავლის მკაცრი მეთოდები არცთუ ისე სასიამოვნოდ მახსენდება. და მაინც, სხვა სმენადაქვეითებულ ბავშვებთან შედარებით, ჩემი ბავშვობა გაცილებით უკეთესი იყო. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, რატომ.

ხუთი წლის ასაკში

ერთი პერიოდი ბევრი თვლიდა, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვებს ლაპარაკი უნდა ესწავლათ საუბრის დროს ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით. საფრანგეთში სკოლებში ჟესტების ენაზე საუბარი მკაცრად იკრძალებოდა. ხელებით რომ არ ელაპარაკა, ზოგ ბავშვს გაკვეთილების დროს ხელებს ზურგს უკან უკრავდნენ.

ბავშვობაში რამდენიმე წელი მეტყველების თერაპიის გაკვეთილებზე მატარებდნენ. ყბას და თავს ხელით მიჭერდნენ და ასეთ მდგომარეობაში უნდა წარმომეთქვა ბგერები, რომლებიც არ მესმოდა. არ შემეძლო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. ის წლები დღემდე მტკივნეულად მახსენდება.

ექვსი წლისა რომ გავხდი, სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში შემიყვანეს. პირველად სწორედ აქ მომეცა სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ჟესტების ენა აქაც იკრძალებოდა. თუ ერთმანეთს ჟესტებით დაველაპარაკებოდით, ხელის თითებზე გვირტყამდნენ ან თმებით გვქაჩავდნენ. მაგრამ ბავშვები ჩუმად მაინც ვახერხებდით საუბარს და ჩვენივე გამოგონილ ჟესტებს ვიყენებდით. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა შევძელი ბავშვებთან ურთიერთობა. თუმცა ჩემი ბედნიერება მხოლოდ ოთხი წელი გაგრძელდა.

ათი წლის ასაკში ჩვეულებრივ სკოლაში გადამიყვანეს. ეს საშინელება იყო. მეგონა, რომ ყველა სმენადაკარგული ბავშვი მოკვდა და მე ერთადერთი დავრჩი ამ ქვეყანაზე. ექიმებმა ჩემი ოჯახის წევრებს ურჩიეს, არ ესწავლათ ჟესტების ენა, რადგან შიშობდნენ, რომ მეტყველების თერაპიის კურსები უშედეგოდ ჩაივლიდა. ისინი სხვა სმენადაკარგულ ბავშვებთან ურთიერთობასაც მიკრძალავდნენ. ერთხელ სპეციალისტთან მიმიყვანეს, რომელსაც მაგიდაზე ჟესტების ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო ედო. როცა ყდაზე სურათები დავინახე, თითი გავიშვირე  და წამოვიძახე. „ეს მინდა!“. ექიმმა მაშინვე დამალა წიგნი. *

პირველი ნაბიჯები ბიბლიური ჭეშმარიტებისკენ

დედა ცდილობდა, რომ შვილები ქრისტიანული პრინციპებით აღვეზარდეთ. მას ქალაქ ბორდოსთან ახლოს იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დავყავდით. თავიდან კრებებზე ვერაფერს ვიგებდი. მაგრამ კრების ზოგიერთი წევრი გვერდით მომიჯდებოდა ხოლმე და მიწერდა, რაზე იყო ლაპარაკი. მათმა სიყვარულმა და ყურადღებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ბიბლიას დედა მასწავლიდა, მაგრამ ბოლომდე არ მესმოდა, რასაც ვსწავლობდი. რაღაცით წინასწარმეტყველ დანიელის მდგომარეობაში ვიყავი, რომელმაც ანგელოზისგან მიღებული ცნობის შემდეგ, თქვა: „მოვისმინე, მაგრამ ვერ გავიგე“ (დანიელი 12:8). ჩემს შემთხვევაში კი ასე იყო: „დავინახე, მაგრამ ვერ გავიგე“.

