არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პიონერული მსახურება გვაახლოებს ღმერთთან

პიონერული მსახურება გვაახლოებს ღმერთთან

„კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს“ (ფსალმ. 147:1).

1, 2. ა) რა შედეგი მოაქვს საყვარელ ადამიანზე ფიქრს და მასზე საუბარს? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ?

საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის უხილავი კვანძები თანდათან უფრო გვიძლიერდება, რაც უფრო მეტს ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ მასზე. ეს სიტყვები იდეალურად მიესადაგება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას. ფარის მწყემსვისას დავითი ღამ-ღამობით ხშირად აკვირდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დიდხანს ფიქრობდა თავის უბადლო გამჩენზე. აი, რას წერდა ის: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?“ (ფსალმ. 8:3, 4). როცა პავლემ საკუთარი თვალით დაინახა, რა სასწაულებრივად სრულდებოდა ღვთის განზრახვა სულიერ ისრაელთან დაკავშირებით, შესძახა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“ (რომ. 11:17—26, 33).

2 ბუნებრივია, ქადაგების დროს ჩვენ ვფიქრობთ და ვსაუბრობთ იეჰოვაზე. ამას, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ კარგი შედეგი მოაქვს. ბევრმა სრული დროით მსახურმა დაინახა, რომ ერთ-ერთი კურთხევა, რაც პიონერულ მსახურებას მოჰყვება, ის არის, რომ ადამიანს ამ დროს უფრო მეტად უღრმავდება სიყვარული ღვთისადმი. თუ უკვე პიონერი ხართ ან აპირებთ პიონერული მსახურების დაწყებას, დაფიქრდით, როგორ ეხმარება სრული დროით მსახურება ქრისტიანს იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში? თუ პიონერი ხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა უნდა გავითვალისწინო, რომ არ შევწყვიტო ეს მართლაც კურთხეული მსახურება? ხოლო, თუ ჯერ არა ხართ პიონერი, იფიქრეთ, ხომ არ შეგიძლიათ შეცვალოთ რამე ისე, რომ შეუერთდეთ მათ რიგებს? მოდი, განვიხილოთ ის მხარეები, რომლებიც სრული დროით მსახურს ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებაში ეხმარება.

 სრული დროით მსახურება და ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა

3. როგორ მოქმედებს ჩვენზე ის, რომ სხვებს მომავალ კურთხევებზე ვესაუბრებით?

3 სხვებთან მომავალ კურთხევებზე საუბარი უფრო გვაახლოებს იეჰოვასთან. ყველაზე მეტად რომელი ბიბლიური მუხლის გამოყენება გიყვართ კარდაკარ ქადაგების დროს? შეიძლება თქვენი საყვარელი მუხლი ფსალმუნის 37:10, 11, დანიელის 2:44, იოანეს 5:28, 29 ან გამოცხადების 21:3, 4-ია. ყოველთვის, როცა სხვებს ჭეშმარიტ იმედზე ვესაუბრებით, კიდევ ერთხელ ვახსენებთ საკუთარ თავს, რომ ჩვენი გულუხვი ღმერთი „ყოველი კარგი ძღვნისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვარის“ მბოძებელია. ეს სინამდვილე კი უფრო გვაახლოებს მასთან (იაკ. 1:17).

4. რა შემთხვევაში ვაფასებთ იეჰოვას სიკეთეს უფრო მეტად?

4 როცა ქადაგების დროს ვხედავთ, თუ როგორ უჭირს ხალხს სულიერად, უფრო მეტად ვაფასებთ ჭეშმარიტებას. ქვეყნიერებაში ხალხს არა აქვს სანდო და საიმედო სახელმძღვანელო პრინციპები, რაც მათ წარმატებასა და ბედნიერებას მოუტანდა. მრავალი წუხს ხვალინდელ დღეზე და რეალური იმედიც არავის ესახება თვალწინ. ხალხი სიცოცხლის აზრის ძიებაშია. თქვენ წარმოიდგინეთ, მათაც კი, ვინც რელიგიურად ცხოვრობენ, ბევრი არაფერი იციან წმინდა წერილებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან ძველად მცხოვრები ნინეველებისგან (წაიკითხეთ იონას 4:11 ). რაც უფრო მეტად ვართ ჩართულნი ქადაგების საქმეში, მით უფრო აშკარად ვგრძნობთ სხვაობას მათ სულიერ მდგომარეობასა და ჩვენს სულიერ მდგომარეობას შორის (ეს. 65:13). ამ დროს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რომ კარგია იეჰოვა, რადგან ის მხოლოდ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე კი არ ზრუნავს, არამედ ყველას იწვევს, რათა სულიერად გაამხნეოს ისინი და რეალური იმედი ჩაუსახოს გულებში (გამოცხ. 22:17).

