არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით იესოსავით გაბედული და გამჭრიახი

იყავით იესოსავით გაბედული და გამჭრიახი

„თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8).

1, 2. ა) რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ხსნას? ბ) რა დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე?

ჩვენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას მაშინ დავადექით, როცა იესოს მოწაფეები გავხდით. გზის დასასრულ, ჯილდო გველის: ვის დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება, ვის კი — ზეცად. იესომ თქვა: „ბოლომდე [სიკვდილამდე ან ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე] მომთმენი . . . გადარჩება“ (მათ. 24:13). ნამდვილად, თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ და სიცოცხლის გზაზე დავრჩებით, ეს საბოლოოდ, ჩვენს ხსნას მოემსახურება. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რომ არაფერმა აგვირიოს თავგზა და არ ჩამოგვაშოროს სიცოცხლის გზას (1 იოან. 2:15—17). რა დაგვეხმარება, რომ განუხრელად მივყვეთ არჩეულ კურსს?

2 იესომ ამის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. მის მიერ განვლილი ცხოვრების გზის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს. თუ ბიბლიის მეშვეობით შევისწავლით ქრისტეს ცხოვრებას, მეტად გავიცნობთ მას, შევიყვარებთ და ვიწამებთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:8, 9). არ დაგავიწყდეთ, რისკენ მოგვიწოდა პეტრე მოციქულმა; მან თქვა, რომ ერთგულად მივყოლოდით ქრისტეს დატოვებულ ნაკვალევს (1 პეტ. 2:21). თუ ყურად ვიღებთ ამ რჩევას, რწმენა ჩვენს შემთხვევაშიც მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს და ჩვენი სულების ხსნას მოემსახურება. * წინა სტატიაში  ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია, იესოსავით თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი ვიყოთ. ახლა კი, მოდი, ვიმსჯელოთ, რა დაგვეხმარება ზედმიწევნით მივყვეთ იესოს ნაკვალევს და ვიყოთ მასავით გაბედულები და გამჭრიახები.

იესო იყო გაბედული

3. რა არის გაბედულება და რა შეგვძენს ამ თვისებას?

3 გაბედულება რწმენის მაჩვენებელია. რწმენა კი გვაძლიერებს და ბევრი რამისგან გვიცავს. იყო გაბედული, ნიშნავს, მედგრად დაუხვდე განსაცდელებს, სიმართლის მხარე დაიკავო და ღირსეულად და რწმენით აიტანო ტანჯვა. გაბედულება უშუალოდ უკავშირდება შიშს, იმედსა და სიყვარულს. შეიძლება იკითხოთ, ეს როგორ? სწორედ ღვთის შიში გვაძლევს გაბედულებას, რომ არ ვიყოთ კაცთმოშიშები (1 სამ. 11:7; იგავ. 29:25). ჭეშმარიტი იმედი გვეხმარება, რომ არსებული სიძნელეების მიღმა რწმენის თვალით ნათელი მომავალი დავინახოთ (ფსალმ. 27:14). თავგანწირული სიყვარული გვეხმარება, რომ გაბედულება გამოვავლინოთ მაშინაც კი, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (იოან. 15:13). თუ მივენდობით ღმერთს და მივყვებით მისი ძის ნაკვალევს, ეს გაბედულებას შეგვძენს (ფსალმ. 28:7).

4. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება, როცა იგი „ტაძარში . . . მასწავლებლებს შორის იჯდა“? (იხილეთ სურათი მე-10 გვერდზე)

4 იესო, ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა გაბედულება გამოავლინა და სიმართლის მხარე დაიკავა. გავიხსენოთ ბიბლიიდან ის შემთხვევა, როცა პატარა იესო „ტაძარში . . . მასწავლებლებს შორის იჯდა“ (წაიკითხეთ ლუკას 2:41—47). ეს მასწავლებლები კარგად ერკვეოდნენ როგორც მოსეს კანონში, ისე რაბინულ ტრადიციებში, რომლებიც, თავის მხრივ, მოსეს კანონს ძირს უთხრიდნენ. თუმცა იესო არ დამფრთხალა იმის გამო, რომ ასეთ განსწავლულ პირთა შორის იჯდა. ყველაფრის მიუხედავად, იგი გაბედულად სვამდა კითხვებს და მისი კითხვები რიგითი ცნობისმოყვარე ბიჭუნას კითხვები არ ყოფილა. ის კანონის მცოდნეთ აზრიან და დამაფიქრებელ კითხვებს უსვამდა. როგორც ჩანს, სწორედ ამით მიიქცია მან მასწავლებელთა ყურადღება. პატარა იესოს ყველა კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდა და მასწავლებელთა ყოველი მცდელობა, ორაზროვანი კითხვებით ჩიხში შეეყვანათ იგი, კრახით სრულდებოდა. მართლაც, ყველას, მათ შორის, კანონის მასწავლებლებს, „მისი გაგება და პასუხები . . . აოცებდა“ — პატარა იესოს სიტყვებიდან ღვთიური სიბრძნე გამოსჭვიოდა!

