არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინება

ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინება

საჯარო მოხსენებაზე დასასწრები მოსაწვევები ვრცელდებოდა როგორც ტოკიოში, ისე ოსაკაში. ოსაკაში მოსაწვევებს თვითმფრინავებიდან ყრიდნენ

1926 წლის 6 სექტემბერს წარმოშობით იაპონელი პილიგრიმი (მიმომსვლელი ზედამხედველი) ამერიკიდან იაპონიაში ბრუნდება მისიონერული მსახურების შესასრულებლად. მას იქ სიხარულით ელოდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთადერთი გამომწერი, რომელიც კობეში ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ ქალაქში ბიბლიის მკვლევრებმა პირველი კონგრესი 1927 წლის 2 იანვარს ჩაატარეს. კონგრესს 36 ადამიანი დაესწრო, მათგან 8 მოინათლა. დასაწყისი მართლაც მშვენიერი იყო, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეძლებდა ეს პატარა ჯგუფი იაპონიაში მცხოვრებ 60 მილიონ ადამიანამდე მიეტანა ბიბლიური ჭეშმარიტება?

1927 წლის მაისში გაბედულმა ბიბლიის მკვლევრებმა წამოიწყეს სამქადაგებლო კამპანია, რომლითაც ხალხს ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად იწვევდნენ. პირველი მოხსენების მოსასმენად, რომელიც ოსაკაში უნდა გამართულიყო, ძმებმა მთელ ქალაქში ტროტუარებზე სტენდები დადგეს, დიდი სარეკლამო დაფები გააკეთეს და 3 000 მოსაწვევი გამოჩენილ ადამიანებს გაუგზავნეს. გარდა ამისა, მათ 150 000 მოსაწვევი დაარიგეს და ოსაკას წამყვან გაზეთში და მატარებლის 400 000 ბილეთზე რეკლამა განათავსეს. მოხსენების დღეს ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა მთელ ქალაქს და 100 000 მოსაწვევი გადმოყარა. ბიბლიური მოხსენების „მოახლოვდა ღვთის სამეფო“ მოსასმენად, ოსაკა ასაჰის დარბაზი ხალხით გადაიჭედა. იმის გამო, რომ იქ 2 300-ზე მეტი ადამიანი ვერ მოთავსდა, ათასამდე კაცს უკან გაბრუნება მოუწია. მოხსენების შემდეგ 600-ზე მეტი დამსწრე დარბაზში დარჩა პროგრამის შემდეგი ნაწილის — ბიბლიური საკითხების კითხვა-პასუხებით განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მომდევნო თვეებში ბიბლიური მოხსენებები წარმოითქვა კიოტოში და დასავლეთ იაპონიის სხვა ქალაქებში.

1927 წლის ოქტომბერში ბიბლიის მკვლევრებმა ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ ტოკიოში ბიბლიური მოხსენებები წარმოთქმულიყო. მოსაწვევები ამჯერადაც გაუგზავნეს გავლენიან პირებს, მათ შორის: პრემიერ მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და რელიგიურ თუ სამხედრო ლიდერებს. აფიშების, გაზეთებში განთავსებული რეკლამებისა და 710 000 მოსაწვევის გავრცელების შედეგად იაპონიის დედაქალაქში წარმოთქმულ სამ მოხსენებას მთლიანობაში 4 800 ადამიანი დაესწრო.

წიგნების გულმოდგინე დამტარებლები

კაცუო და ჰაგინო მიურები

წიგნების დამტარებლებმა (პიონერები) დიდი წვლილი შეიტანეს სამეფოს შესახებ ცნობის კარდაკარ გავრცელებაში. იაპონიაში ერთ-ერთმა პირველმა წიგნების დამტარებელმა მაცუ იშიმ და მისმა ქმარმა ჯიზომ ქვეყნის სამი მეოთხედი შემოიარეს. ქადაგება საპოროდან დაიწყეს და შორეული ჩრდილოეთის ისეთ ქალაქებში იქადაგეს, როგორიცაა: სენდაი, ტოკიო, იოკოჰამა, ნაგოია, ოსაკა, კიოტო, ოკაიამა და ტოკუსიმა. მაცუ იში და ერთი ხანდაზმული და საკიკო ტანაკა კიმონოებში გამოწყობილები მთავრობის წარმომადგენლებთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ ციხის ბიბლიოთეკებში შეეტანათ 300 ეგზემპლარი წიგნებისა „ღვთის ქნარი“ და „ხსნა“.

