არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეასრულეთ თქვენი საქმე როგორც მახარობლებმა

შეასრულეთ თქვენი საქმე როგორც მახარობლებმა

„აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმ. 4:5).

1. რატომ შეიძლება ეწოდოს იეჰოვას პირველი და სწორუპოვარი მახარობელი?

მახარობელი არის ის, ვინც კარგ ამბავს აუწყებს. აქედან გამომდინარე, პირველი და სწორუპოვარი მახარობელი იეჰოვაა. მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველი მშობლები ეურჩნენ ღმერთს, მან დაუყოვნებლივ გააცხადა სასიხარულო ამბავი, რომ გველი, იგივე სატანა ეშმაკი, განადგურდებოდა (დაბ. 3:15). საუკუნეების მანძილზე იეჰოვა თავის ერთგულ მამაკაცებს დაწვრილებით აწერინებდა, თუ როგორ განიწმინდებოდა თავისი სახელი, როგორ წაიშლებოდა სატანის მიერ მიყენებული ზიანის კვალი და როგორ დაუბრუნდებოდათ ადამიანებს ყოველივე ის სიკეთე, რაც ერთ დროს ადამმა და ევამ დაკარგეს.

2. ა) რა როლს ასრულებენ ანგელოზები მახარობლის საქმეში? ბ) რა მისაბაძი მაგალითი დაუტოვა იესომ მახარობლებს?

2 ანგელოზებიც მახარობლები არიან. ისინი არა მარტო თავად აცხადებენ სასიხარულო ცნობას, არამედ სხვებსაც ეხმარებიან ამ საქმის შესრულებაში (ლუკ. 1:19; 2:10; საქ. 8:26, 27, 35; გამოცხ. 14:6). მთავარანგელოზმა მიქაელმა, რომელიც განკაცდა და დედამიწაზე იესოდ მოგვევლინა, ადამიანთათვის საუკეთესო მახარობლის მაგალითი დატოვა. მის ცხოვრებაში უმთავრესი სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო (ლუკ. 4:16—21).

3. ა) რა არის სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვავრცელებთ? ბ) რა კითხვებით უნდა დავინტერესდეთ ჩვენ, როგორც მახარობლები?

3 იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, ყოფილიყვნენ მახარობლები (მათ. 28:19, 20; საქ. 1:8). მოციქულმა პავლემ თავის თანამსახურ ტიმოთეს მოუწოდა: „აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმ. 4:5). რა სასიხარულო ცნობას ვავრცელებთ იესოს მიმდევრები? ეს ცნობა მოიცავს სულის მაამებელ ჭეშმარიტებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, ძალიან ვუყვარვართ (იოან. 3:16; 1 პეტ. 5:7). ღვთის სამეფოს არსებობა იეჰოვას სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო დასტურია. ამიტომ უდიდესი სიამოვნებით ვამცნობთ სხვებს, რომ ვინც ემორჩილება სამეფოს მმართველობას და ღმერთს, ამასთანავე, სწორად იქცევა, შეუძლია ღმერთთან ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეს, როგორიც მეგობართან  (ფსალმ. 15:1, 2). სინამდვილეში, იეჰოვას განზრახული აქვს, წერტილი დაუსვას არსებულ უსამართლობასა და ტანჯვას. ის ასევე წაშლის ადამიანთა მეხსიერებაში შემორჩენილი წარსული ტკივილის ყოველგვარ კვალს. მართლა-და, რა სასიხარულო ცნობაა! (ეს. 65:17). და რაკი მახარობლები ვართ, სასურველია, ჩავუფიქრდეთ ორ უმნიშვნელოვანეს კითხვას: რატომ არის ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის მოსმენა დღეს და როგორ გავართვათ თავი წარმატებით მახარობლის მოვალეობას?

რატომ სჭირდებათ ადამიანებს სასიხარულო ცნობის მოსმენა?

მოხერხებულად დასმული კითხვებით დაეხმარეთ ადამიანს, დაფიქრდეს, რა სწამს და რატომ

4. რა არასწორი შეხედულებებია გავრცელებული ღმერთზე?

