არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიოგრაფია

იეჰოვასადმი მორჩილებას უამრავი კურთხევა სდევს თან

იეჰოვასადმი მორჩილებას უამრავი კურთხევა სდევს თან

„ნახეთ, რა კარგი მაგალითი დაგვიტოვა ნოემ, — თქვა მამამ. — ის უჯერებდა იეჰოვას და უყვარდა ოჯახი. ნოემ და მისმა ოჯახმა კიდობანს შეაფარეს თავი და ასე გადაურჩნენ დიდ წარღვნას“.

ეს არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონება, რომელიც მამაჩემს უკავშირდება. მამა უბრალო, მშრომელი კაცი იყო. ვერ იტანდა უსამართლობას. სწორედ სამართლიანობის გრძნობამ აღძრა ის, რომ ბიბლიური ცნობა მოსმენისთანავე მიეღო. ეს იყო 1953 წელს. რასაც სწავლობდა, ყველაფერს დაწვრილებით გვიყვებოდა. დედას თავიდან უჭირდა კათოლიკური ტრადიციების დათმობა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიყვარა ბიბლიური სწავლებები.

ბავშვებს ბიბლიას მშობლები გვასწავლიდნენ. თუმცა მათთვის ადვილი არ იყო ამის გაკეთება, რადგან დედამ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა, მამა მინდორში მუშაობდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა ხოლმე. ზოგჯერ ისეთი დაღლილ-დაქანცული იყო, რომ შესწავლის დროს ეძინებოდა. თუმცა მისმა შრომამ შედეგი მაინც გამოიღო. ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი, ამიტომ პატარა დაიკოს და ჩემს ორ ძამიკოს მე ვამეცადინებდი. ვესაუბრებოდი ნოეს შესახებ, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი და ემორჩილებოდა ღმერთს. ნოეს ამბავს ხშირად ყვებოდა ხოლმე მამა ოჯახში. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ბიბლიური ეპიზოდია. ცოტა ხანში დავიწყეთ კრებებზე სიარული ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ როზეტო დელი აბრუციში.

11 წლისა ვიყავი, როცა 1955 წელს დედასთან ერთად პირველად დავესწარი კონგრესს რომში. მას შემდეგ ასეთი კონგრესები ჩემი ქრისტიანული ცხოვრების შესანიშნავ და განუყოფელ ნაწილად იქცა.

მომდევნო წელს მოვინათლე და მალევე შევუერთდი სრული დროით მსახურთა რიგებს. 17 წლის ასაკში სპეციალურ პიონერად დამნიშნეს რომის სამხრეთით ლატინაში; ეს ქალაქი ჩემი სახლიდან 300 კილომეტრში მდებარეობდა. ლატინა ახლად დასახლებული ქალაქი იყო, ამიტომ ადგილობრივებს ნაკლებად აინტერესებდათ, რას იტყოდნენ მათზე მეზობლები. მე და ჩემი პარტნიორი ბევრ ბიბლიურ ლიტერატურას ვავრცელებდით და გვიხაროდა, საქმე ასე კარგად რომ მიდიოდა. თუმცა ჯერ მაინც პატარა ვიყავი და ოჯახი მენატრებოდა. მიუხედავად ამისა, ვემორჩილებოდი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და ვაგრძელებდი მსახურებას.

ქორწინების დღე

1963 წელს მილანში გამართული საერთაშორისო კონგრესის მოსამზადებელ სამუშაოებში ვიღებდი მონაწილეობას. ამ კონგრესის დევიზი იყო „მარადიული სასიხარულო ცნობა“. პროგრამის განმავლობაში მოხალისედ ვმსახურობდი. მოხალისეებს შორის  იყო ახალგაზრდა ფლორენციელი ძმა პაოლო პიჩოლი. კონგრესის მეორე დღეს პაოლომ შესანიშნავი მოხსენება წაიკითხა დაუქორწინებლობაზე. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, ეს ძმა არასოდეს მოიყვანს-მეთქი ცოლს. თუმცა მე და პაოლომ მიმოწერა დავიწყეთ და მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა — გვქონდა ერთნაირი მიზნები, ორივეს ძალიან გვიყვარდა ღმერთი და გვსურდა მისი ნების შესრულება. 1965 წელს ჩვენ დავქორწინდით.

ღია საუბრები მღვდლებთან

ათი წელი ვიმსახურე პიონერად ფლორენციაში. ვხედავდით და ვხარობდით, როგორ იზრდებოდა ჩვენ თვალწინ კრებები რიცხობრივად და როგორ მიიწევდნენ წინ სულიერად ახალგაზრდები. ძალიან გვსიამოვნებდა მათთან სულიერ თემებზე საუბარი და ერთად დროის გატარება. პაოლო ხშირად თამაშობდა ახალგაზრდებთან ფეხბურთს. მართალია, ჩემს მეუღლესთან ერთად დროის გატარებაზე ძვირფასი არაფერი იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ კრების წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ძალიან სჭირდებოდათ მისი სითბო და ყურადღება.

