არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?

რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?

„აღდგა“ (მათ. 28:6).

1, 2. ა) რა აინტერესებდათ რელიგიურ წინამძღოლებს და რა პასუხი გასცა მათ პეტრემ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რამ შესძინა პეტრეს ასეთი გაბედულება?

მოციქულ პეტრეს იესოს სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ განრისხებული და მტრულად განწყობილი გავლენიანი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დაუპირისპირდნენ, რომელთაც იესოს სისხლში ჰქონდათ ხელი გასვრილი. ისინი პეტრესგან ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ, ვინაიდან მან განკურნა კაცი, რომელიც დედის მუცლიდან წელს ქვემოთ იყო მოწყვეტილი; მათ აინტერესებდათ, თუ რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთა ეს. მოციქულმა გაბედულად მიუგო: „ეს მოხდა ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, მაგრამ რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. მისი მეშვეობით დგას ეს კაცი საღ-სალამათი თქვენ წინაშე“ (საქ. 4:5—10).

2 არც ისე დიდი ხნის წინ პეტრემ იესო სამჯერ უარყო (მარ. 14:66—72). საინტერესოა, ახლა რამ შესძინა მას ასეთი გაბედულება? ამაში ლომის წილი წმინდა სულს მიუძღოდა; თუმცა ერთიცაა, პეტრეს მტკიცედ სწამდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. ბუნებრივია, იბადება კითხვები: რა არწმუნებდა მოციქულს, რომ იესო ცოცხალი იყო? და, რატომ უნდა გვწამდეს ჩვენც ამის მტკიცედ?

3, 4. ა) მკვდრეთით აღდგომის რომელი პრეცედენტები არსებობდა დედამიწაზე ჯერ კიდევ იესოს მოციქულების დაბადებამდე? ბ) ვინ აღადგინა მკვდრეთით იესომ?

3 იესოს მოციქულებისთვის მკვდრეთით აღდგომა სრულიად ახალი და უჩვეულო რამ არ ყოფილა. მათ სმენოდათ, რომ ამის პრეცედენტები დედამიწაზე მათ დაბადებამდეც არსებობდა. მაგალითად, მოციქულებმა იცოდნენ, რომ ღვთის ძალით წინასწარმეტყველებმა ელიამ და ელისემ ადამიანები მკვდრეთით აღადგინეს (1 მეფ. 17:17—24; 2 მეფ. 4:32—37). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთხელ მკვდარი მაშინაც კი გაცოცხლდა, როცა მისი ცხედარი ელისეს სამარხში ჩააგდეს და იგი მის ძვლებს შეეხო (2 მეფ. 13:20, 21). პირველი საუკუნის ქრისტიანებს ისევე სწამდათ წმინდა წერილებში ჩაწერილი შემთხვევების, როგორც ჩვენ დღეს გვწამს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

4 ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ დავუტოვებივართ გულგრილი ბიბლიაში ჩაწერილ იმ შემთხვევებს, როცა იესომ მკვდრები აღადგინა. მაგალითად, წარმოგიდგენიათ, რარიგ გაიხარებდა ქვრივი დედა, რომელსაც იესომ ერთადერთი ვაჟი აღუდგინა? (ლუკ. 7:11—15). ან რამხელა სიხარულს იგრძნობდნენ გულმოკლული მშობლები, როცა იესომ მათ 12 წლის გოგონა გაუცოცხლა? (ლუკ. 8:49—56). ანდა, რა რეაქცია ექნებოდათ ლაზარეს სამარხთან თავმოყრილ ხალხს, როდესაც ისინი მკვდრეთით აღმდგარ და სრულიად ჯანმრთელ ლაზარეს იხილავდნენ? (იოან. 11:38—44).

რით იყო გამორჩეული იესოს მკვდრეთით აღდგომა?

5. რა მხრივ განსხვავდებოდა იესოს მკვდრეთით აღდგომა მანამდე არსებული პრეცედენტებისგან?

5 მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა განსხვავდებოდა მანამდე არსებული პრეცედენტებისგან. ვინც იესომდე აღდგნენ მკვდრეთით, მათ ფიზიკურ სხეულში განაგრძეს ცხოვრება და ისევ დაიხოცნენ. რაც შეეხება იესოს, ის სულიერ, უხრწნელ სხეულში აღდგა (წაიკითხეთ საქმეების 13:34). პეტრემ ქრისტეს შესახებ დაწერა, რომ „იგი მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“. უფრო მეტიც, „ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“ (1 პეტ. 3:18—22). მართალია, იესომდე მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები გასაოცარი და სასწაულებრივია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება თავად იესოს მკვდრეთით აღდგომას.