4 წარმოიდგინეთ ასეთი რამ: საკუთარ მამაზე გითხრეს, რომ მან მიგატოვათ და სახლიდან წავიდა. ისინი, ვინც მამათქვენის ნაცნობობაზე დებენ თავს, გეუბნებიან, რომ ის უგულო, იდუმალი და სასტიკი ადამიანია. სხვები საერთოდ იმაში გარწმუნებენ, რომ არანაირი აზრი არ აქვს მამათქვენთან დაკავშირებას, ვინაიდან ის უკვე აღარ არის ცოცხალი. ფაქტობრივად, დღეს უამრავ ადამიანს მსგავს არასწორ შეხედულებებს ახვევენ თავს. მათ ასწავლიან, რომ ღმერთი იდუმალებით მოცული, ამოუცნობი და სასტიკია. მაგალითად, ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი აცხადებს, რომ ვინც არასწორად ცხოვრობს, ღმერთი მარადიულ სატანჯველში ტანჯავს. სხვები ღმერთს მიაწერენ თავსდატეხილ სტიქიურ უბედურებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ბუნებრივ კატაკლიზმებში ცუდიც და კარგიც განურჩევლად იღუპება, ხალხს ეუბნებიან, რომ ეს ღვთის სასჯელია.

მოხერხებულად დასმული კითხვებით ეცადეთ, ჭეშმარიტება ადამიანის გულსა და გონებამდე მიიტანოთ

5, 6. რა გავლენას ახდენს ხალხზე ევოლუციის თეორია და ცრუ მოძღვრებები?

5 ზოგი აცხადებს, რომ ღმერთი არ არსებობს. ევოლუციის თეორიაც ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი გამოძახილია. ევოლუციის მხარდამჭერნი ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე ყოველგვარი ბრძნული ხელმძღვანელობის გარეშე გაჩნდა. ისინი გამორიცხავენ შემოქმედის არსებობას. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ ადამიანი უბრალოდ ცხოველის ერთ-ერთი სახეობაა და სწორედ ამით ამართლებენ იმ ფაქტს, თუ რატომ იქცევა ის ზოგჯერ ამ უკანასკნელივით. სხვათა მტკიცებით კი ის, რომ ძლიერი შთანთქავს სუსტს, ბუნების კანონია და მეტი არაფერი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მრავალს სჯერა, რომ უსამართლობა მუდამ იყო, არის და იქნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას, ვისაც ევოლუციის თეორიის სწამს, მომავლის არანაირი იმედი არ გააჩნია.

6 უდავოა, რომ ევოლუციის თეორია და ცრუ მოძღვრებები კიდევ უფრო უმძიმებს კაცობრიობას ამ ბოლო დღეებში შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას (რომ. 1:28—31; 2 ტიმ. 3:1—5). ეს ადამიანური მოძღვრებები არ შეიცავს ნამდვილ და მარადიული ბედნიერების მომტან სასიხარულო ცნობას. პირიქით, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, სწორედ ამ მოძღვრებების გამოა, რომ მრავალი „გონებადაბნელებული და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულია“ (ეფეს. 4:17—19). უფრო მეტიც, ევოლუციის თეორია და ცრუ სწავლებები სრულ ბურუსში ხვევს ღვთისგან მომდინარე სასიხარულო ცნობას და ხალხს უძნელებს მის მიღებას (წაიკითხეთ ეფესოელების 2:11—13 ).

მოხერხებულად დასმული კითხვებით დაეხმარეთ შემსწავლელს, თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე

7, 8. რომელია ის ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანები სრულად ჩასწვდებიან სასიხარულო ცნობას?

7 ადამიანები ღმერთს რომ შეურიგდნენ, უპირველესად, იეჰოვას არსებობა უნდა აღიარონ და გააცნობიერონ, რომ აუცილებელია მასთან დაახლოება. ჩვენ შეგვიძლია აღვძრათ ხალხი, ჩაუკვირდნენ შემოქმედებას და ამგვარად შეიძინონ ცოდნა ღვთის შესახებ. როცა ადამიანი წინასწარაკვიატებული აზრის გარეშე აკვირდება შემოქმედებას, ხვდება, რაოდენ ბრძენი და ძლიერია ამ ყოველივეს შემოქმედი (რომ. 1:19, 20). თუ გვსურს, რომ ხალხს ჩვენი დიდებული შემოქმედის საქმეებისადმი მოწიწების გრძნობა განუვითარდეს, მათთან საუბრისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროშურები: „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. თუმცა მხოლოდ შემოქმედებაზე დაკვირვებით შეუძლებელია პასუხები მიიღო ისეთ საჭირბოროტო კითხვებზე, როგორებიცაა: რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას? რა აქვს ღმერთს განზრახული  დედამიწასთან დაკავშირებით? ზრუნავს ღმერთი პირადად ჩემზე?

