არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვა იცნობს თავისას“

„იეჰოვა იცნობს თავისას“

„ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორ. 8:3).

1. მოჰყევით ბიბლიურ შემთხვევას იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოიტყუა თავი ღვთის ზოგიერთმა მსახურმა მცდარი აზროვნებით. (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

გათენდა. მღვდელმთავარი აარონი იეჰოვას კარვის შესასვლელთან დგას და ხელთ საკმეველმოყრილი საცეცხლური უპყრია. მის სიახლოვეს კორახი დგას თავის 250 მხარდამჭერთან ერთად, რომელთაც ასევე საცეცხლურები უჭირავთ და საკმეველს უკმევენ იეჰოვას (რიცხ. 16:16—18). ერთი შეხედვით, შეკრებილთაგან ყველა იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელია, თუმცა აარონის გარდა ყველა ამპარტავანი და მეამბოხეა. მათ მღვდლობის უფლების მითვისება სწადიათ (რიცხ. 16:1—11). ისინი ფიქრობენ, რომ იეჰოვასთვის მათი თაყვანისცემა მისაღებია, მაგრამ მწარედ იტყუებენ თავს. ამგვარად ისინი შეურაცხყოფენ იეჰოვას, რომელიც გულებს იკვლევს და რომლის თვალსაც თვალთმაქცური საქციელი არ გამოეპარება (იერ. 17:10).

2. რა იწინასწარმეტყველა მოსემ და რამდენად გამართლდა მისი ნათქვამი?

2 წინადღით მოსემ იწინასწარმეტყველა: „დილით გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინ ეკუთვნის მას“ (რიცხ. 16:5). იეჰოვამ მართლაც ცხადყო, თუ ვინ იყო მისი გულწრფელი თაყვანისმცემელი და ვინ — თვალთმაქცი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან და შთანთქა [კორახი და] ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი“ (რიცხ. 16:35; 26:10). რაც შეეხება აარონს, ის ღმერთმა დაიფარა; ამგვარად გამოჩნდა, რომ იგი ღვთისთვის მოსაწონი მღვდელი და ერთგული თაყვანისმცემელი იყო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:3).

3. ა) რა ვითარება იყო პავლე მოციქულის დროს? ბ) როგორ გამოჩნდა კორახის შემთხვევიდან იეჰოვას დამოკიდებულება მოჯანყეთა მიმართ?

 3 მსგავსი სურათი განვითარდა ამ შემთხვევიდან დაახლოებით 1 500 წლის შემდეგ, პავლეს მოციქულობის პერიოდში. იმ დროს ზოგი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი ცრუმოძღვრებების გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა ქრისტიანულ კრებასთან კავშირი არ გაუწყვეტია. გარეშე თვალისთვის შეიძლება ეს განდგომილები არაფრით განსხვავდებოდნენ კრების სხვა წევრებისგან. მაგრამ ისინი ერთგულ ქრისტიანთა რწმენას საფრთხეს უქმნიდნენ. ეს ცხვრის ქურქში გახვეული მგლები რწმენას უნგრევდნენ ზოგიერთებს (2 ტიმ. 2:16—18). თუმცა იეჰოვა ამგვარ სიტუაციებში არასდროს ყოფილა პასიური დამკვირვებელი. ეს კარგად მოეხსენებოდა მოციქულ პავლეს — მას ეცოდინებოდა, თუ როგორ გაუსწორდა იეჰოვა მოჯანყე კორახსა და მის მხარდამჭერთ საუკუნეებით ადრე. მოდი, განვიხილოთ პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიწერილი წერილიდან პატარა მონაკვეთი და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

„მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“

4. რაში იყო პავლე დარწმუნებული და როგორ გამოხატა მან ეს ტიმოთესადმი მიწერილ წერილში?

4 პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ზუსტად შეეძლო შეეფასებინა, ვინ ემსახურებოდა წრფელი გულით და ვინ — თვალთმაქცურად. პავლეს რომ ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, ტიმოთესადმი მიწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვებიდანაც გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა ისაუბრა სულიერ ზიანზე, რომელიც განდგომილებმა მიაყენეს კრებას, დასძინა: «ღვთის მყარი საფუძველი კი მტკიცედ დგას და ასეთი ბეჭედი აქვს დასმული: „იეჰოვა იცნობს თავისას“ და „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“» (2 ტიმ. 2:18, 19).

