არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იფხიზლეთ!“

„იფხიზლეთ!“

„ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 25:13).

1, 2. ა) რა გაუმჟღავნა იესომ თავის მოწაფეებს ბოლო დღეებზე? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იესო ზეთისხილის მთაზეა, საიდანაც იერუსალიმის ტაძარი ხელისგულივით მოჩანს. იგი წარმოთქვამს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას შორეულ მომავალზე; მოციქულები — პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე — სმენად ქცეულან. იესო მათ უყვება, თუ რა უნდა მოხდეს ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში, როცა თავად ღვთის სამეფოს მეფე იქნება. მოძღვარი მოწაფეებს ეუბნება, რომ ამ დროს დედამიწაზე დანიშნული ეყოლება „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც დროულად მიაწვდის სულიერ საზრდოს თავის მსახურებს (მათ. 24:45—47).

2 სწორედ ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იესოს მოჰყავს იგავი ათ ქალწულზე (წაიკითხეთ მათეს 25:1—13). მოდი, განვიხილოთ ეს იგავი და პასუხი გავცეთ კითხვებს: 1) რა მნიშვნელობა აქვს ამ იგავს? 2) როგორ ითვალისწინებენ ცხებული ქრისტიანები მასში მოცემულ მითითებას და რა მოჰყვება ამას შედეგად? 3) რა მხრივ ემსახურება ეს იგავი თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას?

იგავის მნიშვნელობა

3. რაზე მახვილდებოდა ჩვენს პუბლიკაციებში ადრე ყურადღება იესოს მიერ ათ ქალწულზე წარმოთქმული იგავის ახსნისას და რის საშიშროება არსებობდა?

3 როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში „ერთგული და გონიერი მონა“ ნაკლებად საუბრობს ბიბლიური მუხლების წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე და ძირითადი ყურადღება მათ პრაქტიკულ ღირებულებაზე გადააქვს. უწინ ჩვენს პუბლიკაციებში იესოს ამ იგავში მოხსენიებულ წვრილმანებსაც კი, მაგალითად, ლამპარს, ზეთს, ზეთის ჭურჭელსა თუ სხვა ნივთებს, სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩნდება კითხვა: მხედველობის მიღმა ხომ არ გვრჩებოდა ამ იგავის დედააზრი მაშინ, როცა ასეთ წვრილმანებზე ვამახვილებდით ყურადღებას? ამ კითხვაზე პასუხის მიღება თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

4. რა გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ ვის განასახიერებს იესოს იგავში ა) ნეფე? ბ) ქალწულები?

4 მოდი, თავდაპირველად იესოს იგავის შინაარსსა და მოქმედ პირებს გავეცნოთ. ვინ არის იგავში მოხსენიებული ნეფე? ნეფე იესოა, რადგან მან სხვა შემთხვევაში საკუთარი თავი ნეფედ მოიხსენია (ლუკ. 5:34, 35). რის თქმა შეიძლება ქალწულებზე? როგორც იგავში ვკითხულობთ, იესომ თქვა, რომ ისინი დაბრუნებულ ნეფეს თავიანთი სალამპრეებით უნდა შეგებებოდნენ. ყურადღება მიაქციეთ იესოს სიტყვებს, რომლითაც მან ცხებულთა „მცირე სამწყსოს“ მიმართა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის“ (ლუკ. 12:32, 35, 36). ამასთანავე, მოციქულებმა, პავლემ და იოანემ, ქრისტეს ცხებული მიმდევრები წმინდა ქალწულებს შეადარეს (2 კორ. 11:2; გამოცხ. 14:4). აქედან გამომდინარე, მათეს 25:1—13-ში ჩაწერილი გაფრთხილება უშუალოდ იესოს ცხებულ მიმდევრებს ეხება.

5. როგორ მიგვანიშნა იესომ, თუ როდის შესრულდებოდა მის მიერ მოყვანილი იგავი?

5 ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის უნდა ეღოთ ყურად ცხებულ ქრისტიანებს იგავში მოცემული გაფრთხილება. იესოს სიტყვების თანახმად, მაშინ, როცა მეფე მოვიდოდა (მათ. 25:10). 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ განვიხილეთ მათეს 24-ე და 25-ე თავები, სადაც 8-ჯერ არის მოხსენიებული იესოს მოსვლა. რვავე შემთხვევაში ამ მოქმედების გამოსახატავად ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა გამოიყენება, რომელიც დიდი გასაჭირის დროს იესოს მოსვლაზე მიუთითებს, რათა ქვეყნიერებას განაჩენი გამოუტანოს და შემდეგ იგი სისრულეში მოიყვანოს. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს იგავი ბოლო დღეებში სრულდება და თავის კულმინაციას დიდი გასაჭირისას მიაღწევს.

