არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო და შვილებო — სიყვარულზე ააგეთ ურთიერთობები

მშობლებო და შვილებო — სიყვარულზე ააგეთ ურთიერთობები

„ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკ. 1:19).

1, 2. რა აღმატებული გრძნობა აკავშირებთ მშობელსა და შვილს და რა სირთულეები წამოიჭრება ზოგჯერ?

შეერთებულ შტატებში ასობით ახალგაზრდას ასეთი კითხვა დაუსვეს: „დავუშვათ, გითხრეს, რომ ხვალ თქვენი მშობლები ცოცხლები აღარ იქნებიან, რას ჰკითხავდით მათ დღეს?“. რესპოდენტთა 95-მა პროცენტმა ყურადღება არ გაამახვილა მშობლებთან ურთიერთობისას არსებულ გაუგებრობებსა და პრობლემებზე. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ბოდიშს მოუხდიდნენ მშობლებს და ეტყოდნენ: „მაპატიე, ძალიან მიყვარხარ“ (ინფორმაცია აღებულია შაუნტი ფელდჰანისა და ლისა რაისის ავტორობით შედგენილი წიგნიდან „მხოლოდ მშობლებისთვის“).

2 მშობელსა და შვილს ერთმანეთთან უდიდესი სიყვარულის გრძნობა აკავშირებთ. ამ სათუთ გრძნობას განსაკუთრებით ქრისტიანულ ოჯახებში ავლენენ. მიუხედავად ამისა, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ზოგჯერ მაინც იძაბება და ჩიხში შედის. რატომ რჩება უთქმელი ზოგიერთი საკითხი გულწრფელი და გულღია საუბრების დროსაც კი? რა უშლის ხელს კარგ ურთიერთობებს და რაში მდგომარეობს გამოსავალი?

ნუ განმარტოვდებით, იქონიეთ ახლო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან

„გამოისყიდეთ . . . დრო“ ურთიერთობისთვის

3. ა) რატომ უჭირთ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა? ბ) რატომ არ იყო რთული ძველ ისრაელში ოჯახებისთვის დროის ერთად გატარება?

3 ბევრ ოჯახში დღეს დროის უკმარისობის გამო ჯანსაღი ურთიერთობების დეფიციტია. თუმცა ძველად ასე არ იყო. მოსემ ისრაელში მცხოვრებ მამებს მიუთითა: „ჩააგონე [ღვთის სიტყვები] შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კან. 6:6, 7). ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ან დედასთან იყვნენ სახლში ან მამასთან მინდორსა თუ სამუშაო ადგილზე. მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ  ერთად ყოფნისა და საუბრისთვის. შედეგად, მშობლები კარგად ეცნობოდნენ თავიანთ შვილებს და იცოდნენ მათი მოთხოვნილებები და მისწრაფებები. შესაბამისად, ბავშვებიც კარგად იცნობდნენ მშობლებს.

4. რატომ არ არის დღეს ბევრ ოჯახში გულწრფელი და გულღია ურთიერთობები?

4 დღეს სულ სხვა დროა! მშობლებს 2-3 წლის პატარები უკვე ბაგა-ბაღში დაჰყავთ. ბევრ მშობელს სახლიდან საკმაოდ შორს უწევს სამსახურში სიარული. იმ მცირე დროსაც კი, რომელსაც ბავშვებთან ერთად ატარებენ, ან კამათში ანდა კიდევ კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან „ურთიერთობაში“ ხარჯავენ. რეალურად, მშობლებიცა და შვილებიც საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილნი და ერთმანეთისგან გაუცხოებულნი არიან. დღეს ოჯახებში აზრიანი საუბრები იშვიათობად იქცა.

5, 6. როგორ ახერხებს ზოგიერთი მშობელი დროის გამოსყიდვას შვილებთან ურთიერთობისთვის?