სიხარულით ვიხსენებ იმ წლებს, როცა ბევრი ბიბლიის შემსწავლელი გვყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ადრიანა. იმ პერიოდში მასაც ჰყავდა ბიბლიის შემსწავლელები; ის ორ ოჯახს ასწავლიდა ჭეშმარიტებას. ერთხელ ამ ორმა ოჯახმა სამებაზე და სულის უკვდავებაზე სასაუბროთ მღვდელთან შეხვედრა გადაწყვიტა. მათთან შესახვედრად სამი პრელატი (სასულიერო პირი) მოვიდა. მათი ახსნა-განმარტებები გაუგებარი იყო, რაც ბიბლიის შემსწავლელებმა ბიბლიურ სწავლებებთან შედარების შემდეგ ადვილად შენიშნეს. ეს შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა მათთვის და დროთა განმავლობაში 15 მათგანი იეჰოვას მოწმე გახდა.

რა თქმა უნდა, დღეს ქადაგების მეთოდები საკმაოდ განსხვავებულია. იმ დროს პაოლოს იმდენად ხშირად უწევდა მღვდლებთან საუბარი, რომ შეიძლება ითქვას, ამ საქმის „დიდოსტატი“ გახდა. მახსოვს, ერთხელ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა. აუდიტორიაში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო. მოწინააღმდეგეებს წინასწარ ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ საუბრის მსვლელობისას აუდიტორიიდან ვინმეს ჩამჭრელი კითხვები დაესვა. თუმცა საუბარი სხვა მიმართულებით წარიმართა, რადგან ვიღაცამ აუდიტორიიდან კითხვა დასვა, იყო თუ არა სწორი ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევა, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. ამ კითხვამ ჩიხში შეიყვანა მღვდლები. უეცრად შუქი ჩაქრა და შეკრებილი ხალხი დაიშალა. წლების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე მღვდლებს წინასწარ ჰქონიათ დეგეგმილი შუქის ჩაქრობა იმ შეხვედრაზე, თუ საუბარი მათი გეგმის მიხედვით არ წარიმართებოდა.

მსახურების ორი განსხვავებული სფერო

ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ პაოლოს სარაიონო ზედამხედველად მსახურება შესთავაზეს. ამ პერიოდში მას კარგი სამსახური ჰქონდა. ბევრი ვიფიქრეთ, ბევრიც ვილოცეთ და ბოლოს დავთანხმდით; თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. სარაიონო მსახურების  განმავლობაში ჩვენ უამრავ ოჯახში მოგვიწია ცხოვრება. სასიამოვნო მოგონებებად დამრჩა მათთან ერთად გატარებული წუთები. საღამოობით ერთად ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ხოლმე სულიერ თემებზე. პაოლო შემდეგ ბავშვებს საშინაო დავალებებს აწერინებდა, ძირითადად მათემატიკაში ეხმარებოდა. პაოლო დიდი ინტერესით და გულმოდგინებით კითხულობდა ჩვენს პუბლიკაციებს და საინტერესო აზრებს სხვებსაც უყვებოდა. ორშაბათობით ხშირად ვქადაგებდით იმ ქალაქებში, სადაც მოწმეები არ იყვნენ და ხალხს საღამოს საჯარო მოხსენების მოსასმენად ვეპატიჟებოდით.

გვსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად დროის გატარება. პაოლო ხშირად თამაშობდა მათთან ფეხბურთს

სარაიონო მსახურებაში გატარებული ორი წლის შემდეგ რომის ბეთელიდან მივიღეთ მოწვევა. პაოლოს ბეთელში იურიდიული საქმეების მოგვარება დაევალა, მე კი ჟურნალების განყოფილებაში დამნიშნეს. ამ ცვლილებასთან შეგუება ადვილი არ იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ, დავმორჩილებოდით ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. გასაოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ფართოვდებოდა ფილიალი ჩვენ თვალწინ და როგორ იზრდებოდა და-ძმების რიცხვი იტალიაში. ამ პერიოდში იტალიაში იეჰოვას მოწმეებმა კანონით აღიარება მოიპოვეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბეთელში მსახურების წლები უბედნიერესი წლები იყო ჩემთვის.

პაოლოს უყვარდა თავისი სამუშაო ბეთელში

ჩვენი ბეთელში ყოფნის პერიოდში სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული საკითხი ძალზე აქტუალური იყო იტალიაში. 1980-იანი წლების დასაწყისში ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიც კი გაიმართა, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ერთ იეჰოვას მოწმე წყვილს თავიანთი ქალიშვილის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან ბავშვს სისხლი არ გადაუსხეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი სისხლის სერიოზული გენეტიკური დაავადება იყო. ეს დაავადება იმ დროს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საკმაოდ გავრცელებული იყო. მთელი ბეთელის ოჯახი მხარში ედგა იურისტებს, რომლებიც სასამართლოში ბავშვის მშობლებს იცავდნენ. ორგანიზაციის გამოცემული ერთ-ერთი ბროშურა და ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სპეციალური ნომერი ხალხს ფაქტების უკეთ გაცნობასა და სისხლზე ღვთის თვალსაზრისის გაგებაში დაეხმარა. იმ ხანებში პაოლო დღეში თითქმის 16 საათს მუშაობდა შესვენების გარეშე და ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. მე, რაც შემეძლო, ყველანაირად მხარში ვედექი მას.

