არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიოგრაფია

ნამდვილად აზრიანი ცხოვრება გვაქვს

ნამდვილად აზრიანი ცხოვრება გვაქვს

1958 წელს შეგვეძინა ბიჭი და გარი დავარქვით. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ის ჯანმრთელი ბავშვი არ იყო. მისი დაავადების დასადგენად ექიმებს ათი თვე დასჭირდათ. მათ მიერ დასმული დიაგნოზი ლონდონელმა სპეციალისტებმა ხუთი წლის შემდეგ დაადასტურეს. სასოწარკვეთილი ვიყავი, როცა ჩემს გოგონას, ლუისს, რომელიც გარის გაჩენიდან ცხრა წლის შემდეგ შემეძინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა.

„თქვენს ორივე შვილს ლორენს-მუნ-ბიდლ-ბარდეს სინდრომი * აქვს და სამწუხაროდ, ამასთან შეგუება მოგიწევთ“, — მითხრა მშვიდად ექიმმა. იმ დროს თითქმის არაფერი იყო ცნობილი ამ გენეტიკური დაავადების შესახებ. ეს დაავადება იწვევს მხედველობის დაქვეითებას და სრულ სიბრმავეს, სიმსუქნეს, განუვითარებლობას, კოორდინაციის უნარის დაქვეითებას, შაქრიან დიაბეტს, ოსტეოართრიტსა და თირკმელების დაავადებას. დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება ზედა და ქვედა კიდურებზე ზედმეტი თითებია. მივხვდი, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ჩემს შვილებზე ზრუნვა. დიდ ბრიტანეთში 125 000 -დან ერთს ეს დაავადება აქვს. თუმცა ბევრს მისი მსუბუქი ფორმა აღენიშნება.

იეჰოვა ხდება ჩვენი „თავშესაფარი მაღლობზე“

ახალი გათხოვილი ვიყავი, როცა ერთ იეჰოვას მოწმესთან მომიწია საუბარი; საუბარშივე მივხვდი, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს იყო ის, რასაც ამბობდა. მაგრამ ჩემს ქმარს საერთოდ არ აინტერესებდა ეს საკითხი. მისი სამსახურის გამო ხშირად გვიხდებოდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომ ვერ ვახერხებდი კრების შეხვედრებზე დასწრებას. მიუხედავად ამისა, არ შემიწყვეტია ბიბლიის კითხვა და ლოცვა. გულზე მალამოსავით მედებოდა, როცა ბიბლიაში ამ მუხლებს ვკითხულობდი: „იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის, მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს . . . რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს“ (ფსალმ. 9:9, 10).

სუსტი მხედველობის გამო 6 წლის ასაკში გარი განათლების მისაღებად სპეციალურ სკოლა-ინტერნატში გავგზავნეთ, რომელიც ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა. ის ხშირად მირეკავდა ხოლმე და ბიბლიურ საკითხებზე ვსაუბრობდით. ლუისის დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში ექიმებმა გაფანტული სკლეროზისა და ფიბრომიალგიის დიაგნოზი დამისვეს. გავიდა დრო და 16 წლის ასაკში გარი სახლში დაბრუნდა. მას მხედველობა გაუუარესდა და საბოლოოდ, 1975 წელს თვალისჩინი საერთოდ წაერთვა. 1977 წელს მეუღლემ ოჯახი დატოვა და სახლიდან წავიდა.

გარის დაბრუნების შემდეგ მთელი ოჯახი ჩავებით საყვარელ და-ძმებთან ერთად ქრისტიანულ საქმეებში. 1974 წელს მოვინათლე. მადლობელი ვარ იმ უხუცესის, რომელიც გარის მხარში ამოუდგა მოზარდობის წლებში და გადაატანინა ეს პერიოდი. მადლობელი ვარ ასევე იმ და-ძმების, რომლებიც საოჯახო საქმეების კეთებაში მეხმარებოდნენ. საბედნიეროდ, ბოლოს 5 მათგანი სოციალური დახმარების სამსახურმა ოფიციალურად დაგვინიშნა მომვლელებად.

გარიმ სულიერად წინა წაიწია და 1982 წელს მოინათლა. მას ძალიან უნდოდა დამხმარე პიონერად მსახურება, ამიტომ მეც გადავწყვიტე, მასთან ერთად დამეწყო დამხმარე პიონერად მსახურება განუსაზღვრელი დროით. წლების განმავლობაში ვმსახურობდით ასეთი სახით. ერთხელ სარაიონო ზედამხედველმა გარის ჰკითხა: „სრული დროით მსახურებაზე თუ გიფიქრია?“. ამან ძალიან გაახარა გარი და რეალურად მისთვის ეს უდიდესი ბიძგი აღმოჩნდა; 1990 წელს მან სრული დროით მსახურება დაიწყო.

