არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თაყვანი ეცით იეჰოვას, მარადიულობის მეფეს!

თაყვანი ეცით იეჰოვას, მარადიულობის მეფეს!

„მარადიულობის მეფეს . . . პატივი და დიდება მარადიულად“ (1 ტიმ. 1:17).

1, 2. ა) ვინ არის „მარადიულობის მეფე“ და რატომ არის ეს სახელწოდება მისთვის შესაფერისი? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე) ბ) რატომ გვიზიდავს იეჰოვას მმართველობა?

მეფე სობჰუზა II სვაზილენდს თითქმის 61 წელი მართავდა. თანამედროვე ისტორიაში ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა. თუმცა, როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს მეფე სობჰუზას მიღწევა ამ მხრივ, არსებობს მეფე, რომელსაც კაცთაგან სრულიად განსხვავებული, შეუზღუდავი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. ის ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც „მარადიულობის მეფე“ (1 ტიმ. 1:17). ფსალმუნების დამწერი ამ ხელმწიფის სახელს ასახელებს და ამბობს: „მარადიული მეფეა იეჰოვა“ (ფსალმ. 10:16).

2 ღვთის მმართველობა ადამიანთა მმართველობისგან განსხვავებით უსასრულოა. თუმცა ჩვენ უმთავრესად ეს კი არ გვიზიდავს მისკენ, არამედ ის, რომ ვიცით, როგორი მმართველია ის. მეფე, რომელიც 40 წელი მართავდა ძველ ისრაელს, იეჰოვას ასე ადიდებდა: „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება“ (ფსალმ. 103:8, 19). იეჰოვა მხოლოდ მეფე როდია, ის ჩვენი მამაა — მოსიყვარულე და ზეციერი მამა. ეს რეალობა ორ კითხვას ბადებს: როგორ მოქმედებს იეჰოვა, როგორც მამა და როგორ გამოიყენა მან თავისი მეფური ძალაუფლება ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის შემდეგ? ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაგვეხმარება, დავუახლოვდეთ იეჰოვას და მთელი გულით ვცეთ მას თაყვანი.

 მარადიულობის მეფე დასაბამს აძლევს დიდ ოჯახს

3. ა) ვინ იყო იეჰოვას დიდი ოჯახის პირველი წევრი? ბ) კიდევ ვინ შექმნა ღმერთმა თავის „ძეებად“?

3 წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს მიანიჭებდა იეჰოვას თავისი მხოლოდშობილი ძის შექმნა! ღმერთი თავის პირმშოს ხელქვეითივით არ ეპყრობოდა. მას უყვარდა ის და ამ დიდი სიყვარულით აღძრულმა მასაც განაცდევინა სხვა სრულყოფილი ქმნილებების შექმნით გამოწვეული სიამოვნება (კოლ. 1:15—17). მათ ერთად შექმნეს მილიარდობით ანგელოზი; ამ ანგელოზებს ბიბლია აღწერს, როგორც ღვთის მსახურებს, რომლებიც სიხარულით ასრულებენ ღვთის ნებას და რომელთაც ღმერთი ღირსეულად უწოდებს თავის „ძეებს“. ისინი იეჰოვას დიდი ოჯახის წევრები არიან (ფსალმ. 103:20—22; იობ. 38:7).

4. როგორ გახდნენ ადამიანები იეჰოვას დიდი ოჯახის წევრები?

4 მას შემდეგ, რაც ღმერთმა ცა და დედამიწა გამოსახა, თავისი დიდი ოჯახი კიდევ უფრო გააფართოვა. შექმნა თვითმყოფადი პლანეტა, დედამიწა, უმშვენიერესი საცხოვრებელი სახლი და საწყისი მისცა სხვა სრულყოფილ სიცოცხლეს — შექმნა პირველი კაცი, ადამი, თავის ანარეკლად (დაბ. 1:26—28). იეჰოვა, როგორც შემოქმედი, სავსებით სამართლიანად ითხოვდა ადამისგან მორჩილებას. მან, როგორც მამამ, სიყვარულითა და დიდი სისათუთით გადასცა მას თავისი ყველა მითითება. ეს მითითებები არანაირად არ ზღუდავდა მის თავისუფლებას (წაიკითხეთ დაბადების 2:15—17).

5. რა გააკეთა ღმერთმა იმისათვის, რომ დედამიწა აევსოთ მის მიწიერ შვილებს?