6. რაში მდგომარეობს იესოს იგავის არსი?

6 რაში მდგომარეობს ამ იგავის არსი? მოდი, გავიხსენოთ კონტექსტი. იესო საუბრობდა „ერთგულ და გონიერ მონაზე“. ეს „მონა“ ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი იქნებოდა, რომელიც ბოლო დღეებში ქრისტეს მიმდევრებს უხელმძღვანელებდა. იესომ მის საყურადღებოდ თქვა, რომ ბოლომდე ერთგულება უნდა შეენარჩუნებინა. შემდეგ მან ეს გაფრთხილება განაზოგადა და მოყვანილი იგავით ბოლო დღეებში მცხოვრებ ყველა ცხებულ ქრისტიანს სიფხიზლისკენ მოუწოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაკარგავდნენ ძვირფას ჯილდოს (მათ. 25:13). ახლა დაწვრილებით განვიხილოთ ეს იგავი და ვნახოთ, როგორ ითვალისწინებენ ცხებული ქრისტიანები იესოს მითითებას.

როგორ ითვალისწინებენ ცხებული ქრისტიანები იგავში ჩაწერილ მითითებას?

7, 8. ა) რა დაეხმარა გონიერ ქალწულებს სიფხიზლის შენარჩუნებაში? ბ) რით ცხადყოფენ ცხებული ქრისტიანები, რომ მზად არიან თავიანთ მეფესთან შესახვედრად?

7 იესოს იგავიდან ვხედავთ, რომ გონიერი ქალწულები უგუნურებისგან განსხვავებით, მზად დახვდნენ ნეფეს. რა დაეხმარა გონიერ ქალწულებს ამაში? მათ თადარიგი დაიჭირეს და სიფხიზლე გამოავლინეს. ქალწულებს ევალებოდათ, რომ ნეფეს მღვიძარენი დახვედროდნენ, გაემართათ თავიანთი ლამპრები და ამაღელვებელი შეხვედრის მოლოდინში მთელი ღამის განმავლობაში ეფხიზლათ. უგუნური ქალწულებისგან განსხვავებით, ხუთმა გონიერმა ქალწულმა ზეთი მოიმარაგა. რის თქმა შეიძლება ღვთის ერთგულ ცხებულ ქრისტიანებზე? არიან ისინიც მზად თავიანთ მეფესთან შესახვედრად?

8 რა თქმა უნდა! ბოლო დღეების განმავლობაში ცხებული ქრისტიანები გონიერი ქალწულების მსგავსად იქცევიან, პირნათლად ასრულებენ თავიანთ დავალებას და ელოდებიან მეფის მოსვლას. ისინი შეგნებულად იღებენ მსხვერპლს, რათა ერთგულად ემსახურონ თავიანთ ბატონს, რის გამოც შესაძლოა სატანის ქვეყნიერების მიერ შეთავაზებულ ფუფუნების საგნებზე უარის თქმა მოუწიოთ. ისინი ღმერთს იმიტომ კი არ ემსახურებიან, რომ აღსასრული ახლოსაა, არამედ იმიტომ, რომ მთელი გულით უყვართ იეჰოვა და მისი ძე და სურთ, რომ ერთგულება საქმითაც დაუმტკიცონ. ცხებული ქრისტიანები ინარჩუნებენ უმწიკვლობას და ეწინააღმდეგებიან ბოროტ ქვეყნიერებაში გაბატონებულ სულს — მატერიალიზმს, უზნეობასა და ეგოიზმს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მეფე იგვიანებს, ისინი, გონიერი ქალწულების მსგავსად, მზად არიან და ანათებენ როგორც მნათობები (ფილ. 2:15).