6. რა გავლენა იქონია იესოს მკვდრეთით აღდგომამ მის მოწაფეებზე?

6 იესოს მკვდრეთით აღდგომამ მის მოწაფეებზე უდიდესი გავლენა იქონია. ის კვლავ ცოცხალი იყო, რაც მისი მტრებისთვის წარმოუდგენელი იყო. ახლა იგი უკვე ძლევამოსილი სულიერი ქმნილება იყო, რომელსაც მოკვდავი კაცი ვერას დააკლებდა. იესოს მკვდრეთით აღდგომამ გამოააშკარავა, რომ ის ნამდვილად ღვთის ძე იყო; შედეგად მოწაფეების მწუხარება სიხარულმა შეცვალა, ხოლო შიში — გაბედულებამ. იესო რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო, იეჰოვას განზრახვა ვერ შესრულდებოდა და სასიხარულო ცნობა, რომელსაც მოწაფეები ყველგან გაბედულად ქადაგებდნენ, ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა.

7. რას აკეთებს იესო დღეს და რა კითხვები წამოიჭრება?

7 დღეს იეჰოვას მსახურებს, ერთი რამ კარგად გვესმის: იესო უბრალოდ დიდებული ადამიანი არ ყოფილა. დღეს იგი ცოცხალია და სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობს. ღვთის ზეციური სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, ძალიან მალე ბოროტებას ძირფესვიანად აღმოფხვრის და დედამიწას უმშვენიერეს სამოთხის ბაღად გადააქცევს, სადაც ადამიანები მარადიულად დატკბებიან ბედნიერი ცხოვრებით (ლუკ. 23:43). ეს ყველაფერი ფუჭი ოცნება იქნებოდა, იესო რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო. მაგრამ ისმის კითხვები: რის საფუძველზე გვწამს, რომ იგი მკვდრეთით აღდგა? და, რას ნიშნავს ჩვენთვის იესოს მკვდრეთით აღდგომა?

იეჰოვა სიკვდილზე იმარჯვებს

8, 9. ა) რატომ სთხოვეს იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა პილატეს იესოს სამარხის დაცვა? ბ) რა მოხდა, როდესაც ქალები სამარხთან მივიდნენ?

8 მას შემდეგ, რაც იესო ძელზე გააკრეს, უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან მივიდნენ და უთხრეს: «„ბატონო, გაგვახსენდა, იმ თვითმარქვიამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა, სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“» (მათ. 27:62—66).

9 იესო კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს, რომელიც ლოდით იყო დაბეჭდილი. რელიგიურ წინამძღოლებს სურდათ, რომ იესო სწორედ ამ სამარხში, უმოქმედო მდგომარეობაში, სამუდამოდ დარჩენილიყო. მაგრამ იეჰოვას სხვა მიზანი ჰქონდა. მესამე დღეს, როდესაც მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი სამარხთან მივიდნენ, დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებული იყო და მასზე ანგელოზი იჯდა. ანგელოზმა ქალებს უთხრა, შიგნით შესულიყვნენ და ენახათ, რომ სამარხი ცარიელი იყო. „ის აქ არ არის, აღდგა“, — უთხრა მათ ანგელოზმა (მათ. 28:1—6). იესო გაცოცხლებულიყო!

10. რა მტკიცებულებები მოიყვანა პავლემ იმის დასტურად, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა?

10 იესოს აღდგომიდან 40 დღის მანძილზე განვითარებული მოვლენები ნამდვილად გვარწმუნებს, რომ იგი მკვდრეთით აღდგა. პავლე მოციქულმა კორინთელ ქრისტიანებს მისწერა: „უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად და დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად და ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია, ზოგმა კი სიკვდილის ძილით დაიძინა. შემდეგ იაკობს ეჩვენა, მერე — ყველა მოციქულს. ყველაზე ბოლოს კი, როგორც უდღეურს, მეც მეჩვენა“ (1 კორ. 15:3—8).

რა გვარწმუნებს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა

11. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა „წმინდა წერილების თანახმად“?

11 პირველი: იესო მკვდრეთით აღდგა „წმინდა წერილების თანახმად“. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგებოდა. მაგალითად, დავითმა დაწერა, რომ ღვთის მსახურთა შორის უერთგულესი სამარეში არ დარჩებოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 16:10). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე მოციქულმა ამ ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს დაუკავშირა: „[დავითმა] წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა“ (საქ. 2:23—27, 31).

