არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!

მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!

„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).

1, 2. ა) რა შედეგი მოაქვს ცხვარზე კარგად ზრუნვას? ბ) რატომ იყო იესოს დღეებში ბევრი უმწყემსო ცხვარივით?

ფარა, შეიძლება ითქვას, ყვავის, როცა მწყემსი ყურადღებიანია და ზრუნავს ცხვარზე. სახელმძღვანელოში, რომელიც ცხვრის ფარის მოვლა-პატრონობას ეთმობა, ნათქვამი იყო, რომ „თუ მწყემსი მხოლოდ ცხვრის გამოკვებაზე ზრუნავს და სხვა არანაირ ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ დაატარებს საძოვრებზე, ცხვარი დიდხანს ვერ გაძლებს, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში დასუსტდეს და დაავადდეს“. მაგრამ, როცა ცხვარი კარგად არის მოვლილი, ამდაგვარი საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.

2 ასევე დგას საკითხი ქრისტიანულ კრებაშიც. ის, თუ როგორ აქცევენ ყურადღებას ღვთის სამწყსოს მწყემსები თითოეულ ცხვარს, მთელ კრებაზე აისახება. ყველას გვახსოვს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ ეწვოდა გული იესოს ხალხზე, რადგან „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). რატომ ჩაცვივდნენ ისინი ასეთ სავალალო მდგომარეობაში? იმიტომ, რომ ისინი, ვისაც მათთვის ღვთის კანონის სწავლება ევალა, მკაცრები, მომთხოვნები და ორპირები იყვნენ. იმის მაგივრად, რომ დახმარებოდნენ და სულიერად დაენაყრებინათ თავიანთი ფარის ცხვრები, ებრაელი სულიერი წინამძღოლები „მძიმე ტვირთს“ ჰკიდებდნენ სამწყსოს კისერზე (მათ. 23:4).

3. რა უნდა ახსოვდეთ კრების უხუცესებს სულიერი მწყემსის მოვალეობის შესრულებისას?

3 ამგვარად, დღეისათვის ქრისტიან მწყემსებს — დანიშნულ უხუცესებს — უსერიოზულესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ფარა, რომელზეც ისინი ზრუნავენ, იეჰოვასა და იესოს, „კარგი მწყემსის“, საკუთრებას წარმოადგენს (იოან. 10:11). ეს ფარა „ფასით არის ნაყიდი“; დიახ, იესომ ის თავისი „ძვირფასი სისხლით“ შეიძინა (1 კორ. 6:20; 1 პეტ. 1:18, 19). მას იმდენად დიდი სიყვარული აქვს თავისი სამწყსოს მიმართ, რომ საკუთარი სურვილით, ისე რომ არავის დაუძალებია, სიცოცხლე გაიღო მათთვის. უხუცესებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ დამხმარე მწყემსები და თქვენ მეთვალყურეობას გიწევთ ღვთის მოსიყვარულე  ძე, „ცხვრის დიდებული მწყემსი“, იესო ქრისტე (ებრ. 13:20).

4. რა საკითხის განხილვას დაეთმობა ეს სტატია?

4 როგორ უნდა ექცეოდნენ ქრისტიანი უხუცესები სამწყსოს? წმინდა წერილები ქრისტიანული კრების წევრებს სთხოვს და მოუწოდებს, რომ „გაუგონონ მათ, ვისაც . . . [მათ შორის] ხელმძღვანელობა აკისრიათ“. უხუცესებს რაც შეეხება, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იბატონონ „მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა“ (ებრ. 13:17; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2, 3). მოდი დავსვათ ასეთი შეკითხვა: როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ისე უხელმძღვანელონ სამწყსოს, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, არ იბატონონ მასზე ანუ არ გადაამეტონ ღვთისგან მიცემულ თავიანთ მოვალეობას?

„უბით ატარებს მათ“

5. რას ვიგებთ ესაიას 40:11-დან იეჰოვას შესახებ?

