არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გვითხარი, როდის მოხდება ეს“

„გვითხარი, როდის მოხდება ეს“

„რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3).

1. მოციქულების მსგავსად, რის გაგება გვსურს მთელი გულით?

იესოს დედამიწაზე მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა; მის მოციქულებს ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, რა ელოდათ მომავალში. ამიტომ ოთხმა მათგანმა უფალს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი შეკითხვა დაუსვა: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3; მარ. 13:3). იესომ პასუხად მასშტაბური წინასწარმეტყველება მოუყვანა, რომელიც მათეს 24-ე და 25-ე თავებშია ჩაწერილი. მან არაერთი ყურადსაღები მოვლენა იწინასწარმეტყველა. იესოს სიტყვებს ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რა მოხდება მომავალში.

2. ა) რას ეფინებოდა ნათელი წლების განმავლობაში? ბ) რომელ სამ კითხვას განვიხილავთ?

2 წლების განმავლობაში იეჰოვას მსახურები ლოცულობდნენ და ისე იკვლევდნენ ბოლო დღეებთან დაკავშირებულ იესოს წინასწარმეტყველებას. ისინი ცდილობდნენ, უფრო და უფრო ნათლად გაეგოთ, როდის შესრულდებოდა იესოს სიტყვები. იმისათვის, რომ კარგად დავინახოთ, როგორ ეფინებოდა ნელ-ნელა ნათელი იესოს წინასწარმეტყველებას, განვიხილოთ სამი კითხვა: როდის დაიწყება „დიდი გასაჭირი“? როდის გაასამართლებს იესო „ცხვრებსა“ და „თხებს“ და როდის „მოვა“ იესო? (მათ. 24:21; 25:31—33).

როდის დაიწყება დიდი გასაჭირი?

3. როგორ გვესმოდა ადრე დიდი გასაჭირის პერიოდთან დაკავშირებული საკითხი?

3 წლების განმავლობაში ვფიქრობდით, რომ დიდი გასაჭირი 1914 წელს პირველ მსოფლიო ომთან ერთად დაიწყო, და რომ იეჰოვამ „შეამოკლა ის დღეები“, როცა 1918 წელს ომი დასრულდა. გადარჩენილებს საშუალება ჰქონდათ, სასიხარულო ცნობა ყველა ერისთვის ექადაგათ (მათ. 24:21, 22). ქადაგების საქმის დასრულების შემდეგ სატანის ქვეყნიერება განადგურდებოდა. ვფიქრობდით, რომ დიდ გასაჭირს სამი ეტაპი ჰქონდა: დასაწყისი  (19141918), შეჩერება (1918 წლიდან მოყოლებული) და დასასრული (არმაგედონი).

4. რამ მოჰფინა ნათელი ბოლო დღეებთან დაკავშირებულ იესოს წინასწარმეტყველებას?

4 თუმცა იესოს წინასწარმეტყველების შემდგომმა გამოკვლევამ დაგვანახვა, რომ ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ამ წინასწარმეტყველების გარკვეულ ნაწილს 2 შესრულება აქვს (მათ. 24:422). თავდაპირველად, ის პირველ საუკუნეში იუდეაში შესრულდა; შემდგომ ის მსოფლიო მასშტაბით ჩვენს დღეებში უნდა შესრულებულიყო. ამის გაგებამ სხვა საკითხებსაც მოჰფინა ნათელი. *

5. ა) რა მძიმე პერიოდი დაიწყო 1914 წელს? ბ) პირველი საუკუნის რომელ პერიოდს შეესაბამება ეს რთული დრო?

5 ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ დიდი გასაჭირის პირველი ეტაპი 1914 წელს არ დაწყებულა, ვინაიდან ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, დიდი გასაჭირი ერებს შორის ომით კი არა, ცრუ რელიგიაზე თავდასხმით უნდა დაიწყოს. აქედან გამომდინარე, ის მოვლენები, რომლებიც 1914 წელს დაიწყო, დიდი გასაჭირის დასაწყისი არ ყოფილა, ეს იყო „მშობიარობის ტკივილების დასაწყისი“ (მათ. 24:8). ამ მუხლში მოხსენიებული „მშობიარობის ტკივილები“ შეესაბამება იმ მოვლენებს, რომლებიც იერუსალიმსა და იუდეაში ახ. წ. 3336 წლებში ვითარდებოდა.

