არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიქეცით ბრძნულად — გაუფრთხილდით მემკვიდრეობას

მოიქეცით ბრძნულად — გაუფრთხილდით მემკვიდრეობას

„ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომ. 12:9).

1, 2. ა) რის საფუძველზე გადაწყვიტეთ ღვთისადმი მსახურება? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს სულიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით?

მილიონებმა გადავწყვიტეთ, ვემსახუროთ იეჰოვას და ფეხდაფეხ მივყვეთ იესო ქრისტეს ნაკვალევს. ეს ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილებაა (მათ. 16:24; 1 პეტ. 2:21). ღვთისადმი მიძღვნის საკითხს ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ბიბლიური მუხლის ზედაპირულმა ცოდნამ კი არა, ღვთის სიტყვის სიღრმისეულმა გამოკვლევამ მიგვაღებინა. საბედნიეროდ, ჩვენთვის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ უამრავ წვრილმანს მოეფინა ნათელი. ამ მემკვიდრეობას იეჰოვა სთავაზობს მათ, ვინც ეცნობა მას და მის ძეს, იესო ქრისტეს (იოან. 17:3; რომ. 12:2).

2 ქრისტიანული სახე რომ არ დავკარგოთ, ზეციერი მამის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს. სტატიაში შევეხებით შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს: რა არის ჩვენი მემკვიდრეობა? როგორ უნდა ვუყურებდეთ მას? როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ მივიღოთ ეს მემკვიდრეობა? რა დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში?

რა არის ჩვენი მემკვიდრეობა?

3. რა მემკვიდრეობას მიიღებენ ა) ცხებულები და ბ) „სხვა ცხვარი“?

3 ქრისტიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ელის „უხრწნელ, წაუბილწველ და უჭკნობელ მემკვიდრეობას“, რაც ქრისტესთან ერთად მეფობის უდიდეს პატივს ნიშნავს (1 პეტ. 1:3, 4). მემკვიდრეობის მისაღებად სულითცხებული ქრისტიანები ხელახლა უნდა დაიბადონ (იოან. 3:1—3). რა მემკიდრეობას მიიღებს იესოს მილიონობით „სხვა ცხვარი“, რომელიც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მხარს უჭერს ცხებულებს? (იოან. 10:16). „სხვა ცხვარი“ მიიღებს იმ მემკვიდრეობას, რის მიღებაც არ შეეძლოთ უკვე ცოდვილ  ადამსა და ევას. ეს არის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე ტანჯვის, სიკვდილისა და გლოვის გარეშე (გამოცხ. 21:1—4). ამიტომ, იესოს ბოროტმოქმედისთვის შეეძლო ეთქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:43).

4. რა კურთხევებს ვიღებთ დღესვე?

4 მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილით დღესვე ვსარგებლობთ. ვინაიდან „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდისადმი“ რწმენას ვავლენთ, შინაგანი სიმშვიდე გვაქვს და ვტკბებით ღმერთთან ახლო ურთიერთობით (რომ. 3:23—25). ამასთანავე, ჩვენთვის ცხადი ხდება ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი დაპირებები. უფრო მეტიც, ძალიან დიდ სიხარულს გვგვრის ის, რომ ვართ მოსიყვარულე საერთაშორისო საძმოს წევრები. იეჰოვას მოწმედ ყოფნა მართლაც რომ უდიდესი კურთხევაა! სწორედ ამიტომ ვაფასებთ ჩვენს მემკვიდრეობას.

5. როგორ ცდილობდა ეშმაკი ღვთის ხალხის შეცდენას და რა დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ მის ხრიკებს?

5 თუ ამ უძვირფასესი მემკვიდრეობის დაკარგვა არ გვსურს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამოვიცნოთ ეშმაკის ხრიკები. სატანა ყოველთვის ცდილობდა, ზემოქმედება მოეხდინა ღვთის ხალხზე, რათა მათ ისეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ, რომ დაეკარგათ მემკვიდრეობა (რიცხ. 25:1—3, 9). ეშმაკმა იცის, რომ მისი აღსასრული ახლოსაა და ამიტომ უფრო მეტად ცდილობს ჩვენს შეცდენას (წაიკითხეთ გამოცხადების 12:12, 17 ). თუ გვსურს, „მტკიცედ დავუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას და დავაფასოთ ის (ეფეს. 6:11). ამისათვის, მოდი, განვიხილოთ ისაკის პირმშოს, ესავის გამაფრთხილებელი მაგალითი.

ნუ დაემსგავსებით ესავს

6, 7. ვინ იყო ესავი და რა მემკვიდრეობა უნდა მიეღო მას?