12. ვინ იხილა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე?

12 მეორე: იესოს მკვდრეთით აღდგომაზე უამრავი თვითმხილველი მოწმობს. მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო თავის მოწაფეებს ეცხადებოდა სხვადასხვა ადგილას — ბაღში, სადაც მისი სამარხი იყო, ემაუსის გზაზე თუ სხვაგან (ლუკ. 24:13—15). ამ დროს იგი ესაუბრებოდა როგორც ცალკეულ ადამიანებს, როგორც ეს პეტრეს შემთხვევაში მოხდა, ისე შეჯგუფებულ ხალხს. აღსანიშნავია, რომ ქრისტე ერთხელ 500-ზე მეტ ადამიანსაც ეჩვენა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნამდვილად შეუძლებელია, უგულებელყო ფაქტი, რომელსაც ამდენი თვითმხილველი ჰყავდა!

13. როგორ ადასტურებს მოწაფეების გულმოდგინება, რომ მათ ეჭვი არ ეპარებოდათ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში?

13 მესამე: იესოს მკვდრეთით აღდგომაზე მისი მოწაფეები გულმოდგინედ ამოწმებდნენ. მოწაფეებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ გულმოდგინე დამოწმების გამო დევნიდნენ, ტანჯავდნენ და სიცოცხლეს უსწრაფებდნენ. თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და ეს წმინდა წყლის სიცრუე იყო, მაშ, რატომ იგდებდა თავს საფრთხეში პეტრე მოციქული და რატომ უქადაგებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ქრისტეს მოძულე და მისი სიკვდილის მუხანათურად დამგეგმავ რელიგიურ წინამძღოლებს?! ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ პეტრესა და სხვა მოწაფეებს მისხალი ეჭვიც კი არ ეპარებოდათ, რომ ქრისტე ცოცხალი იყო და ხელმძღვანელობდა საქმეს, რომლის შესრულებაც თავად ღმერთს ეწადა. ამასთანავე, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მოწაფეებს აიმედებდა, რომ სიკვდილის შემდეგ თავადაც მკვდრეთით აღდგებოდნენ. მაგალითად, სიკვდილის პირას მყოფ სტეფანეს ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (საქ. 7:55—60).

14. კიდევ რა გარწმუნებთ, რომ ქრისტე ცოცხალია?

14 მეოთხე: იესოს მკვდრეთით აღდგომაზე ისიც მოწმობს, რომ დღეს იგი სამეფოს მეფე და ქრისტიანული კრების თავია. სწორედ ამის შედეგად დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყვავის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნებოდა ეს, ქრისტე რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით? ეს რომ ასე არ მომხდარიყო, შესაძლოა იესოს შესახებ არც არასოდეს გაგვეგო. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცე საფუძველი, გვწამდეს, რომ იესო ცოცხალია და ხელმძღვანელობს სასიხარულო ცნობის გაცხადებას მთელი დედამიწის ზურგზე.

რას ნიშნავს ჩვენთვის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა

15. რატომ გვძენს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ?

15 ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა გვძენს გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ. ღვთის მტრებმა 2 000 წლის განმავლობაში სასიხარულო ცნობის წინააღმდეგ რა იარაღს აღარ მიმართეს — განდგომილთა სწავლებებს, დაცინვას, თავდასხმას, აკრძალვას, წამებასა თუ სიკვდილით დასჯას. თუმცა ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებულმა ვერც ერთმა იარაღმა ვერ შეაჩერა სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე (ეს. 54:17). ჩვენ არ ვუშინდებით სატანის დამქაშებს, რადგან ქრისტე დაპირებისამებრ ჩვენთანაა და მხარს გვიჭერს (მათ. 28:20). ამგვარად, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, რომ უშიშარნი ვიყოთ; ერთი რამ კარგად ვიცით: როგორც არ უნდა შეეცადოს მტერი, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენს შეჩერებას!

იესოს მკვდრეთით აღდგომა გვძენს გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ (იხილეთ მე-15 აბზაცი)

16, 17. ა) როგორ გახდა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით მისი სწავლებები კიდევ უფრო სარწმუნო? ბ) რა ძალაუფლება უბოძა იეჰოვამ იესოს იოანეს 11:25-ის თანახმად?