5. როგორ ვუყურებთ საკუთარ პრობლემებს, როცა სხვებს სულიერად ვეხმარებით?

5 როცა სხვებს სულიერად ვეხმარებით, საკუთარ პრობლემებთან ბრძოლა გვიადვილდება. ეს თავის თავზე გამოსცადა ერთმა პიონერმა, სახელად ტრიშამ, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ. ის იხსენებს იმ პერიოდს და ასეთ რამეს ამბობს: „ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ ასეთ საშინელ სიტუაციაში“. ერთხელ ტრიშა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და სახლიდან გასვლა არ უნდოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და შესწავლაზე მაინც წავიდა. შესწავლას სამ ბავშვს უტარებდა. მათ ოჯახში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მამა სახლიდან იყო წასული; პატარა და-ძმებს კი უფროსი ძმა ძალიან უხეშად ეპყრობოდა. „მივხვდი, რომ ჩემი პრობლემები და გულისტკივილი არაფერი იყო მათ სატკივართან შედარებით. შესწავლის დროს ისე საყვარლად უციმციმებდათ პატარა თვალები და სიხარულისგან ისე კისკისებდნენ, რომ ჩემი პრობლემები სულ გადამავიწყდა. ამ ბავშვების სახით იეჰოვამ უდიდესი საჩუქარი გამიკეთა იმ დღეს“.

6, 7. ა) რაში გვეხმარება სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება? ბ) რა გრძნობა გვეუფლება, როცა შემსწავლელები ბიბლიური პრინციპების საფუძველზე უკეთესობისკენ იცვლებიან?

6 როცა სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვასწავლით, რწმენა გვიღრმავდება. პავლე მოციქული რომში მცხოვრებ ზოგიერთ იუდეველს, რომლებიც არ იქცეოდნენ იმის თანახმად, რასაც ქადაგებდნენ, მიმართავდა: „სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა?“ (რომ. 2:21). მართლაც, რა დიდი სხვაობაა მათსა და დღევანდელ პიონერებს შორის! პიონერებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ, სხვებს ასწავლონ ჭეშმარიტება. იმისათვის, რომ მათი მსახურება შედეგიანი იყოს, ყოველი შესწავლის წინ საფუძვლიანად უნდა მოემზადონ. ერთი პიონერი ჯენინი ამბობს: „როცა ბიბლიის შესწავლას ვატარებ, ვხედავ, რომ უფრო ღრმად მებეჭდება ჭეშმარიტება გულსა და გონებაში. ვგრძნობ, რომ შედეგად ჩემი რწმენა იზრდება და ძლიერდება“.

7 როცა ვხედავთ, როგორ იცვლებიან შემსწავლელები უკეთესობისკენ, უფრო მეტად ვაფასებთ იმას, თუ რაოდენ ბრძენია ჩვენი ღმერთი (ეს. 48:17, 18). ამის დანახვა გვეხმარება, რომ ჩვენც ერთგულად მივყვეთ იმავე პრინციპებს და დავიცვათ ისინი ცხოვრებაში. აი, რას ამბობს ადრიანა, რომელიც ასევე პიონერია: „ადამიანს ცხოვრება მაშინ ურთულდება, როცა საკუთარ სიბრძნეზე ხდება დაიმედებული. მაგრამ, როგორც კი იეჰოვას სიბრძნეს დაუწყებს ძებნას, მდგომარეობა მაშინვე რადიკალურად ეცვლება“. მოდი, ფილსაც მოვუსმინოთ, ისიც დაახლოებით ამავე აზრს ამბობს: „ვხედავ და გაოცებული ვარ, თუ როგორ ცვლის იეჰოვა ადამიანებს. არადა ეს ადამიანები ერთ დროს ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის,  რომ შეცვლილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ“.

8. როგორ მოქმედებს კარგ საზოგადოებასთან ერთად მსახურება ჩვენზე?