ცოლ-ქმარმა, კაცუო და ჰაგინო მიურებმა, მაცუ იშისგან წიგნები აიღო. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტება იპოვეს, 1931 წელს მოინათლნენ და წიგნების დამტარებლებად დაიწყეს მსახურება. ჰარუიჩიმ და ტანე იამადებმა და მათმა ბევრმა ნათესავმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა 1930 წლამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს. იამადებიც წიგნების დამტარებელთა რიგებს შეუერთდნენ; მათმა ქალიშვილმა, იუკიკომ კი ტოკიოს ბეთელში დაიწყო მსახურება.

დიდი და პატარა „იეჰუები“

დიდი „იეჰუ“ ექვს პიონერს იტევდა

იმ დროს ავტომობილები ძალიან ძვირი ღირდა და გზებიც ცუდი იყო. ამიტომ კაზუმი მინოურა და სხვა ახალგაზრდა წიგნების დამტარებლები გადასაადგილებლად ფურგონებს იყენებდნენ, რომელთაც ძრავა არ ჰქონდა. ამ ფურგონებს „იეჰუ“ შეარქვეს ისრაელის მსაჯულ იეჰუს სახელიდან გამომდინარე, რომელიც „გიჟივით აჭენებდა“ ეტლს; იგი მოგვიანებით ისრაელის მეფე გახდა (2 მეფ. 10:15, 16). მათ ჰყავდათ სამი დიდი „იეჰუ“. თითოეულის სიგრძე 2,2 მეტრი იყო, სიგანე და სიმაღლე კი — 1,9 მეტრი. ერთი ასეთი ფურგონი ექვს პიონერს იტევდა. გარდა ამისა, იაპონიის ფილიალმა ძმებს ველოსიპედზე მისაბმელი 11 ორკაციანი, პატარა „იეჰუ“ აუწყო. კიიჩი ივასაკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფურგონების გაკეთებაში, იხსენებს: «თითოეულ „იეჰუს“ კარავი და მანქანის აკუმულატორი მოჰყვებოდა, რომ ძმებს სინათლე ჰქონოდათ». წიგნების დამტარებლებმა ამ ფურგონებით მთა-ბარი გადაიარეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მთელ იაპონიას, კუნძულ ჰოკაიდოდან მოყოლებული კიუსიუმდე, ჭეშმარიტების სინათლე მოეფინა.

პატარა „იეჰუ“ ორკაციანი იყო

იკუმაცუ ოტა იხსენებს: „როცა ქალაქში ჩავდიოდით, მდინარის პირას ან მინდორში დავბანაკდებოდით ხოლმე. თავდაპირველად, ქალაქის გავლენიან პირებს ვხვდებოდით, მაგალითად მერს, შემდეგ კი კარდაკარ მივდიოდით და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას ვთავაზობდით. ერთ ქალაქს რომ შემოვივლიდით, მეორეში გადავდიოდით“.

როდესაც 36-მა ბიბლიის მკვლევარმა კობეში პირველი კონგრესი გამართა, ეს მათთვის „მცირე წამოწყების დღე“ იყო (ზაქ. 4:10). სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, 1932 წელს, წიგნების დამტარებლებმა და მაუწყებლებმა, რომელთა რიცხვიც 103-ს შეადგენდა, გაავრცელეს 14 000-ზე მეტი წიგნი. დღეს, იაპონიის ცენტრალურ ადგილებში საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს ქადაგება და თითქმის 220 000 მაუწყებლის მეშვეობით ამომავალი მზის ქვეყანას ჭეშმარიტების შუქი ეფინება (ჩვენი არქივიდან იაპონიაში).

„იეჰუს“ ნახაზები, რომლებიც იაპონიის ბეთელში კიიჩი ივასაკიმ გააკეთა