5 ერთხელ წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვაზე თქვა: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“ (ეს. 40:11). ეს მხატვრული შედარება ასახავს იმას, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა კრების სუსტ და უსუსურ წევრებზე. როგორც მწყემსმა იცის კარგად, რა სჭირდება თითოეულ ცხვარს თავის ფარაში და მუდამ მზად არის, ყურადღება მიაქციოს და დაეხმაროს მას, ისე იეჰოვა აკვირდება, ვის რა დახმარება სჭირდება კრებაში და სიხარულით უწვდის მათ დახმარების ხელს. როგორც მწყემსი ატარებს აუცილებლობის შემთხვევაში ახალმოგებულ ბატკანს უბით, ისე იეჰოვა — „თანაგრძნობის მამა“ — ხელში გვიყვანს და უბით გვატარებს ძნელბედობის ჟამს. ის ნუგეშის წყაროდ გვექცევა ყოველთვის, როცა გამოცდებს ვხვდებით და მისი დახმარება გვჭირდება (2 კორ. 1:3, 4).

6. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იეჰოვას მაგალითს, როგორც სულიერი მწყემსები?

6 სულიერ მწყემსებს უნიკალური მაგალითი ჰყავთ ჩვენი ზეციერი მამის სახით. ისინიც ღვთის მსგავსად, გაფაციცებით აკვირდებიან, თუ რა სჭირდება ცხვარს. თუ ეცოდინებათ, რა უჭირს ცხვარს ან რა განსაკუთრებული და გადაუდებელი დახმარება სჭირდება, უფრო ადვილად და ხარისხიანად დაეხმარებიან და გაამხნევებენ (იგავ. 27:23). ეს იმას ნიშნავს, რომ უხუცესებს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ თანამორწმუნეებთან. მართალია, ისინი არავის პირად ცხოვრებაში არ ერევიან, მაგრამ ყურადღებით არიან იმის მიმართ, რასაც ხედავენ და ისმენენ კრებაში, რათა ისევ და ისევ სიყვარულით „დაეხმარონ უძლურებს“ (საქ. 20:35; 1 თეს. 4:11).

7. ა) როგორ ექცეოდნენ ღვთის სამწყსოს ეზეკიელისა და იერემიას დღეებში? ბ) როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას ორგული სულიერი მწყემსების საქციელზე და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

7 ახლა ვნახოთ, როგორ იქცეოდნენ ის მწყემსები, რომელთაც იეჰოვა მსჯავრს სდებდა. ეზეკიელისა და იერემიას დროს ღმერთმა მკაცრად განსაჯა ისინი, ვისაც ღვთის ცხვარზე ზრუნვა ევალა, რადგან არ ასრულებდნენ დაკისრებულ საქმეს. ამიტომ რაკიღა არავინ ზრუნავდა ცხვარზე, სამწყსო გაიფანტა და ადვილად მოსანადირებელი გახდა. მწყემსები განა ცხვრის გამოკვებაზე ზრუნავდნენ, როგორც ეზეკიელი ამბობს, „საკუთარ თავს კვებავდნენ“ (ეზეკ. 34:7—10; იერ. 23:1). მსჯავრი, რომელიც ამ მწყემსებს გამოუტანა ღმერთმა, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებისთვის დღეს. თუმცა ეს არანაკლები შეხსენებაა ქრისტიანი უხუცესებისთვისაც, რათა მათ სიყვარულით მიაქციონ „ფარას“ ყურადღება და ღირსეულად იზრუნონ მასზე.

„მაგალითი მოგეცით“

8. რა მაგალითი დაუტოვა იესომ უხუცესებს?

