არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:37).

1. რის წყალობით გაღრმავდა ღმერთსა და მის ძეს შორის სიყვარული?

იეჰოვას ძემ, იესო ქრისტემ, თქვა: „მამა მიყვარს“ (იოან. 14:31). მან ისიც თქვა, რომ „მამას უყვარს ძე“ (იოან. 5:20). და ეს არც არის გასაკვირი. ის ხომ განკაცებამდე საუკუნეების განმავლობაში ღვთის ოსტატი იყო?! (იგავ. 8:30). რადგან იეჰოვა და იესო გვერდიგვერდ შრომობდნენ, ძე კარგად გაეცნო მამის თვისებებს და უამრავი მიზეზი ჰქონდა, ჰყვარებოდა ის. სწორედ ასეთი ახლო ურთიერთობის წყალობით გაღრმავდა მამა-შვილს შორის სიყვარული.

2. ა) რა არის სიყვარული? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

2 სიყვარული გულისხმობს ვინმეს მიმართ ძლიერი გრძნობის ქონას. ფსალმუნმომღერალი დავითი ასე უმღეროდა იეჰოვას: „მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!“ (ფსალმ. 18:1). ჩვენც უნდა გვიყვარდეს ღმერთი, რადგან მას ჩვენ მიმართ სათუთი გრძნობები აქვს. თუ დავემორჩილებით იეჰოვას, ის შეგვიყვარებს (წაიკითხეთ კანონის 7:12, 13). მაგრამ შესაძლებელია უხილავი ღვთის შეყვარება? რას ნიშნავს იეჰოვას სიყვარული? რატომ უნდა გვიყვარდეს ის? და როგორ შეგვიძლია მისადმი სიყვარულის გამოვლენა?

რატომ შეგვიძლია ღვთის შეყვარება

3, 4. რატომაა შესაძლებელი იეჰოვას შეყვარება?

3 „ღმერთი სულია“, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა  (იოან. 4:24). თუმცა მისი შეყვარება შესაძლებელია; წმინდა წერილები მოგვიწოდებს კიდეც, რომ გამოვავლინოთ მის მიმართ სიყვარული. მაგალითად, მოსემ ისრაელებს უთხრა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (კან. 6:5).

4 რატომ ვამბობთ, რომ შესაძლებელია ღვთის მიმართ ძლიერი სიყვარულის განვითარება? იმიტომ, რომ მან სულიერი მოთხოვნილებებით შეგვქმნა და სიყვარულის გამოვლენის უნარით დაგვაჯილდოვა. როდესაც ჩვენ სულიერ მოთხოვნილებებს სათანადოდ ვიკმაყოფილებთ, იეჰოვასადმი სიყვარული გვიღრმავდება და ბედნიერების მიზეზი ერთიორად მატულობს. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). ერთ-ერთ წიგნში, რომელშიც საუბარია, თუ რას ამბობს ზოგი ღვთისადმი თაყვანისცემის თანდაყოლილ სურვილზე, ვკითხულობთ: „ჩვენში გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ადამიანი ეძიებს უზენაესს და სურს, ირწმუნოს იგი“ (Man Does Not Stand Alone, by A.  C. Morrison).

5. საიდან ვიცით, რომ ამაოდ არ ვეძებთ ღმერთს?

5 ამაოდ ხომ არ ვეძებთ ღმერთს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ღმერთს სურს, რომ ჩვენ ის ვიპოვოთ. მოციქულმა პავლემ სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როდესაც არეოპაგში შეკრებილ ხალხს უქადაგა, საიდანაც კარგად ჩანდა პართენონი — ძველი ათენის მფარველი ქალღმერთის, ათენასადმი, მიძღვნილი ტაძარი. წარმოიდგინეთ, რომ პავლეს მსმენელთა შორის იმყოფებით და მის ნათქვამ სიტყვებს ისმენთ: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია . . . ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“. ბოლოს მოციქული დასძენს: „მან ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ, და დასასახლებლად დაუნიშნა დროები და დაუდო საზღვრები, რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:24—27). დიახ, ღვთის პოვნა შესაძლებელია. 7 მილიონ-ნახევარზე მეტმა იეჰოვას მოწმემ ნამდვილად იპოვა ღმერთი და შეიყვარა.

რას ნიშნავს ღვთის სიყვარული

6. იესოს სიტყვების თანახმად, რა არის „პირველი და უდიდესი მცნება“?

6 იეჰოვასადმი სიყვარული ჩვენი გულიდან უნდა მოდიოდეს. როდესაც ფარისეველმა იესოს ჰკითხა, „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“, მან არაორაზროვნად უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება» (მათ. 22:34—38).

7. რას ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი: ა) „მთელი გულით“? ბ) „მთელი სულით“? გ) „მთელი გონებით“?

