არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუბრები ბიბლიურ თემებზე

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? (ნაწილი 2)

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? (ნაწილი 2)

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად პაატა, კვლავ ესტუმრა მამაკაცს, სახელად გოგას.

ნაბუქოდონოსორის სიზმარი

პაატა: გამარჯობა გოგა. როგორ ხართ?

გოგა: გმადლობთ, კარგად.

პაატა: მიხარია, რომ ყოველკვირა ვხვდებით ერთმანეთს და ბიბლიურ თემებს განვიხილავთ. * წინა კვირას იმაზე ვისაუბრეთ, თუ რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები, რომ ღვთის სამეფომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო. * როგორც წინა შეხვედრის დროს აღვნიშნეთ, დანიელის წიგნის მე-4 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში მოცემულია ამის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. გახსოვთ, რა ეწერა იქ?

გოგა: მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმარი დიდ ხეზე, არა?

პაატა: ნამდვილად. სიზმარში ნაბუქოდონოსორმა იხილა უზარმაზარი ხე, რომელიც ცას სწვდებოდა. მან გაიგონა, როგორ ბრძანა ღმერთმა მოეჭრათ ხე, მაგრამ მისი მთავარი ფესვი მიწაში დაეტოვებინათ. „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ ხე კვლავ გაიზრდებოდა. * ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ამ წინასწარმეტყველებას ორი შესრულება აქვს. გახსოვთ, რა იყო პირველი?

გოგა: ის თავად ნაბუქოდონოსორზე შესრულდა არა, რომელიც ჭკუიდან გადავიდა?

პაატა: ზუსტად. ამის გამო, მას დროებით აღარ შეეძლო ქვეყნის მართვა. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით ეს წინასწარმეტყველება მაშინ უნდა შესრულებულიყო, როცა ღვთის მმართველობა შეწყდებოდა „შვიდი დროის“ განმავლობაში. როგორც დავინახეთ, ამ დროის ათვლა დაიწყო ძვ. წ. 607 წლიდან, როდესაც იერუსალიმი განადგურდა. მას შემდეგ დედამიწაზე აღარ ყოფილა იეჰოვას წარმომადგენელი მეფე, რომელიც მის ხალხს უხელმძღვანელებდა. მაგრამ „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ ღმერთი ტახტზე დასვამდა ახალ მმართველს, ამჯერად უკვე ზეცაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ ზეცაში ღვთის სამეფოს მმართველობა დაიწყებოდა. ჩვენ იმაზეც ვიმსჯელეთ, თუ როდის დაიწყო „შვიდი დროის“ ათვლა. ასე რომ, თუ გამოვიკვლევთ, რამდენ ხანს გაგრძელდა ის, იმასაც გავიგებთ, როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა.

გოგა: ჰო, ეს ყველაფერი მახსოვს.

პაატა: ძალიან კარგი; მაშ მოდი, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და გამოვიკვლიოთ „შვიდი დროის“ ხანგრძლივობა. ამ თემას კიდევ ერთხელ გადავხედე და მთავარი აზრები შევიხსენე. შევეცდები, რაც შეიძლება გასაგებად აგიხსნათ.

გოგა: გისმენთ.

„შვიდი დრო“ სრულდება — ბოლო დღეები იწყება

პაატა: პირველად, როდესაც ეს წინასწარმეტყველება ნაბუქოდონოსორზე შესრულდა, „შვიდი დრო“ პირდაპირი გაგებით შვიდ წელს მოიცავდა. მაგრამ ფართო მასშტაბით, როდესაც ის უკვე ღვთის სამეფოს ეხება, „შვიდი დრო“ შვიდ წელზე მეტი ხანგრძლივობის უნდა ყოფილიყო.

გოგა: საიდან ასკვნით ამას?

პაატა: უპირველესად იქიდან, რომ „შვიდი დროის“ ათვლა დაიწყო ძვ. წ. 607 წლიდან, როდესაც იერუსალიმი განადგურდა. თუ ამ წლიდან შვიდ წელს გადავითვლით, ძვ. წ. 600 წელთან მივალთ. მაგრამ ღვთის მმართველობასთან დაკავშირებით ამ წელს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გარდა ამისა, როგორც წინა შეხვედრაზე ვთქვით, დედამიწაზე ყოფნისას იესომ მიანიშნა, რომ „შვიდი დრო“ ჯერ არ იყო დასრულებული.

გოგა: ააა, გამახსენდა.

პაატა: მაშასადამე, „შვიდი დრო“ დროის უფრო დიდ პერიოდს უნდა მოიცავდეს.

გოგა: მაინც რამდენს?

