არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი ურთიერთობა მტკიცე ქორწინების საწინდარია

კარგი ურთიერთობა მტკიცე ქორწინების საწინდარია

„დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავ. 25:11).

1. როგორ ეხმარება კარგი ურთიერთობა წყვილებს?

„ჩემს მეუღლესთან დროის გატარებას არაფერი მირჩევნია, — ამბობს ერთი კანადელი ძმა. — ერთად ყოფნისას განცდილი ბედნიერება მიასკეცდება და ტკივილი მიმსუბუქდება“. ერთი ავსტრალიელი მამაკაცი აღნიშნავს: „11 წელია ერთად ვართ და ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ მე და ჩემს ცოლს ერთმანეთთან არ გვესაუბროს. უდიდესი ნდობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ და ჩვენი ოჯახის სიმტკიცეში არასდროს შეგვპარვია ეჭვი. ამაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმან, რომ ჩვენ ხშირი და აზრიანი საუბრები გვაქვს“. კოსტა-რიკაში მცხოვრები ერთი და გვიზიარებს: „კარგი ურთიერთობა არა მარტო ამრავალფეროვნებს ჩვენს ქორწინებას, არამედ უფრო მეტად გვაახლოებს იეჰოვასთან და ერთმანეთთან, გვიცავს ცდუნებებისგან და სიყვარულს გვიღრმავებს“.

2. რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი წყვილს კარგ ურთიერთობაში?

2 გსიამოვნებთ თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთმანეთთან ურთიერთობა, თუ გიჭირთ აზრიანი საუბრების გამართვა? ბუნებრივია, დაქორწინებულებს ექნებათ სირთულეები, რადგან საუბარია განსხვავებული ხასიათის მქონე ორ არასრულყოფილ ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა გარემოსა და კულტურაში აღიზარდნენ (რომ. 3:23). უფრო მეტიც, ცოლ-ქმარს შეიძლება განსხვავებული ურთიერთობის სტილი ჰქონდეს. ქორწინების ექსპერტები, ჯონ გოტმენი და ნან სილვერი აღნიშნავენ: „ქორწინებამ ხანგრძლივად რომ იარსებოს, საჭიროა გაბედულება, გადაწყვეტილების მიღებისას სიმტკიცე და პრობლემების მოგვარების უნარი“.

3. რა ეხმარება ცოლ-ქმარს ქორწინების განმტკიცებაში?

3 დიდი შრომა და ჯაფაა საჭირო იმისათვის, რომ ოჯახს ბედნიერება არ მოაკლდეს; და იმ ოჯახში, სადაც სიყვარული სუფევს, ცოლიცა და ქმარიც ხარობენ ერთად ყოფნით (ეკლ. 9:9). ისაკისა და რებეკას ოჯახი ამის ბრწყინვალე მაგალითია (დაბ. 24:67). ბიბლიიდან კარგად ჩანს, რომ ჟამთა სვლამ ვერ გაანელა მათი სიყვარული. იმავეს თქმა შეიძლება დღეს ბევრ წყვილზეც. რა არის მათი ბედნიერი ქორწინების „რეცეპტი“?  ისინი ერთმანეთს აზრებსა და გრძნობებს გულწრფელად და თავაზიანად უზიარებენ, ავლენენ გამჭრიახობას, სიყვარულს, დიდ პატივისცემასა და თავმდაბლობას. მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ, თუ როგორ უწყობს ხელს ეს თვისებები ოჯახში ლაღ და ტკბილ ურთიერთობებს.

წვდომის უნარი

4, 5. როგორ ეხმარება წვდომის უნარი დაქორწინებულებს, უკეთ გაუგონ ერთმანეთს? მოიყვანეთ მაგალითები.

4 „ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს“, — ნათქვამია იგავების 16:20-ში. ეს პრინციპი ზუსტად შეესაბამება ქორწინებას (წაიკითხეთ იგავების 24:3 ). ღვთის სიტყვა წვდომის უნარისა და სიბრძნის შეუდარებელი წყაროა. დაბადების 2:18-ის თანახმად, ქალი, როგორც ღვთის ქმნილება, კაცის შემავსებელია და არა მისი ასლი. ამიტომაც არის, რომ ქალს კაცისგან განსხვავებული ურთიერთობის ფორმა გააჩნია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდია, მაგრამ, ზოგადად, ქალებს უყვართ ლაპარაკი თავიანთ გრძნობებზე, გარშემომყოფებსა და ურთიერთობებზე. მათ სიამოვნებთ თბილი და ახლო ურთიერთობები, რადგან ამ დროს რწმუნდებიან, რომ სხვებს უყვართ. მეორე მხრივ, კაცების უმეტესობას არ უყვარს თავის გრძნობებზე საუბარი; ურჩევნიათ, ისაუბრონ სხვადასხვა საქმეზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ყველა მამაკაცს სურს, პატივს სცემდნენ.