7 რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ „მთელი გულით“ უნდა გვიყვარდეს ღმერთი? ის, რომ იეჰოვასადმი სიყვარული უნდა მოდიოდეს ჩვენი სიმბოლური გულიდან, რომელიც მოიცავს ჩვენს სურვილებს, ემოციებსა და გრძნობებს. ჩვენ აგრეთვე „მთელი სულით“ ანუ მთელი არსებით უნდა გვიყვარდეს ღმერთი. უფრო მეტიც, ჩვენ „მთელი გონებითაც“ ანუ მთელი შეგნებით უნდა გვიყვარდეს იეჰოვა. მაშასადამე, ჩვენ იეჰოვა თავდაუზოგავად უნდა გვიყვარდეს.

8. რისკენ აღგვძრავს ღვთის სიყვარული?

8 თუ ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით გვეყვარება, გულმოდგინედ გამოვიკვლევთ ღვთის სიტყვას, დაუზარებლად შევასრულებთ მის მოთხოვნებს და შეუპოვრად ვიქადაგებთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14; რომ. 12:1, 2). იეჰოვასადმი სიყვარული უფრო მეტად დაგვაახლოებს მასთან (იაკ. 4:8). ცხადია, შეუძლებელია ყველა მიზეზის ჩამოთვლა, რის გამოც უნდა გვიყვარდეს ღმერთი. თუმცა მოდი, მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა

9. რატომ გვიყვარს ჩვენი შემოქმედი და მზრუნველი ღმერთი იეჰოვა?

9 იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და მზრუნველი ღმერთია. პავლე მოციქულმა დაწერა: „მისით  ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქ. 17:28). იეჰოვამ დიდებული საცხოვრებელი ადგილი, დედამიწა გვიბოძა (ფსალმ. 115:16). ის ჩვენს გამოკვებაზეც ზრუნავს და ყველა პირობას გვიქმნის, რომ ვიცოცხლოთ. ამიტომ შეეძლო პავლე მოციქულს ლისტრაში მცხოვრები კერპთაყვანისმცემლებისთვის შემდეგი სიტყვების თქმა: „ცოცხალ ღმერთს . . . სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია — გაძლევდათ წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქ. 14:15—17). ნუთუ ეს არ არის მიზეზი საიმისოდ, რომ გვიყვარდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი, მოსიყვარულე და მზრუნველი ღმერთი?! (ეკლ. 12:1).

10. როგორ მოქმედებს ჩვენზე იმის ცოდნა, რომ ღმერთმა გაგვათავისუფლა ცოდვისა და სიკვდილისგან?

10 ღმერთმა გაგვათავისუფლა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან (რომ. 5:12). დიახ ასეა, „ღმერთი . . . თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). უდავოდ, გული იეჰოვასადმი სიყვარულით გვიღვივის, რადგან ვიცით, რომ თუ მოვინანიებთ და მისი ძის გამოსასყიდისადმი რწმენას გამოვავლენთ, ის ცოდვებს გვაპატიებს (იოან. 3:16).

11, 12. როგორ გვაიმედებს იეჰოვა?

11 იეჰოვა გვაძლევს იმედს, რომელიც სიხარულითა და მშვიდობით გვავსებს (რომ. 15:13). ღვთისგან ბოძებული იმედი განსაცდელების გადატანაში გვეხმარება. ცხებული ქრისტიანები, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულნი დარჩებიან, მიიღებენ ზეციური ცხოვრების გვირგვინს (გამოცხ. 2:10). ხოლო დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების მომლოდინე ერთგული ქრისტიანები დატკბებიან აღთქმულ სამოთხეში უსასრულო კურთხევებით (ლუკ. 23:43). ჩვენზე როგორ მოქმედებს ეს იმედი? ნუთუ სიხარულით არ გვევსება გული, სიმშვიდე არ გვეუფლება და სიყვარული არ გვიჩნდება მის მიმართ, ვინც გვიბოძა „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“?! (იაკ. 1:17).

12 ღმერთმა მოგვცა მკვდრეთით აღდგომის გასაოცარი იმედი (საქ. 24:15). ბუნებრივია, ძალიან გვამწუხრებს საყვარელი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის იმედის წყალობით „არ ვწუხვართ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თეს. 4:13). მოსიყვარულე ღმერთს ერთი სული აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს, განსაკუთრებით იობის მსგავს მართალ და ერთგულ ადამიანებს (იობ. 14:15). წარმოიდგინეთ, როგორი სიხარული გამეფდება, როცა გარდაცვლილები დედამიწაზე აღდგებიან და თავიანთ ოჯახის წევრებს, ნაცნობებსა თუ მეგობრებს შეხვდებიან. ჩვენ უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა, რომელმაც მკვდრეთით აღდგომის არაჩვეულებრივი იმედი მოგვცა.

13. რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე?

13 იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:6, 18, 19; 1 პეტრეს 5:6, 7). ჩვენ ვიცით, რომ მოსიყვარულე ღმერთი ყოველთვის ეხმარება თავის ერთგულთ, ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, რადგან მისი „საძოვრის ფარას“ ვეკუთვნით (ფსალმ. 79:13). ღვთის სიყვარული მაშინ უფრო მეტად გახდება ცხადი, როცა ის სამეფოს მეშვეობით ჩვენდა სასიკეთოდ იმოქმედებს. მეფე, იესო ქრისტე, დედამიწაზე მოსპობს ძალადობას, ჩაგვრასა და ბოროტებას და მორჩილი კაცობრიობა უბოლოო მშვიდობითა და კეთილდღეობით გაიხარებს (ფსალმ. 72:7, 12—14, 16). ამგვარი მომავალი ნამდვილად გვაძლევს მიზეზს, რომ გვიყვარდეს ჩვენი მზრუნველი ღმერთი მთელი გულით, სულით, ძალითა და გონებით (ლუკ. 10:27).

14. რა ფასდაუდებელი პატივი მოგვანდო ღმერთმა?

14 იეჰოვამ მოგვანდო მის მოწმედ ყოფნის ფასდაუდებელი პატივი (ეს. 43:10—12). ჩვენ გვიყვარს ღმერთი, რადგან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მხარი დავუჭიროთ მის უზენაესობას და იმედი ჩავუსახოთ გულში ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას რწმენითა და დამაჯერებლობით,  რადგან ის ჭეშმარიტი ღვთის ბაგიდან მომდინარეობს, ღვთისა, რომლის დაპირებებიც ყოველთვის სრულდება (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 21:45; 23:14). რა თქმა უნდა, კურთხევები მუდამ გვექნება და იეჰოვას სიყვარულის მიზეზები არასოდეს დაგველევა. მაგრამ ისმის კითხვა: ჩვენ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა?

როგორ შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა

15. როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვის შესწავლა და მისი გამოყენება?

15 გულმოდგინედ შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და გამოიყენეთ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ცხადყოფთ, რომ გიყვართ იეჰოვა და ნამდვილად გსურთ, მისი სიტყვა იყოს „სინათლე თქვენი სავალისთვის“ (ფსალმ. 119:105). თუ დადარდიანებული ხართ, შეიძლება განუგეშოთ ამ სიტყვებმა: „მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო“, „იეჰოვა, შენმა სიკეთემ გამამაგრა. როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 51:17; 94:18, 19). იეჰოვა მოწყალე თვალით უყურებს ტანჯულთ და მის მსგავსად, იესოსაც გული ეწვის ხალხზე (ეს. 49:13; მათ. 15:32). ბიბლიის შესწავლის მეშვეობით ვიგებთ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე, რაც თავის მხრივ, ჩვენც გვიღრმავებს მისადმი სიყვარულს.

16. როგორ გვიღრმავებს ღვთისადმი სიყვარულს გამუდმებით ლოცვა?

16 გამუდმებით ილოცეთ. ლოცვები გვაახლოებს „ლოცვების მომსმენ“ ღმერთთან (ფსალმ. 65:2). როდესაც ვხედავთ, როგორ გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე, მისადმი სიყვარული გვიძლიერდება. მაგალითად, შესაძლოა პირადად გამოგვიცდია, რომ ღმერთი არ უშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანაც არ შეგვიძლია (1  კორ. 10:13). თუ გასაჭირში ჩავცვივდებით და იეჰოვას შევევედრებით, დაგვეუფლება „ღვთის მშვიდობა“ (ფილ. 4:6, 7). ზოგჯერ ნეემიას მსგავსად შეიძლება გულში ვლოცულობთ და ვამჩნევთ, რომ იეჰოვა გვპასუხობს (ნეემ. 2:1—6). როცა გამუდმებით ვლოცულობთ და ვხედავთ, თუ როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს თხოვნას, მისადმი სიყვარული გვიღრმავდება და უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ის განსაცდელებს გადაგვატანინებს (რომ. 12:12).

17. თუ ღმერთი გვიყვარს, როგორი დამოკიდებულება გვექნება კრების შეხვედრების მიმართ?

