არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამართლიანი იყო ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი?

სამართლიანი იყო ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი?

რამდენიმე წლის წინ დასავლეთის ერთ ქვეყანაში სასამართლომ ცრუ ჩვენების საფუძველზე სიკვდილი მიუსაჯა მკვლელობაში ეჭვმიტანილ ორ მამაკაცს. როდესაც სიმართლე გაირკვა, ადვოკატები ყველაფერს აკეთებდნენ ერთი მათგანის გასათავისუფლებლად. მაგრამ მეორე ბრალდებულის საშველად საუკეთესო ადვოკატებიც კი ვეღარაფერს გახდებოდნენ — სასიკვდილო განაჩენი მასზე უკვე აღსრულებული იყო.

ვინაიდან ასეთი უსამართლობა ყოველთვის შეიძლება მოხდეს სასამართლო სისტემაში, ბიბლია მოგვიწოდებს: „სამართალს, სამართალს მიჰყევი“ (კანონი 16:20). როდესაც მოსამართლეები სამართალს იცავენ, ხალხიც კმაყოფილია. ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, მსაჯულებს მიუკერძოებლობა და სამართლიანობა უნდა გამოევლინათ. მოდით, ვიმსჯელოთ ღვთის კანონზე და ვნახოთ, არის თუ არა „სამართლიანი მისი [ღვთის] ყოველი გზა“ (კანონი 32:4).

„ბრძენი, გონიერი და გამოცდილი“ მსაჯულები

მოსამართლეების კომპეტენტურობა, სამართლიანობა და არაკორუმპირებულობა ხალხზე სასიკეთოდ მოქმედებს. ღვთის კანონში ამას დიდი ყურადღება ექცეოდა. ჯერ კიდევ უდაბნოში ყოფნის დროს მოსეს ურჩიეს, ამოერჩია „უნარიანი, ღვთისმოშიში, სანდო და უკანონო შემოსავლის მოძულე კაცები“, რომლებიც მსაჯულებად იმსახურებდნენ (გამოსვლა 18:21, 22). ორმოცი წლის შემდეგ მოსემ კვლავ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ხალხის განსასჯელად საჭირონი იყვნენ „ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები“ (კანონი 1:13—17).

საუკუნეების შემდეგ იუდას მეფე იეჰოშაფატმა * მსაჯულებს უბრძანა: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს, რადგან ადამიანისთვის კი არ ასამართლებთ, არამედ იეჰოვასთვის; ის თქვენთან არის, როცა ასამართლებთ. იეჰოვას შიშმა მოგიცვათ! ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, მიკერძოება და მექრთამეობა“ (2 მატიანე 19:6, 7). ასეთი სახით, მეფემ მსაჯულებს შეახსენა, რომ თუ გადაწყვეტილებების მიღებისას მიკერძოებას გამოავლენდნენ ან ქრთამს აიღებდნენ, ღმერთი მათ პასუხს აგებინებდა.

როდესაც ისრაელი მსაჯულები მიჰყვებოდნენ ამ მაღალზნეობრივ ნორმებს, ერი დაცული იყო და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ღვთის კანონი ასევე მოიცავდა მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც ეხმარებოდა მოსამართლეებს, საკმაოდ რთულ სიტუაციებშიც კი სამართლიანი გადაწყვეტილებები მიეღოთ. რომელი იყო ზოგი ეს პრინციპი?

სამართლიან გადაწყვეტილებამდე მიმყვანი პრინციპები

მართალია, არჩეული მსაჯულები ბრძენები და უნარიანები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იეჰოვამ სამართლის გაჩენა მხოლოდ მათ უნარსა და ნიჭს არ მიანდო. ღმერთმა მათ მისცა პრინციპები ანუ მითითებები, რომელთა საფუძველზეც ისინი შეძლებდნენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა მიმოვიხილოთ მსაჯულებისთვის მიცემული რამდენიმე ასეთი მითითება.

საგულდაგულო გამოძიება. მოსეს მეშვეობით ღმერთმა ისრაელ მსაჯულებს მიუთითა: „როცა საქმეს განიხილავთ თქვენს ძმებს შორის, სიმართლით განსაჯეთ  ნებისმიერი საქმე“ (კანონი 1:16). მსაჯულები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ სამართლიანი განაჩენის გამოტანას, თუ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტი ექნებოდათ შესწავლილი. ამიტომ უბრძანა ღმერთმა სამართლის აღმსრულებლებს: „უნდა გამოიძიოთ, გამოიკვლიოთ და საგულდაგულოდ გამოიკითხოთ“. მსაჯულები ჯერ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა და შემდეგ დაეწყოთ საქმის განხილვა (კანონი 13:14; 17:4).