5, 6. რატომ იქცევს ჩვენს ყურადღებას პავლეს სიტყვები „ღვთის მყარი საფუძველი“ და როგორ იმოქმედებდა ეს ფრაზა ტიმოთეზე?

5 რატომ იქცევს ჩვენს ყურადღებას სიტყვები, რომლითაც პავლემ ტიმოთეს თავისი სათქმელი უთხრა? ბიბლიაში ფრაზას „ღვთის მყარი საფუძველი“ ერთადერთხელ ვხვდებით და ისიც პავლეს ამ წერილში. წმინდა წერილებში სიტყვა „საფუძველი“ გამოიყენება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მაგალითად, ამ სიტყვას პირდაპირი გაგებით ვხვდებით ძველი ისრაელის დედაქალაქთან, იერუსალიმთან, მიმართებით (ფსალმ. 87:1, 2). თუმცა ის მეტაფორულად, გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება, როცა ბიბლია იეჰოვას განზრახვაში იესოს როლზე საუბრობს (1 კორ. 3:11; 1 პეტ. 2:6). რას გულისხმობს პავლე სიტყვებში „ღვთის მყარი საფუძველი“?

6 პავლე ამ სიტყვებს მაშინ იხსენიებს, როცა რიცხვების 16:5-დან მოსეს მიერ კორახისა და მის მხარდამჭერთათვის ნათქვამ სიტყვებს ციტირებს. როგორც ჩანს, პავლე იმიტომ ახსენებს ტიმოთეს მოსეს დღეებში მომხდარ მოვლენებს, რომ ხაზი გაუსვას იეჰოვას განსაკუთრებულ უნარს — ამოიცნოს მოჯანყეები და ზომები მიიღოს მათ წინააღმდეგ. იეჰოვამ საუკუნეებით ადრე ალაგმა კორახის ჯანყი თავის კრებულში და ის არც ახლა დაუშვებდა ქრისტიანულ კრებაში განდგომილთა პარპაშს. პავლეს დაწვრილებით არ განუმარტავს, თუ რა იგულისხმებოდა სიტყვებში „ღვთის მყარი საფუძველი“. თუმცა ამ ფრაზის ხსენებაც კი საკმარისი აღმოჩნდებოდა ტიმოთესთვის, რომ კვლავ განმტკიცებოდა რწმენა და მინდობოდა იეჰოვას.

7. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არასდროს უღალატებს თავის პრინციპებს და ყოველთვის სამართლიანი იქნება?

7 იეჰოვას პრინციპები უცვლელია. ფსალმუნის 33:11-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას განზრახვა მარადიულია; მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია“. სხვა მუხლებში ვკითხულობთ, რომ ღვთის მმართველობას დრო და ჟამი ვერაფერს დააკლებს და მისი პიროვნება უცვლელია — ის მუდამ გამოავლენს სიკეთეს, სამართლიანობასა და ერთგულებას (გამ. 15:18; ფსალმ. 100:5; 112:9). მალაქიას 3:6-ში წერია: „მე ვარ იეჰოვა, მე  არ შევცვლილვარ“. იაკობის 1:17-შიც მსგავს აზრს ვკითხულობთ, რომ იეჰოვა „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“.

„ბეჭედი“, რომელიც იეჰოვასადმი რწმენას გვიმტკიცებს

8, 9. რას ვსწავლობთ პავლეს მიერ მოხსენიებულ „ღვთის მყარ საფუძველზე“ შესრულებული წარწერიდან?

8 პავლე 2 ტიმოთეს 2:19-ში აღწერს „საფუძველს“, რომელზეც ისეა წარწერა ამოტვიფრული, თითქოსდა ბეჭედდასმული იყოს. როგორც წესი, ძველ დროში საძირკველზე ტვიფრავდნენ წარწერას, რომელიც იმის მაუწყებელი იყო, თუ ვინ იყო ნაგებობის მფლობელი ანდა მისი მშენებელი. პავლე ბიბლიის დამწერთა შორის პირველი იყო, ვინც წმინდა წერილებში ასეთი მაგალითი მოიყვანა. * „ღვთის მყარ საფუძველზე“ დასმული ბეჭედი ორ ძირითად ცნობას გვაწვდის: პირველი — „იეჰოვა იცნობს თავისას“ და მეორე — „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“. საძირკველზე ამოტვიფრული სიტყვები შეგვახსენებს აზრს, რომელიც ჩაწერილია რიცხვების 16:5-ში (წაიკითხეთ).