6. რა იქნება დიდი გასაჭირის დასაწყისის ნიშანი?

 6 რა იქნება დიდი გასაჭირის დასაწყისის ნიშანი? იესომ იწინასწარმეტყველა: „როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე დგას (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ“ (მათ. 24:15, 16). „წმინდა ადგილზე დგომის“ პირველი შესრულება ახ. წ. 66 წელს მოხდა, როცა რომის ჯარმა ანუ „გამაპარტახებელმა სისაძაგლემ“ იერიში მიიტანა იერუსალიმსა და მის ტაძარზე, რაც წმინდა ადგილი იყო იუდეველთა თვალში. „დგომის“ ფართო მასშტაბით შესრულება იმ დროს მოხდება, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (თანამედროვე „გამაპარტახებელი სისაძაგლე“)  თავს დაესხმება ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც ზოგადად წმინდად ითვლება ქრისტიანთა თვალში და დიდი ბაბილონის დარჩენილ ნაწილს. იგივე თავდასხმაა აღწერილი გამოცხადების 17:1618-შიც. რეალურად, ამ მოვლენით დაიწყება დიდი გასაჭირი.

7. ა) როგორ გადარჩა „ხორციელი“ პირველ საუკუნეში? ბ) რა მოვლენის შესრულებას ველით დიდ გასაჭირში?

 7 იესომ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ „ის დღეები“ შემოკლდებოდა. ეს წინასწარმეტყველება პირველად ახ. წ. 66 წელს შესრულდა, როცა რომის ჯარმა „შეამოკლა“ თავდასხმა. შემდეგ იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ცხებული ქრისტიანები გაიქცნენ და ასეთი სახით, „ხორციელი“ გადარჩა (წაიკითხეთ მათეს 24:22; მალ. 3:17). აქედან გამომდინარე, რა მოვლენის შესრულებას ველით დიდი გასაჭირის დროს? იეჰოვა „შეამოკლებს“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდასხმას ცრუ რელიგიაზე და არ დაუშვებს, რომ ჭეშმარიტი რელიგია ცრუ რელიგიასთან ერთად განადგურდეს. ეს გვარწმუნებს იმაში, რომ ღვთის ხალხი აუცილებლად გადარჩება.

8. ა) როგორ განვითარდება მოვლენები დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის შემდგომ? ბ) როდის მიიღებენ ზეციურ ჯილდოს ცხებულთა უკანასკნელი წევრები? (იხილეთ შენიშვნა)

  8 რა მოხდება დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის შემდგომ? იესოს სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის შემდეგ არმაგედონის დაწყებამდე გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს. რა მოვლენები განვითარდება ამ პერიოდში? პასუხი მოცემულია ეზეკიელის 38:1418-სა და მათეს 24:29—31-ში (წაიკითხეთ). * ხოლო ამის შემდეგ ჩვენ გავხდებით დიდი გასაჭირის კულმინაციური მოვლენის, არმაგედონის მომსწრენი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებას შეესაბამება (მალ. 4:1). არმაგედონი იქნება ისეთი მოვლენა, „როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან“ (მათ. 24:21). და როცა არმაგედონი გადაივლის, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობაც დაიწყება!

9. როგორ მოქმედებს დიდ გასაჭირთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველება იეჰოვას ხალხზე?

9  დიდ გასაჭირთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველება გვამხნევებს და გვაძლიერებს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ დარწმუნებულნი ვართ, როგორ პრობლემას და გასაჭირსაც არ უნდა შევხვდეთ ამ პერიოდში, იეჰოვას ხალხი, როგორც ჯგუფი, აუცილებლად გადავიტანთ დიდ გასაჭირს (გამოცხ. 7:9, 14). თუმცა მთავარი მიზეზი, რატომაც გვიხარია არმაგედონის მოსვლა ისაა, რომ იეჰოვა ყველას დაანახვებს, თუ ვინაა უზენაესი მთელ სამყაროში და განწმენდს თავის წმინდა სახელს (ფსალმ. 83:18; ეზეკ. 38:23).

