არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | რატომ გვჭირდება ღმერთი?

რატომ გაჩნდა ეს კითხვა?

რატომ გაჩნდა ეს კითხვა?

„გჭირდებათ ღმერთი? მილიონებს არ სჭირდება“. ეს სიტყვები ეწერა ერთ ქვეყანაში ათეისტების მიერ გაკეთებულ სარეკლამო დაფაზე. აშკარაა, ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი არ სჭირდებათ.

მეორე მხრივ, ბევრი აცხადებს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებებით ცხადყოფენ, რომ მათთვის ღმერთი არ არსებობს. კათოლიკე არქიეპისკოპოსმა, სალვატორე ფიზიკელამ, თავის ეკლესიის მრევლს უთხრა: „ჩვენი შემყურე, ვერავინ იფიქრებს, რომ ქრისტიანები ვართ, ვინაიდან ჩვენი ცხოვრების წესით ძალიან ვგავართ ურწმუნოებს“.

ზოგი იმდენად დაკავებულია, რომ ღმერთისთვის საერთოდ არ სცალია. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი ძალიან შორს არის მათგან და მათ ცხოვრებაში არანაირ როლს არ ასრულებს. ასეთი ადამიანები ღმერთს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა უჭირთ ან რაიმე სჭირდებათ, თითქოს ღმერთი მათი მსახური იყოს, რომელიც ვალდებულია, ყველაფერი შეუსრულოს.

ზოგი კი არ იცავს იმას, რასაც მათი რელიგია ასწავლის, რადგან თვლიან, რომ ეს მათ არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. მაგალითად, გერმანიაში კათოლიკეთა 76 პროცენტი თვლის, რომ ქორწინებამდე ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სავსებით ნორმალურია, მაშინ როცა, ეს არ ეთანხმება არც მათი ეკლესიის სწავლებებს და არც ბიბლიას (1 კორინთელები 6:18; ებრაელები 13:4). რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კათოლიკეებს არ ეხება. სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც მსგავსადვე იქცევიან. სხვადასხვა მიმდინარეობის სასულიერო პირები წუხან იმაზე, რომ მათი მრევლი ათეისტებისგან არაფრით განსხვავდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება ერთი ლოგიკური კითხვა: ნამდვილად გვჭირდება ღმერთი? ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებს ადამიანებს. ამაზე ბიბლიის პირველივე ფურცლებზეა საუბარი. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე საკითხს, რომლებიც ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ გვხვდება.