5 უამრავი მონარქისგან განსხვავებით, იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა პასუხისმგებლობებს თავის ქვეშევრდომებს უნაწილებს და მათ ისე ეპყრობა, როგორც ოჯახის სანდო წევრებს. მაგალითად, მან ადამს სხვა ცოცხალ ქმნილებებზე ძალაუფლება უბოძა და დაავალა მეტად საპასუხისმგებლო და ამავე დროს სახალისო საქმე — სახელები დაერქმია ცხოველებისთვის (დაბ. 1:26; 2:19, 20). ღმერთს ერთბაშად არ შეუქმნია მილიონობით სრულყოფილი ადამიანი და არ აუვსია მათით დედამიწა. მან ადამს სრულყოფილი შემავსებელი, ქალი, ევა შეუქმნა (დაბ. 2:21, 22). ღმერთმა მათ შესაძლებლობა მისცა, თავიანთი შვილებით აევსოთ მთელი დედამიწა. ამ საოცარ და წუნდაუდებელ გარემოში ადამიანებს შეეძლოთ თანდათანობით გაეფართოებინათ სამოთხის საზღვრები და ასე ექციათ მთელი პლანეტა ერთ დიდ სამოთხის ბაღად. მათ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ანგელოზებთან ერთად თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის მარადიულად და ყოფილიყვნენ მისი დიდი ოჯახის განუყრელი წევრები. ნუთუ ეს დიდებული მომავალი არ იყო?! ნუთუ არ ეთანხმებით იმას, რომ ეს იეჰოვას მამობრივი სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო?!

ურჩმა ძეებმა უარყვეს ღვთის მეფობა

6. ა) საიდან დაიწყო ღვთის ოჯახში ურჩობა? ბ) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ურჩობის მიუხედავად, იეჰოვა კვლავ აკონტროლებდა სიტუაციას?

6 საუბედუროდ, ადამი და ევა არ იყვნენ კმაყოფილნი იმით, რომ იეჰოვა იყო მათი უზენაესი მმართველი. ისინი აჰყვნენ ღვთის ურჩ სულიერ ძეს, სატანას (დაბ. 3:1—6). ღვთის მმართველობისგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ მათ და მათ შთამომავლებს ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი მოუტანა (დაბ. 3:16—19; რომ. 5:12). სამწუხაროდ, ღმერთს უკვე აღარ ჰყავდა დედამიწაზე მორჩილი ქვეშევრდომები. თუმცა იბადება კითხვა: ნიშნავდა ეს იმას, რომ ღმერთს დაკარგული ჰქონდა კონტროლი სიტუაციაზე და უარს ამბობდა იმაზე, რომ ყოფილიყო დედამიწისა და მის მკვიდრთა უზენაესი მმართველი? არამც და არამც! მან გამოიყენა თავისი ძალაუფლება და სამოთხის ბაღიდან გააძევა კაცი და ქალი; ბაღის შესასვლელში კი ქერუბიმები დააყენა, რათა უკან ვეღარასოდეს ვეღარ შებრუნებულიყვნენ ეს ურჩები (დაბ. 3:23, 24). ამავდროულად, ღმერთმა მამობრივი სიყვარული გამოავლინა და დაადასტურა, რომ მისი განზრახვა, ეარსება დიდ ოჯახს, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებოდნენ სულიერი ქმნილებები და ადამიანები, ყოველმიზეზ გარეშე შესრულდებოდა. მან დადო პირობა, რომ მოავლენდა შთამომავალს, რომელიც ბოლოს მოუღებდა სატანას და აღმოფხვრიდა ადამის ცოდვის შედეგებს (წაიკითხეთ დაბადების 3:15).

7, 8. ა) როგორი მდგომარეობა იყო ნოეს დროს? ბ) რა გააკეთა იეჰოვამ დედამიწის გასაწმენდად და ადამიანთა ოჯახის დასაცავად?

 7 მას შემდეგ საუკუნეებმა განვლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამიწაზე ცხოვრობდნენ მამაკაცები, რომლებიც იეჰოვას უდიდეს ერთგულებას უმტკიცებდნენ. მათ შორის იყვნენ აბელი და ენოქიც. თუმცა უმრავლესობამ ზურგი აქცია იეჰოვას და უარყო ის, როგორც მამა და როგორც მეფე. ნოეს დროს დედამიწა „აივსო ძალადობით“ (დაბ. 6:11). ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვა ვეღარ აკონტროლებდა დედამიწაზე შექმნილ ვითარებას? მოდი ამ კითხვაზე ისტორიამ გაგვცეს პასუხი.

