არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ჩვენი არქივიდან

100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს

100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს

„კადრში უფრო რეალურია ძმა რასელი, ვიდრე სიცოცხლეში!“ (ფოტოდრამის მაყურებელი, 1914 წელი).

წელს 100 წელი სრულდება „შემოქმედების ფოტოდრამის“ პრემიერიდან. ეს იყო ეპიკური ისტორიის ვიზუალური წარმოდგენა, რომელიც იმისათვის შეიქმნა, რომ ხალხს ღვთის სიტყვისადმი რწმენა განმტკიცებოდა. იმ ეპოქაში კრიტიკის, სკეპტიციზმისა და ფართოდ გავრცელებული ევოლუციის თეორიის გამო მრავალს განელებული ჰქონდა ღვთისადმი რწმენა, მაგრამ ფოტოდრამამ ხალხს სამყაროს შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი გააცნო.

ჩარლზ რასელი, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევრებს ხელმძღვანელობდა, გამუდმებით ეძებდა ყველაზე სწრაფ და შედეგის მომტან საშუალებებს ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად. მანამდე ბიბლიის მკვლევრები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკვე დაბეჭდილი პუბლიკაციებით ქადაგებდნენ. ახლა მათი ყურადღება ახალმა გამოგონებამ, მოძრავმა სურათებმა მიიპყრო.

სახარების გავრცელება მოძრავი სურათებით

1890-იან წლებში საზოგადოებამ პირველად იხილა მოძრავი უხმო კადრები. 1903 წლის დასაწყისში ნიუ-იორკის ბაპტისტურ ეკლესიაში რელიგიური შინაარსის ფილმი აჩვენეს. ამგვარად, 1912 წლისთვის მოძრავი სურათების ინდუსტრია ის-ის იყო ფეხს იკიდებდა, როცა რასელი ფოტოდრამის მომზადებას შეუდგა. ის ხვდებოდა, რომ ფოტოდრამის მეშვეობით შეიძლებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების სხვა სახით გადაცემა, რაც დაბეჭდილი ფურცლებით ვერ ხერხდებოდა.

რვასაათიანი ფოტოდრამა ოთხი ნაწილისგან შედგებოდა, რომელშიც შედიოდა 96 მოკლე ბიბლიური მოხსენების ფონოგრამა. მას ახმოვანებდა ყველასათვის კარგად ცნობილი მთხრობელი, რომელსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ბევრ კადრს ფონად კლასიკური მუსიკა გასდევდა. გამოცდილი ოპერატორები გრამოფონებზე წერდნენ ხმებს და მუსიკას, შემდეგ ამ ხმებს ადებდნენ შესაბამის ფერად სლაიდებსა და ცნობილი ბიბლიური ისტორიების კადრებს.

«„შემოქმედების ფოტოდრამა“ აშუქებდა მოვლენებს ვარსკვლავების შექმნიდან დაწყებული ქრისტეს ათასწლიანი მეფობით დამთავრებული» (14 წლის ფრანცის სტიუარტ ბარნზი, 1914 წელი)

ფირებისა და სლაიდების უმეტესობას ძმები ჩამწერი სტუდიებისგან ყიდულოდნენ. ფილადელფიის, ნიუ-იორკის, პარიზისა და ლონდონის პროფესიონალი მხატვრები ხელით ხატავდნენ კადრებს. ბეთელის სამხატვრო სტუდიაშიც იქმნებოდა ბევრი ნახატი და იცვლებოდა დაზიანებული სლაიდები. გარდა ამისა, ბეთელელები თავად მონაწილეობდნენ ფილმებში და განასახიერებდნენ  აბრაამის, ისაკისა და იმ ანგელოზის როლს, რომელმაც აბრაამი შეაკავა შვილის შეწირვისგან. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ნიუ-იორკში, იონკერსის მახლობლად (დაბ. 22:9—12).

