არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა როგორ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა როგორ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ

„ზოგჯერ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე ისე ვართ ხოლმე გართულნი, რომ თუ თავად არ შევწყვიტე, შუაღამემდე გაგვიგრძელდება“, — ამბობს ერთი ბრაზილიელი მამა. იაპონიაში მცხოვრები ათი წლის ბიჭის მამა თავის შვილზე ასეთ რამეს ამბობს: „ძალიან მონდომებულია და ყოველ ოჯახურ შესწავლას მოუთმენლად ელის“.

რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი არ არის ასეთი მონდომებული და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ზოგისთვის მოსაბეზრებელიც კია თაყვანისცემის საღამო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ტოგოში მცხოვრები ერთი მამა ასეთ რამეს გვეუბნება: „იეჰოვას თაყვანისცემა მოსაწყენ გარემოში არ უნდა წარიმართოს“. იქნებ ამის მიზეზი ისაა, რომ შესწავლა საკმაოდ მოსაწყენად ტარდება. ბევრმა ოჯახმა დაინახა, რომ თაყვანისცემის საღამო შეიძლება სასიამოვნო წუთებად იქცეს, როგორც ამას ბიბლიის ერთ-ერთ წიგნ „ესაიაში“ ვკითხულობთ შაბათთან დაკავშირებით (ეს. 58:13, 14).

ქრისტიანმა მამებმა იციან, რომ თავისუფალი და სასიამოვნო ატმოსფერო უნდა შექმნან, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემა თითოეული ოჯახის წევრისთვის სახალისო იყოს. რალფი, რომელსაც სამი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს, ამბობს, რომ მათი ოჯახური თაყვანისცემა შესწავლას კი არ ჰგავს, არამედ მეგობრების საუბარს, სადაც ყველა თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს. თუმცა, არც ისე ადვილია, ეს საღამო ყველასთვის საინტერესო გახადო და დაეხმარო თითოეულს, მთელი ყურადღებით ჩაერთონ განხილვაში. ერთი დედა ამბობს: „ყოველთვის არ მყოფნის ძალა საიმისოდ, რომ ისე სასიამოვნოდ წარიმართოს ოჯახური თაყვანისცემა, როგორც ვისურვებდი“. როგორ შეგიძლიათ, გაართვათ თავი მსგავს სირთულეს?

გონივრული მიდგომა და მრავალფეროვნება

„გონივრული მიდგომა გვმართებს“, — ამბობს ორი შვილის მამა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. „ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა“, — ამბობს ორი შვილის დედა ნატალია. ბევრი ოჯახი თაყვანისცემის საღამოს  რამდენიმე ნაწილად ყოფს და შესაბამისად, ერთ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავს. „ამ დროს შესწავლა უფრო აქტიურ ხასიათს იძენს და ყველა ერთვება განხილვაში“, — აღნიშნავს ორი მოზარდის მამა ქლეიტონი, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს. თუ ბავშვებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მშობლები უფრო ადვილად შეძლებენ სათითაოდ ყველა ბავშვისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას, თუ ამგვარად დაყოფენ შესწავლის დროს. სასურველია, ოჯახურ შესწავლაზე განხილულ იქნეს თემები ოჯახის თითოეული წევრის საჭიროებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი განსახილველი მასალისა და განხილვის ფორმატის მეტისმეტი სიმკაცრით განსაზღვრა.

როგორ ამრავალფეროვნებს ზოგი ოჯახურ შესწავლას? ზოგი შესწავლას სადიდებელი სიმღერით იწყებს. „სიმღერა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და განგვაწყობს შესწავლისთვის“, — ამბობს მექსიკელი ხუანი. ოჯახი ერთად ირჩევს განსახილველი მასალისთვის შესაფერის სიმღერას.

შეერთებული შტატები

ზოგი ოჯახი შესწავლის დროს ბიბლიას კითხულობს. მრავალფეროვნებისთვის ოჯახის წევრები სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟების სიტყვებს კითხულობენ. იაპონიაში მცხოვრებმა ერთმა მამამ თქვა, რომ თავიდან ცოტა უჩვეულო იყო მისთვის ამ მეთოდით შესწავლის ჩატარება. მაგრამ მისი ორი ბიჭუნასთვის მშობლებთან ერთად ბიბლიის ამგვარად კითხვა ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგიერთი ოჯახი შესწავლის დროს ბიბლიურ სიუჟეტებს აცოცხლებს. „ბავშვები ხშირად ამჩნევენ ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ“, — ამბობს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ორი ბიჭის მამა როჯერი.

