არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა: რატომ არის ამდენი ტანჯვა? როდის მოეღება მას ბოლო?

რამდენი უდანაშაულო ადამიანი იღუპება

რამდენი უდანაშაულო ადამიანი იღუპება

პატარა ნოუელი საყვარელი და ალერსიანი გოგონა იყო, ძალიან უყვარდა ხატვა. ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ის სახლის უკანა ეზოში თამაშობდა, შემთხვევით აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. ორ კვირაში ის ოთხი წლის უნდა გამხდარიყო.

შარლოტა, დანიელი, ოლივიე, ჟოზეფინა . . . იმ ბავშვების სახელებია, რომლებიც 2012 წლის 14 დეკემბერს კონექტიკუტის შტატის ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ამ ტრაგედიას შეეწირა 26 ადამიანი, რომელთაგან 20 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი იყო. დაკრძალვაზე პრეზიდენტმა ობამამ დაღუპული ბავშვების სახელები მოიხსენია და მგლოვიარე ხალხს უთხრა: „ასეთ ტრაგედიებს ბოლო უნდა მოეღოს“.

1996 წელს 18 წლის ბანოუ ოჯახთან ერთად ერაყიდან საცხოვრებლად ნორვეგიაში გადავიდა. მეგობრებმა მას მეტსახელად მზის სხივი შეარქვეს. სამწუხაროდ, 2011 წლის 22 ივლისს ბანოუ ერთ-ერთი იყო იმ 77 ადამიანიდან, რომლებიც ერთ ექსტრემისტს ემსხვერპლნენ. ექსტრემისტმა განაცხადა: „ვწუხვარ . . . რომ მეტის მოკვლა ვერ შევძელი“.

მსგავს გულსაკლავ შემთხვევებს ბოლო არ უჩანს. მართლაც, რამხელა მწუხარება და ტკივილი მოაქვს ომებს, ტერორისტულ აქტებს, სტიქიას, ბოროტმოქმედთა სისასტიკესა თუ უბედურ შემთხვევებს. რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება ამგვარ ტრაგედიებს და რამდენი ოჯახი უბედურდება.

ზოგი ამ ყველაფერში ღმერთს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მას არ ადარდებს ადამიანები. ზოგის აზრით, ღმერთი კი ხედავს ჩვენს ტანჯვას, მაგრამ არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. სხვები ასეთ ტრაგედიებს ბედისწერას მიაწერენ. არსებობს სხვა უამრავი მოსაზრებაც. სად შეიძლება საიმედო და დამაკმაყოფილებელი პასუხების პოვნა? ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვიხსნის ტანჯვის გამომწვევ მიზეზებს და იმას, თუ როგორ მოეღება ბოლო ყოველივე ამას. ამ საკითხებზე მომდევნო სტატიებში იქნება საუბარი.