გამოცდილი ოპერატორები 3-კილომეტრიან ფირს, 26 ფონოგრამასა და 500 სლაიდს დროის ზუსტი დაცვით უჩვენებდნენ

ძმა რასელის ერთმა თანამოაზრემ პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სლაიდები და მოძრავი სურათები აუცილებლად „აღუძრავდა წმინდა წერილებისადმი და რელიგიისადმი ინტერესს ათასობით ადამიანს, რაც მანამდე ვერც ერთი საშუალებით ვერ მოხერხდა“. მიესალმა სამღვდელოება სულიერად დამშეული მასების დაპურებას? არა! პირიქით, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებმა ერთხმად გააკრიტიკეს და დაგმეს „შემოქმედების ფოტოდრამა“. ზოგი მზაკვრულად და უტიფრადაც კი ცდილობდა, ხელი შეეშალა ხალხისთვის, არ ეყურებინათ მისთვის. ერთხელ ისეც კი მოაწყვეს, რომ ფოტოდრამის მსვლელობის დროს ელექტროენერგია გათიშულიყო.

მოხალისეები ადგილობრივი კრებებიდან დამსწრეებს ურიგებდნენ ბუკლეტებს, რომლებშიც ფოტოდრამის სურათები იყო განთავსებული. დარიგდა მილიონობით ბუკლეტი

დამსწრეებს აგრეთვე ურიგებდნენ სამკერდე ნიშნებს ახალგაზრდა იესოს გამოსახულებით, რაც მათ შეახსენებდა, რომ „მშვიდობის ძეები“ იყვნენ

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენებები ანშლაგებით მიმდინარეობდა. მასები სრულიად უსასყიდლოდ ესწრებოდნენ ამ საუცხოო სანახაობას. შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 80-მდე ქალაქში მიმდინარეობდა ამ ფოტოდრამის ასლების ჩვენება. ბევრი პირველად უყურებდა ხმოვან კინოს, რაც მათში აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევდა. ფილმში აჩქარებული კადრების მეშვეობით მაყურებლის თვალწინ იჩეკებოდა წიწილა და იფურჩქნებოდა ყვავილი. სამეცნიერო ხასიათის ეს ინფორმაცია იეჰოვას საოცარ სიბრძნეზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ეკრანზე ძმა რასელის დანახვისას, რომელიც მაყურებელს ფოტოდრამას აცნობდა, ერთმა მაყურებელმა ისიც კი გაიფიქრა, რომ კადრში უფრო რეალური იყო ძმა რასელი, ვიდრე სიცოცხლეში.

მნიშვნელოვანი ეტაპი ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმეში

ფოტოდრამის პრემიერა 1914 წლის 11 იანვარს შედგა ნიუ-იორკში, თეატრის ამ შენობაში, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციას ეკუთვნოდა

მწერალმა და კინომცოდნე ტიმ დირკმა ფოტოდრამის შესახებ თქვა, რომ „ეს იყო პირველი გახმოვანებული ფილმი მოძრავი სურათებითა და თვალწარმტაცი ფერადი სლაიდებით“. ზოგიერთი ეს ტექნოლოგია „ფოტოდრამამდე“ გადაღებულ ფილმებშიც იყო გამოყებული, მაგრამ ერთდროულად ყველა მათგანი არა; ამგვარი ტექნოლოგიები განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენდა ბიბლიურ თემატიკაზე აგებულ ფილმებში. არც ერთ ფილმს არ ჰყოლია იმდენი მაყურებელი, რამდენიც „შემოქმედების ფოტოდრამას“. პირველ წელს ის დაახლოებით 9 მილიონმა ადამიანმა ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ფოტოდრამის პრემიერა ქალაქ ნიუ-იორკში 1914 წლის 11 იანვარს შედგა. შვიდი თვის შემდეგ მსოფლიოს საზარელი მოვლენა დაატყდა თავს; ამ მოვლენას მოგვიანებით პირველი მსოფლიო ომი ეწოდა. მაგრამ მთელ მსოფლიოში ათასები მაინც იკრიბებოდნენ ფოტოდრამის საყურებლად. მათ ნუგეშს ჰგვრიდა ცოცხალი კადრები, რომლებშიც სამეფოს კურთხევები იყო ასახული. დიახ, 1914 წლისთვის „შემოქმედების ფოტოდრამა“ ნამდვილად შეუდარებელი და უნიკალური სანახაობა იყო.

მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში „ფოტოდრამის“ 20 ეგზემპლარს იყენებდნენ