5 „ჩემს ქმარს მოსმენა ძალიან უჭირს. ერთი სული აქვს, როდის გადაჭრის პრობლემას. ეს საშინლად მოქმედებს ჩემზე, არადა ყველაზე მეტად, რაც მჭირდება, სითბო და ყურადღებაა“, — აღნიშნავს ერთი ბრიტანელი იეჰოვას მოწმე. ამ ქალბატონის მეუღლე კი ასეთ რამეს ამბობს: „თავიდან, როცა დავქორწინდით, სულ იმას ვცდილობდი, რომ რა პრობლემაც არ უნდა ჰქონოდა ჩემს მეუღლეს, მალევე მომეგვარებინა. თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ მას ყველაზე მეტად ცხოვრებაში მომსმენი ყური სჭირდებოდა“ (იგავ. 18:13; იაკ. 1:19). ჭკვიან კაცს შეუმჩნეველი არ რჩება ცოლის გრძნობები და ის ყოველთვის ცდილობს, რომ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად მიუდგეს მეუღლეს; ამავე დროს, ის აგრძნობინებს, რომ ანგარიშს უწევს მის აზრებსა და გრძნობებს (1 პეტ. 3:7). თავის მხრივ, ცოლი ცდილობს, გაუგოს ქმარს და შევიდეს მის მდგომარეობაში. რა ჯობია, ისეთ ოჯახს, სადაც ცოლსაც და ქმარსაც ესმით ერთმანეთის, აფასებენ ერთმანეთს და პირნათლად ასრულებენ ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობებს! უფრო მეტიც, ასეთ დროს ისინი შეხმატკბილებულად იღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებებს.

6, 7. ა) როგორ ეხმარება ეკლესიასტეს 3:7-ში ჩაწერილი პრინციპი წყვილს, გამოავლინოს წვდომის უნარი? ბ) როგორ შეუძლია ცოლს გამჭრიახობის გამოვლენა და რა უნდა გააკეთოს ქმარმა?

6 ამასთანავე, წყვილმა, რომელსაც წვდომის უნარი აქვს, იცის, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:1, 7). ერთი და, რომელიც 10 წელია დაქორწინებულია, ჰყვება: „ახლა ვხვდები, რომ სერიოზულ საკითხზე სასაუბროდ დროის შერჩევაა საჭირო. როცა ჩემი ქმარი გადატვირთულია, პრობლემებზე მაშინვე არ ვუწყებ ლაპარაკს. ველოდები შესაფერის სიტუაციას. ასეთ მიდგომას გაცილებით კარგი შედეგი მოაქვს“. გამჭრიახი ცოლები თავაზიანად საუბრობენ; მათ იციან, რომ კარგად შერჩეული „დროულად ნათქვამი სიტყვა“ სასიამოვნო და ძვირფასია (წაიკითხეთ იგავების 25:11  ).

პატარა ყურადღებას დიდი წვლილი შეაქვს წყვილის გაბედნიერებაში

7 ქრისტიანმა ქმარმა ცოლს მხოლოდ კი არ უნდა მოუსმინოს, არამედ უნდა ეცადოს, რომ თავადაც ესაუბროს მას თავის გრძნობებზე. ერთი უხუცესი, რომელიც 27 წლის წინ დაოჯახდა, გვიმხელს: „დღემდე თავს ძალას ვატან, რომ მეუღლეს ვესაუბრო იმ საკითხებზე, რაც გულის სიღრმეში მაქვს“. სხვა ძმა კი, რომელიც 24 წელია დაოჯახებულია, ამბობს: „როცა რაღაც მაწუხებს, ჩემში ვიკლავ სადარდებელს და ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში თავისით გაივლის, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ გრძნობებზე საუბარი სისუსტის ნიშანი არ არის. როცა ჩემს თავს ვებრძვი და რაღაცის თქმას ვცდილობ, ვლოცულობ, რომ სწორად ვთქვა სათქმელი. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქავ და ვიწყებ ლაპარაკს“. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსაც. მაგალითად, ცოლ-ქმარს შეუძლია საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბროს ყოველდღიური მუხლის განხილვის ან ბიბლიას კითხვის დროს.