9 რას ვსწავლობთ პავლეს მიერ მოხსენიებულ „ღვთის მყარ საფუძველზე“ შესრულებული წარწერიდან? ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს უნდა ახსოვდეთ ორი ძირითადი პრინციპი, რომლითაც ღმერთი ხელმძღვანელობს: 1) მას უყვარს თავისი ერთგულნი და 2) სძულს უსამართლობა. მაგრამ საინტერესოა, რა კავშირი აქვს ამ წარწერას კრებაში არსებულ განდგომილებასთან?

10. როგორ მოქმედებდა პავლეს დღეებში განდგომილთა საქციელი ერთგულ ქრისტიანებზე?

10 ტიმოთესა და სხვა ერთგულ ქრისტიანებს ძალიან აწუხებდათ, რომ მათ გვერდით განდგომილები იყვნენ, რომლებიც თავიანთი საქციელით ბევრს რწმენას უნგრევდნენ. ზოგ ქრისტიანს შესაძლოა უკვირდა, თუ რატომ არ იღებდნენ ძმები ზომებს მათ წინააღმდეგ და რატომ რჩებოდნენ ისინი კვლავ კრებაში. შესაძლოა ერთგულ ქრისტიანებს იმაშიც ეპარებოდათ ეჭვი, ნამდვილად შეეძლო თუ არა იეჰოვას ზღვრის გავლება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებსა და თვალთმაქც განდგომილებს შორის (საქ. 20:29, 30).

განდგომილებმა ტიმოთეს რწმენა ვერ დაუნგრიეს (იხილეთ მე-10—12 აბზაცები)

11, 12. როგორ განუმტკიცებდა რწმენას ტიმოთეს პავლეს მიწერილი სიტყვები?

11 პავლეს წერილი უდავოდ განუმტკიცებდა რწმენას ტიმოთეს და შეახსენებდა, თუ როგორ მოიწონა იეჰოვამ ერთგული აარონი, როგორ გამოააშკარავა კორახისა და მისი თანამოაზრეების თვალთმაქცობა და როგორ დასაჯა ისინი საქვეყნოდ. ფაქტობრივად, პავლე ტიმოთეს ამით იმას ეუბნებოდა, რომ  იეჰოვას არც ახლა გაუჭირდებოდა იმის განსაზღვრა, თუ ვინ ეკუთვნოდა მას.

12 იეჰოვა არასდროს იცვლება და მასზე დანდობა ყოველთვის შეიძლება. მას სძულს უსამართლობა და თავის დროზე საკადრისს მიუზღავს მოუნანიებელ შემცოდველთ. პავლემ თავისი წერილით ტიმოთეს ისიც შეახსენა, რომ იგი, როგორც ერთ-ერთი იმათგანი, ვინც „იეჰოვას სახელს ახსენებდა“, უნდა შეწინააღმდეგებოდა ვაი-ქრისტიანთა მავნე ზეგავლენას. *

ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შრომა არასდროსაა ფუჭი

13. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

13 პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები ჩვენც გვიძლიერებს რწმენას. უპირველეს ყოვლისა, რწმენის განმამტკიცებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ერთგულება. მაგრამ იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებელი როდია; მას გულწრფელად აღელვებს თითოეული მსახურის კეთილდღეობა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). მაშასადამე, იოტისოდენა ეჭვიც ნუ შეგვეპარება იმაში, რომ რასაც იეჰოვასთვის „სუფთა გულით“ ვაკეთებთ, არასდროსაა ფუჭი (1 ტიმ. 1:5; 1 კორ. 15:58).

14. როგორ თაყვანისცემას არ იწყნარებს ღმერთი?