8 არასრულყოფილების გამო ზოგჯერ შეიძლება იეჰოვას ზოგიერთ ცხვარს ცოტათი გაუჭირდეს იმის გაგება, თუ რას ითხოვს ღმერთი მათგან; ზოგჯერ შეიძლება არ დაიცვან ბიბლიური პრინციპები ან შეიძლება გამოამჟღავნონ, რომ არ არიან სულიერად მოწიფული ღვთის მსახურები. როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამაზე უხუცესებს? ისინი უნდა მიჰყვნენ  იესოს მოთმინების მაგალითს. მან მოითმინა თავისი მოწაფეების შეცდომები, როცა ცხარე კამათი გამართეს იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი სამეფოში. იესომ, იმის მაგივრად, რომ მოთმინება დაეკარგა და მდგომარეობიდან გამოსულიყო, კვლავაც ახსნა-განმარტება დაუწყო და სიყვარულით მისცა რჩევა მათ თავმდაბლობასთან დაკავშირებით (ლუკ. 9:46—48; 22:24—27). იმით კი, რომ ფეხები დაბანა, მან თავმდაბლობის გაკვეთილი მისცა მოწაფეებს. დიახ, თავმდაბლობა მართლაც ის თვისებაა, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ ქრისტიან ზედამხედველებს! (წაიკითხეთ იოანეს 13:12—15; 1 პეტ. 2:21).

9. რა ურჩია იესომ თავის მოწაფეებს?

9 იესოს აზრი სულიერი მწყემსების როლთან დაკავშირებით დიდად განსხვავდებოდა იაკობისა და იოანეს აზრისგან, რომელიც მათ ერთხელ პირდაპირ და აშკარად დააფიქსირეს. ეს ორი მოციქული სამეფოში, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილის დაკავებისკენ ისწრაფოდა. თუმცა იესომ მიუთითა მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“ (მათ. 20:25, 26). მოციქულებს ესაჭიროებოდათ იმ არასწორი მიდრეკილების დაძლევა, რასაც ერქვა სხვებზე ბატონობა ანუ ხალხებზე ძალაუფლების მოპოვება.

10. ა) როგორ დამოკიდებულებას მოელის იესო უხუცესებისგან სამწყსოსადმი? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?

10 იესო მოელის ქრისტიანი უხუცესებისგან, რომ ისინი ისევე მოექცევიან სამწყსოს, როგორც თავად ის ექცეოდა მას. უხუცესები თავიანთი თანამორწმუნეების მსახურები უნდა იყვნენ და არა მათი ბატონები. პავლე მოციქულსაც ასეთი თავმდაბლური დამოკიდებულება ჰქონდა სხვების მიმართ; მან ერთხელ ეფესოს კრების უხუცესებს ასეთი რამ უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში მოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი და ვემსახურებოდი უფალს, როგორც მონა, უდიდესი თავმდაბლობით“. პავლეს სურდა, რომ უხუცესები სხვების გამხნევებისა და დახმარების დროს ყოფილიყვნენ გულწრფელები და თავმდაბლები. მან თქვა: „ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა დაეხმაროთ უძლურებს“ (საქ. 20:18, 19, 35). მან კორინთელ და-ძმებს უთხრა, რომ ის არ ბატონობდა მათ რწმენაზე. ის იყო მათი თავმდაბალი თანამსახური, რომელიც ეხმარებოდა თანამორწმუნეებს, სიხარული ჰქონოდათ ღვთის მსახურებაში (2 კორ. 1:24). მოციქულმა თავმდაბლობისა და თავდაუზოგავი შრომის შესანიშნავი, ბრწყინვალე მაგალითი დაუტოვა ჩვენი დროის უხუცესებს.

ჩაეჭიდეთ სარწმუნო სიტყვას

11, 12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, დაეხმარონ თანამორწმუნეებს გადაწყვეტილებების მიღებაში?