8 ბიბლიის გამოკვლევა არის ის ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანები შეძლებენ, სრულად ჩასწვდნენ სასიხარულო ცნობას და ღვთის განზრახვას. ჩვენ უდიდესი პატივი გვხვდა წილად, რომ ხალხს დავეხმაროთ, იპოვონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე! მაგრამ მსმენელთა გულებს რომ შევეხოთ, მხოლოდ მშრალი ფაქტებით არ უნდა შემოვიფარგლოთ; ისინი ამ ფაქტების სისწორეში უნდა დავარწმუნოთ (2 ტიმ. 3:14). ჩვენ უფრო დამაჯერებელი მოსაუბრენი ვიქნებით, თუ ამ მხრივ იესოს მივბაძავთ. თქვენი აზრით, როგორ აღწევდა იესო წარმატებას ამ საქმეში? ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ იესო ოსტატურად სვამდა კითხვებს. საინტერესოა, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

წარმატებული მახარობლები მოხერხებულად სვამენ კითხვებს

9. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს სულიერად დავეხმაროთ?

9 იესოს მსგავსად, რატომ უნდა გამოვიყენოთ კითხვების დასმის მეთოდი მახარობლის საქმის შესრულების დროს? მოდი, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ექიმმა გითხრათ, რომ კარგი ამბავი აქვს თქვენთვის სათქმელი. ის გეუბნებათ, რომ იმ შემთხვევაში შეძლებს თქვენს განკურნებას, თუ დათანხმდებით სერიოზულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ალბათ, ენდობით მის სიტყვებს. მაგრამ რას იფიქრებთ, თუ ექიმი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ერთ კითხვასაც კი არ დაგისვამთ, ისე დაგპირდებათ, რომ გამოგაჯანმრთელებთ. ალბათ, გაგიჭირდებათ ასეთი ექიმის ნდობა. როგორი ნიჭიერი და გამოცდილიც არ უნდა იყოს ის, სანამ რაიმე ღირებულ გამოსავალს შემოგთავაზებთ, უნდა დაგისვათ კითხვები და მოისმინოს თქვენი დაავადების სიმპტომები. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. თუ გვსურს, ხალხს სასიხარულო ცნობის გათავისებაში დავეხმაროთ, უნდა ვისწავლოთ კითხვების ლამაზად და ოსტატურად დასმა. მხოლოდ სრული სურათის დანახვის შემდეგ შევძლებთ ხალხისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენას.

10, 11. რა შედეგს მივაღწევთ, თუ ისეთივე მეთოდით ვასწავლით, როგორითაც იესო ასწავლიდა?

10 იესომ იცოდა, რომ კარგად შერჩეული კითხვების მეშვეობით არა მარტო მსმენელის აზრს გაიგებდა, არამედ მსჯელობაშიც ჩააბამდა მათ. მაგალითად, როცა იესოს სურდა, მოწაფეთათვის თავმდაბლობა ესწავლებინა, მათ ფიქრისკენ აღმძვრელი შეკითხვა დაუსვა (მარ. 9:33). ხოლო, როცა უნდოდა, პეტრესთვის დაენახვებინა, თუ როგორ ემსჯელა ამა თუ იმ პრინციპთან დაკავშირებით, ისეთი შეკითხვა დაუსვა, რომ მოციქულს არჩევნის გაკეთების საშუალება ჰქონოდა (მათ. 17:24—26). ერთხელ კი, როცა მოწაფეების გულის ზრახვების გაგება სურდა, რამდენიმე შეკითხვა დაუსვა მათ (წაიკითხეთ მათეს 16:13—17 ). ის, თუ როგორ სვამდა იესო კითხვებს და როგორ ამბობდა სათქმელს, მსმენელისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მშრალი ფაქტების მოსმენა. ის ხალხის გულებამდე აღწევდა და აღძრავდა მათ, რომ სასიხარულო ცნობის შესაფერისად მოქცეულიყვნენ.

11 თუ იესოს მსგავსად ჩვენც გონივრულად დავსვამთ შეკითხვებს, სულ მცირე, სამ რამეს მივაღწევთ. გავიგებთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს საუკეთესო სახით, როგორ ვისაუბროთ ისე, რომ საუბარი არ შეგვაწყვეტინონ და როგორ დავეხმაროთ თავმდაბალ ადამიანებს, იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. ქვემოთ მოყვანილი სამი სიტუაციიდან დავინახავთ, როგორ დავსვათ კითხვები ისე, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ.

