არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოქმედებს ფერები თქვენზე?

როგორ მოქმედებს ფერები თქვენზე?

თვალი და ტვინი დიდ როლს ასრულებს გარე სამყაროს აღქმაში. მაგალითად, ხილის დანახვაზე შეიძლება მადა აღგეძრათ. როცა ცას უყურებთ, ხვდებით, რომ დღეს არ იწვიმებს. ამ წუთას ხედავთ სიტყვებს, რომლებსაც კითხულობთ და სწვდებით აზრს. სინამდვილეში, თქვენზე ფერები მოქმედებს.

ხილის ფერით შეიძლება იმის განსაზღვრა, მწიფეა თუ არა ის და ჭამის სურვილიც ამის შესაბამისად გიჩნდებათ. ცისა და ღრუბლების ფერით ადვილად საზღვრავთ ამინდს. ამ სიტყვების კითხვისას თქვენი თვალი ადვილად ამჩნევს კონტრასტს ნაწერსა და ქაღალდს შორის. დიახ, შეიძლება ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ სწორედ ფერების მეშვეობით აღიქვამთ სამყაროს. ფერები თქვენს ემოციებზეც მოქმედებს.

ფერები და ემოციები

მაღაზიებში ხედავთ ლამაზად შეფუთულ ნივთებს, რომლებსაც თვალს ვერ წყვეტთ. შეიძლება არ იცით, მაგრამ რეკლამის მწარმოებლები ყურადღებით არჩევენ ფერებს და ერთმანეთს უხამებენ, რათა დანახვისთანავე ყიდვის სურვილი აღგიძრან. ისინი ითვალისწინებენ თქვენს სურვილებს, ასაკსა და სქესს. ფერები რომ ადამიანის ემოციებზე მოქმედებს, კარგად იციან აგრეთვე სახლისა თუ ტანსაცმლის დიზაინერებმა და მხატვრებმა.

ადამიანები ფერებს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ, რაზეც გავლენას ახდენს ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები. მაგალითად, აზიაში წითელი ფერი კარგ იღბალთან და დღესასწაულებთან ასოცირდება, მაშინ როცა, აფრიკის ზოგ ქვეყანაში წითელი სამგლოვიარო ფერია. თუმცა, წარმომავლობის მიუხედავად, გარკვეული ფერების მიმართ ადამიანებს ერთი და იგივე ემოციები აღეძვრებათ. მიმოვიხილოთ სამი ფერი და ვნახოთ, როგორ მოქმედებენ ისინი თქვენზე.

წითელი ძალიან მყვირალა ფერია. ის ხშირად ენერგიასთან, ომთან და საშიშროებასთან ასოცირდება. წითელი მძაფრ ემოციებს აღძრავს. ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახშირებს სუნთქვას და ამაღლებს არტერიულ წნევას.

ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „წითელი“, მომდინარეობს სიტყვიდან „სისხლი“. ბიბლია სისხლისმსმელი მეძავი ქალის შთამბეჭდავი სურათის შესაქმნელად ალისფერს ანუ კაშკაშა წითელ ფერს იყენებს. ქალი შემოსილია „ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით“ და „ღვთისმგმობელი სახელებით სავსე . . . ალისფერ მხეცზე“ ზის (გამოცხადება 17:1—6).

მწვანე წითელი ფერის საპირისპირო ემოციებს იწვევს, ვინაიდან ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ამშვიდებს ადამიანს. მწვანე დამამშვიდებელ ფერად ითვლება და ხშირად ის სიმშვიდესთან და სიწყნარესთან ასოცირდება. მართლაც, საოცარი სიმშვიდე გვეუფლება, როცა ვხედავთ მწვანედ აბიბინებულ მინდვრებსა და ტყეებს. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს, რომ ღმერთმა აღმოაცენა მწვანე ბალახი და მცენარეულობა ადამიანებისთვის (დაბადება 1:11, 12, 30).

თეთრი ფერი უმეტესწილად სინათლესთან, უსაფრთხოებასთან და სისუფთავესთან ასოცირდება. ის აგრეთვე სიკარგის, უმანკოებისა და სიწმინდის სიმბოლოა. თეთრი ფერი ყველაზე ხშირად არის ბიბლიაში მოხსენიებული. ხილვებში ადამიანები და ანგელოზები თეთრი სამოსით არიან შემოსილნი, რაც სიმართლესა და მათ სულიერ სიწმინდეზე მიანიშნებს (იოანე 20:12; გამოცხადება 3:4; 7:9, 13, 14). თეთრ ცხენებზე ამხედრებულ  მხედრებს სუფთა სელის თეთრი სამოსელი აცვიათ, რაც სამართლიან ომს ასიმბოლოებს (გამოცხადება 19:14). ღმერთი თეთრ ფერს იყენებს იმის ხაზგასასმელად, რომ მზად არის, გვაპატიოს ცოდვები: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“ (ესაია 1:18).

ფერები — დამახსოვრების საშუალება

ბიბლია მოვლენების აღსაწერად სხვადასხვა ფერს იყენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთმა იცის, რა ძლიერ მოქმედებს ფერები ადამიანის ემოციებზე. მაგალითად, წიგნი „გამოცხადება“ წინასწარმეტყველებს დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობას, მათ შორის ომებს, შიმშილს და საკვების უკამარისობითა და ჭირით გამოწვეულ სიკვდილს. ეს მოვლენები მხედველობიდან რომ არ გამოგვრჩეს, ბიბლია თვალშისაცემ ხილვას წარმოგვიდგენს და გვაცნობს ცხენებზე ამხედრებულ მხედრებს. ეს ჩვეულებრივი ცხენები არ გახლავთ.

პირველი ცხენი ქათქათა თეთრია, რაც ასიმბოლოებს იესო ქრისტეს სამართლიან ომს. შემდეგ ვხედავთ ალისფერ ცხენს, რაც ერებს შორის არსებულ ომებზე მიანიშნებს. ამ ცხენს მოჰყვება ავისმომასწავებელი შავი ცხენი, რაც შიმშილს განასახიერებს. ბოლოს გამოდის „ფერმიხდილი ცხენი. მასზე მჯდომს სიკვდილი ერქვა“ (გამოცხადება 6:1—8). თითოეული ცხენის ფერი ჩვენში იმავე ასოციაციას იწვევს, რასაც თავად ეს ცხენი ასიმბოლოებს. ამგვარად, ადვილად ვიმახსოვრებთ ფერად ცხენებს და იმას, რასაც მათი მეშვეობით ვიგებთ ჩვენს დღეებზე.

ბიბლიაში ბევრჯერ არის გამოყენებული ფერი ამა თუ იმ მოვლენის ცოცხლად წარმოსადგენად. დიახ, სინათლის, ფერებისა და ადამიანის თვალის შემქმნელი ღმერთი მარჯვედ იყენებს ფერებს მნიშვნელოვანი სურათების ნათლად აღსაწერად, რათა წარმოდგენილი მოვლენები მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი გახდეს. ფერები გვეხმარება ინფორმაციის შეგროვებასა და გადამუშავებაში. ფერები ჩვენს ემოციებზე ახდენს გავლენას და გვეხმარება, დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი აზრები. ნამდვილად, ფერები შესანიშნავი საჩუქარია ღვთისგან, რომელსაც სურს, გავიხაროთ და დავტკბეთ სიცოცხლის მრავალფეროვნებით.