5 შეგიძლიათ გამოისყიდოთ დრო თქვენი ოჯახისთვის? (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16 ). ზოგი ოჯახი შეთანხმდა, რომ ტელევიზორს და კომპიუტერს ნაკლებ დროს დაუთმობდა. ზოგ ოჯახში კი ოჯახის წევრები ცდილობენ, ყოველდღე, სულ მცირე, ერთხელ მაინც ისადილონ ერთად. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს მშობლებს და შვილებს, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ სულიერ საკითხებზე მშვიდ და წყნარ გარემოში. ოჯახური ურთიერთობებისთვის კვირაში ერთი საათი კარგი დასაწყისია, თუმცა ღრმა საუბრებისთვის ცოტა მეტია საჭირო. ამიტომ ოჯახის წევრებს ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. მშობლებო, სკოლაში წასვლამდე თქვენს შვილს ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ხომ არ ეტყოდით?! ან სკოლაში გაცილებამდე მასთან ერთად ყოველდღიურ მუხლს ხომ არ განიხილავდით, ან ხომ არ ილოცებდით. ეს ბავშვს დიდ სტიმულს მისცემს მთელი დღის განმავლობაში.

6 ზოგმა მშობელმა, თავისი მოზარდებისთვის უფრო მეტი დრო რომ დაეთმო, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოახდინა. მაგალითად, ორი შვილის დედამ, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობდა, სწორედ ამ მიზეზით დაანება სამსახურს თავი. მოდი, მოვუსმინოთ, რას ამბობს ის: „ჩვენი დილა იწყებოდა ასე: ბავშვები სკოლაში გარბოდნენ,  მე — სამსახურში. საღამოს სახლში რომ ვბრუნდებოდი, ძიძას ბავშვები უკვე დაძინებული ჰყავდა. ჩემი სამსახურიდან წამოსვლა იმას ნიშნავდა, რომ ოჯახს ნაკლები შემოსავალი ექნებოდა, თუმცა შვილებთან მექნებოდა ახლო ურთიერთობა. დღეს უკვე ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი შვილები და რა პრობლემები აქვთ. ვუსმენ მათ ლოცვებს და ვხვდები, როგორ დავეხმარო, გავამხნეო და ვასწავლო უკეთ“.

იყავით „სწრაფი მოსმენაში“

7. რასთან დაკავშირებით გამოთქვამენ უკმაყოფილებას მშობლები და ბავშვები?

7 პირველ აბზაცში მოხსენიებული წიგნის ავტორებმა მრავალ ახალგაზრდასთან ინტერვიუს აღების შემდეგ დაასახელეს ურთიერთობებში კიდევ ერთი ხელის შემშლელი ბარიერი: „ბავშვები ყველაზე მეტად უკმაყოფილებას იმაზე გამოთქვამენ, რომ მშობლები არ უსმენენ“. რეალურად, ეს მხოლოდ ბავშვების პრობლემა არ არის. მშობლებიც იმავეს ამბობენ თავიანთ შვილებზე. თუ ოჯახის წევრებს სურთ, გულღია და წრფელი ურთიერთობები ჰქონდეთ, უნდა ისწავლონ მოსმენა, ოღონდ გულწრფელად მოსმენა (წაიკითხეთ იაკობის 1:19 ).

8. რას ნიშნავს გულწრფელად მოსმენა?

8 მშობლებო, უსმენთ გულწრფელად თქვენს შვილებს? ამის გაკეთება მაშინაა განსაკუთრებით რთული, როცა დაღლილი ხართ, ან ბავშვი თქვენთვის უმნიშვნელო საკითხზე გესაუბრებათ. მაგრამ ის, რაც შეიძლება თქვენთვის უმნიშვნელო ჩანდეს, ბავშვისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. იყო „სწრაფი მოსმენაში“, ნიშნავს არა მარტო ყურადღებით მოსმენას, თუ რას ამბობს ბავშვი, არამედ ყურადღების გამახვილებას იმაზეც, თუ როგორ ამბობს ის სათქმელს. ხმის ტონი, ჟესტები და მიმიკები მშობლებს მიანიშნებს, თუ რას გრძნობს მათი მოზარდი. ასევე მნიშვნელოვანია, მშობლებმა კითხვები დაუსვან შვილებს. „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, — ვკითხულობთ ბიბლიაში. — გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავ. 20:5). წვდომის უნარი და გამჭრიახობა განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როცა ბავშვთან მგრძნობიარე თემებზე საუბრობთ.