8 კარგ საზოგადოებასთან ერთად მხარდამხარ მსახურება სულიერად გვაშენებს (იგავ. 13:20). პიონერები, როგორც წესი, საკმაოდ დიდ დროს ატარებენ თანაქრისტიანებთან მსახურებაში. ეს ურთიერთგამხნევების ბრწყინვალე საშუალებას იძლევა (რომ. 1:12; წაიკითხეთ იგავების 27:17 ). კიდევ ერთი პიონერი, ლიზა ამბობს: „თითქმის ყველგან, სადაც არ უნდა იმუშაო, კონკურენციაა და თანამშრომლებს ერთმანეთის შურთ. ყოველდღიურად გესმის ჭორაობა და ვულგარული საუბრები. ისინი არაფერზე იხევენ უკან, ოღონდაც კი დაწინაურდნენ. ასეთ გარემოში ქრისტიანი ზოგჯერ შეიძლება დაცინვის ობიექტად იქცეს. მაგრამ თანაქრისტიანებთან ერთად მსახურება სულ სხვაა; მათთან ერთად თანამშრომლობა ნამდვილად გამამხნევებელია. დღის ბოლოს რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, თავს მაინც მხნედ ვგრძნობ“.

9. რა გავლენას ახდენს ქორწინების სამმაგ ძაფზე წყვილის პიონერული მსახურება?

9 პიონერული მსახურება წყვილს ეხმარება ქორწინების სამმაგი ძაფის განმტკიცებაში (ეკლ. 4:12). მადლენი, რომელიც მეუღლესთან ერთად პიონერად მსახურობს, ამბობს: „მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობთ ხოლმე, თუ ვის რა გადაგვხდა იმ დღეს მსახურებაში; გარდა ამისა, ბიბლიის კითხვის დროს ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წაკითხული აზრების მსახურებაში გამოყენება. რაც დრო გადის პიონერული მსახურება უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან“. ტრიშაც მსგავს აზრს ამბობს: „ჩვენ არ გვიყვარს ვალების აღება, აქედან გამომდინარე, ფულზე არ ვდაობთ. ერთი და იგივე მსახურების განრიგი გვაქვს. ხშირად ვაკეთებთ განმეორებით მონახულებებს ერთად და ერთად ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს; ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ ემოციურადაც და სულიერადაც ძლიერები ვიყოთ“.

სრული დროით მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას კმაყოფილება სდევს თან (იხილეთ მე-9 აბზაცი)

10. რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ?

10 როცა ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე  ვაყენებთ, ჩვენი იეჰოვასადმი ნდობა იზრდება, ვგრძნობთ მის მხარდაჭერას და იმას, თუ როგორ გვპასუხობს ლოცვებზე. ეს, ასე თუ ისე, ყველა ერთგულ ქრისტიანს გამოუცდია. თუმცა ერთი რამ ცხადია: პიონერებმა კარგად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს იეჰოვაზე მინდობას. მათ ესმით, რომ ამის გარეშე ვერ შეძლებენ სრული დროით მსახურების გაგრძელებას (წაიკითხეთ მათეს 6:30—34 ). ერთხელ ერთ ძმას, კერტს, რომელიც პიონერად და სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურობს და რომლის მეუღლეც ასევე პიონერია, სთხოვეს, მოენახულებინა კრება, რომელიც მისი სახლიდან მანქანით ორსაათ-ნახევრის სავალზე იყო. ის დათანხმდა, თუმცა საქმე იმაში იყო, რომ არ ჰქონდა საკმარისი საწვავი; ჰქონდა მხოლოდ იმდენი, რამდენიც ერთ გზაზე ძლივს ეყოფოდა; ხელფასსაც მეორე კვირაში იღებდა სამსახურიდან და ჯიბეში მეტი ფული არ ედო. ფიქრობდა, რა ექნა. ილოცა და გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ამისა, მეუღლესთან ერთად მაინც წასულიყო დავალების შესასრულებლად, დარწმუნებული იმაში, რომ დანარჩენზე ღმერთი იზრუნებდა. მაგრამ მოხდა საინტერესო რამ: სახლიდან გასვლის წინ ერთმა დამ დაურეკა და უთხრა, რომ საჩუქარი ჰქონდა მათთვის. ეს საჩუქარი იყო ზუსტად იმ რაოდენობის თანხა, რაც უკან დასაბრუნებლად სჭირდებოდათ. კერტი ამბობს: „როცა ასეთ რაღაცებს ხშირად ხვდები ცხოვრებაში, ძნელია, არ დაინახო იეჰოვას ხელი“.

11. ჩამოთვალეთ ზოგიერთი კურთხევა, რაც პიონერულ მსახურებას მოაქვს.