8. კიდევ რა უწყობს ხელს ქრისტიანი წყვილების ბედნიერებას?

 8 ლოცვა და ურთიერთობის უნარ-ჩვევების დახვეწა ერთობ აუცილებელია ქრისტიანი წყვილებისთვის. რა თქმა უნდა, ძნელია ხასიათის შეცვლა და ძველი ჩვევების მიტოვება. მაგრამ, როცა წყვილს უყვარს იეჰოვა, სთხოვს მას წმინდა სულს და ორივე ცოლ-ქმრულ კავშირს წმინდად მიიჩნევს, ოჯახიც ბედნიერია, რაც ესოდენ იშვიათია დღეს. ერთი ქალბატონი, რომელიც 26 წელია გათხოვილია, ამბობს: „ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისს და ვერც კი წარმოგვიდგენია ცალ-ცალკე ცხოვრება. ამიტომ რა პრობლემაც არ უნდა გვქონდეს, ყველა ღონეს ვახმართ იმას, რომ დავსხდეთ და ერთად გადავჭრათ“. ღვთისა და ერთმანეთისადმი ასეთი ერთგულება სასიამოვნოა იეჰოვასთვის და აუარებელი კურთხევა სდევს თან (ფსალმ. 127:1).

სიყვარული

9, 10. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს გაიღრმაოს სიყვარული ერთმანეთისადმი?

9 ქორწინებაში სიყვარული ყველაზე აუცილებელი თვისებაა, რადგან ის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14). ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნა აძლიერებს ნამდვილ სიყვარულს. ასეთ შემთხვევაში მეუღლეები დროის სვლასთან ერთად უფრო ახლო მეგობრები ხდებიან და უფრო მეტად ტკბებიან თანაცხოვრებით. ბედნიერ ოჯახებში ჰარმონია საგმირო საქმეების ჩადენით კი არ მიიღწევა, როგორც ამას ტელევიზიით წარმოგვიდგენენ, არამედ მას მცირე, უმნიშვნელო ფაქტორები განსაზღვრავს, მაგალითად: ჩახუტება, ქათინაური, თავაზიანობის გამომხატველი ჟესტი, თბილი ღიმილი და გულწრფელი მოკითხვა. სინამდვილეში, პატარა ყურადღებას დიდი წვლილი შეაქვს წყვილის გაბედნიერებაში. ერთი მამაკაცი ამბობს: „ჩვენ 19 ბედნიერი წელი განვვლეთ ერთად. დღის განმავლობაში ხან ვურეკავთ და ხან მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს უბრალოდ იმისთვის, რომ მოვიკითხოთ ერთმანეთი“.

10 სიყვარული ასევე აღძრავს ცოლ-ქმარს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი (ფილ. 2:4). ეს კი, ადამიანური სისუსტეების მიუხედავად, ცოლ-ქმარს შორის არსებულ სიყვარულს უფრო მეტად აძლიერებს და აღრმავებს. ბედნიერი ქორწინების შემთხვევაში დროის სვლასთან ერთად ოჯახური კვანძები თანდათან მტკიცდება და ძლიერდება. ასე რომ, თუ დაქორწინებული ხართ, დაფიქრდით, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს მეორე ნახევარს. იცით, რას გრძნობს და ხვდებით, რას ფიქრობს ამა თუ იმ სიტუაციაში? რამდენად ხშირად ფიქრობთ მასზე და მის იმ თვისებებზე, რომლებმაც თავდაპირველად მოგხიბლათ?

 პატივისცემა

11. რატომ არის აუცილებელი პატივისცემა ბედნიერი ქორწინებისთვის?

11 ბედნიერი ქორწინება სრულყოფილ ქორწინებას არ ნიშნავს. ამიტომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარსაც კი შეიძლება არ ჰქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი აზრი. მაგალითად, აბრაამსა და სარასაც არ ჰქონდათ ყოველთვის ერთნაირი შეხედულება (დაბ. 21:9—11). თუმცა ეს არ გამხდარა მათ შემთხვევაში ოჯახური კონფლიქტის მიზეზი. ისინი ერთმანეთს თავაზიანად და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მაგალითად, როგორც ბიბლიაში წერია, ერთხელ აბრაამმა „სთხოვა“ სარას, მოესმინა მისთვის (დაბ. 12:11, 13). თავის მხრივ, სარა ემორჩილებოდა აბრაამს და მას „ბატონად“ თვლიდა (დაბ. 18:12). წყვილებს შორის პატივისცემის ნაკლებობა ხშირად მათი საუბრის მანერებსა და ხმის ტონში ჩანს (იგავ. 12:18). ამ საკითხისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ოჯახის ერთიანობას (წაიკითხეთ იაკობის 3:7—10, 17, 18 ).