6 დაახლოებით 4 000 წლის წინ ისაკსა და რებეკას ტყუპი ძმები, ესავი და იაკობი, შეეძინათ. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ; განსხვავებული იყო მათი ცხოვრებაც. „ესავი მარჯვე მონადირე დადგა, მინდვრად მოხეტიალე, უმწიკვლო იაკობი კი კარვებში ცხოვრობდა“ (დაბ. 25:27). ბიბლიის ერთ-ერთი მთარგმნელის, რობერტ ალტერის განმარტებით, „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს „პატიოსანს ან უდანაშაულოს“.

7 ესავი და იაკობი 15 წლისანი იყვნენ, როცა მათი პაპა, აბრაამი გარდაიცვალა, მაგრამ მისთვის მიცემული იეჰოვას დანაპირები კვლავ ძალაში რჩებოდა. მოგვიანებით ეს დაპირება იეჰოვამ ისაკსაც გაუმეორა და უთხრა, რომ დედამიწაზე ყველა ერი აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (წაიკითხეთ დაბადების 26:3—5 ). დანაპირების თანახმად, მესიის, ანუ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ერთგული „შთამომავლის“ წინაპარი აბრაამი უნდა ყოფილიყო. ეს დანაპირები ანუ მემკვიდრეობა კანონიერად ისაკის პირმშოს, ესავს ეკუთვნოდა. უდავოდ, ბრწყინვალე მემკვიდრეობა ელოდა ესავს! დააფასა მან ეს?

გაუფრთხილდით სულიერ მემკვიდრეობას

8, 9. ა) რა არჩევანი გააკეთა ესავმა თავის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით? ბ) რა გააცნობიერა ესავმა წლების შემდეგ და როგორი რეაქცია ჰქონდა?

8 ერთხელ, როცა ესავი მინდვრიდან დაბრუნდა, დაინახა, რომ იაკობი „შეჭამანდს ხარშავდა“ და თავის ძმას უთხრა: „დაღლილი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. იაკობმა კი მიუგო: „ჯერ პირმშოობა მომყიდე!“. რა აირჩია ესავმა? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან უთხრა: „რას მარგებს პირმშოობა?!“. ესავმა პირმშოობა ერთ ჯამ შეჭამანდში გაცვალა. იმისათვის, რომ იაკობს, ასე ვთქვათ, პირმშოობის კანონიერი უფლება მოეპოვებინა, ესავს უთხრა: „ჯერ შემომფიცე!“. ესავმა თავის პირმშოობაზე ისე თქვა უარი, რომ არც კი დაფიქრებულა. ამის შემდეგ „მისცა იაკობმა  ესავს პური და ოსპის შეჭამანდი. მანაც ჭამა და სვა. შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა“ (დაბ. 25:29—34).

9 წლების შემდეგ, როცა ისაკი სიკვდილის პირას იყო, რებეკას სურდა, დარწმუნებულიყო, რომ ესავის დაკარგულ კურთხევას, ყოველ მიზეზ გარეშე, იაკობი მიიღებდა და ამიტომ მან გარკვეულ ზომებს მიმართა. როდესაც ესავმა მოგვიანებით გააცნობიერა თავისი არასწორი არჩევნის შედეგი, ისაკს სთხოვა: „მამა, მეც მაკურთხე, მეც!.. ნუთუ არ შემოინახე ჩემთვის კურთხევა?“. მაგრამ, როდესაც ისაკმა უთხრა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა, „ხმა აღიმაღლა ესავმა და აქვითინდა“ (დაბ. 27:30—38).

10. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას ესავისა და იაკობის მიმართ და რატომ?

10 ესავის ხასიათის რომელი თავისებურებებია ნაჩვენები ბიბლიაში? ესავმა აჩვენა, რომ ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე ის კურთხევები, რომლებსაც მომავალში მემკვიდრეობით მიიღებდა. მან არ დააფასა თავისი პირმშოობა და ცხადყო, რომ სინამდვილეში არ უყვარდა იეჰოვა. უფრო მეტიც, ესავი არ დაფიქრებულა, თუ როგორ იმოქმედებდა მისი არჩევანი მის შთამომავლებზე. მისგან განსხვავებით, იაკობი ძალიან აფასებდა თავის მემკვიდრეობას. მაგალითად, მან მეუღლის არჩევასთან დაკავშირებით მშობლების მითითება გაითვალისწინა (დაბ. 27:46—28:3). თუმცა ამ მითითების გასათვალისწინებლად მას მოთმინება უნდა გამოევლინა და გარკვეული მსხვერპლიც უნდა გაეღო. იაკობი ასეც მოიქცა და ის მესიის წინაპარი გახდა. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას ესავისა და იაკობის მიმართ? წინასწარმეტყველ მალაქიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“ (მალ. 1:2, 3).