1999 და 2008 წლებში გარის ჩაუტარდა მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება. კიდევ უფრო რთული იყო ლუისის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის უსინათლო დაიბადა და, როცა მის ფეხზე ზედმეტი თითი შევნიშნე, მივხვდი, რომ მასაც ლორენს-მუნ-ბიდლ-ბარდეს სინდრომი ჰქონდა. მალე გამოკვლევებმაც დაადასტურა, რომ ლუისს შინაგანი ორგანოები სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული. წლების მანძილზე მას რთული ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, მათ შორის ხუთი მათგანი თირკმელებზე. გარის მსგავსად, მასაც დიაბეტი აღმოაჩნდა.

ოპერაციის დროს შეიძლებოდა სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნილიყო, ამიტომ ლუისი წინასწარ უხსნიდა ქირურგებს, ანესთეზიოლოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუ რატომ ამბობდა უარს სისხლის გადასხმაზე. ლუისის აზრს ყველა პატივს სცემდა და მას ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა მათთან.

აზრიანი ცხოვრება

მეც, გარიც და ლუისიც მაქსიმალურად ვართ ჩაბმულნი სულიერ საქმეებში მთელი ჩვენი ცხოვრება იეჰოვას თაყვანისცემის ირგვლივ ტრიალებს. სანამ თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებას დავიწყებდით, საათობით ვისხედით და ლუისს და გარის ბიბლიურ პუბლიკაციებს ვუკითხავდი. დღეს CD დისკები, DVD დისკები და ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ჩანაწერები გვეხმარება, ცალ-ცალკე დავგეგმოთ პირადი შესწავლები და მოვამზადოთ აზრიანი კომენტარები შეხვედრებისთვის.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება

გარი ზეპირად იმახსოვრებს ხოლმე პასუხებს და ისე აკეთებს კომენტარებს კრების შეხვედრებზე. როცა თეოკრატიული მსახურების სკოლაში აქვს დავალება, თავისი სიტყვებით გადმოსცემს თემას. 1995 წელს ის მომსახურედ დაინიშნა და კიდევ უფრო აქტიურად ჩაება კრების საქმეებში მსახურობს მომწესრიგებლად და გახმოვანების სისტემაზე პასუხისმგებელი ძმის დამხმარედ.

გარი ართრიტის გამო ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული და მსახურებაში თანაქრისტიანებს დაჰყავთ. ის ერთ მამაკაცს ბიბლიას ასწავლის. ბიბლიის შესწავლის ჩატარებაში გარის ერთი ძმა ეხმარება. გარი ასევე დაეხმარა ერთ ძმას, რომელიც 25 წლის განმავლობაში არააქტიური იყო. დღეს ეს ძმაც და გარის ბიბლიის შემსწავლელიც კრების შეხვედრებზე დადიან.

9 წლის ასაკში ლუისს ბებიამ ქსოვა ასწავლა, მე და ერთმა მომვლელმა კი ქარგვა. მას იმდენად უყვარს ეს ხელსაქმე, რომ სიამოვნებით უქსოვს კრების წევრებს, ბავშვებსა და მოხუცებს ჭრელ-ჭრელ გადასაფარებლებს. ლუისი ასევე ამზადებს ღია ბარათებს, სურათებით აფორმებს და სხვებს ჩუქნის. მათ ძალიან მოსწონთ ეს ბარათები და აფასებენ მის შრომას. მოზარდობის წლებში მან ბრმა ბეჭდვაც ისწავლა. ახლა სპეციალური „მოლაპარაკე“ კომპიუტერით ლუისს ხშირი მიმოწერა აქვს თავის მეგობრებთან. ის 17 წლისა იყო, როცა მოინათლა. სპეციალური კამპანიების დროს მე და ლუისი დამხმარე პიონერებად ვმსახურობთ ხოლმე. ლუისი, როგორც გარი, ზეპირად იმახსოვრებს ბიბლიურ მუხლებს, რათა სხვებს ესაუბროს ღვთის დაპირებების შესახებ, რომ მალე „ბრმებს თვალები აეხილებათ“ და „არც ერთი მცხოვრები იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24; 35:5).

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება. უზომოდ ვემადლიერებით იმ და-ძმებს, რომლებიც ასეთი დიდი სიყვარულით გვიდგანან მხარში. მათი დახმარების გარეშე ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდით. და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას წყალობით ჩვენმა სიცოცხლემ ნამდვილი აზრი შეიძინა.

^ აბზ. 5 ლორენს-მუნ-ბიდლ-ბარდეს სინდრომი ოთხმა ექიმმა აღმოაჩინა და დაავადებას მათ პატივსაცემად მათივე სახელები ეწოდა. ეს არის რეცესიული გენეტიკური დარღვევა და ის ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა რეცესიული გენების მატარებელი მშობლებისგან. დღეს ეს დაავადება ბარდე-ბიდლის სინდრომით არის ცნობილი და არ იკურნება.