12. რატომ შეიძლება დასჭირდეთ ახალდაქორწინებულებს უფრო მეტი ძალისხმევა, რომ პატივისცემით ესაუბრონ ერთმანეთს?

12 ახალდაქორწინებულებს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ ერთმანეთს თავაზიანად და პატივისცემით ესაუბრონ. ასეთი დადებითი საუბრები ოჯახში თავისუფალ ატმოსფეროს ქმნის და გულწრფელ ურთიერთობებს უწყობს ხელს. ერთი მამაკაცი იხსენებს: „ქორწინების პირველი წლები სასიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ გაუგებრობები გარდაუვალია. მაგალითად, ძალიან ძნელია, წონასწორობა შეინარჩუნო იმ დროს, როცა ერთმანეთის გრძნობებს, ჩვევებსა და მოთხოვნილებებს პირისპირ ეჯახებით. მაგრამ ოჯახური იდილია არ დაირღვევა, თუ ორივე მხარე გონივრულად მიუდგება საკითხს, არ დაკარგავს იუმორის გრძნობას, მიენდობა იეჰოვას და გამოავლენს მეტად საჭირო თვისებებს: თავმდაბლობას და მოთმინებას“. მართლაც, რა უდავო ჭეშმარიტებაა!

თავმდაბლობა

13. რატომ არის თავმდაბლობა ერთ-ერთი აუცილებელი თვისება იმისათვის, რომ წყვილები ბედნიერები იყვნენ?

13 ოჯახში არსებული სასიამოვნო ურთიერთობები ბაღში მშვიდად მოდუდუნე ნაკადულს ჰგავს. იმისათვის, რომ „ნაკადულმა“ ანუ ოჯახურმა ურთიერთობებმა კვლავაც განაგრძოს მშვიდი და წყნარი დინება, აუცილებელია თავმდაბლობა (1 პეტ. 3:8). «გაუგებრობის მოსაგვარებლად უმოკლესი გზა სწორედ რომ თავმდაბლობაზე გადის; ესაა ის თვისება, რომელიც ადამიანს ათქმევინებს სიტყვას „ბოდიში“ », — ეს სიტყვები ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც 11 წლის წინ დაქორწინდა. ერთი უხუცესი კი, რომელსაც 20 წელია, რაც ბედნიერი ოჯახი აქვს, ამბობს: «ზოგჯერ ბოდიშის მოხდას  უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე სიტყვას „მიყვარხარ“ ». ის დასძენს: „თავმდაბლობა რომ მალევე გამოავლინო, ლოცვაა აუცილებელი. როცა ერთად მივმართავთ იეჰოვას ლოცვით, კიდევ ერთხელ შევიხსენებთ, რომ არასრულყოფილები ვართ და რომ ღმერთი დიდ წყალობას ავლენს ჩვენ მიმართ. ეს მეხმარება, რომ ყველაფერი სათანადოდ შევაფასო“.

მუდამ კარგი ურთიერთობა გქონდეთ მეუღლესთან

14. რა გავლენას ახდენს სიამაყე ქორწინებაზე?

14 სიამაყე ადამიანებს შორის უფსკრულს აჩენს. ის ანგრევს ურთიერთობებს, ვინაიდან ადამიანში ახშობს მობოდიშების ყოველგვარ სურვილს; ამაყ ადამიანს აღარ ჰყოფნის გაბედულება ბოდიშის მოსახდელად. იმის ნაცვლად, რომ თქვას „ბოდიში, გთხოვ მაპატიე“, ამაყი ადამიანი თავის მართლებას იწყებს. იმის მაგივრად, რომ აღიაროს თავისი შეცდომები, სხვებს ადანაშაულებს. როცა ვინმე გულს სტკენს, არ ცდილობს საქმის მშვიდობიანად მოგვარებას, ნაწყენდება, უხეშად ეპასუხება ან საერთოდ ხმას არ იღებს (ეკლ. 7:9). დიახ ასეა, სიამაყე ბოლოს უღებს ქორწინებას! უნდა გვახსოვდეს, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (იაკ. 4:6).