11. ა) რა ვსწავლობთ ესავის მაგალითიდან? ბ) რატომ დაუკავშირა პავლემ სიძვა ესავის საქციელს?

11 ქრისტიანები უნდა დავფიქრდეთ ბიბლიაში მოხსენიებულ ესავის მაგალითზე. მოციქულმა პავლემ გააფრთხილა თანამორწმუნეები: „არ იყოს არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას — ესავის მსგავსი, რომელმაც თავისი პირმშოობა ერთ კერძზე გაცვალა“ (ებრ. 12:16). ეს გაფრთხილება დღეს ჩვენთვისაც საყურადღებოა. უნდა დავაფასოთ ყველაფერი, რაც წმინდაა, რათა ხორციელმა სურვილებმა არ გვძლიოს და სულიერი მემკვიდრეობა არ დავკარგოთ. რატომ დაუკავშირა პავლემ სიძვა ესავის საქციელს? თუ ესავის მსგავსად ხორციელად ვიფიქრებთ, დავემსგავსებით ადამიანს, რომელიც აკრძალული სიამოვნების, მაგალითად, სიძვის გამო უარს ამბობს ყველაფერზე, რაც წმინდაა.

 მოამზადეთ გული დღესვე

12. ა) როგორ ცდილობს სატანა ჩვენს შეცდენას? ბ) მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითები, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

12 იეჰოვას მსახურები გავურბივართ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც უზნეობას ჩაგვადენინებდა. იეჰოვას ვთხოვთ, მოგვცეს იმის ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მას, ვინც მისდამი დაუმორჩილებლობისკენ გვიბიძგებს (მათ. 6:13). ვცდილობთ, პატიოსნება შევინარჩუნოთ ამ ზნედაცემულ ქვეყნიერებაში. არ გვავიწყდება ისიც, რომ სატანა გამუდმებით გვებრძვის, რათა ძირი გამოუთხაროს ჩვენს სულიერობას (ეფეს. 6:12). სატანა ამ ქვეყნიერების ღმერთია; მან კარგად იცის ჩვენი არასრულყოფილი ბუნება და ჩვენ შესაცდენად ადამიანურ ცდუნებებს იყენებს (1 კორ. 10:8, 13). დავუშვათ, აღმოჩნდით ცდუნების წინაშე. როგორ მოიქცევით? მოიქცევით ესავის მსგავსად, რომელმაც თქვა, „ჩქარა, მაჭამე“, თუ წინააღმდეგობას გაუწევთ ცდუნებას და გაიქცევით, როგორც იაკობის ვაჟი, იოსები გაექცა ფოტიფარის ცოლს? (წაიკითხეთ დაბადების 39:10—12 ).

13. ა) როგორ ჰბაძავს ზოგი იოსებს, ზოგი კი — ესავს? ბ) რის გაკეთება გვმართებს მათგან განსხვავებით, ვინც ესავის მსგავსად იქცევა?

13 ჩვენი და-ძმების უმრავლესობა ხშირად დამდგარა არჩევნის წინაშე — მოქცეულიყვნენ ან ესავის მსგავსად ან იოსების მსგავსად. ისინი გონივრულად მოიქცნენ და იეჰოვას გული გაუხარეს (იგავ. 27:11). თუმცა ცდუნების წინაშე ყოფნისას ზოგიერთი ჩვენი თანამორწმუნე ესავის მსგავსად მოიქცა და სულიერ მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა. უზნეობის ჩადენის გამო ყოველწლიურად მრავალი და-ძმის საქმეს განიხილავს სამართლებრივი კომიტეტი და სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ირიცხება. თუ გვსურს, ცდუნების წინაშე პატიოსნება შევინარჩუნოთ, დღესვე უნდა მოვამზადოთ გული (ფსალმ. 78:8). იმისათვის, რომ ბრძნულად მოვიქცეთ და არ გვძლიოს არანაირმა ცდუნებამ, სულ მცირე, ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

იფიქრეთ და მტკიცედ იდექით

ღვთიური სიბრძნის ძებნა დაგვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ

14. რომელ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, შევიზიზღოთ ბოროტება და მივეკრათ სიკეთეს?