როდის გაასამართლებს იესო „ცხვრებს“ და „თხებს“?

10. როგორი შეხედულება გვქონდა წარსულში „ცხვრებისა“ და „თხების“ გასამართლების პერიოდთან დაკავშირებით?

10 ახლა განვიხილოთ, თუ როდის შესრულდება იესოს წინასწარმეტყველების სხვა ნაწილი, კერძოდ, როდის გაასამართლებს იესო „ცხვრებსა“ და „თხებს“ (მათ. 25:3146). ადრე ვფიქრობდით, რომ ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება დაიწყო 1914 წელს და გრძელდებოდა მთელი ბოლო დღეების განმავლობაში. მიგვაჩნდა, რომ ის, ვინც სასიხარულო ცნობას არ იღებდა და დიდი გასაჭირის დაწყებამდე იღუპებოდა, „თხების“ კატეგორიაში შედიოდა და აღდგომის არანაირი იმედი არ ჰქონდა.

11. რატომ ვერ დაიწყებოდა ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება 1914 წელს?

11 მათეს 25:31 გარჩეული იყო 1995 წლის „საგუშაგო კოშკში“. ამ მუხლში წერია: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ 1914 წელს იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა, მაგრამ ის არ დამჯდარა „თავის დიდებულ ტახტზე“ როგორც „ყველა ხალხის“ მოსამართლე (მათ. 25:32; შეადარეთ დანიელის 7:13). თუმცა ცხვრებისა და თხების იგავში იესო აღწერილია როგორც მოსამართლე (წაიკითხეთ მათეს 25:31—34, 41, 46). რადგან იესო 1914 წელს ყველა ხალხის მოსამართლე არ გამხდარა, შესაბამისად, ამ წელს ვერ დაიწყებოდა ხალხის „ცხვრებად“ და „თხებად“ გამოცალკევება ანუ გასამართლება. * მაშ, როდის დაიწყებს იესო გასამართლებას?

12. ა) როდის გაასამართლებს იესო „ყველა ხალხს“? ბ) რა მოვლენებია აღწერილი მათეს 24:30, 31-სა და მათეს 25:3133, 46-ში?

  12 ბოლო დღეებთან დაკავშირებით იესოს წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ის „ყველა ხალხს“ ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ გაასამართლებს. როგორც  მე-8 აბზაცში იყო აღნიშნული, ზოგიერთი იმ მოვლენის შესახებ, რომლებიც ამ დროს მოხდება, მათეს 24:30, 31-შია საუბარი. ამ მუხლების განხილვისას თქვენ შენიშნავთ, რომ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები შეესაბამება ცხვრებისა და თხების იგავში მოხსენიებულ მოვლენებს. მაგალითად, კაცის ძე მოვა თავისი დიდებით ანგელოზებთან ერთად; ყველა ხალხი შეიკრიბება; ვინც „ცხვრებად“ ჩაითვლებიან, თავებს მაღლა ასწევენ, რადგან მარადიული ცხოვრება მათთვის რეალობად იქცევა. * ხოლო ისინი, ვინც „თხებად“ ჩაითვლებიან, „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“, რადგან მიხვდებიან, რომ განადგურებას ვეღარსად გაექცევიან (მათ. 25:3133, 46).

13. ა) როდის გამოაცალკევებს იესო „ცხვრებს“ და „თხებს“? ბ) როგორ მოქმედებს ეს ქადაგებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?