11 უხუცესები სხვების სწავლებისა და დარიგების დროს სარწმუნო სიტყვას უნდა იყვნენ ჩაჭიდებულნი (ტიტ. 1:9). თუმცა ისინი ამას რბილად უნდა აკეთებდნენ (გალ. 6:1). იმის ნაცვლად, რომ დააძალონ კრების წევრებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ისინი, როგორც კარგი სულიერი მწყემსები, ცდილობენ, ისეთი სიტყვებით დაელაპარაკონ და-ძმებს, რომ მათ გრძნობებს შეეხონ. უხუცესს შეუძლია დასა თუ ძმას მოუყვანოს ბიბლიური პრინციპები, რომლებიც მას სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ყოფნისას დაეხმარება, არ შეცდეს; ასევე შეუძლია მასთან ერთად იმსჯელოს იმაზე, თუ რა არის ნათქვამი ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენს პუბლიკაციებში. უხუცესს აგრეთვე შეუძლია დააფიქროს თანაქრისტიანი იმაზე, თუ როგორ აისახება ესა თუ ის გადაწყვეტილება მასა და იეჰოვას შორის ურთიერთობაზე. მან ამასთანავე უნდა დაანახვოს, ძმა იქნება თუ და, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, პირადად იეჰოვას სთხოვოს რჩევა და ხელმძღვანელობა, ოღონდ გადაწყვეტილების მიღებამდე (იგავ. 3:5, 6). ამ ყველაფრის შემდეგ სულიერი მწყემსი საშუალებას აძლევს თანაქრისტიანს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება (რომ. 14:1—4).

 12 ერთადერთი, რასაც ქრისტიანი ზედამხედველები ავტორიტეტად მიიჩნევენ და სრულად ენდობიან, ბიბლიაა. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი ოსტატურად იყენებდნენ ამ სახელმძღვანელოს და, ასე ვთქვათ, ერთგულობდნენ მას, რაც თავიდან აარიდებდა მათ მინიჭებული უფლებამოსილების არასწორად გამოყენებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი უბრალოდ დამხმარე მწყემსები არიან; კრების ყველა წევრი თვითონ აგებს პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე იეჰოვასა და იესოს წინაშე (გალ. 6:5, 7, 8).

„მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“

უხუცესები ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს, რომ მოემზადონ ქადაგებისთვის (იხილეთ მე-13 აბზაცი)

13, 14. რა მხრივ უნდა იყვნენ უხუცესები სამაგალითოები სამწყსოსთვის?

13 პეტრემ უხუცესებს ჯერ ის ურჩია, რომ არ გაბატონებულიყვნენ კრებაზე და შემდეგ უთხრა, რომ მაგალითი ყოფილიყვნენ სამწყსოსთვის (1 პეტ. 5:3). როგორ შეუძლია უხუცესს, მაგალითი გახდეს კრებისთვის? მოდი, შევეხოთ იმ ორ მოთხოვნას, რომელიც მოეთხოვება ძმას ზედამხედველად მსახურებისთვის. ბიბლიაში წერია, რომ ის უნდა იყოს საღად მოაზროვნე და ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს. თუ უხუცესს ჰყავს ოჯახი, მისაბაძი ოჯახისთავი უნდა იყოს, „რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?“ (1 ტიმ. 3:1, 2, 4, 5). ზედამხედველად მსახურების პასუხისმგებლობა რომ მიენდოს, ძმა საღად უნდა აზროვნებდეს ანუ კარგად უნდა ერკვეოდეს ბიბლიურ პრინციპებში და უნდა იცოდეს მათი გამოყენება. ის უნდა იყოს გაწონასწორებული და აუჩქარებელი „მოსამართლე“. როცა ამ ყველა თვისებას ხედავენ კრების წევრები თავიანთი კრების უხუცესებში, თავისუფლად ენდობიან მათ.