11 დიახ ასეა, პიონერები ხედავენ, რომ რაც უფრო მეტად მონაწილეობენ იეჰოვას მსახურებაში და რაც უფრო უახლოვდებიან ღმერთს, მით უფრო მეტად არიან კურთხეულნი მისგან (კან. 28:2). და მაინც, პიონერებს თავიანთი პრობლემები გააჩნიათ. ღვთის არც ერთი მსახური არა ვართ დაცულნი ადამის ცოდვით გამოწვეული პრობლემებისგან. მართალია, სირთულეების გამო ზოგ პიონერს შეიძლება მოუწიოს სრული დროით მსახურების შეწყვეტა, მაგრამ პრობლემების მოგვარება ან თუნდაც თავიდან არიდება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია. რა შეიძლება დაეხმაროს პიონერებს, სიხარულით განაგრძონ თავიანთი დიდებული დავალების შესრულება?

არ შეწყვიტოთ სრული დროით მსახურება

12, 13. ა) როგორ უნდა მოიქცეს პიონერი, როცა უჭირს პიონერული საათების ნორმის შესრულება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, პირადი შესწავლა და ფიქრი?

12 ბევრ პიონერს გადატვირთული დღის განრიგი აქვს. ამიტომ კარგი ორგანიზებაა საჭირო, რომ მან ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს (1 კორ. 14:33, 40). თუ პიონერს უჭირს პიონერული საათების ნორმის შესრულება, კარგი იქნება, თუ გადახედავს თავის დღის განრიგს და შეამოწმებს, რაში ეხარჯება დრო (ეფეს. 5:15, 16). ამისათვის მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: რამდენ დროს ვუთმობ გართობასა და დასვენებას? უფრო მეტი თვითდისციპლინა ხომ არ მჭირდება? სამუშაოს გრაფიკში ხომ არ უნდა შევცვალო რამე? ალბათ, ყველა ვაღიარებთ, რომ ხშირად უმნიშვნელო საქმეები ისე გვართმევს დროს, რომ ვერც კი ვხვდებით. ამიტომ სრული დროით მსახურებს შეიძლება სისტემატურად დასჭირდეთ ამ საკითხებზე დაფიქრება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების მოხდენა.

13 ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, პირადი შესწავლა და ფიქრი პიონერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. შესაბამისად, პიონერმა თვითდისციპლინა უნდა გამოავლინოს, რათა ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს არ დაუთმოს ის დრო, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის (ფილ. 1:10). მაგალითად, წარმოიდგინეთ სრული დროით მსახური, რომელმაც მთელი დღე იმსახურა და შინ დაბრუნდა. მას დაგეგმილი ჰქონდა, საღამოს კრების შეხვედრისთვის მომზადება. თუმცა სანამ მომზადებას დაიწყებდა ჩართო კომპიუტერი, გადახედა ახალ იმეილებს და პასუხებიც დაგზავნა. ამასობაში, გახსნა სხვა ვებ-გვერდი იმის სანახავად, შემთხვევით ხომ არ დაიკლო იმ ნივთის ფასმა, რომლის ყიდვასაც აპირებდა. ასე გავიდა თითქმის 2 საათი და მას შესწავლა ჯერაც არ ჰქონდა დაწყებული, არადა ეს საღამო ამისთვის ჰქონდა გამოყოფილი. რის სწავლა შეიძლება ამ მაგალითიდან? პროფესიონალმა სპორტსმენმა საკუთარ სხეულს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ უნდა, რომ ხანგრძლივი სპორტული კარიერა ჰქონდეს. თუ პიონერებსაც სურთ, რომ არ შეწყვიტონ სრული  დროით მსახურება, კარგი პირადი შესწავლის განრიგი უნდა ჰქონდეთ, რაც მათ საკუთარი თავის სულიერად გაძლიერებაში დაეხმარება (1 ტიმ. 4:16).

14, 15. ა) რატომ უნდა იცხოვრონ პიონერებმა უბრალო ცხოვრებით? ბ) რა უნდა გააკეთოს პიონერმა, თუ სირთულეები იჩენს თავს?

14 წარმატებული პიონერები ცდილობენ, რომ უბრალო ცხოვრებით იცხოვრონ. იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ სუფთად დაეცვათ თვალი (მათ. 6:22). ის თავადაც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა და ამგვარად არაფერს აძლევდა უფლებას, ხელი შეეშალა მსახურების შესრულებაში. მას თამამად შეეძლო ეთქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (მათ. 8:20). იესოს ცხოვრებაზე დაკვირვებით პიონერებმა ისწავლეს, რომ რაც მეტი ნივთი აქვს ადამიანს, მით მეტი დროა საჭირო მათ მოსავლელად და შესაკეთებლად.