16 იესოს მკვდრეთით აღდგომის შედეგად მისი სწავლებები კიდევ უფრო სარწმუნო გახდა. პავლემ დაწერა, რომ თუ ქრისტე მკვდარი იყო, გამოდიოდა, რომ ქრისტიანთა რწმენა და ქადაგება ფუჭი იყო. ბიბლიის ერთმა მკვლევარმა ასეთი რამ დაწერა: „თუ ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით . . . გამოდის, რომ ქრისტიანები მწარედ იტყუებენ თავს“. მართლაც, ქრისტე რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო, სახარებებში ჩაწერილი ამბავი მხოლოდ სევდიანი ისტორია იქნებოდა ერთი ალალ-მართალი და ბრძენი კაცისა, რომელიც მისმა მტრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ამგვარად დაამტკიცა, რომ მისი ყველა სწავლება, მათ შორის მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება, ჭეშმარიტება იყო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:14, 15, 20).

17 იესო ქრისტემ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოან. 11:25). ეს გასაოცარი განაცხადი უსათუოდ შესრულდება. იეჰოვამ იესო ქრისტეს უბოძა ძალაუფლება, რომ მკვდრეთით აღადგინოს ადამიანები ზეციერი ცხოვრებისთვის; იგი აგრეთვე აღადგენს მილიარდობით ადამიანს, რომლებიც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ. იესოს მსხვერპლი და მისი მკვდრეთით აღდგომა იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სიკვდილი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება. განა არ გეხმარებათ ამის ცოდნა, გაუძლოთ ნებისმიერ გასაჭირს და საჭიროების შემთხვევაში სიკვდილსაც კი მედგრად გაუსწოროთ თვალი?!

18. რაში გვარწმუნებს იესოს მკვდრეთით აღდგომა?

18 იესოს მკვდრეთით აღდგომა გვარწმუნებს, რომ დედამიწის მკვიდრნი იეჰოვას სამართლიანი პრინციპების საფუძველზე გასამართლდებიან. პავლემ ათენში შეკრებილ მამაკაცებსა და ქალებს მიმართა და უთხრა, რომ ღმერთი თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლებს მსოფლიოს „თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქ. 17:31). დიახ, იესო იეჰოვას მიერ დანიშნული მოსამართლეა და შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იგი ადამიანებს სამართლიანად და სიყვარულით გაასამართლებს (წაიკითხეთ ესაიას 11:2—4).

19. რა გავლენას ახდენს ჩვენზე ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის რწმენა?

19 იესოს მკვდრეთით აღდგომის რწმენა აღგვძრავს, რომ შევასრულოთ ღვთის ნება. ქრისტეს საკუთარი სიცოცხლე რომ არ გაეღო მსხვერპლად და მკვდრეთით არ აღმდგარიყო, ჩვენ სამუდამოდ ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში დავრჩებოდით (რომ. 5:12; 6:23). გარდა ამისა, ვიცხოვრებდით დევიზით: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორ. 15:32). მაგრამ ჩვენ ქვეყნიურ სიამეებს არ ვართ აყოლილნი. ჩვენთვის ფასდაუდებელია მკვდრეთით აღდგომის იმედი და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ღვთის პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ.

20. როგორ ამტკიცებს იესოს მკვდრეთით აღდგომა იეჰოვას დიდებულებას?

20 იესოს მკვდრეთით აღდგომა უსიტყვოდ მოწმობს იეჰოვას დიდებულებაზე, ღვთისაზე, რომელიც „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). იეჰოვამ უდიდესი სიბრძნისა და ძალის წყალობით იესო მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში უკვდავება უბოძა. ამგვარად ღმერთმა ცხადყო, რომ აქვს უნარი, ხორცი შეასხას თავის ყველა ჩანაფიქრს, რაშიც შედის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც „შთამომავლის“ მთავარ ნაწილს გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ღვთის უზენაესობის დამტკიცებაში. ამის გამო იესო უნდა მომკვდარიყო და შემდეგ მკვდრეთით აღმდგარიყო (დაბ. 3:15).

21. რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომის იმედი თქვენთვის?

21 მადლიერნი ხართ იეჰოვასი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს აღდგომის ბრწყინვალე იმედი გვიბოძა? საღვთო წერილში ასეთ მანუგეშებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ამ გასაოცარი იმედის შესახებ ერთგულ მოციქულ იოანეს ხილვაში ეუწყა. მან ტახტზე მჯდომის ხმა მოისმინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. ეს გამოცხადება იოანემ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტესგან მიიღო (გამოცხ. 1:1; 21:3—5).