5. რა და რა ვითარებაში გამოჩნდა, რომ იესო გაბედული იყო?

5 იესომ თავისი მსახურების განმავლობაში არაერთ ვითარებაში დაამტკიცა, რომ გაბედული იყო. მაგალითად, მაშინ, როცა თამამად ამხილა მწიგნობრები და ფარისევლები, რომელთაც ხალხი ცრუ სწავლებებით შეცდომაში შეჰყავდათ (მათ. 23:13—36); იგი არასდროს ეპუებოდა ქვეყნიერების მომწამვლელ სულს (იოან. 16:33); წინააღმდეგობის მიუხედავად, არ წყვეტდა ქადაგებას (იოან. 5:15—18; 7:14). გარდა ამისა, მან ორჯერ „განწმინდა“ ტაძარი და გარეთ გაყარა ისინი, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ბილწავდა (მათ. 21:12, 13; იოან. 2:14—17).

6. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს?

6 იესოს მიერ გამოვლენილი გაბედულება აღგვძრავს, რომ განსაცდელებს ჩვენც მასავით მედგრად დავუხვდეთ. მოდი, გავიხსენოთ იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღე. მან წინასწარ იცოდა იუდას გეგმები და ისიც უწყოდა, თუ რა თანმიმდევრობით განვითარდებოდა მოვლენები. და მაინც, იესომ საპასექო ვახშამზე თავის მოღალატე მოციქულს უთხრა: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“ (იოან. 13:21—27). გეთსემანეს ბაღში იესომ ასევე გაბედულად განუცხადა მის შესაპყრობად მისულ ჯარისკაცებს თავისი ვინაობა და მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იგი კვლავ მოციქულებზე ზრუნავდა (იოან. 18:1—8). როცა სინედრიონის წინაშე წარადგინეს, მან ყველას წინაშე განაცხადა, რომ იგი იყო ქრისტეც და ღვთის ძეც. ასეთი ნაბიჯი მისი მხრიდან განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვდა — მან იცოდა, რომ მღვდელმთავარი მის მოსაკლავად საბაბს ეძებდა (მარ. 14:60—65). ღვთის ძემ უმწიკვლობა შეინარჩუნა და წამების ბოძზე მამის ერთგული აღესრულა. სანამდე სულს დალევდა, მას სიხარულით აღმოხდა: „შესრულდა!“ (იოან. 19:28—30).

 იყავით იესოსავით გაბედული

7. ა) ახალგაზრდებო, როგორ მოქმედებს თქვენზე ის ფაქტი, რომ ღვთის სახელით იწოდებით? ბ) როგორ შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ გაბედულნი ხართ?

7 რა დაგვეხმარება, ვიყოთ იესოსავით გაბედული? სკოლაში: ახალგაზრდებო, თქვენ ნამდვილად ავლენთ გაბედულებას, როდესაც სკოლაში ყველას წინაშე აცხადებთ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. ეს დიდ სიმამაცეს მოითხოვს თქვენგან, რადგან ამის გამო შესაძლოა თანაკლასელებმა თუ სხვებმა აბუჩად აგიგდონ. ასეთი გაბედულებით თქვენ ცხადყოფთ, რომ გეამაყებათ იეჰოვას სახელის ტარება (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:12). გარდა ამისა, შესაძლოა სკოლაში ევოლუციის თეორიის მხარდამჭერებმა თავს მოგახვიონ აზრი, რომ ყველაფერი ევოლუციის გზით შეიქმნა. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ ხელთ გაქვთ უამრავი ბიბლიური მტკიცებულება, რომ ყოველივეს შემოქმედი ღმერთია. ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ ნამდვილად გამოგადგებათ მათთან საუბრის დროს, ვინც „თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ“ (1 პეტ. 3:15). მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების დასაცავად ყველაფერს გააკეთებთ, ნამდვილად იგრძნობთ კმაყოფილებას.