8 ცოტა ხნით გადავინაცვლოთ ნოეს დღეებში. იეჰოვამ ნოეს დეტალურად აუხსნა, თუ როგორ აეშენებინა დიდი, ვეება კიდობანი, რითაც ის და მისი ოჯახი გადაურჩებოდნენ წარღვნას. ღმერთმა თავისი სიყვარული კაცთა მოდგმის, იგივე ადამიანთა ოჯახის მიმართ იმითაც დაამტკიცა, რომ ნოეს სიმართლის ქადაგება დაავალა (2 პეტ. 2:5). ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნოე ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებდა; ის აფრთხილებდა მათ მოსალოდნელი განადგურების შესახებ. სამწუხაროდ, ყველამ ყური დაიყრუა. ნოე ოჯახთან ერთად ათწლეულები ცხოვრობდა მოძალადე და აღვირახსნილ საზოგადოებაში. მზრუნველმა მამამ, იეჰოვამ დაიცვა და აკურთხა ეს რვა ერთგული ადამიანი. მან ძვ. წ. 2370 წელს დედამიწას წარღვნა მოუვლინა და ამით აჩვენა, რომ არ ჰქონდა კონტროლი დაკარგული ურჩ ადამიანებზე და ბოროტ ანგელოზებზე. დიახ, იეჰოვა ნამდვილად აკონტროლებდა ყველაფერს! (დაბ. 7:17—24).

იეჰოვა მუდამ იყენებდა თავის მეფურ ძალაუფლებას (იხილეთ მე-6, მე-8, მე-10, მე-12 და მე-17 აბზაცები)

იეჰოვას მეფობა წარღვნის შემდეგ

9. რის შესაძლებლობა მისცა ღმერთმა კაცობრიობას წარღვნის შემდეგ?

9 წარღვნა მთავრდება; კიდობნის კარი იღება; ნოე და მისი ოჯახი ამდენი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, გამოდიან სუფთა ჰაერზე და პირველად დგამენ ფეხს გასუფთავებულ, გაწმენდილ დედამიწაზე. წუთით დაფიქრდით, რაოდენ უსაზღვრო მადლიერებით იქნებოდა მათი გულები გაჯერებული. ღმერთმა ხომ ისინი დაიცვა და გადაარჩინა?! ნოემ უმალვე ააგო სამსხვერპლო და იეჰოვას მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა აკურთხა ნოე და მისი ოჯახი და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“ (დაბ. 8:20—9:1). კაცობრიობას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაერთიანებულიყო ღვთის თაყვანისმცემლობაში და აევსო დედამიწა.

10. ა) წარღვნის შემდეგ სად და როგორ იჩინა თავი იეჰოვას წინააღმდეგ ურჩობამ? ბ) რა მოიმოქმედა იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად?

10 წარღვნას ადამიანთა არასრულყოფილების კვალი არ წაუშლია; მათ კვლავ უწევდათ უხილავი სატანისა და ურჩი ანგელოზების ზეგავლენის მოგერიება. არ გასულა დიდი ხანი და კვლავ გაჩნდა ურჩობის კერა დედამიწაზე. ნოეს შვილთაშვილი ნიმროდი იეჰოვას მმართველობას დაუპირისპირდა. ამ კაცზე ბიბლიაში წერია, რომ „ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ იყო. მან ძლიერი ქალაქები ააშენა, მაგალითად ბაბილონი და თავი შინარის მიწის მეფედ გამოაცხადა (დაბ. 10:8—12). რა მოიმოქმედა მარადიულობის მეფემ ამ ურჩი მეფის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა, ხელი შეეშალა მისი განზრახვისთვის? ღვთის განზრახვა იყო, რომ ადამიანებს აევსოთ მთელი დედამიწა. ღმერთმა ხალხი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა; შედეგად ნიმროდის დაბნეული და იმედგაცრუებული ქვეშევრდომები „მთელი დედამიწის ზურგზე“ მიმოიფანტნენ. მათ თან წაიღეს თავიანთი ცრუთაყვანისმცემლური ადათ-წესები და დაამკვიდრეს მმართველობის ის ფორმა, რასაც ადამიანური მმართველობა ჰქვია ყველგან, სადაც დასახლდნენ (დაბ. 11:1—9).

11. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ერთგულება თავისი მეგობრის, აბრაამის მიმართ?