9. რატომ უნდა მოუსმინონ შვილებმა მშობლებს?

9 ბავშვებო, ემორჩილებით მშობლებს? „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავ. 1:8). ერთი რამ გახსოვდეთ: მშობლებს თქვენ ძალიან უყვარხართ და კარგის მეტი არაფერი სურთ თქვენთვის! ამიტომ კარგი შვილები იქნებით, თუ მოუსმენთ და დაემორჩილებით მათ (ეფეს. 6:1). მორჩილება გაცილებით ადვილია, როცა მშობელსა და შვილს შორის კარგი ურთიერთობაა და შვილმა იცის, რომ დედიკოს და მამიკოს უყვართ ის. გადაუშალეთ მშობლებს გული და ნუ დაუმალავთ თქვენს გრძნობებს. გჯეროდეთ, რომ ისინი ასე უფრო მეტად გაგიგებენ. ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც უნდა გაუგოთ მათ.

10. რას ვსწავლობთ რობოამის მაგალითიდან?

10 ახალგაზრდებო, სიფრთხილე გმართებთ, როცა რჩევას თქვენს თანატოლს ეკითხებით. შესაძლოა, მათი რჩევა თქვენთვის სასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს რჩევა შეიძლება საერთოდ არ გამოგადგეთ. უფრო მეტიც, გამორიცხული არ არის, რომ ის თქვენთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. ახალგაზრდების უმეტესობას, ხანდაზმულებისგან განსხვავებით, არა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. მათ არ შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ ამა თუ იმ მოქმედების თანმდევი მოვლენები და შედეგები. გავიხსენოთ სოლომონის ვაჟის, რობოამის მაგალითი. როგორ მოიქცა ის, როცა გამეფდა? იმის მაგივრად, რომ უხუცესთა რჩევას მიჰყოლოდა, მასთან შეზრდილი თანატოლების უგუნურ რჩევას დაჰყვა. ასე დაკარგა მან ქვეშევრდომთა უმრავლესობის მხარდაჭერა (1 მეფ. 12:1—17). ნუ მიჰბაძავთ რობოამს უგუნურ საქციელში. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მშობლებთან ახლო და წრფელი ურთიერთობა გქონდეთ. ესაუბრეთ თქვენს გულის ნადებზე. ისწავლეთ მათგან. იცოდეთ, ნამდვილად გამოგადგებათ მათი რჩევები! (იგავ. 13:20).

11. რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ მშობელი ბავშვს თავისთან ახლოს არ მიუშვებს?

 11 მშობლებო, თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილები თანატოლებთან დარბოდნენ რჩევების საკითხავად, მოუშვით თქვენთან ახლოს და გაუადვილეთ თქვენთან საუბარი. ერთი ახალგაზრდა და ამბობს: „საკმარისია, ბიჭის სახელი ვახსენო, რომ ჩემი მშობლები მაშინვე მდგომარეობიდან გამოდიან. მერე მეც ვღიზიანდები და საუბრის გაგრძელების სურვილი მეკარგება“. სხვა ახალგაზრდა და კი აღნიშნავს: „ბევრ მოზარდს სურს მშობლებისგან რჩევების მიღება. მაგრამ, როცა ხედავენ, რომ მშობლები არასერიოზულად ეკიდებიან მათ საუბარს, სხვებთან მიდიან, თუნდაც თავიანთზე გამოუცდელებთან“. თქვენი შვილი გაიხსნება თქვენთან და სიამოვნებით მიიღებს თქვენს რჩევას, თუ თანაგრძნობით მოუსმენთ, რა საკითხზეც არ უნდა დაგელაპარაკოთ.