8. რა მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ გაბედულად ვიქადაგოთ?

8 მსახურებაში: ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ამიტომ ყოველთვის გაბედულად უნდა ვილაპარაკოთ „იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“ (საქ. 14:3). რა მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ გაბედულად ვიქადაგოთ? ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვქადაგებთ (იოან. 17:17). ამასთანავე, ვუწყით, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“, რომელიც წმინდა სულით გვიჭერს მხარს (1 კორ. 3:9; საქ. 4:31). ჩვენ ისიც გვესმის, რომ თუ გულანთებულნი ვიქადაგებთ, ამით დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი (მათ. 22:37—39). სწორედ გამბედაობა დაგვეხმარება, არ დავდუმდეთ. ჩვენი მიზანია, ფარდა ავხადოთ ცრურელიგიურ დოგმებს, რომელთა მეშვეობითაც რელიგიათა საჭეთმპყრობელთ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ (2 კორ. 4:4). მაშასადამე, გულგრილობის, დაცინვისა თუ ათასგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მაინც დაჟინებით განვაგრძობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (1 თეს. 2:1, 2).

9. რა დაგვეხმარება განსაცდელების პირისპირ გაბედულების გამოვლენაში?

9 განსაცდელების პირისპირ: ღმერთზე მინდობა განგვიმტკიცებს რწმენას და შეგვძენს გაბედულებას, რათა გავუმკლავდეთ სიძნელეებს. ბუნებრივია, გვტკივა, როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გვეცლება, მაგრამ უიმედონი არ ვართ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ ჩვენთან იქნება (2 კორ. 1:3, 4; 1 თეს. 4:13). მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობა შეგვერყევა ან სერიოზულად დავშავდებით, ჩვენ ნამდვილად არ წავალთ კომპრომისზე და უარს ვიტყვით მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიურ პრინციპებთან (საქ. 15:28, 29). თუ სევდა მოგვერევა და „ჩვენი გული მსჯავრს დაგვდებს“, ფარ-ხმალს არ დავყრით, რადგან ვენდობით ღმერთს, რომელიც „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ * (1 იოან. 3:19, 20; ფსალმ. 34:18).

იესო იყო გამჭრიახი

10. რა არის გამჭრიახობა და როგორ მეტყველებს და იქცევა იეჰოვას გამჭრიახი თაყვანისმცემელი?

10 გამჭრიახობა განსჯის ანუ სწორისა და არასწორის განსაზღვრის უნარია. მისი წყალობით ადამიანი სწორ გზას ადგება (ებრ. 5:14). ერთი ლექსიკონის თანახმად, გამჭრიახი კაცი „რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს, როცა საქმე სულიერ საკითხებს ეხება“. ღვთის გამჭრიახი თაყვანისმცემელი ღვთისმოსაწონად მეტყველებს და იქცევა. ასეთი ადამიანი საგულდაგულოდ არჩევს სიტყვებს, რათა ისეთი რამ არ თქვას, რითაც სხვებს გულს ატკენს. პირიქით, იგი ცდილობს, რომ აღაშენოს სხვები (იგავ. 11:12, 13). გამჭრიახი ადამიანი „რისხვაში  ნელია“ (იგავ. 14:29). იგი „სწორი გზით მიდის“ და მთელი სიცოცხლის მანძილზე არ უხვევს ამ გზიდან (იგავ. 15:21). რა დაგვეხმარება, შევიძინოთ გამჭრიახობა? ამაში ღვთის სიტყვის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაგვეხმარება (იგავ. 2:1—5, 10, 11). ამას გარდა, ჩვენთვის, ვისაც გამჭრიახობის შეძენა გვწადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იესოს ცხოვრების შესწავლა, რომელიც ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე გამჭრიახი ადამიანი იყო.

11. როგორ ცხადყოფდა იესო საუბრით, რომ გამჭრიახი იყო?