15 პიონერებმა იციან, რომ ეს განსაკუთრებული მსახურება დამსახურებული ძღვენი არ არის. მათ ესმით, რომ ნებისმიერი ძღვენი, რასაც ისინი იღებენ და მსახურება, რომელშიც მონაწილეობენ, იეჰოვას წყალობაა. ასე რომ, სრული დროით მსახურების გასაგრძელებლად თითოეული პიონერი იეჰოვას უნდა მიენდოს (ფილ. 4:13). ცხადია, სირთულეები და პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს (ფსალმ. 34:19). ამიტომ გასაჭირში პიონერებმა მყისვე სრული დროით მსახურების შეწყვეტაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას უნდა მიმართონ და საშუალება უნდა მისცენ მას, იმოქმედოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:5 ). შედეგად, როცა საკუთარ თავზე გამოცდიან ღვთის მოსიყვარულე ხელს, უფრო მეტად დაუახლოვდებიან მას, როგორც მზრუნველ ზეციერ მამას (ეს. 41:10).

შეგიძლიათ შეუერთდეთ პიონერთა რიგებს?

16. რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ პიონერული მსახურების დაწყება?

16 თუ თქვენც გინდათ, რომ საკუთარ თავზე გამოცადოთ ის კურთხევები, რასაც სრული დროით მსახურები გრძნობენ, უთხარით ეს იეჰოვას (1 იოან. 5:14, 15). გაესაუბრეთ ასევე ამის შესახებ პიონერებს. დაისახეთ მიზნები, რომლებიც ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. სწორედ ასე მოიქცნენ კითი და ერიკა. ეს წყვილი სრულ განაკვეთზე მუშაობდა და დაქორწინებიდან მალევე შეიძინეს სახლი და ახალი მანქანა. „ვფიქრობდით, რომ ამ ნივთების შეძენა კმაყოფილებას მოგვიტანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა“, — თქვეს ერთხელ მათ. როცა კითმა სამსახური დაკარგა, დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება. ის ამბობს: „პიონერობამ კიდევ ერთხელ დამიბრუნა ის სიხარული, რასაც მსახურების დროს განიცდის ადამიანი“. ისინი ერთ პიონერ წყვილს დაუმეგობრდნენ და მათგან ისწავლეს ერთი მნიშვნელოვანი რამ: უბრალო ცხოვრებას და პიონერულ მსახურებას აუცილებლად სდევს თან სიხარული. როგორ წარმართეს მათ თავიანთი ცხოვრება ამის შემდეგ? „ჩამოვწერეთ სულიერი მიზნების სია და გავაკარით მაცივარზე. რომელ მიზანსაც მივაღწევდით, სიაში აღვნიშნავდით ხოლმე“. დადგა დრო და ისინი პიონერთა რიგებს შეუერთდნენ.

17. რატომ იქნებოდა გონივრული, რომ ცვლილებების მოხდენაზე გეფიქრათ?

17 შეგიძლიათ თქვენც შეუერთდეთ პიონერთა რიგებს? თუ მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას და უფრო მეტად მიიღოთ მონაწილეობა მსახურებაში. ლოცვისა და ფიქრის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თუ დღის განრიგში ან ცხოვრების წესში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ, შეძლებთ პიონერული მსახურების დაწყებას. და თუ გადაწყვეტთ და დაიწყებთ პიონერულ მსახურებას, მალევე დაინახავთ, რომ განცდილი სიხარული გადაწონის იმ მსხვერპლს, რომლის გაღებაც ამ მსახურებისთვის მოგიწევთ. დღითი დღე უფრო მეტ კმაყოფილებას იგრძნობთ, რადგან ეს გრძნობა მოდის მაშინ, როცა ადამიანი სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს (მათ. 6:33). ამასთანავე, თქვენ გამოცდით გაცემით განცდილ უდიდეს ბედნიერებას. დაბოლოს, თქვენ მოგეცემათ საშუალება, უფრო მეტად იფიქროთ და ისაუბროთ იეჰოვაზე, გაიღრმაოთ ის უხილავი გრძნობა, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია და სიამოვნება მოჰგვაროთ თქვენს ზეციერ მშობელს!