არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სანამ ლაზარეს მკვდრეთით აღადგენდა, რატომ აცრემლდა იესო, რის შესახებაც იოანეს 11:35-ში ვკითხულობთ?

ბუნებრივია, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება, ვტირით, რადგან ვიცით, რომ ტკივილამდე მოგვენატრება ის. მართალია, იესოს უყვარდა ლაზარე, მაგრამ ის მისმა სიკვდილმა კი არ ააცრემლა, არამედ როგორც კონტექსტიდან ვიგებთ, ის ლაზარეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებამ აატირა (იოან. 11:36).

როდესაც იესომ პირველად შეიტყო ლაზარეს ავადმყოფობის შესახებ, ის მაშინვე არ გაეშურა მის განსაკურნავად. სახარებაში ვკითხულობთ: „როდესაც [იესომ] გაიგო, რომ ლაზარე ავად იყო, ორი დღე დარჩა იქ, სადაც იმყოფებოდა“ (იოან. 11:6). იესო მიზანმიმართულად შეყოვნდა; მან თქვა: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლად, რათა ამით განდიდდეს ღვთის ძე“ (იოან. 11:4). იესოს განზრახული ჰქონდა, რომ ლაზარეს სიკვდილი „ღვთის სადიდებლად“ გამოეყენებინა. როგორ შეძლებდა ის ამას? იესო აპირებდა, რომ თავისი ძვირფასი მეგობარი ლაზარე ყველას დასანახავად სასწაულებრივად აღედგინა მკვდრეთით.

თავის მოწაფეებთან გარდაცვლილ ლაზარეზე საუბრისას იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ამიტომაც უთხრა მათ: „მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოან. 11:11). იესოსთვის ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა იმის მსგავსი იქნებოდა, რომ მშობელს ჩაძინებული ბავშვი გამოეღვიძებინა. ამგვარად, მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ დამწუხრებულიყო მეგობრის სიკვდილით.

მაშ, რატომ აცრემლდა იესო? პასუხს ისევ და ისევ კონტექსტიდან ვიგებთ. როდესაც იესომ დაინახა, თუ როგორ ტიროდნენ ლაზარეს და მარიამი და სხვები, „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“. ყურადღება მივაქციოთ ერთ რამეს: იესომ იმიტომ ამოიოხრა სულით, რომ მათმა ტკივილმა შეძრა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც „აცრემლდა“ იესო. ის ძალიან დაანაღვლიანა იმის დანახვამ, თუ როგორ განიცდიდნენ და წუხდნენ მისი საყვარელი მეგობრები (იოან. 11:33, 35).

ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ იესოს შესწევს ძალა, დაუბრუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს საყვარელ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში. ეს შემთხვევა იმის დანახვაშიც გვეხმარება, რომ იესო თანაუგრძნობს მათ, ვისაც ადამის ცოდვის გამო საყვარელი ადამიანები გამოეცალათ ხელიდან. კიდევ ერთი, რასაც ეს შემთხვევა გვასწავლის, ის არის, რომ ჩვენც თანავუგრძნოთ მათ, ვინც გლოვობს.

იესომ იცოდა, რომ ლაზარეს აღადგენდა. თუმცა თავისი მეგობრებისადმი უდიდესმა სიყვარულმა და თანაგრძნობამ ის ააცრემლა. ჩვენც შეიძლება თანაგრძნობამ აგვატიროს „მოტირალებთან“ (რომ. 12:15). თუ ვინმე ამგვარად წუხს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მას ბოლომდე არ სჯერა მკვდრეთით აღდგომის. ამ მხრივ იესომ მართლაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა; მან თანაუგრძნო დამწუხრებულებს და გულწრფელად აცრემლდა, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას აპირებდა.