მოწმეების ჩვენება. მოწმეების ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის. ღვთის კანონში ასეთი მოთხოვნა იყო მოცემული: „როცა კაცი დანაშაულს ან ცოდვას ჩაიდენს, მის წინააღმდეგ ერთი მოწმე არ უნდა გამოვიდეს; ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე“ (კანონი 19:15). რაც შეეხება მოწმეებს, მათ ღვთის კანონი აფრთხილებდა: „არ გაავრცელო ცრუ ამბავი. მხარი არ დაუჭირო ბოროტს და არ დაუდგე მოწმედ ძალადობის განმზრახველს“ (გამოსვლა 23:1).

მოწმეებისგან სიმართლის თქმა მოითხოვებოდა. ცრუ მოწმეობისთვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრი გაფრთხილება იყო ყველასთვის: „მსაჯულებმა გულდასმით გამოიკვლიონ საქმე და თუ ის ცრუმოწმე აღმოჩნდება, ცრუდ სდებს ბრალს თავის ძმას, თქვენც ის გაუკეთეთ, რაც მან განიზრახა თავისი ძმისთვის; ამოძირკვე შენგან ბოროტება“ (კანონი 19:18, 19). ასე რომ, თუ ვინმე ტყუილს იტყოდა სასამართლოზე და უდანაშაულო კაცს ქონებას დააკარგვინებდა, მას უნდა აენაზღაურებინა ზარალი. თუ მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე მოკლავდნენ უდანაშაულო ადამიანს, მას სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ეზღო. ეს პრინციპები ძლიერი მოტივაცია იყო მოწმეებისთვის, რომ სიმართლე ელაპარაკათ.

მოსამართლეების მიუკერძოებლობა. მას შემდეგ რაც, მსაჯულები ყველა მტკიცებულებას მოიპოვებდნენ, განაჩენის გამოსატანად საქმეს გულდასმით განიხილავდნენ. ამ დროს მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ღვთის კანონიდან:  „არ გამოიჩინო მიკერძოება, არ არჩიო მდიდარი ღარიბს. სიმართლით გაასამართლე შენი მოძმე“ (ლევიანები 19:15). ნებისმიერ შემთხვევაში, მსაჯულებს სიმართლით უნდა გაესამართლებინათ და არა გარეგნობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით.

მართალია, ღმერთმა ეს მითითებები საუკუნეების წინ მისცა ისრაელ ერს, მაგრამ ისინი დღესაც გამოსადეგია მოსამართლეებისთვის. ამ პრინციპების გათვალისწინებით მოსამართლეები თავს აარიდებენ კანონდარღვევებს და სასამართლო შეცდომებს.

ღვთის პრინციპების გათვალისწინებით მოსამართლეები თავს აარიდებენ სასამართლო შეცდომებს

სამართლიან წესებს ხალხისთვის სიკეთე მოჰქონდა

ერთხელ ისრაელ ერს მოსემ ასეთი კითხვით მიმართა: „რომელ დიდ ერსა აქვს იმ კანონების მსგავსი სამართლიანი წესები და სამართალი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს?“ (კანონი 4:8). მართლაც, არც ერთ ერს არ ჰქონია ისეთი წესები, რომელთაც ხალხისთვის სიკეთე მოჰქონდა. მეფე სოლომონის მეფობის დროს, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ფიქრობდა იეჰოვას კანონების შესრულებაზე, ხალხი „უსაფრთხოდ ცხოვრობდა“. ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ“, ტკბებოდნენ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრებით (1 მეფეები 4:20, 25).

სამწუხაროდ, ისრაელმა ერმა დროთა განმავლობაში უგულებელყო ღვთის კანონები. წინასწარმეტყველ იერემიას პირით ღმერთმა მათ განუცხადა: „აი, ისინი იეჰოვას სიტყვას უარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?!“ (იერემია 8:9). ამის შედეგი კი ის იყო, რომ იერუსალიმი გახდა „სისხლისმღვრელი ქალაქი“, სადაც ყოველგვარი სისაძაგლე ხდებოდა. საბოლოოდ იერუსალიმი განადგურდა და 70 წლის განმავლობაში გაუკაცრიელებული იყო (ეზეკიელი 22:2; იერემია 25:11).

წინასწარმეტყველ ესაიას ისრაელის ისტორიაში რთულ დროს მოუწია ცხოვრება. წარსულზე ფიქრი აღძრავდა მას გაეცხადებინა სიმართლე იეჰოვასა და მისი კანონების შესახებ: „სიმართლეს ისწავლიან მიწის მკვიდრნი, როცა გაასამართლებ დედამიწას“ (ესაია 26:9).

ესაიამ ღვთივშთაგონებით იწინასწარმეტყველა მესიანური მეფის, იესო ქრისტეს მმართველობის შესახებ: „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:3, 4). მართლაც, რა შესანიშნავი მომავალი ელით ამ სამეფოს ქვეშევრდომთ! (მათე 6:10).

^ აბზ. 6 სახელი იეჰოშაფატი ნიშნავს „იეჰოვა არის მოსამართლე“.