არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩემს ტვირთს“

იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩემს ტვირთს“

ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, რომელიც სიცოცხლეს მიმწარებდა, ყოველთვის ვგრძნობდი მოსიყვარულე ზეციერი მამის მხარდაჭერას. 20 წელზე მეტია, პიონერად ვმსახურობ და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს.

დავიბადე 1956 წელს. დაბადებისთანავე ექიმებმა ხერხემლის ნაპრალის დიაგნოზი დამისვეს. ეს არის დეფექტი, როცა ხერხემლის არხი არასრულად იხურება. დეფექტის შედეგად დამიზიანდა ნერვი, რაც სიარულში მიშლის ხელს. ამან ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემებიც შემიქმნა.

სანამ მე დავიბადებოდი, ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმე მისიონერებთან სწავლობდნენ ბიბლიას. ბავშვობაში ჩემს მშობლიურ ქალაქ უსაკოში (ნამიბია) სულ რამდენიმე მაუწყებელი იყო, თანაც ერთმანეთისგან შორიშორს ცხოვრობდნენ. ისე ცოტა ვიყავით, რომ კრების მასალას ოჯახში განვიხილავდით ხოლმე. 7 წლის ასაკში ოპერაცია გამიკეთეს და შარდის ბუშტში ხელოვნური მილი ჩამიდგეს. 14 წლისას ეპილეფსია დამიდგინეს. სკოლა სახლიდან საკმაოდ შორს იყო და მშობლების გარეშე ვერ დავდიოდი. ამის გამო სამწუხაროდ, ვერ დავამთავრე საშუალო სკოლა.

მიუხედავად ყველაფრისა, გადავწყვიტე, უფრო მეტად დავახლოებოდი იეჰოვას. მაშინ ჩვენი პუბლიკაციების უმეტესობა არ გამოდიოდა აფრიკაანსზე, ჩემს მშობლიურ ენაზე. ამიტომ ინგლისურის სწავლა დავიწყე, ჩვენი ორგანიზაციის გამოცემული წიგნები რომ წამეკითხა. 19 წლის ასაკში მოვინათლე. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული ფიზიკური და ემოციური პრობლემები შემექმნა. ჩვენ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ვცხოვრობდით და ამის გამო თამამად ვერ ვქადაგებდი, რადგან მეზობლების ძალიან მერიდებოდა.

22-23 წლისა ვიყავი, როცა ნამიბიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადავედით და ამ დროს პირველად მომეცა კრებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ეს დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში! ამ პერიოდში გამიკეთეს კიდევ ერთი ოპერაცია — კოლოსტომია (მსხვილი ნაწლავის რომელიმე მონაკვეთზე გარეგანი ფისტულის გაკეთება).

გავიდა დრო. ერთხელ სარაიონო ზედამხედველის საუბარს მოვკარი ყური, როცა ის პიონერულ მსახურებაზე საუბრობდა. მისი სიტყვები ღრმად შეეხო ჩემს გულს. ვიცოდი, რომ ცუდი ჯანმრთელობის გამო პიონერად მსახურება გამიჭირდებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი სირთულეების დროს იეჰოვას მხარდაჭერა. ასე რომ, პიონერად მსახურების სურვილი გამოვთქვი და შევავსე ბლანკი. თუმცა ჩემი ჯანმრთელობის გამო უხუცესებმა თანხმობა არ მომცეს.

მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, თავდაუზოგავად მექადაგა. დედაჩემისა და და-ძმების დახმარებით ექვსი თვის განმავლობაში იმდენი ვიქადაგე, რამდენსაც პიონერები ქადაგებენ. ამან უფრო მეტად განმიმტკიცა სრული დროით მსახურების სურვილი და მივხვდი, რომ ჯანმრთელობა ვერ შემიშლიდა პიონერობაში ხელს და კიდევ ერთხელ შევავსე ბლანკი. ამჯერად თანხმობა მივიღე. 1988 წლის 1 სექტემბერს პიონერად დავინიშნე.

დღემდე პიონერად ვმსახურობ და გამუდმებით ვგრძნობ იეჰოვას ხელს ჩემს ცხოვრებაში. იცით, რა მეხმარება ემოციურ პრობლემებთან ბრძოლაში? ის, რომ სხვებს ვასწავლი ჭეშმარიტებას და საკუთარ მდგომარეობაზე ზედმეტად აღარ ვფიქრობ. ეს ასევე უფრო მეტად მაახლოებს იეჰოვასთან. ჩემი ბიბლიის შემსწავლელები მოინათლნენ და იეჰოვას ერთგული მსახურები გახდნენ; ესეც უდიდესი სიხარულია ჩემთვის!

დღესაც არ მიწყობს ჯანმრთელობა ხელს, მაგრამ იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩემს ტვირთს (ფსალმ. 68:19). ის არა მარტო განსაცდელების ატანაში მეხმარება, არამედ სასიამოვნოს ხდის ჩემს ცხოვრებას!