პაატა: ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“, რომელიც მჭიდრო კავშირშია წიგნ „დანიელთან“, გვეხმარება, ზუსტად განვსაზღვროთ „შვიდი დროის“ ხანგრძლივობა. იქ მოხსენიებულია სამ-ნახევარი დრო, რომელიც მოიცავს 1 260 დღეს. * ამგვარად, „შვიდი დრო“, ანუ ორჯერ სამ-ნახევარი დრო, 2 520 დღეს უნდა შეადგენდეს. ხვდებით ხომ?

გოგა: მაგას კი ვხვდები, მაგრამ ეს რა კავშირშია 1914 წელთან?

პაატა: მოდი შევეცადოთ, ეს ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშიროთ. ზოგჯერ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ერთი დღე ერთ წელს ნიშნავს. * თუ თითო დღეზე თითო წელს ავიღებთ, შვიდი დრო 2 520 წელი გამოდის. თუ ძვ. წ. 607 წლიდან 2 520 წელს გადავითვლით, 1914 წელთან მივალთ. * აი, ამგვარი გამოთვლით მივდივართ 1914 წელთან ანუ იმ თარიღთან, როცა „შვიდი დრო“ დასრულდა და იესომ, როგორც ღვთის სამეფოს მეფემ, მმართველობა დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 1914 წელს მსოფლიოში ისეთი მოვლენები განვითარდა, რომლებიც ბიბლიაში ბოლო დღეებთან არის დაკავშირებული.

გოგა: რა მოვლენებს გულისხმობთ?

პაატა: ვნახოთ, რა მოვლენები მოჰყვებოდა იესოს გამეფებას. წავიკითხოთ მათეს 24:7. „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. მიაქციეთ ყურადღება, რომ იესომ საკვების უკმარისობა და მიწისძვრები იწინასწარმეტყველა. მე-20 საუკუნე მართლაც გამოირჩეოდა ასეთი მოვლენების სიხშირით. ხომ ასეა?

გოგა: კი, ნამდვილად.

პაატა: ამ მუხლში, იესომ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მის გამეფებას დედამიწაზე ომები მოჰყვებოდა. წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველებია არა მარტო ის, რომ ადგილ-ადგილ იქნებოდა ომები, არამედ ისიც, რომ ეს ომები მთელ მსოფლიოზე მოახდენდა გავლენას ბოლო დღეების განმავლობაში. * გახსოვთ, როდის დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?

გოგა: 1914 წელს, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ, როცა იესო გამეფდა. ამისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია.

პაატა: როცა „შვიდ დროსთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებას ბოლო დღეებთან დაკავშირებულ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ვუკავშირებთ, აზრის გამოტანაც შესაძლებელი ხდება. იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულნი არიან, რომ იესო 1914 წელს გამეფდა და ბოლო დღეების ათვლაც აქედან დაიწყო. *

გოგა: ვცდილობ, ბოლომდე ჩავწვდე ამ ყველაფერს.

პაატა: ეგ ნორმალურია. როგორც გითხარით, მეც დრო დამჭირდა, რომ ყველაფერი კარგად გამეგო. მართალია, 1914 წელი ბიბლიაში ნახსენები არ არის, მაგრამ, ვიმედოვნებ, ჩვენმა საუბარმა იმაში მაინც დაგარწმუნათ, რომ იეჰოვას მოწმეები ამ წელთან დაკავშირებით თავიანთ სწავლებას ნამდვილად ბიბლიაზე აფუძნებენ.

გოგა: თქვენში ამას ყოველთვის ვაფასებდი. რასაც არ უნდა ამბობდეთ, ყველაფერს ბიბლიით ამტკიცებთ და არა პირადი მოსაზრებებით. თუმცა მაინც იმაზე ვფიქრობ, რატომ არის ეს ასე ჩახლართული. ხომ შეეძლო ღმერთს ბიბლიაში პირდაპირ ჩაეწერა, რომ იესო ზეცაში 1914 წელს გამეფდებოდა?

პაატა: კარგი კითხვაა. სინამდვილეში, ბიბლიაში ბევრი რამ პირდაპირ არ წერია. მართლა საინტერესოა, რატომ სჭირდება ბიბლიის გაგებას ამხელა ძალისხმევა. რას იტყვით, ამაზე შემდეგ შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ?

გოგა: დიდი სიამოვნებით.

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 7 ბიბლიის უფასო შესწავლის მეშვეობით იეჰოვას მოწმეები ხშირად მობინადრეებთან ბიბლიურ თემებს თემატურად განიხილავენ.

^ აბზ. 7 იხილეთ ამავე ჟურნალის 2014 წლის 1 ოქტომბრის გამოცემა, რუბრიკა „საუბრები ბიბლიურ თემებზე“, სტატია „როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“, ნაწილი 1.

^ აბზ. 22 იხილეთ გამოცხადება 12:6, 14; სქოლიო.

^ აბზ. 24 იხილეთ დიაგრამა, „ნაბუქოდონოსორის სიზმარი ხეზე“.

^ აბზ. 30 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-9, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.