11 იესოს სიტყვები და საქციელი იმას ცხადყოფდა, რომ იგი გამჭრიახი პიროვნება იყო. იესოს საუბარი: იგი სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ყოველთვის განსჯის უნარს ავლენდა და საგულდაგულოდ არჩევდა „მადლიან სიტყვებს“, რითაც ანცვიფრებდა მსმენელს (ლუკ. 4:22; მათ. 7:28). ის ხშირად საუბრობდა ღვთის სიტყვიდან — კითხულობდა წმინდა წერილს ან თვალსაჩინოების მიზნით საჭირო ციტატებს იშველიებდა (მათ. 4:4, 7, 10; 12:1—5; ლუკ. 4:16—21). იესო ისე განმარტავდა წერილებს, რომ მსმენელთა გულს სწვდებოდა. სწორედ ამაზე მეტყველებს ერთი ეპიზოდი ბიბლიიდან. როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ემაუსის გზაზე ორ მოწაფეს გამოელაპარაკა და „განუმარტა . . . წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“, მოწაფეებმა მოგვიანებით ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის . . . წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკ. 24:27, 32).

12, 13. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იესო გაწონასწორებული და რისხვაში ნელი იყო?

12 იესოს განწყობა და დამოკიდებულება: იესოს გამჭრიახობა ეხმარებოდა, მოეთოკა გრძნობები და ყოფილიყო „რისხვაში ნელი“ (იგავ. 16:32). ის რბილ ხასიათსაც ავლენდა (მათ. 11:29). იმის მიუხედავად, რომ მისი მოწაფეები ხშირად ცდებოდნენ, იგი მათდამი ყოველთვის სულგრძელობას იჩენდა (მარ. 14:34—38; ლუკ. 22:24—27). იესოს სიმშვიდე არც მაშინ ღალატობდა, როცა უსამართლოდ ეპყრობოდნენ (1 პეტ. 2:23).

13 გამჭრიახობა იესოს იმაშიც ეხმარებოდა, რომ ყოფილიყო გაწონასწორებული. ამის წყალობით, მას შეეძლო, რომ მოსეს კანონის მიღმა პრინციპები დაენახა — თუ რატომ მისცა ღმერთმა თავის ხალხს ესა თუ ის კანონი. მაგალითისთვის გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, რომლის შესახებაც ვკითხულობთ მარკოზის 5:25—34-ში (წაიკითხეთ). ბიბლიის ეს მონაკვეთი მოგვითხრობს ერთი სისხლდენით დატანჯული ქალის შესახებ, რომელმაც ბრბოში გზა გაიკვლია, რათა იესოს ტანსაცმელზე შეხებოდა. შედეგად, იგი განიკურნა. კანონის თანახმად, ის უწმინდურად ითვლებოდა და არავის უნდა შეხებოდა (ლევ. 15:25—27). მაგრამ იესოს, რომელიც კანონში უფრო მნიშვნელოვანს, „გულმოწყალებასა და ერთგულებას“, ხედავდა, არ გაუკიცხავს იგი (მათ. 23:23). პირიქით, მან ქალს დაუყვავა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“. მართლაც, შეუძლებელია არ მოგვხიბლოს იესოს გამჭრიახობამ, რის წყალობითაც მან გატანჯულ ქალს შვება მოჰგვარა!

14. რა გზას დაადგა იესო და რა დაეხმარა მას, არჩეული კურსით განეგრძო სვლა?

14 იესოს ცხოვრება: იესოს გამჭრიახობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ცხოვრებაში სწორ გზას დაადგა და მას შემდეგ არასდროს გადაუხვევია მისგან. მისთვის უმთავრესი სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო (ლუკ. 4:43). იესოს მიღებული გადაწყვეტილებები ეხმარებოდა, რომ მთელი ყურადღება სამეფოს საქმისკენ მიემართა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. იგი უბრალოდ ცხოვრობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა, მთელი დრო და ენერგია მსახურებისთვის დაეთმო (ლუკ. 9:58). მან ისიც გაითვალისწინა, რომ უნდა დაეტოვებინა „მემკვიდრეები“, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებდნენ მის წამოწყებულ სამქადაგებლო საქმეს (ლუკ. 10:1—12; იოან. 14:12). იესომ თავის მიმდევრებს ამ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა და უთხრა, რომ მათ გვერდით იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20).

იყავით იესოსავით გამჭრიახი

გაიგეთ, რა აღელვებთ ადამიანებს და გულდასმით შეარჩიეთ სიტყვები (იხილეთ მე-15 აბზაცი)

15. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ ჩვენი საუბრით, რომ გამჭრიახები ვართ?