იყავით „სიტყვაში ნელი“

12. როგორ შეიძლება მშობლის არასწორმა რეაქციამ ხელი შეუშალოს მას ბავშვთან ურთიერთობაში?

12 ურთიერთობას ხელს ისიც უშლის, როცა მშობელი ემოციურად და უარყოფითად რეაგირებს ბავშვის ნათქვამზე. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ქრისტიან მშობლებს თავიანთი შვილების დაცვა ძალიან სურთ, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში, როცა ქვეყანა სავსეა ათასგვარი საშიშროებით (2 ტიმ. 3:1—5). მაგრამ ის, რაც მშობელს დაცვად მიაჩნია, ბავშვისთვის შეიძლება ზედმეტად შემზღუდველი იყოს.

13. რატომ არ უნდა გამოთქვან მშობლებმა საკუთარი აზრი ნაჩქარევად?

13 მშობელი გონივრულად იქცევა, როცა შვილთან საუბრისას სწრაფადვე არ აფიქსირებს საკუთარ აზრს. თუმცა ადვილი არ არის სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა შვილი რაიმე არასასიამოვნოს გიყვებათ. მაგრამ გახსოვდეთ, პასუხის გაცემამდე ყურადღებით მოსმენა ძალზე აუცილებელია. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავ. 18:13). თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ბავშვს საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემთ და თქვენც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ. ბავშვის დახმარება რომ შეძლოთ, ჯერ სრულ სურათს უნდა გაეცნოთ. „სიმწრით სავსე“ სიტყვების მიღმა შეგიძლიათ მისი ნამდვილი გულისტკივილი ამოიცნოთ (იობ. 6:1—3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მოსიყვარულე მშობლებო — ყური დაუგდეთ შვილებს, რათა უკეთ გაუგოთ, ესაუბრეთ შვილებს, რათა უკეთ ანუგეშოთ!

14. რატომ უნდა იყოს ბავშვი „სიტყვაში ნელი“?

14 ბავშვებო, თქვენც გმართებთ, იყოთ „სიტყვაში ნელი“. საუბრის დროს სწრაფადვე ნუ შეეწინააღმდეგებით მშობელს, ბოლომდე ათქმევინეთ სათქმელი. ღმერთმა ხომ მათ მიანდო თქვენი აღზრდის პასუხისმგებლობა?! (იგავ. 22:6). შეიძლება ისინიც ყოფილან ისეთ სიტუაციებში, როგორშიც თქვენ ხართ დღეს. შეიძლება ნანობენ კიდეც ახალგაზრდობაში ჩადენილ შეცდომებს და მთელი გულით სურთ, დაგიცვან, იგივე შეცდომები არ დაუშვათ. ამიტომ მშობლებს ისე უყურეთ, როგორც მოკავშირეებს და მრჩევლებს და არა, როგორც მოწინააღმდეგეებს და მტრებს (წაიკითხეთ იგავების 1:5 ). „პატივი ეცით მამას და დედას“ და დაანახვეთ, რომ თქვენც ისევე გიყვართ ისინი, როგორც მათ უყვარხართ. ასე მათ უფრო გაუადვილდებათ თქვენი ღვთისმოსაწონად აღზრდა და დარიგება (ეფეს. 6:2, 4).

იყავით „რისხვაში ნელი“

15. რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ მოთმინება და არ გავუნაწყენდეთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს?

15 ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვუნაწყენდებით. „ქრისტესთან ერთობაში მყოფ წმინდებსა და ერთგულ ძმებს კოლოსეში“ პავლე ასეთ რამეს სწერდა: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ . . . მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლ. 1:1, 2; 3:19, 21). პავლემ ეფესოელები გააფრთხილა: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფეს. 4:31). თუ გვსურს, რთულ  სიტუაციებშიც კი შევინარჩუნოთ სიმშვიდე, უნდა გამოვიმუშაოთ სულის ნაყოფში შემავალი თვისებები: სულგრძელობა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23).