11 მიუხედავად იმისა, რომ წარღვნის შემდეგ ხალხთა უმრავლესობა ცრუ ღმერთებს უჩოქებდა, იყვნენ თითზე ჩამოსათვლელი მამაკაცები, რომლებიც იეჰოვას მიაგებდნენ პატივს. ერთ-ერთი იყო აბრაამი. ის მორჩილად დაჰყვა ღვთის ნებას, მიატოვა კომფორტული სახლ-კარი ქალაქ ურში და წლები კარვებში ათენ-აღამებდა (დაბ. 11:31; ებრ. 11:8, 9). მთელი მისი მომთაბარე ცხოვრების განმავლობაში აბრაამი ხშირად ცხოვრობდა ისეთ ადგილებში, რომლებიც გარშემორტყმული  იყო გალავნიანი ქალაქებით, სადაც კედლებს მიღმა მეფენი მეფობდნენ. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის იცავდა მას და მის ოჯახს. ღვთის მამაშვილურ მზრუნველობასა და დაცვაზე საუბრისას ფსალმუნების დამწერმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „[ღმერთმა] არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის, მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს“ (ფსალმ. 105:13, 14). ერთგულებით განმსჭვალულმა დიდმა მეგობარმა, იეჰოვამ პირობა დაუდო აბრაამს: „მეფეები გამოვლენ შენგან“ (დაბ. 17:6; იაკ. 2:23).

12. როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ უზენაესი მმართველი იყო და როგორ იმოქმედა ამან თავის რჩეულ ხალხზე?

12 ღმერთმა აბრაამის ვაჟს, ისაკსაც და შვილიშვილს, იაკობსაც გაუმეორა მისთვის მიცემული პირობა, რომ აკურთხებდა, რაშიც ის იგულისხმებოდა, რომ მათ შთამომავალთაგან გამოვიდოდნენ მეფეები (დაბ. 26:3—5; 35:11). თუმცა ვიდრე იაკობის შთამომავლები მეფეები გახდებოდნენ, ეგვიპტელთა მონობაში აღმოჩნდნენ. ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვა ვეღარ შეასრულებდა თავის განზრახვას და რომ მას უარი ჰქონდა ნათქვამი თავის უზენაესობაზე დედამიწაზე? რა თქმა უნდა, არა! თავის დროზე მან გამოავლინა თავისი ღვთიური ძალა ჯიუტ ფარაონზე და ამით აჩვენა, რომ უზენაესი იყო. მონობაში მყოფმა ებრაელებმა ირწმუნეს იეჰოვა, რომელმაც გასაოცრად დაიხსნა ისინი წითელ ზღვასთან. ამ შემთხვევამ ნათლად დაადასტურა, რომ იეჰოვა იყო სამყაროს უზენაესი მმართველი და მზრუნველი მამა, რომელმაც უდიდესი ძალით დაიცვა თავისი ხალხი (წაიკითხეთ გამოსვლის 14:13, 14).

იეჰოვა ისრაელზე გამეფდა

13, 14. ა) რა განაცხადეს სიმღერაში ისრაელებმა იეჰოვას მეფობასთან დაკავშირებით? ბ) რა პირობა დაუდო ღმერთმა დავითს მეფობასთან დაკავშირებით?

13 ისრაელებმა ეგვიპტელთა ხელიდან სასწაულებრივად დახსნის შემდეგ მყისვე უმღერეს იეჰოვას სადიდებელი გამარჯვების სიმღერა. ეს სიმღერა გამოსვლის მე-15 თავში ჩაიწერა; მე-18 მუხლში ვკითხულობთ: „სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად“. იეჰოვა ნამდვილად გამეფდა ახალ ერზე! (კან. 33:5). და მაინც, ხალხი არ იყო კმაყოფილი იმით, რომ მათზე უხილავი მმართველი, იეჰოვა მეფობდა. ეგვიპტის დატოვებიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ ღმერთს სთხოვეს, რომ მიეცა მათთვის ადამიანი მეფე; ამ ხალხს სურდა, მეზობელი წარმართი ერების მსგავსად, მათაც ჰყოლოდათ მიწიერი მეფე (1 სამ. 8:5). მიუხედავად ამ გარემოებისა, იეჰოვა მაინც მათ მეფედ რჩებოდა, რაც კარგად გამოჩნდა ისრაელის მეორე მეფის, დავითის მეფობის დროს.

14 როცა დავითს წმინდა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაჰქონდა, საზეიმო  ვითარებაში ლევიანებმა იმღერეს ღვთის სადიდებელი სიმღერა, რომელშიც მეტად საყურადღებო განაცხადმა გაიჟღერა; ეს სიტყვები ჩაწერილია 1 მატიანეს 16:31-ში: „უთხრან მათ ერებს: გამეფდაო იეჰოვა!“. შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს და თქვას, რომ თუ იეჰოვა მარადიულობის მეფეა, როგორღა გამეფდა ის იმ დროს? იეჰოვა მეფე ხდება მაშინ, როცა ახორციელებს თავის მმართველობას, ან როცა ვინმეს თავის წარმომადგენლად იყენებს გარკვეული დროის განმავლობაში, ანდა კიდევ მაშინ, როცა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ერევა. იეჰოვას მეფობას გაცილებით ფართომასშტაბიანი და დიდი მნიშვნელობა აქვს. მან დავითს სიკვდილამდე აღუთქვა, რომ მისი სამეფო მარადიულად იარსებებდა: „გამოვაჩენ შენი საზარდულიდან გამოსულ შთამომავალს და განვამტკიცებ მის სამეფოს“ (2 სამ. 7:12, 13). დაახლოებით 1000 წლის შემდეგ დავითის „შთამომავალი“ გამოჩნდა. ვინ იყო ეს შთამომავალი და როდის უნდა გამეფებულიყო ის?