14 ჩვენთვის საყურადღებოა ისიც, რომ იეჰოვა არ იწყნარებს მოჩვენებით თაყვანისცემას. რაკიღა „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას“, მას შესწევს უნარი, შეამჩნიოს ის, „ვინც მთელი გულით [არ] არის მასთან“. იგავების 3:32-ში ვკითხულობთ, რომ „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი“, რომელიც გარეგნულად ღვთისმოსავია, მაგრამ ფარულად სცოდავს. მართალია, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა სხვებს დროებით აუბას თვალი, მაგრამ ყოვლადძლიერი და სამართლიანი ღმერთი გვარწმუნებს, რომ „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება“ (იგავ. 28:13; წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:24; ებრაელების 4:13).

15. როგორ სულს უნდა ვერიდოთ და რატომ?

15 იეჰოვას ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა წრფელი გულით ემსახურება შემოქმედს. ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ კრებაში ვინმე თვალთმაქცურად ემსახურებოდეს ღმერთს. მაგრამ, თუ განდგომილებამ მოსეს დღეებშიც იჩინა თავი და პირველ საუკუნეშიც, სავსებით დასაშვებია, რომ მსგავსი რამ ჩვენს დროშიც მოხდეს (2 ტიმ. 3:1, 5). ნიშნავს ეს იმას, რომ თანაქრისტიანებს ეჭვის თვალით დავუწყოთ ყურება და მათი იეჰოვასადმი ერთგულება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ? რასაკვირველია, არა! ღვთის თვალში ვერაფერი გაგვამართლებს, თუ უსაფუძვლო ეჭვების გამო ბრალს დავდებთ თანაქრისტიანებს (წაიკითხეთ რომაელების 14:10—12; 1 კორინთელების 13:7). უფრო მეტიც, თუ გამუდმებით უნდობლობას ვუცხადებთ და-ძმებს, ამით ჩვენსავე სულიერობას შევუქმნით საფრთხეს.

16. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს გულში თვალთმაქცობამ არ გაიდგას ფესვი? ბ) რის სწავლა შეგვიძლია ჩარჩოდან „ ყოველთვის შეამოწმეთ და გამოსცადეთ საკუთარი თავი“?

16 ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს“ (გალ. 6:4). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ცოდვილი ბუნების გამო იმის საფრთხე ყოველთვის არსებობს, რომ ჩვენმა მსახურებამ მოჩვენებითი ხასიათი შეიძინოს (ებრ. 3:12, 13). ასე რომ, დროდადრო უპრიანი იქნება, თუ გადავამოწმებთ ჩვენს მოტივებს — რატომ ვემსახურებით ღმერთს. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: სიყვარულით ვემსახურები მას და ვაღიარებ მის უზენაესობას? თუ უფრო მეტად იმ კურთხევების გამო ვემსახურები, რომელსაც სამოთხედქცეულ დედამიწაზე მპირდება? (გამოცხ. 4:11). თუ თითოეულ საქციელს ჩავუკვირდებით და ჩვენში ყოველივე თვალთმაქცურს ძირფესვიანად მოვაშთობთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეს ჩვენივე კეთილდღეობას მოემსახურება.

 ერთგულება ბედნიერებით გვირგვინდება

17, 18. რატომ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას წრფელი გულით?

17 როცა ღმერთს წრფელად და მთელი გულით ვემსახურებით, უამრავ კურთხევას ვიმკით. ერთ-ერთ ფსალმუნში ვკითხულობთ: „ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც სიცრუე არ არის“ (ფსალმ. 32:2). ნამდვილად, ვინც თვალთმაქცობისგან შორსაა, დღესაც ბედნიერია და მომავალშიც სრულყოფილი ბედნიერებით დატკბება.

18 იეჰოვა თავის დროზე ამხელს მათ, ვინც ბოროტებას სჩადის და ორმაგ ცხოვრებას ეწევა; მაშინ ყველა მკაფიოდ დავინახავთ „განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). ამჟამად კი ძალიან გვაიმედებს და გვანუგეშებს ის, რომ „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ“ (1 პეტ. 3:12).

^ აბზ. 8 გამოცხადების წიგნში, რომელიც ტიმოთესთვის წერილების მიწერიდან ათეულობით წლის მერე დაიწერა, 21-ე თავის მე-14 მუხლში მოხსენიებულია „საძირკვლის 12 ქვა“, რომელზეც 12 მოციქულის სახელია ამოტვიფრული.

^ აბზ. 12 შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, თუ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და განვუდგეთ უმართლობას.