კიდევ ერთი სიახლე

20 წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა კიდევ ერთი სიახლე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ საღამოს პაოლოსთან მივედი და ვუთხარი: „პაოლო, მგონი ფეხმძიმედ ვარ“. იმ დროს მე 41 წლისა ვიყავი, პაოლო — 49-ის. მოგვიანებით მის დღიურში ჩანაწერი აღმოვაჩინე, რომელიც მას თურმე ზუსტად იმ დღეს გაუკეთებია. იქ ასეთი რამ ეწერა: „ლოცვა: ღმერთო, თუ ჩემი ცოლი მართლა ფეხმძიმედაა, დაგვეხმარე, რომ სრული დროით მსახურება არ შევწყვიტოთ, სულიერად არ მოვდუნდეთ და სამაგალითო მშობლები ვიყოთ. დამეხმარე, ერთი პროცენტი მაინც გამოვიყენო იმ ცოდნისა, რასაც 30 წლის განმავლობაში სცენიდან ვუზიარებდი სხვებს“.  ამ გადასახედიდან თუ შევაფასებთ მოვლენებს, იეჰოვამ შეისმინა ჩვენი ლოცვა.

ილარიას დაბადებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. გულწრფელად რომ გითხრათ, გვქონდა გულგატეხილობის პერიოდები, რაზეც საუბარია იგავების 24:10-ში: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს; ვიცოდით, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული ჩვენგანისთვის.

ილარია ყოველთვის ამბობს, რომ ბედნიერია, სრული დროით მსახურების ოჯახში რომ დაიბადა. მისთვის მზრუნველობა და ყურადღება არასოდეს მოგვიკლია; ის სრულფასოვან ოჯახში აღიზარდა. დღის განმავლობაში სულ მის გვერდით ვიყავი. როცა პაოლო საღამოობით შინ ბრუნდებოდა, ხშირად სახლში უწევდა სამუშაოს დასრულება, მაგრამ ის მაინც პოულობდა დროს ილარიასთვის — ეთამაშებოდა და საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარებოდა. პაოლო დროს მაშინაც უთმობდა ჩვენს ქალიშვილს, როცა მისი სამუშაო შეიძლება ღამის 2-3 საათამდე გაგრძელებულიყო. ილარია ხშირად ამბობდა, ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი მამიკოაო.

ჩვენი მხრიდან შეუპოვრობა და სიმტკიცე იყო საჭირო იმისათვის, რომ ილარიას ქრისტიანული ცხოვრების გზიდან არ გადაეხვია. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ის თავის ამხანაგს თამაშის დროს ცუდად მოექცა. ჩვენ მას ავუხსენით, რატომ არ უნდა მოქცეულიყო ასე და თავისი საქციელის გამო ბოდიშიც მოვახდევინეთ მისთვის ჩვენი თანდასწრებით.

დღეს ილარია გათხოვილია და მას უკეთ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასა და მისი ხელმძღვანელობისადმი მორჩილება. ვფიქრობ, ჩვენ კარგი მაგალითი მივეცით მას.

მორჩილება უმძიმეს წუთებშიც კი

2008 წელს პაოლოს სიმსივნე აღმოაჩნდა. თავიდან ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. ის ისე მხნედ იყო, რომ აქეთ მამხნევებდა. მას საუკეთესო სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ; საათობით ვლოცულობდით და იეჰოვას სიმტკიცეს და ძალას ვთხოვდით. თუმცა სამწუხაროდ, ვხედავდით, როგორ გვეცლებოდა ხელიდან ერთ დროს ჯან-ღონით სავსე კაცი. 2010 წელს პაოლო გარდაიცვალა. მისმა დაკარგვამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. მაგრამ, როცა ვფიქრობ, თუ რამდენი რამ გავაკეთეთ ერთად მე და პაოლომ მთელი 45 წლის განმავლობაში, სული მიმშვიდდება და ვწყნარდები. ჩვენ საუკეთესო გავიღეთ იეჰოვასთვის. ვიცი, რომ იეჰოვა ჩვენს შრომას არასოდეს დაივიწყებს. ერთი სული მაქვს, ჩემი ძვირფასი მეუღლე როდის აღდგება მკვდრეთით (იოან. 5:28, 29).

„გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც ძალიან უყვარდა ნოეს ისტორია. ჩემი გადაწყვეტილება კვლავაც უცვლელია“

გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც ძალიან უყვარდა ნოეს ისტორია. ჩემი გადაწყვეტილება კვლავაც უცვლელია. მინდა, ყოველთვის ყველაფერში დავემორჩილო ღმერთს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი დაბრკოლება, მსხვერპლი თუ დანაკარგი უმნიშვნელოა ჩვენი მოსიყვარულე მამის, იეჰოვას გასაოცარ კურთხევებთან შედარებით. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და გარწმუნებთ, რომ არაფერი შეედრება იეჰოვას კურთხევებს!