12—14. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს, უფრო დაჯერებულად ესაუბროს სხვებს სასიხარულო ცნობაზე? მოიყვანეთ მაგალითი.

12 სიტუაცია 1: დავუშვათ, თქვენი შვილი მოდის და გეუბნებათ, რომ უჭირს თანაკლასელებთან შემოქმედების შესახებ საუბარი.  რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ მას, უფრო დაჯერებულად ესაუბროს სხვებს სასიხარულო ცნობაზე. სწრაფადვე რჩევის მიცემას და გაკრიტიკებას ჯობია, მიჰბაძოთ იესოს და დაუსვათ შეკითხვები, რათა გაიგოთ მისი აზრი.

13 წაუკითხეთ საჭირო მონაკვეთები ბროშურიდან „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და ჰკითხეთ, რომელ აზრს გამოიყენებდა კლასელთან საუბრისას. აგრეთვე გამოჰკითხეთ, თავად რატომ სწამს შემოქმედის არსებობის და რატომ სურს მისი ნების შესრულება? (რომ. 12:2). ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის აუცილებელი, ამ საკითხში მისი და თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად იდენტური იყოს.

14 აუხსენით ბავშვს, როგორ შეუძლია ესაუბროს თანაკლასელს. შეიძლება ჯერ გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით იმსჯელოს მან და შემდეგ დაუსვას კითხვები, რათა გაიგოს კლასელის აზრი. მაგალითად, წააკითხოს ზემოთ მოხსენიებული ბროშურის 21-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო. შემდეგ ჰკითხოს: „თუ ეთანხმები იმას, რომ თანამედროვე ტექნიკურ ეპოქაშიც კი ინფორმაციის ტევადობის მხრივ დნმ-ს ბადალი არ მოეპოვება?“. ალბათ, კლასელი დაეთანხმება. შემდეგ შეუძლია ასეთი რამ ჰკითხოს: „თუ სპეციალისტებმაც კი მსგავსი ვერაფერი შექმნეს, როგორ მოახერხა ეს უგონო მატერიამ?“. თქვენმა შვილმა თავის რელიგიურ შეხედულებებზე სხვებთან თავისუფლად რომ შეძლოს საუბარი, საჭიროა, ხშირად დადგათ მსგავსი ხასიათის ინსცენირებები. თუ ასწავლით ბავშვს, მოხერხებულად დასვას კითხვები, ამით დაეხმარებით მას, შეასრულოს თავისი მოვალეობა როგორც მახარობელმა.

15. თუ გვსურს, დავეხმაროთ ათეისტს, როგორ უნდა დავუსვათ კითხვები?

15 სიტუაცია 2: დროდადრო ქადაგებისას ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც ღვთის არსებობაში ეჭვი ეპარებათ. დავუშვათ, ადამიანი გვეუბნება, რომ ათეისტია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან საუბარი უნდა შევწყვიტოთ. შეგვიძლია თავაზიანად ვკითხოთ, რამდენი ხანია, რაც ათეისტია და რამ ჩამოუყალიბა ეს შეხედულება. მისი პასუხის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულების  გამო შევაქოთ და შევთავაზოთ პუბლიკაცია, რომელშიც მოცემულია იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ სიცოცხლე შემოქმედების გზით გაჩნდა. თუ ადამიანი წინასწარ შექმნილი აზრის ტყვეობაში არ არის, ალბათ, უარს არ იტყვის ჩვენს შეთავაზებაზე. შემდეგ შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ ან „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. თავაზიანად და ტაქტიანად დასმული შეკითხვები საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ სასიხარულო ცნობამ ადამიანის გულამდე მიაღწიოს.

16. რატომ არ არის სასურველი, შემსწავლელმა უშუალოდ ბიბლიის შესასწავლი პუბლიკაციიდან ამოიკითხოს პასუხები?