17 მიზნად დაისახეთ, ყოველთვის დაესწროთ კრების შეხვედრებსა და კონგრესებს  (ებრ. 10:24, 25). ისრაელები ერთად იკრიბებოდნენ, რომ მოესმინათ და ესწავლათ იეჰოვას შესახებ, რათა მისადმი მოწიწება ჰქონოდათ და მისი კანონები დაეცვათ (კან. 31:12). თუ ღმერთი ნამდვილად გვიყვარს, არ გაგვიჭირდება მისი ნების შესრულება (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). მაშ, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უმნიშვნელო მიზეზების გამო არ გაგვიცდეს კრების შეხვედრები. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ რამემ ღვთისადმი „თავდაპირველი სიყვარული“ გაგვინელოს! (გამოცხ. 2:4).

18. რისკენ აღგვძრავს ღვთის სიყვარული?

18 გულმოდგინედ იქადაგეთ „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება“ (გალ. 2:5). ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ, რომლის მეფეც მისი საყვარელი ძე იესო ქრისტეა და რომელიც ამხედრდება „სიმართლის გულისთვის“ არმაგედონში (ფსალმ. 45:4; გამოცხ. 16:14, 16). რა ბედნიერები ვართ, რომ ვმონაწილეობთ მოწაფეების მომზადების საქმეში და ვაგებინებთ ხალხს ღვთის სიყვარულისა და დაპირებული ახალი ქვეყნიერების შესახებ (მათ. 28:19, 20).

19. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი იეჰოვას მიერ დანიშნული უხუცესებისთვის, რომლებიც მწყემსავენ მის ფარას?

19 დააფასეთ ღვთის მიერ დანიშნული უხუცესები, რომლებიც მწყემსავენ მის ფარას (საქ. 20:28). უხუცესები იეჰოვას მიერ არიან დანიშნულნი; ისინი ყოველთვის მოქმედებენ ჩვენდა სასიკეთოდ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ უხუცესები არიან, „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“ (ეს. 32:1, 2). მაგალითად, ძალიან გავიხარებდით, თუ ქარისა და ქარიშხლის დროს თავშესაფარს ვიპოვიდით. ანდა, თაკარა მზის დროს კლდის ჩრდილს შევაფარებდით თავს. ამგვარი შედარება იმის დანახვაში გვეხმარება, რომ უხუცესები ჩვენთვის გამომაცოცხლებელნი არიან და სულიერად გვამხნევებენ. როცა ვემორჩილებით ძმებს, რომლებსაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მათ, „ძღვენს ადამიანთა სახით“, და ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი და კრების თავი, იესო ქრისტე (ეფეს. 4:8; 5:23; ებრ. 13:17).

იეჰოვას მიერ დანიშნული მწყემსები გულწრფელად ზრუნავენ თავიანთ სამწყსოზე (იხილეთ მე-19 აბზაცი)

გაიღრმავეთ ღვთისადმი სიყვარული

20. თუ ღმერთი გიყვართ, რას გააკეთებთ იაკობის 1:22—25-ის თანახმად?

20 თუ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა გექნებათ, იქნებით „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (წაიკითხეთ იაკობის 1:22—25). რით გამოირჩევიან „სიტყვის შემსრულებელნი“? მათ აქვთ რწმენა, რომელსაც სხვადასხვა სახით ავლენენ — გულმოდგინედ ქადაგებენ და მთელი გულით მონაწილეობენ ქრისტიანულ შეხვედრებში. ამრიგად, ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული შეგაძლებინებთ, დაემორჩილოთ მის „სრულყოფილ კანონს“, რომელშიც შედის ღვთის ყველა მოთხოვნა (ფსალმ. 19:7—11).

21. რას შეიძლება შევადაროთ გულწრფელი ლოცვები?

21 იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ ხშირად გადმოვუღვაროთ გული ლოცვაში. როგორც ჩანს, მეფე დავითს კანონით გათვალისწინებული ყოველდღიურად ასაბოლებელი საკმეველი ჰქონდა მხედველობაში, როცა იეჰოვას უმღეროდა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე, ხელების აპყრობა — მარცვლეული შესაწირავივით“ (ფსალმ. 141:2; გამ. 30:7, 8). დაე, თქვენი მოკრძალებული სათხოვარი, ვედრება, საქებარი თუ სამადლობელი სიტყვები ღვთისთვის სასურველი, სურნელოვანი საკმეველივით იყოს, რომელიც ღვთისმოსაწონი ლოცვების სიმბოლოა (გამოცხ. 5:8).

22. რომელ სიყვარულზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში?

22 იესომ თქვა, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი; მან ისიც თქვა, რომ გვიყვარდეს მოყვასი (მათ. 22:37—39). შემდეგ სტატიაში მოყვასის სიყვარულზე ვისაუბრებთ და დავინახავთ, როგორ გვეხმარება ღვთისა და მისი პრინციპების სიყვარული, მოყვასის შეყვარებასა და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის განვითარებაში.