 13 ასე რომ, რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? „ცხვრებად“ და „თხებად“ იესო ხალხს მაშინ გამოაცალკევებს, როცა ის მოვა დიდი გასაჭირის დროს. დიდი გასაჭირის კულმინაციური მოვლენის, არმაგედონის დროს თხისმაგვარი ადამიანები „მოიკვეთებიან მარადიულად“. როგორ მოქმედებს ეს ქადაგებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე? ეს გვეხმარება, დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქადაგების საქმე. დიდი გასაჭირის დაწყებამდე ხალხს  ჯერ კიდევ აქვს დრო, შეიცვალონ აზროვნება და დაიწყონ ვიწრო გზით სიარული, „რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ მასზედ მავალნი (მათ. 7:13, 14). მართალია, დღეს ზოგი „ცხვრისთვის“ დამახასიათებელ თვისებებს ავლენს, ზოგი კი „თხისთვის“ დამახასიათებელს, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: საბოლოო გასამართლება დიდი გასაჭირის დროს მოხდება. ამიტომ ნამდვილად კარგი მიზეზი გვაქვს, კვლავაც და კვლავაც ვიქადაგოთ, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს სასიხარულო ცნობა და გამოეხმაუროს მას.

დიდი გასაჭირის დაწყებამდე ხალხს ჯერ კიდევ აქვთ დრო, შეიცვალონ აზროვნება (იხილეთ მე-13 აბზაცი)

როდის მოვა იესო

14, 15. რომელი ოთხი მუხლი საუბრობს მომავალში იესოს, როგორც მოსამართლის მოსვლაზე?

 14 რა გამოჩნდა იესოს წინასწარმეტყველების დამატებითი გამოკვლევის შედეგად, გვჭირდება შეხედულებების შეცვლა დროსთან დაკავშირებით? ამაზე პასუხი თავად წინასწარმეტყველებაშია მოცემული.

15 იესოს წინასწარმეტყველების იმ ნაწილში, რომელიც მათეს 24:2925:46-შია ჩაწერილი, ყურადღება უმთავრესად მახვილდება ბოლო დღეებში მოსახდენ მოვლენებსა და დიდ გასაჭირზე. ამ თავების 8 მუხლში მოცემულია იესოს სიტყვები, სადაც ის თავის მოსვლაზე საუბრობს. დიდ გასაჭირზე საუბრისას მან თქვა: „იხილავენ ... ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“; „არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“; „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“; ხოლო ცხვრებისა და თხების იგავში იესო ამბობს: „მოვა კაცის ძე ... თავისი დიდებით“ (მათ. 24:30, 42, 44; 25:31). თითოეული მუხლი ყურადღებას ამახვილებს იესოს, როგორც მოსამართლის მოსვლაზე. კიდევ რომელი ოთხი მუხლი საუბრობს მის მოსვლაზე მისივე წინასწარმეტყველებაში?

16. კიდევ რომელ მუხლებშია საუბარი იესოს მოსვლაზე?

16 ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს!“. ქალწულებზე მოყვანილ იგავში მან აღნიშნა: „სანამ ისინი [ზეთის] საყიდლად იყვნენ წასულები, მოვიდა ნეფე“. იგავში ტალანტებზე კი იესომ თქვა: „კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი“. იმავე იგავში ბატონი ამბობს: „როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას ... მივიღებდი“ (მათ. 24:46; 25:10, 19, 27). საინტერესოა, ეს ოთხი მუხლი იესოს რომელ მოსვლაზე საუბრობს?

17. როგორ გვესმოდა მათეს 24:46-ში მოხსენიებული სიტყვა „მოსვლისას“?

17  ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ის ოთხი მუხლი, რომლებიც ბოლოს მოვიხსენიეთ, ეხებოდა 1918 წელს იესოს მოსვლას. განვიხილოთ, რა თქვა იესომ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ დაკავშირებით (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). ადრე ვფიქრობდით, რომ 46-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვა „მოსვლისას“ უკავშირდებოდა 1918 წელს, რადგან მიგვაჩნდა, რომ იესო ცხებული ქრისტიანების სულიერი მდგომარეობის შესამოწმებლად სწორედ ამ წელს მოვიდა და ვფიქრობდით, რომ მან მთელი თავისი ქონება „მონას“ 1919 წელს ჩააბარა (მალ. 3:1). თუმცა იესოს წინასწარმეტყველების დამატებითი გამოკვლევიდან გამოჩნდა, რომ გვესაჭიროება დროსთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებში შეხედულების შეცვლა.