15. ახსენით, როგორ ეხმარება ეფესოელების 4:26, 27-ში მოცემული პრინციპი დაქორწინებულებს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.

15 რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ სიამაყე უვნებელი თვისებაა და არავის აზარალებს. დროულად უნდა ამოვიცნოთ ჩვენში ეს თვისება და მალევე უნდა მივიღოთ ზომები. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). ამ რჩევის უგულებელყოფა ზედმეტ სატკივარს გაგვიჩენს. ერთი და გულისტკივილით ამბობს: „როცა მე და ჩემი მეუღლე არ ვითვალისწინებთ ეფესოელების 4:26, 27-ში ჩაწერილ პრინციპს, ცუდ შედეგებს ვიმკით; ამას ხშირად მოჰყვება ხოლმე უძილო ღამეები“. მართლაც, ბევრად უკეთესია, რომ წყვილმა პრობლემის წამოჭრისთანავე იმსჯელოს ამ საკითხზე და მათი მიზანი შერიგება იყოს. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დამშვიდების საშუალება უნდა მისცეს. ასევე წყვილს დაეხმარება ლოცვა, რათა ჰქონდეთ სწორი განწყობა. ამაში იგულისხმება თავმდაბლობა, რაც მეუღლეებს ყურადღებას პრობლემაზე გადაატანინებს და არა საკუთარ თავზე. ასე უფრო ადვილად განიმუხტება სიტუაცია (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12, 13 ).

16. როგორ ეხმარება თავმდაბლობა ცოლსა და ქმარს, სათანადოდ შეაფასონ ერთმანეთის ძლიერი მხარეები?

16 თავმდაბლობა და მოკრძალება დაქორწინებულებს ეხმარება, დაინახონ ერთმანეთის ძლიერი მხარეები. მაგალითად, ცოლს შეიძლება რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ან უნარი აქვს, რომელსაც ოჯახის საკეთილდღეოდ იყენებს. თუ ქმარი თავმდაბალია, ის ცოლში კონკურენტს არ დაინახავს, პირიქით, წაახალისებს, რომ მან ეს ნიჭი და უნარი უფრო მეტად გამოიყენოს; ამით ქმარი აჩვენებს, რომ აფასებს და პატივს სცემს თავის მეუღლეს (იგავ. 31:10, 28; ეფეს. 5:28, 29). თავის მხრივ, თავმდაბალი და კდემამოსილი ცოლი აფიშირებას არ უკეთებს თავის შესაძლებლობებს და არ ამცირებს ქმარს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოლ-ქმარი ხომ „ერთი ხორცია“ და ის, რაც სტკივა ერთს, სტკივა მეორესაც (მათ. 19:4, 5).

17. რა დაეხმარება წყვილებს, რომ იყვნენ ბედნიერნი და განადიდონ ღმერთი?

17 დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენც გსურთ ისეთივე ბედნიერი, ხანგრძლივი და ღვთის განმადიდებელი ქორწინება გქონდეთ, როგორიც აბრაამსა და სარას, ისაკსა და რებეკას ჰქონდათ. მაშ, გაიზიარეთ ღვთიური თვალსაზრისი ამ საკითხზე! ეძებეთ ღვთის სიტყვაში ჩამარხული წვდომის უნარი სიბრძნესთან ერთად. მუდამ იფიქრეთ მეუღლეზე, როგორც თქვენთვის უძვირფასეს ადამიანზე და ამგვარად გაიღრმავეთ სიყვარული, რაც „იაჰის ალია“ (ქებ. 8:6). ბევრი იშრომეთ, რომ განივითაროთ თავმდაბლობა. პატივისცემით მოეპყარით თქვენს მეორე ნახევარს. თუ ყურად იღებთ ზემოთქმულს, ქორწინება დიდ ბედნიერებას მოგიტანთ თქვენ და სიხარულს მოჰგვრის თქვენს ზეციერ მამასაც (იგავ. 27:11). თქვენც იმავეს იგრძნობთ, რაც ერთმა მამაკაცმა, რომელსაც უკვე 27 წელია, ბედნიერი ოჯახი ჰყავს: „ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე ჩემი მეუღლის გარეშე. ჩვენი ქორწინება დღითი დღე უფრო ძლიერდება. და ეს იეჰოვას სიყვარულისა და ერთმანეთთან მჭიდრო, ახლო ურთიერთობის შედეგია“.