16. როგორ შეუსწორა იესომ აზროვნება თავის მოწაფეებს და რატომ არის ეს აღსანიშნავი?

16 მშობლებო, მოდი, დაუკვირდით იესოს მაგალითს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის საშინელი განცდა, რაც მას სიკვდილის წინა ღამეს, მოციქულებთან ერთად ვახშმობის დროს ჰქონდა. იესომ იცოდა, რომ რამდენიმე საათში ტანჯვით დაასრულებდა სიცოცხლეს. მის ერთგულებაზე იყო დამოკიდებული მამის სახელის განწმენდა და კაცთა მოდგმის ხსნა. სწორედ ამ დროს „[მოციქულებს] შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“. იესოს ხმამაღალი საუბარი არ დაუწყია მათთვის და არ განაწყენებულა. მან მშვიდად აუხსნა სათქმელი და შეახსენა, რომ ისინი ყოველთვის მის გვერდით იყვნენ განსაცდელში. მიუხედავად იმისა, რომ სატანას ისინი ხორბალივით უნდა გაეცხრილა, იესომ მათ მიმართ ნდობა გამოხატა და დაარწმუნა, რომ შეძლებდნენ ერთგულების შენარჩუნებას. ბოლოს მან შეთანხმებაც კი დაუდო მოციქულებს (ლუკ. 22:24—32).

გულისყურით უსმენთ შვილს?

17. რა დაეხმარებათ შვილებს სიმშვიდის შენარჩუნებაში?

17 სიმშვიდის გამოვლენა ბავშვებსაც მართებთ, განსაკუთრებით მოზარდობის წლებში. ამ დროს მოზარდი ფიქრობს: „მშობლები იმიტომ მაძლევენ მითითებებს, რომ არ მენდობიან“. შეიძლება ზოგჯერ ასე მიგაჩნიათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათი ამგვარი დამოკიდებულება თქვენდამი სიყვარულის გამოვლინებაა და სხვა არაფერი. თუ მშობლებს ყოველთვის მშვიდად მოუსმენთ და დაუჯერებთ, მათ თვალში პატივისცემას მოიპოვებთ და სანდო და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანის რეპუტაციას შეიქმნით. ასეთი სახით, შესაძლოა უფრო მეტი თავისუფლებაც კი დაიმსახუროთ. თავშეკავების გამოვლენა სიბრძნის მაჩვენებელია. ერთი ბრძნული იგავი ამბობს: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავ. 29:11).

18. რა შედეგი მოჰყვება კარგ ურთიერთობებს?

18 ძვირფასო მშობლებო და შვილებო! გულს ნუ გაიტეხთ, თუ თქვენს ოჯახში ურთიერთობები ისეთი ღია და გულწრფელი არ არის, როგორიც გსურთ. ფარ-ხმალს ნუ დაყრით, ყველაფერი თქვენს ხელთაა. კვლავაც იარეთ ჭეშმარიტებაში! (3 იოან. 4). ახალ ქვეყნიერებაში სრულყოფილ ადამიანებს სრულყოფილი ურთიერთობები ექნებათ, სადაც არ იქნება არანაირი გაუგებრობა და კამათი. თუმცა დღეს ყველა ვუშვებთ შეცდომებს, რაზედაც მოგვიანებით ვნანობთ. ასე რომ, ნუ დააყოვნებთ ბოდიშის მოხდას! აპატიეთ ერთმანეთს. გაერთიანდით სიყვარულში! (კოლ. 2:2). სიყვარულს დიდი ძალა გააჩნია. „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორ. 13:4—7). მუდამ გამოავლინეთ სიყვარული და თქვენი ურთიერთობები გაფურჩქნილ ყვავილს დაემსგავსება. ეს ბედნიერებას მოუტანს თქვენს ოჯახს და განადიდებს იეჰოვას.