შრი-ლანკა

არსებობს სხვა ფაქტორიც, თუ როგორ შეიძლება ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. მაგალითად, ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთად შექმნან ნოეს კიდობნის ან სოლომონის ტაძრის მაკეტი. ამგვარი „პროექტები“ გამოკვლევას საჭიროებს, რაც თავისთავად ცხადია, სასიამოვნოა. აზიაში ერთი ოჯახი — დედ-მამა, მათი ხუთი წლის პატარა გოგონა და ბებია — შესწავლის დროს თამაშობდა მაგიდის თამაშებს, რომელიც აგებული იყო პავლეს მისიონერულ მოგზაურობებზე. სხვა ოჯახები თამაშობენ მაგიდის თამაშებს, რომლებიც წიგნ „გამოსვლაში“ მოცემულ ისტორიებს ეფუძნება. „ასეთმა მრავალფეროვნებამ მეტი ხალისი შემატა როგორც ოჯახურ შესწავლას, ისე ოჯახის თითოეულ წევრს,“ — ამბობს 19 წლის ტოგოელი დონალდი. შეგიძლიათ მოიფიქროთ ისეთი რამ, რაც უფრო სახალისოს გახდის თქვენს ოჯახურ თაყვანისცემას?

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მომზადება და კიდევ ერთხელ მომზადება

მართალია, მრავალფეროვნება და მოქნილი მიდგომა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ღონისძიება თავის მიზანს რომ მოემსახუროს, ყველა სათანადოდ უნდა მოემზადოს. ზოგჯერ ბავშვები იღლებიან დიდხანს ჯდომითა და მოსმენით, ამიტომ მამამ წინასწარ კარგად უნდა შეარჩიოს განსახილველი მასალა და გულდასმით უნდა მოემზადოს. ერთი მამა ამბობს: „შესწავლა გაცილებით საინტერესოა ყველასთვის, როცა თავად ვარ კარგად მომზადებული“. სხვა ოჯახისთავი წინასწარ ეუბნება ოჯახის წევრებს, რას დაეთმობა მათი მორიგი ოჯახური შესწავლა. ბენინში მცხოვრები ერთი მამა, რომელსაც ექვსი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიმე ფილმის ერთად ყურებამდე, შეკითხვებს წინასწარ ამზადებს და ოჯახის წევრებს ურიგებს. მართლაც, მომზადება ჩვენი ოჯახური თაყვანისცემის ხარისხზე უშუალოდ აისახება.

უდავოდ, კარგია, როცა ოჯახმა წინასწარ იცის, თუ რაზე იქნება თაყვანისცემის საღამოზე საუბარი; მათ შეუძლიათ ისაუბრონ მთელი კვირის განმავლობაში ამ თემაზე და შესაბამისად, ამ დღესაც უფრო მეტი სიხარულით დაელოდონ. და თუ თითოეულ მათგანს რაიმე დავალება ექნება მიცემული ამ შეხვედრისთვის, იგრძნობენ, რომ ეს პირადად მათი ოჯახური თაყვანისცემის საღამოა და არა სხვისი.

რეგულარულობა

ბევრ ოჯახს უჭირს რეგულარულად ოჯახური თაყვანისცემის საღამოს ჩატარება.

მამები გვიანობამდე მუშაობენ, რომ როგორმე ოჯახში პურის ფული შეიტანონ. მაგალითად, ერთი მექსიკელი მამა დილის 6 საათზე გადის სახლიდან და საღამოს 8-ზე ბრუნდება. მათ პერიოდულად უწევთ ოჯახური თაყვანისცემის საღამოს დროის შეცვლა, რადგან ზოგჯერ კონგრესები ან სარაიონო ზედამხედველის მონახულებები ემთხვევა.

და მაინც, ოჯახური თაყვანისცემის საღამოს ვერასოდეს ექნება რეგულარული ხასიათი, თუ სიმტკიცეს არ გამოვიჩენთ. 11 წლის ლოისი თავის ოჯახზე ასეთ რამეს ამბობს: „მთელი დღის განმავლობაში ხან რა ხდება და ხან — რა. მაგრამ ძალიან გვიანიც რომ იყოს, ჩვენ მაინც ვატარებთ ხოლმე თაყვანისცემას“. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ალბათ უკვე გასაგები იქნება, თუ რატომ ატარებს ბევრი ოჯახი ოჯახურ თაყვანისცემას კვირის დასაწყისში. თუ რამე გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნება, ისინი თავისუფლად გადაიტანენ ამ შეხვედრას კვირის რომელიმე მომდევნო დღეს.

გახსოვდეთ: ოჯახური თაყვანისცემა არის ჩვენი თაყვანისმცემლობის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ მოდი ყველამ, ოჯახის თითოეულმა წევრმა „ჩვენი ბაგეების ნაყოფი“ ყოველკვირა მივუძღვნათ იეჰოვას (ოს. 14:2, სქოლიო). და რაც მთავარია, ეს იყოს ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი დრო, „რადგან იეჰოვას სიხარული“ ჩვენი სიმაგრეა (ნეემ. 8:9, 10).