14 პირველი ფაქტორი ჩვენი საქციელის შედეგებზე დაფიქრებაა. ის, თუ რამდენად ვაფასებთ სულიერ მემკვიდრეობას, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გვიყვარს იეჰოვა, ამ მემკვიდრეობის მბოძებელი. სინამდვილეში, როცა ვინმე გვიყვარს, არ გვინდა, რომ გული ვატკინოთ; პირიქით, გვსურს, რომ მისი მოწონება დავიმსახუროთ. ასეა ამ შემთხვევაშიც, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შედეგებს მოგვიტანს უწმინდური ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება თავად ჩვენ და როგორ იმოქმედებს ის სხვებზე. უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: როგორ იმოქმედებს ჩვენი ეგოისტური საქციელი იეჰოვასთან ურთიერთობაზე? რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ჩვენი ოჯახის წევრები? რას იფიქრებენ დები და ძმები კრებაში? ხომ არავის დავაბრკოლებთ ჩვენი საქციელით? (ფილ. 1:10). არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვებზე დაფიქრებაც: ღირს წუთიერი სიამოვნება იმ უამრავ ტკივილად, რაც არასწორ არჩევანს მოჰყვება? გვსურს, რომ ჩვენც ესავივით მწარედ ავტირდეთ, როცა ბოლოს ჩადენილ დანაშაულს გავაცნობიერებთ? (ებრ. 12:17). ამ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, შევიზიზღოთ ბოროტება და მივეკრათ სიკეთეს (რომ. 12:9). მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვას სიყვარული მოგვცემს ძალას, „მივეკრათ“ ჩვენს მემკვიდრეობას (ფსალმ. 73:28).

15. როგორ დავიცვათ თავი საშიშროებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას?

15 მეორე ფაქტორი ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა. იეჰოვა ბევრი რამით გვეხმარება, რათა გავძლიერდეთ და თავი დავიცვათ ქვეყნიერებაში არსებული საშიშროებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას. ამაში შედის  ბიბლია, ქრისტიანული შეხვედრები, ქადაგების საქმე და ლოცვა (1 კორ. 15:58). როცა ლოცვაში იეჰოვას გულს ვუღვრით და ამასთანავე, მთელი გულით ვიხარჯებით ქრისტიანულ მსახურებაში, ვძლიერდებით, რათა მტკიცედ ვიდგეთ ცდუნებების წინაშე (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:12, 19 ). ჩვენი სიძლიერე, მნიშვნელოვანწილად, ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული (გალ. 6:7). სწორედ ამ აზრს ესმება ხაზი იგავების მეორე თავში.

„განძივით მოიძიეთ“

16, 17. როგორ ვისწავლოთ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება?

16 იგავების მეორე თავი მოგვიწოდებს, რომ შევიძინოთ სიბრძნე და ჭკუა. ღვთისგან ნაბოძები ეს ძღვენი გვეხმარება, გავარჩიოთ სწორი არასწორისგან, დავინახოთ, რა განსხვავებაა საკუთარი თავის კონტროლსა და საკუთარი თავის ნებაზე მიშვებას შორის. თუმცა მაინც ჩვენზეა დამოკიდებული ამ საქმეში წარმატების მიღწევა. სწორედ ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებაზე საუბრობს ბიბლია: „შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები, ყურს მიაპყრობ სიბრძნეს, რომ გული გამჭრიახობისკენ მიმართო, თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს, და გამჭრიახობას მოუხმობ, თუ მას ვერცხლივით მოძებნი და დამალული განძივით მოიძიებ, მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში, და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ, ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ (იგავ. 2:1—6).

17 ბრძნულ გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ იგავებში ჩაწერილი სიბრძნის თანახმად მოვიქცევით. ცდუნებების წინაშე მტკიცედ ვიდგებით, თუ იეჰოვას სიტყვას ჩვენი შინაგანი პიროვნების გამოძერწვის საშუალებას მივცემთ, თუ სისტემატურად ვილოცებთ და ღმერთს ხელმძღვანელობას ვთხოვთ და თუ მიწაში ჩამარხული განძივით მოვძებნით ღვთიურ ცოდნას.

18. რა გაქვთ გადაწყვეტილი და რატომ?

18 ღმერთი ცოდნას, გაგების უნარს, გამჭრიახობას და სიბრძნეს აძლევს ყველას, ვინც მთელი გულით ცდილობს მათ შეძენას. რაც უფრო გულმოდგინედ ვეძებთ და ვიყენებთ ამ სიბრძნეს, მით უფრო ვუახლოვდებით მის მბოძებელს, იეჰოვას. ღმერთთან ჩვენი ახლო ურთიერთობა კი დაგვეხმარება, რომ არ დავნებდეთ ცდუნებებს. იეჰოვასთან სიახლოვე და მისდამი მოწიწების განცდა დაგვიცავს არასწორი საქციელისგან (ფსალმ. 25:14; იაკ. 4:8). მაშ, იმეგობრეთ იეჰოვასთან და შეიძინეთ ღვთიური სიბრძნე, რათა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ ცხოვრებაში, რომ იეჰოვას გულიც გაახაროთ და თქვენი მემკვიდრეობაც დაიცვათ!