16 სიტუაცია 3: ბიბლიის შესწავლის დროს შემსწავლელს პირდაპირ ბიბლიის შესასწავლი პუბლიკაციიდან ხომ არ აკითხებთ პასუხებს? თუ დიახ, იცოდეთ, ამით ხელს უშლით მის სულიერ ზრდას. თუ შემსწავლელი გაუაზრებლად იმეორებს სახელმძღვანელოში დაბეჭდილ პასუხებს, ის სულიერად ღრმად ვერ გაიდგამს ფესვებს; დაემსგავსება მცენარეს, რომელიც თაკარა მზეს ვეღარ უძლებს და ჭკნება (მათ. 13:20, 21). ამიტომ კარგი იქნება, დავუსვათ კითხვები და გავიგოთ პირადად მისი აზრი. უნდა შევეცადოთ, გავარკვიოთ, ეთანხმება თუ არა წაკითხულს. გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შემსწავლელმა გამოთქვას თავისი აზრი, თუ რატომ ეთანხმება ან რატომ არ ეთანხმება ამა თუ იმ საკითხს. შემდეგ კი დაეხმარეთ, იმსჯელოს ბიბლიურ მუხლებზე და თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე (ებრ. 5:14). თუ კითხვებს ოსტატურად დავსვამთ, შემსწავლელები მყარად გაიდგამენ ფესვებს ჭეშმარიტებაში და მათ ვერას დააკლებს წინააღმდეგობა და ვერც ვერანაირი ცრუ სწავლება (კოლ. 2:6—8). კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა როგორც მახარობლებმა?

კარგი მახარობლები ერთმანეთს მხარში უდგანან

17, 18. როგორ ვითანამშრომლოთ თანაქრისტიანთან, როცა მსახურებაში ვართ?

17 იესომ მოწაფეები საქადაგებლად ორ-ორად დაგზავნა (მარ. 6:7; ლუკ. 10:1). მოგვიანებით პავლე მოციქულმა მოიხსენია თანამსახურები, რომლებიც მის „მხარდამხარ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის“ (ფილ. 4:3). ამასთან დაკავშირებით, 1953 წელს სამეფოს მაუწყებლებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შედიოდა სხვების ეფექტურ მქადაგებლებად მომზადება.

18 როგორ ვითანამშრომლოთ თანაქრისტიანთან, როცა მსახურებაში ვართ? (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6—9 ). თქვენც მოძებნეთ ბიბლიაში ის მუხლები, რომლებსაც თქვენი პარტნიორი უკითხავს მოსაუბრეს. შეხედეთ და უსმინეთ მას, ვინც საუბრობს, იქნება ეს მსმენელი თუ თქვენი პარტნიორი. ყურადღებით მიჰყევით მსჯელობას, რადგან საჭიროების შემთხვევაში ჩაებათ საუბარში და ერთობლივად გაუმკლავდეთ საწინააღმდეგო აზრს (ეკლ. 4:12). გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნუ შეაწყვეტინებთ თქვენს თანამსახურს საუბარს, როცა ის, ასე ვთქვათ, გარკვეულ ლოგიკურ მსჯელობას ავითარებს. საუბარში თქვენმა უადგილო ჩართვამ შესაძლოა გული გაუტეხოს თანაქრისტიანს და დააბნიოს მსმენელი. თუმცა ზოგჯერ მართებულია საუბარში ჩაბმა. მაგრამ რაიმეს თქმას თუ დააპირებთ, მოკლედ თქვით სათქმელი და ბევრს ნუ ილაპარაკებთ. დააცადეთ პარტნიორს, თავად დაასრულოს მსჯელობა.

19. რა უნდა გვახსოვდეს და რატომ?

19 როგორ შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ ერთმანეთს, როცა კარდაკარ მსახურობთ? კარგია, თუ სხვა კართან მისვლამდე ისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოთ შეთავაზებები. ფრთხილად იყავით, რომ მობინადრეების შესახებ თქვენმა საუბარმა თანაქრისტიანს ხალისი არ დაუკარგოს. არც ის იქნება ლამაზი, თუ თანაქრისტიანებზე უარყოფითად ილაპარაკებთ (იგავ. 18:24). გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი თიხის ჭურჭლები ვართ. სასიხარულო ცნობის ხალხთათვის ხარება კი ის განძია, რომელიც იეჰოვამ მოგვანდო და ეს ყოველივე მის განუსაზღვრელ სიკეთეზე მეტყველებს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:1, 7 ). დაე, ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ ამ განძისთვის და საუკეთესოდ შევასრულოთ ჩვენი საქმე როგორც მახარობლებმა!

მსმენელის გულს რომ შევეხოთ, ის ფაქტების სისწორეში უნდა დავარწმუნოთ