არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 დაუახლოვდით ღმერთს

„იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით“

„იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით“

„ვინც სხვებს არ პატიობს, იმ ხიდს ანგრევს, რომელზეც თავად უნდა გაიაროს“. მე-17 საუკუნის ბრიტანელი ისტორიკოსის ედუარდ ჰერბერტის ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმ აზრს, თუ რატომ უნდა ვაპატიოთ სხვებს: ადრე თუ გვიან, შეიძლება ჩვენც დაგვჭირდეს სხვებისგან პატიება (მათე 7:12). თუმცა, პატიებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობს. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ კოლოსელების 3:13-ში (წაიკითხეთ).

არასრულყოფილების გამო დროდადრო შეიძლება ვინმე გავაღიზიანოთ და გავანაწყენოთ, ან პირიქით, სხვებმა გაგვანაწყენონ (რომაელები 3:23). როგორ შევინარჩუნოთ ამ დროს მშვიდობა? ღვთის შთაგონებით პავლე გვირჩევს, სხვების მიმართ შემწყნარებლები და მიმტევებლები ვიყოთ. ეს რჩევა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც დაახლოებით 2000 წლის წინ იყო, როცა ბიბლიაში ჩაიწერა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ პავლეს ეს რჩევა.

„მოუთმინეთ . . . ერთმანეთს“. დედნისეულ ენაზე სიტყვა „მოუთმინეთ“ გულისხმობს შემწყნარებლობას ან თავშეკავებას. როგორც ერთ ცნობარშია ნათქვამი, ქრისტიანები მოთმინებას მაშინ ავლენენ, როცა „მზად არიან, აიტანონ სხვების შეცდომები ან გამაღიზიანებელი საქციელი“. სიტყვა „ერთმანეთს“ კი იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი შემწყნარებლობა ორმხრივი უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენმა ქცევებმა შეიძლება სხვები გააღიზიანოს, არ დავუშვებთ, რომ სხვების გამაღიზიანებელი ქცევების გამო მშვიდობა დაირღვეს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ სხვები ჩვენ წინააღმდეგ სცოდავენ?

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“. ერთი მკვლევრის აზრით, ბერძნულ ფრაზაში „მთელი გულით აპატიეთ“, „უბრალოდ პატიებაზე მეტი იგულისხმება . . . მასში უფრო ღრმა აზრია ჩადებული და მიუთითებს დიდსულოვნად პატიებაზე“. სხვა მეცნიერი კი აღნიშნავს, რომ „მთელი გულით პატიება“ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მწყენინებელს „სიკეთე ან წყალობა უყო და ეს სიხარულით გააკეთო“. დიდსულოვნებას იმ შემთხვევაში ვავლენთ, თუ მზად ვართ ვაპატიოთ, მაშინაც კი, როცა „ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი“ გვაქვს. მაინც რატომ უნდა ვავლენდეთ ამგვარ წყალობას? ერთი მიზეზი ის არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენც დაგვჭირდეს მწყენინებლისგან პატიება და წყალობა.

„როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა ვპატიობდეთ მთელი გულით, ის არის, რომ იეჰოვა ღმერთიც მთელი გულით გვპატიობს (მიქა 7:18). ერთი წუთით დაფიქრდით იმ დიდ წყალობაზე, რომელსაც იეჰოვა ავლენს მომნანიე შემცოდველების მიმართ. ჩვენგან განსხვავებით, იეჰოვა უცოდველია. ის მზად არის ბოლომდე აპატიოს მომნანიე შემცოდველებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, თავად არასოდეს დასჭირდება მათგან პატიება. ნამდვილად, იეჰოვა პატიების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს!

იეჰოვა პატიების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს!

იეჰოვას მიერ გამოვლენილი წყალობა მისკენ გვიზიდავს და აღგვძრავს, მას მივბაძოთ (ეფესოელები 4:32—5:1). კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: თუ იეჰოვა ასე დიდსულოვნად მპატიობს დანაშაულს, განა მე არ უნდა ვაპატიო ჩემნაირ არასრულყოფილ ადამიანს, რომელიც გულწრფელად ინანიებს ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვას? (ლუკა 17:3, 4).