18. რა დასკვნამდე მივყავართ იესოს მოსვლასთან დაკავშირებული მისი წინასწარმეტყველების სრულად განხილვას?

 18 მათეს 24:46-ის წინა მუხლებში მოხსენიებული სიტყვა „მოვა“ ეხება იმ პერიოდს, როცა იესო დიდი გასაჭირის დროს მოვა, რათა აუწყოს და აღასრულოს განაჩენი (მათ. 24:30, 42, 44). აგრეთვე, როგორც  მე-12 აბზაცშიც განვიხილეთ, მათეს 25:31-ში მოცემული სიტყვა „მოვა“ უკავშირდება იმავე დროს, როცა იესო განაჩენს გამოიტანს. ამგვარად, გონივრულია დავასკვნათ, რომ მათეს 24:46, 47, სადაც საუბარია იმაზე, რომ იესო მთელ თავის ქონებას ერთგულ მონას ჩააბარებს, ეხება მომავალში დიდი გასაჭირის დროს მის მოსვლას. მაშასადამე, იესოს წინასწარმეტყველების სრულად განხილვამ ცხადი გახადა, რომ წინა აბზაცებში განხილული რვა მუხლი, რომლებშიც საუბარია იესოს მოსვლაზე, ეხება მომავალში დიდი გასაჭირის დროს იესოს მიერ განაჩენის აღსრულებას.

19. რა სიახლეების შესახებ ვისაუბრეთ და რა კითხვებს განვიხილავთ მომდევნო სტატიებში?

19 მოდი გავიხსენოთ. სტატიის დასაწყისში წამოვჭერით სამი კითხვა. პირველი კითხვა ეხებოდა დიდ გასაჭირს. გავიგეთ, რომ ის 1914 წელს არ დაწყებულა, და რომ ის დაიწყება მაშინ, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავს დაესხმება დიდ ბაბილონს. შემდეგ შევეხეთ იესოს მიერ „ცხვრებისა“ და „თხების“ გასამართლების საკითხს. როგორც დავინახეთ, ის 1914 წელს არ მომხდარა; იესო „ცხვრებსა“ და „თხებს“ გაასამართლებს დიდი გასაჭირის დროს. დაბოლოს, გავიგეთ, რომ იესოს ერთგული მონისთვის 1919 წელს არ ჩაუბარებია მთელი თავისი ქონება; ის ამას დიდი გასაჭირის დროს გააკეთებს. ასე რომ, ეს სამივე წინასწარმეტყველება ეხება ერთსა და იმავე პერიოდს, დიდ გასაჭირს. ცვლის ეს სიახლე ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით ჩვენს ადრინდელ გაგებაში რამეს? როგორ მოქმედებს ეს იესოს სხვა იგავებთან და მაგალითებთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე, რომლებიც უკანასკნელ დროს სრულდება? ამ მნიშვნელოვან კითხვებს დაეთმობა შემდგომი სტატიები.

 

^ აბზ. 4 მე-4 აბზაცი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 1831 და 1999 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 820.

^ აბზ. 8 მე-8 აბზაცი. ამ მუხლებში მოხსენიებულ მოვლენებს შორის ერთ-ერთი რჩეულთა შეკრებაა (მათ. 24:31). ამიტომ როგორც ჩანს, დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მყოფი ცხებული ქრისტიანები არმაგედონის დაწყებამდე ზეცად ამაღლდებიან. ეს შეხედულება შეესაბამება იმას, რაც 1990 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ მკითხველთა შეკითხვებშია განხილული 30-ე გვერდზე (რუს.).

^ აბზ. 11 მე-11 აბზაცი. იხილეთ 1995 წლის „საგუშაგო კოშკი“ (br-10, გვერდები 2328).

^ აბზ. 12 მე-12 აბზაცი. იხილეთ პარალელური აზრი ლუკას 21:28-ში.