არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 დაუახლოვდით ღმერთს

„ითხოვეთ და მოგეცემათ“

„ითხოვეთ და მოგეცემათ“

„უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). ასეთი რამ სთხოვა ერთმა მოწაფემ იესოს. პასუხად იესომ ორი მაგალითი მოიყვანა, საიდანაც ვსწავლობთ, როგორ ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვისმინოს. თუ ოდესმე დაეჭვებულხართ, ისმენს თუ არა ღმერთი თქვენს ლოცვებს, იესოს პასუხი უდავოდ დაგაინტერესებთ (წაიკითხეთ ლუკას 11:5—13).

პირველ მაგალითში იესო ყურადღებას ამახვილებს ადამიანზე, რომელიც ლოცულობს (ლუკა 11:5—8). იესო ყვება, რომ ერთ კაცს გვიან ღამით სახლში სტუმარი მიუვიდა. მას არაფერი აქვს, რომ გაუმასპინძლდეს. მასპინძელმა სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონოს. მართალია, გვიანია, მაგრამ ის მაინც მიდის მეგობართან პურის სათხოვნელად. მეგობარს ეზარება ადგომა, რადგან მასაც და მის ოჯახსაც ტკბილად სძინავთ. მაგრამ კაცი არა და არ ეშვება და მოურიდებლად ითხოვს დახმარებას. ბოლოს სახლის პატრონი დგება და აძლევს იმას, რაც სჭირდება. *

რას გვასწავლის ეს მაგალითი ლოცვასთან დაკავშირებით? იესო გვეუბნება, რომ შეუპოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ვითხოვთ, ვეძებთ და ვაკაკუნებთ (ლუკა 11:9, 10). რატომ? იმის თქმა ხომ არ უნდოდა იესოს, რომ ღმერთი უგულოდ და უხალისოდ ისმენს ჩვენს ლოცვებს? არა. იესო იმას გულისხმობდა, რომ იმ კაცისგან განსხვავებით, რომელიც უხალისოდ ადგა მეგობრის დასახმარებლად, ღმერთს დიდი სურვილი აქვს, უპასუხოს იმ ადამიანთა ლოცვებს, რომლებიც მას რწმენით მოუხმობენ. ასეთი რწმენა კი ჩვენს დაჟინებულობაში ვლინდება. არაერთხელ თხოვნით, ცხადვყოფთ, რომ რასაც ვითხოვთ, ნამდვილად გვჭირდება და გვჯერა, რომ ღმერთი მოგვცემს, თუ ჩვენი თხოვნა მის ნებას შეესაბამება (მარკოზი 11:24; 1 იოანე 5:14).

მეორე მაგალითში იესო ყურადღებას ამახვილებს „ლოცვების მომსმენზე“, იეჰოვა ღმერთზე (ფსალმუნი 65:2). იესო კითხვას სვამს: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს?“. პასუხი ცალსახაა: არც ერთი მზრუნველი მამა არ მისცემს შვილებს ისეთ რამეს, რაც მათ ზიანს მოუტანს. შემდეგ იესო თავის ნათქვამს განმარტავს: თუ არასრულყოფილი მამები აძლევენ თავიანთ „შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს“ — საუკეთესო ძღვენს — თავის მიწიერ შვილებს! * (ლუკა 11:11—13; მათე 7:11).

ღმერთს დიდი სურვილი აქვს, უპასუხოს იმ ადამიანთა ლოცვებს, რომლებიც მას რწმენით მოუხმობენ

რას გვასწავლის ეს მაგალითი „ლოცვების მომსმენი“ ღმერთის შესახებ? იესო მოგვიწოდებს, რომ იეჰოვას ისე ვუყუროთ, როგორც მზრუნველ მამას, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, დააკმაყოფილოს შვილების მოთხოვნილებები. აქედან გამომდინარე, იეჰოვას თაყვანისმცემლებს შეუძლიათ თავისუფლად სთხოვონ მას ის, რაც გულით სურთ. და როცა იციან, რომ ღმერთს მათთვის საუკეთესო სურს, პასუხსაც ხალისით იღებენ, თუნდაც ეს ის არ იყოს, რასაც ელიან. *

აპრილში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი

ლუკა 7— 21

^ აბზ. 4 იესოს მაგალითი აშკარად ასახავს იუდეველთა ტრადიციასა და წეს-ჩვეულებას. იუდეველებისთვის სტუმართმოყვარეობა წმინდა მოვალეობად ითვლებოდა. ოჯახი, როგორც წესი, ერთი დღის სამყოფ პურს აცხობდა, ამიტომ იმ დროს მეზობლისთვის ან მეგობრისთვის პურის თხოვნა ჩვეულებრივი რამ იყო. გარდა ამისა, თუ ოჯახი ღარიბი იყო, ოჯახის წევრებს ერთ ოთახში ეძინათ.

^ აბზ. 6 იესო მსჯელობისას ხშირად იყენებდა გამოთქმას „მით უმეტეს“. შედარების ამ ფორმით ის აჩვენებდა, რამდენად აღემატებოდა მეორე პირველს.

^ აბზ. 7 იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვისმინოს, წაიკითხეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17.