15 მოდი, განვიხილოთ კიდევ ერთი მხარე, რაშიც ღირს იესოს მიბაძვა. ჩვენი საუბარი:  ჩვენ ვცდილობთ, რომ საუბრით და-ძმები კი არ დავთრგუნოთ, არამედ გავამხნეოთ (ეფეს. 4:29). როდესაც სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრებით, ჩვენი სიტყვები „მარილით შეზავებული“ უნდა იყოს (კოლ. 4:6). მობინადრეებს ჯერ უნდა მოვუსმინოთ და შემდეგ განვსაზღვროთ, როგორ წარვმართოთ მათთან საუბარი. ჩვენ საუკეთესოდ ვუწყით, თუ რამხელა ძალა აქვს მადლიან სიტყვას — ასეთი სიტყვები მობინადრის გულს სწვდება. ამასთანავე, როცა ხალხს ჩვენი რწმენის შესახებ ვესაუბრებით, ვცდილობთ, ბიბლია მოვიშველიოთ. არ გვავიწყდება, რომ სწორედ ბიბლიაა ჩვენი რწმენის ქვაკუთხედი. ამიტომაც, როცა მსახურებაში შესაძლებლობა გვეძლევა, ხალხს უშუალოდ ღვთის სიტყვიდან ვუკითხავთ მუხლებს, რადგან მათზე ბიბლიური ცნობა მოქმედებს და არა — ჩვენი აზრები (ებრ. 4:12).

16, 17. ა) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვართ გაწონასწორებული და რისხვაში ნელი? ბ) რა დაგვეხმარება, რომ მთელი ყურადღება მსახურებას დავუთმოთ?

16 ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება: თუ გამჭრიახები ვიქნებით, საჭიროების შემთხვევაში, მოვთოკავთ საკუთარ თავს და ვიქნებით რისხვაში ნელი (იაკ. 1:19). როცა სხვები გულს გვტკენენ, უნდა შევეცადოთ იმის დანახვას, თუ რა დგას მათი სიტყვებისა თუ საქციელის მიღმა. ასეთი წვდომის უნარი ჩვენში რისხვას დააცხრობს და დაგვეხმარება, „სხვის დანაშაულს გვერდი ავუაროთ“ (იგავ. 19:11). გამჭრიახობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებულნი ვიყოთ. ამგვარად, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ რეალისტები და ჩვენსავით არასრულყოფილი თანამორწმუნეებისგან სრულყოფილება არ მოვითხოვოთ. გვესმის, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი პრობლემები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათ მოსასმენად და თუ ჩვენი აზრები ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდება, არ შევეცადოთ საკუთარი აზრის გატანას (ფილ. 4:5).

17 ჩვენი ცხოვრება: იესოს მიმდევრებს კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისიც გვესმის, რომ სწორედ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით შევძლებთ, ბოლომდე ერთგულად დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე და მთელი ყურადღება მსახურებაზე გადავიტანოთ. ჩვენ სულიერ საქმეებს პირველ ადგილზე ვაყენებთ და ვცდილობთ უბრალოდ ვიცხოვროთ, რათა ქვეყნიერების აღსასრულამდე სრულად ვიყოთ ჩაბმულნი უმნიშვნელოვანეს, მოწაფეების მომზადების, საქმეში (მათ. 6:33; 24:14).

18. ა) რა დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 იესოს იმ თვისებების განხილვა, რომლებზეც ამ და წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, როგორ გამხნევდებით, თუ დროს გამოყოფთ იესოს სხვა თვისებების გამოსაკვლევად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეგიძლიათ, უკეთ მიჰბაძოთ მას. ამიტომ, მოდი, მიზნად დავისახოთ, ფეხდაფეხ მივყვეთ იესოს ნაკვალევს. ეს დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე, რაც საბოლოოდ ჩვენს ხსნასაც მოემსახურება და უფრო მეტადაც დავუახლოვდებით იეჰოვას, ვისაც იესო სრულყოფილად ჰბაძავდა!

^ აბზ. 2 მართალია, 1 პეტრეს 1:8, 9 ზეციური იმედის მქონეთ ეხება, მაგრამ ამ მუხლებში მოცემული პრინციპი მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც ვრცელდება.

^ აბზ. 9 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ იმ და-ძმების ისტორიები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, გაბედულებას იჩენდნენ. მაგალითად, ასეთი ბიოგრაფიები დაიბეჭდა შემდეგ ნომრებში: 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 24—28; 2003 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—21 (რუს.) და 1995 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 11—15 (ინგლ.).