14 კიდევ ერთი სფერო, რაშიც ზედამხედველები მისაბაძები და სამაგალითოები არიან, ქადაგების საქმეა, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ. თავის მხრივ, ზედამხედველებისთვის მაგალითი უფალი იესო ქრისტეა. სასიხარულო ცნობის ქადაგებას იესოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა დედამიწაზე მსახურების დროს. მან აჩვენა თავის მოწაფეებს, როგორ კეთდებოდა ეს საქმე (მარ. 1:38; ლუკ. 8:1). მაუწყებელი ძალიან მხნევდება, როცა უხუცესი მის მხარდამხარ მსახურობს, რადგან ხედავს მწყემსის გულმოდგინებას ამ სიცოცხლის მომცემ საქმეში და ამ ყველაფერთან ერთად სწავლობს მისგან იმას, თუ როგორ იქადაგოს. მართლაც, იმის დანახვა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ზედამხედველები მთელი გულით არიან ჩაბმულნი ქადაგების საქმეში, მთელ კრებას გადასდებს ამ გულმოდგინების სულს. უხუცესები მისაბაძები არიან აგრეთვე იმაშიც, რომ ყოველთვის მომზადებულები მოდიან კრებებზე და აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამაში; ამასთანავე, მონაწილეობენ სამეფო დარბაზის მოვლასა და დასუფთავებაში (ეფეს. 5:15, 16; წაიკითხეთ ებრაელების 13:7 ).

უხუცესები მაგალითს აძლევენ სხვებს ქადაგებაში (იხილეთ მე-14 აბზაცი)

„მხარი დაუჭირეთ სუსტებს“

15. რატომ აკეთებენ უხუცესები სამწყემსო მონახულებებს?

15 კარგი მწყემსი წამსაც კი არ კარგავს, როცა ცხვარს დახმარება სჭირდება — დაშავებულია ან დასუსტებული. უხუცესიც დაუყოვნებლივ მოქმედებს, როცა კრებაში  ვინმეს ფიზიკური ან სულიერი დახმარება სჭირდება. ხნიერებს ან სუსტი ჯანმრთელობის მქონეთ შეიძლება თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული ყურადღება დასჭირდეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: მათ ყველაზე მეტად სულიერი დახმარება და გამხნევება ესაჭიროებათ (1 თეს. 5:14). ახალგაზრდებს შეიძლება დახმარება დასჭირდეთ „ახალგაზრდულ სურვილებთან“ ბრძოლაში (2 ტიმ. 2:22). აქედან გამომდინარე, სამწყსოს მწყემსვაში ისიც შედის, რომ მწყემსებმა პერიოდულად მოინახულონ კრების წევრები, გაიგონ, რა უჭირთ და რა ულხინთ მათ და შესაბამისი ბიბლიური რჩევები მისცენ. დიახ, ბევრი პრობლემის თავიდან არიდება შეიძლება, თუ ამგვარი მონახულებები დროულად ხორციელდება.

16. როგორ შეუძლია დაეხმაროს უხუცესი მას, ვისაც სულიერი დახმარება სჭირდება?

16 რა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება ქრისტიანს, რომელსაც სულიერი დახმარება ესაჭიროება? „ავად არის რომელიმე თქვენგანი, — იკითხა ერთხელ მოციქულმა იაკობმა, — მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). უხუცესები დაუყოვნებლივ უნდა გაეშურონ სულიერად მოსუსტებული ქრისტიანის დასახმარებლად, როგორც კი შეიტყობენ, რომ მას მხარში ამოდგომა სჭირდება, მიუხედავად იმისა, „უხმობს“ თუ არა ის მათ. ფაქტია, რომ, როცა უხუცესები ლოცულობენ თავიანთი და-ძმებისთვის, როგორც მათთან ერთად, ისე თავიანთთვის ცალ-ცალკე და სათანადო სახით ეხმარებიან მათ, სულიერად აძლიერებენ და ამხნევებენ თანამორწმუნეებს (წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2).

17. რა შედეგი მოყვება იმას, როცა უხუცესები ჰბაძავენ „დიდებულ მწყემსს“?

17 ქრისტიანი უხუცესები თავს არ ზოგავენ, რომ როგორმე მიჰბაძონ იესო ქრისტეს, „დიდებულ მწყემსს“. ამ მამაკაცების სულიერი დახმარების წყალობით სამწყსო უფრო კარგად, ლაღად და მშვენივრად გრძნობს თავს. ყველაფერ ამისთვის კი თითოეული ჩვენგანი მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ უხუცესებს და რა თქმა უნდა, იეჰოვას, ყველაზე აღმატებულ და დიდებულ მწყემსს!