იეჰოვამ ახალი მეფე დანიშნა

15, 16. ა) როდის დანიშნა იეჰოვამ იესო მომავალ მეფედ? ბ) როგორ ემზადებოდა იესო თავისი მეფობისთვის დედამიწაზე ყოფნის დროს?

15 ახ. წ. 29 წელს იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო ქადაგება იმის შესახებ, რომ მოახლოებული იყო ზეციერი სამეფო (მათ. 3:2). როცა იოანემ იესო მონათლა, იეჰოვამ თავისი ძე აღთქმულ მესიად და ღვთის სამეფოს მომავალ მეფედ დანიშნა. იეჰოვამ მამობრივი სიყვარული გამოხატა იესოს მიმართ, როცა ზეციდან მისი ეს სიტყვები გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17).

16 იესო მთელი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში განადიდებდა მამას (იოან. 17:4). ის ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ და სწორედ ასე ადიდებდა ღვთის სახელს (ლუკ. 4:43). მან თავის მიმდევრებსაც ასწავლა, რომ ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლაზე (მათ. 6:10). მას, როგორც მეფედ ცხებულს, თამამად შეეძლო განეცხადებინა თავისი მოწინააღმდეგეებისთვის: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკ. 17:21). მოგვიანებით, სიკვდილის წინა საღამოს, მან თავის მიმდევრებს სამეფოსთან დაკავშირებული ახალი შეთანხმება დაუდო, რაც იმას გულისხმობდა, რომ მისი ერთგული მოციქულები მასთან ერთად იმეფებდნენ ღვთის სამეფოში (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30).

17. როგორ დაიწყო იესომ პირველ საუკუნეში თავისი მეფობის განხორციელება შეზღუდულ ფარგლებში და რას უნდა დალოდებოდა ის მომავალში?

17 როდის უნდა დაეწყო იესოს მეფობა? ამისათვის დრო იყო საჭირო. საპასექო ვახშამმა ჩაიარა, შუადღეს იესო აწამეს, მისი მიმდევრები კი დაიფანტნენ (იოან. 16:32). დრო გადიოდა, იეჰოვა კვლავ აკონტროლებდა სიტუაციას. მესამე დღეს მან აღადგინა თავისი ძე. ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ სულიერი სამეფო დაამყარა და მმართველობა დაიწყო ცხებული ძმებისგან შემდგარ ქრისტიანულ კრებაზე (კოლ. 1:13). თუმცა მას, როგორც აღთქმულ შთამომავალს, დედამიწაზე სრული მეფური ძალაუფლების მისაღებად მოცდა მოუწევდა. იეჰოვამ უთხრა თავის ძეს: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“ (ფსალმ. 110:1).

თაყვანი ეცით მარადიულობის მეფეს!

18, 19. ა) რისკენ ვართ აღძრულნი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ათასწლეულების განმავლობაში იეჰოვას მეფურ ძალაუფლებას უამრავი წინააღმდეგობა დახვედრია წინ ზეცაში თუ დედამიწაზე. თუმცა ღმერთს არასოდეს უთქვამს უარი თავის უზენაესობაზე; ის მუდამ აკონტროლებდა სიტუაციას და როგორც მოსიყვარულე მამა, იცავდა თავის ერთგულ ქვეშევრდომებს და ზრუნავდა მათზე, მაგალითად, ნოეზე, აბრაამსა და დავითზე. ნუთუ ეს არ არის უდიდესი სტიმული საიმისოდ, რომ დავემორჩილოთ ჩვენს მეფეს და უფრო ახლოს მივიდეთ მასთან?

19 მაგრამ მაინც, შეიძლება დაგვებადოს ასეთი კითხვები: დღეს როგორ მეფობს იეჰოვა? როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ვართ იეჰოვას სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები? როგორ გავხდებით ღვთის დიდი ოჯახის სრულყოფილი ძეები? რას ვგულისხმობთ, როცა ღვთის სამეფოს მოსვლაზე ვლოცულობთ? ამ კითხვებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.