ნელ-ნელა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ჩემს გულში ფესვები გაიდგა. ძალიან ვაფასებდი იმას, რაც მესმოდა და ვცდილობდი, ცხოვრებაში გამომეყენებინა. ბევრ რამეს კრების წევრების ქცევებზე დაკვირვებით ვსწავლობდი. მაგალითად, ბიბლია გვეუბნება, რომ მომთმენები უნდა ვიყოთ (იაკობი 5:7, 8). არ მესმოდა, რას ნიშნავდა მოთმინება. მაგრამ თანაქრისტიანებზე დაკვირვებით, ვისწავლე რას ნიშნავდა მოთმინების გამოვლენა. ქრისტიანული კრება დღემდე ძალიან მეხმარება.

დიდ გულგატეხილობას დიდი სიურპრიზი მოჰყვა

სტეფანი, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა

ერთხელ, მოზარდობის წლებში, ქუჩაში რამდენიმე ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა დავინახე, რომლებიც ერთმანეთს ჟესტების ენაზე ესაუბრებოდნენ. მათთან მალულად დავიწყე ურთიერთობა და ფრანგული ჟესტების ენის სწავლა. პარალელურად ქრისტიანულ შეხვედრებსაც ვესწრებოდი. იქ ერთმა ახალგაზრდა მოწმემ, სტეფანმა ჩემ მიმართ დიდი ყურადღება გამოავლინა. ის დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა ჩემთან საუბარს. სტეფანს ძალიან მივეჩვიე. არ ვიცოდი, რომ წინ დიდი გულისტკივილი მელოდა. სტეფანი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. ამ ამბავმა ძალიან გამიტეხა გული, დეპრესიაში ჩავვარდი და კრების შეხვედრებზე სიარულიც კი შევწყვიტე.

11 თვის მერე სტეფანი ციხიდან გაათავისუფლეს. წარმოიდგინეთ, ჩემი გაოცება და სიხარული, როცა მან ჟესტების ენაზე დამიწყო საუბარი. თვალებს არ ვუჯერებდი. თურმე მას ციხეში ფრანგული ჟესტების ენა უსწავლია. მივხვდი, რომ ამ ადამიანს შეეძლო ჩემთვის ბიბლია ესწავლებინა.

როგორც იქნა გავიგე ბიბლიური ჭეშმარიტება

სტეფანთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. როგორც იქნა, შევძელი ერთმანეთთან დამეკავშირებინა მანამდე ნასწავლი ბიბლიური სწავლებები. ბავშვობაში მიყვარდა ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი ლამაზი სურათების თვალიერება. ერთმანეთს ვადარებდი პერსონაჟებს და ვაკვირდებოდი ყველა დეტალს და ასე ვიმახსოვრებდი მათ ისტორიებს. ვიცოდი აბრაამის შესახებ, მის „შთამომავალზე“ და „უამრავ ხალხზე“, მაგრამ მათი ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ეს ყველაფერი ჟესტების ენაზე ამიხსნეს (დაბადება 22:1518; გამოცხადება 7:9). აშკარა იყო, რომ ვიპოვე მშობლიური ენა, ჩემი გულის ენა!

ახლა უკვე შემეძლო გამეგო ის, რასაც კრების შეხვედრებზე ამბობდნენ. მეტის გაგების წყურვილი მკლავდა. სტეფანის დახმარებით შევძელი ბიბლიის უკეთ გაგება და 1992 წელს იეჰოვას მოწმედ მოვინათლე. სულიერი წინსვლის მიუხედავად, ბავშვობაში ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობამ ჩემზე თავისებური კვალი მაინც დატოვა.

ვებრძვი სიმორცხვეს

გარკვეული ხნის შემდეგ პესაკში, ბორდოს გარეუბანში არსებულ კრებაში ყრუ-მუნჯი და-ძმებისგან  შემდგარი პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა. ეს ძალიან დამეხმარა სულიერ ზრდაში. ჩემი მეგობრები, ვისაც კარგი სმენა ჰქონდა, მეხმარებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად გამეგო, რათა სიმორცხვე დამეძლია და ადამიანებთან ურთიერთობა შემძლებოდა. ერთი წყვილი, ზელი და ელოდი, განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარდნენ ჩემთან საუბარს. კრების შემდეგ ისინი ხშირად მეპატიჟებოდნენ სადილად ან ყავაზე, რომ მათთან ურთიერთობა მქონოდა. ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. არაფერი შეედრება იმ ხალხის გარემოცვაში ყოფნას, რომლებიც ღვთის ბილიკებით დადიან!

მე და ვანესა

ამ კრებაში გავიცანი ერთი მომხიბვლელი ქრისტიანი, ვანესა. მომაჯადოვა მისმა მზრუნველობამ და სამართლიანობის გრძნობამ. მისთვის ჩემი ასეთი მდგომარეობა ბარიერს არ წარმოადგენდა ურთიერთობაში, პირიქით, ის ამბობდა, რომ ჩემთან ურთიერთობით შეეძლო დაეხვეწა ჟესტების ენა, რაც მას სხვებთან ურთიერთობაში გამოადგებოდა. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და 2005 წელს ვიქორწინეთ. მართალია, ხალხთან საუბარი ახლაც მიჭირს, მაგრამ ვანესა მეხმარება, უფრო თამამი ვიყო და თავისუფლად გამოვთქვა აზრები. ძალიან ვაფასებ ვანესას ასეთ მხარში დგომას.

მორიგი საჩუქარი იეჰოვასგან

იმ წელს, როცა ჩვენ დავქორწინდით, საფრანგეთის იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ერთი თვით მიმიწვია მთარგმნელობით განყოფილებაში კურსებზე დასასწრებად. ბოლო წლებში საფრანგეთის ფილიალი ბევრს შრომობს, რომ ფრანგულ ჟესტების ენაზე გამოსცეს პუბლიკაციები DVD ფორმატზე. მთარგმნელობით ჯგუფს სერიოზული პროექტები ჰქონდა და შესაბამისად მთარგმნელები დახმარებას საჭიროებდნენ.

მოხსენებას ვკითხულობ ფრანგულ ჟესტების ენაზე

მეც და ვანესაც ვფიქრობდით, რომ ბეთელში მსახურება ჩემთვის უზარმაზარი კურთხევა და ღვთის საჩუქარი იყო, მაგრამ გამოგიტყდებით და რაღაცნაირად შიშმა შეგვიპყრო. არაერთი კითხვა გაგვიჩნდა: როგორ იქნებოდნენ ჩვენ გარეშე ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმები კრებაში? რა უნდა გვექნა ჩვენი სახლისთვის? იშოვიდა ვანესა ახლო-მახლო სამუშაოს? მაგრამ იეჰოვამ სასწაულებრივად გადაჭრა ყველა ჩვენი პრობლემა. აშკარად ვიგრძენით იეჰოვას სიყვარული.

მხარდაჭერა მსოფლიო საძმოსგან

მთარგმნელობით საქმიანობაში მონაწილეობით უკეთ გავიგე, თურმე რამდენი რამ კეთდება იმისათვის, რომ სმენადაქვეითებულებმა ღმერთი გაიცნონ. ძალიან მსიამოვნებს, როცა ბეთელელები ჩემთან საუბარს ცდილობენ. ისინი სპეციალურად სწავლობენ რამდენიმე ჟესტს, რომ დამელაპარაკონ. თავს მიტოვებულად და უცხოდ არ ვგრძნობ. ეს ყველაფერი იეჰოვას ხალხს შორის არსებულ ერთობასა და სიყვარულზე მოწმობს (ფსალმუნი 133:1).

ფილიალში, მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურების დროს

იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ქრისტიანულ კრებაში ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც გვერდში მედგა და მეხმარებოდა. იმასაც ძალიან ვაფასებ, რომ მეც რაღაცის გაკეთება შემიძლია, რათა ჩემნაირებს შემოქმედის გაცნობასა და მასთან დაახლოებაში დავეხმარო. ველი იმ დროს, როცა ენის ბარიერი აღარ იარსებებს და ყველანი ერთ, „სუფთა ენაზე“ ვილაპარაკებთ ჭეშმარიტებას იეჰოვა ღმერთსა და მის განზრახვებზე (სოფონია 3:9).

^ აბზ. 9 საფრანგეთში მხოლოდ 1991 წელს შევიდა კანონმდებლობაში ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვებს შეეძლოთ განათლება ჟესტების ენაზე მიეღოთ.