9. ა) რა თქვა იესომ თვლემასთან დაკავშირებით? ბ) როგორ ეხმაურებიან ცხებული ქრისტიანები შეძახილს: „ნეფე მოდის“? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

9 გარდა იმისა, რომ ქალწულები თადარიგს იჭერენ, ისინი სიფხიზლესაც ინარჩუნებენ. ჩნდება კითხვა: შეიძლება ზოგ ცხებულ ქრისტიანსაც ჩაეძინოს ხანგრძლივი მოლოდინის პერიოდში? რა თქმა უნდა! ყურადღება მიაქციეთ, იესომ ათ ქალწულზე თქვა, რომ „ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა“, რადგან ნეფე აყოვნებდა მოსვლას. იესომ იცოდა, რომ ყველაზე მოშურნე და გულანთებულ ადამიანსაც კი შესაძლოა რული მოჰკიდებოდა. ერთგული ცხებული ქრისტიანები ითვალისწინებენ იესოს გაფრთხილებას და სიფხიზლის შესანარჩუნებლად ყოველ ღონეს ხმარობენ. როგორც იგავიდან ვიგებთ, შეძახილმა „ნეფე მოდის!“, ყველა გამოაღვიძა. მაგრამ მხოლოდ გონიერი ქალწულები შეეგებნენ ნეფეს მომზადებულნი (მათ. 25:5, 6; 26:41). რას ვიტყვით დღეს მცხოვრებ იესოს ერთგულ ცხებულ მიმდევრებზე? მათ ბოლო დღეების განმავლობაში დაინახეს მისი მოსვლის უტყუარი ნიშანი ანუ გაიგეს შეძახილი „ნეფე მოდის“. მას შემდეგ მათ არაერთი განსაცდელის ატანა უწევთ და განსაკუთრებით ფხიზლობენ, რომ თავიანთ მეფეს შეეგებონ. * თუმცა იგავის დასასრულ, ყურადღება მახვილდება დროის კონკრეტულ პერიოდზე. მოდი, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

გონიერთა და უგუნურთა ხვედრი

10. რა კითხვას წამოჭრის „გონიერ და უგუნურ ქალწულებს“ შორის გამართული დიალოგი?

10 მოქმედება იგავში კულმინაციურ ფაზაში შედის, როდესაც „უგუნურ და გონიერ ქალწულებს“ შორის დიალოგი იმართება (წაიკითხეთ მათეს 25:8, 9). ეს დიალოგი ჩვენში ბადებს კითხვას: განა გვახსენდება ღვთის ხალხის ისტორიაში ისეთი შემთხვევა, როცა მათ ვინმეს დახმარებაზე უარი ეთქვათ?! არა. თუმცა ერთ კითხვაზე ღირს დაფიქრება: დროის რომელ მონაკვეთში უნდა „შემდგარიყო“ ეს დიალოგი? გავიხსენოთ ამ საკითხის ბოლოდროინდელი ახსნა. როგორც ვიცით, იესო, „ნეფე“, გასასამართლებლად დიდი გასაჭირის მიწურულს უნდა მოვიდეს. მაშ, ნუთუ ლოგიკური არაა დავასკვნათ, რომ დიალოგი „უგუნურ და გონიერ ქალწულებს“ შორის გასამართლებამდე უნდა გაიმართოს, რადგან ამ დროისთვის ცხებულ ქრისტიანებს საბოლოო ბეჭედი უკვე დასმული ექნებათ.

11. ა) რა მოხდება დიდი გასაჭირის დაწყებამდე? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გონიერმა ქალწულებმა უგუნური ქალწულები ზეთის საყიდლად გაუშვეს?

11 ასე რომ, დიდი გასაჭირის დაწყებამდე დედამიწაზე მყოფ ყველა ერთგულ ცხებულ ქრისტიანს საბოლოოდ დაესმება ბეჭედი (გამოცხ. 7:1—4). მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცხადი, რომ მათ ნამდვილად ზეციერი მოწოდება აქვთ. მაგრამ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოხდება დიდი გასაჭირის წინა პერიოდში. ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ვერ შეინარჩუნებენ სიფხიზლესა და უმწიკვლობას, ზეციური ცხოვრების იმედს დაკარგავენ. შესაბამისად, მათ დიდი გასაჭირის დაწყებამდე აღარ დაესმებათ საბოლოო ბეჭედი. სამაგიეროდ, სხვა ერთგული ქრისტიანები გახდებიან იესოს ცხებული მიმდევრები. როდესაც დიდი გასაჭირი დაიწყება, „უგუნურებს“, რომლებმაც თავის დროზე არ დააფასეს თავიანთი ზეციური ცხოვრების იმედი, შესაძლოა თავზარი დასცეს დიდი ბაბილონის განადგურებამ. მათ შეიძლება მხოლოდ ამ დროს გააცნობიერონ, რომ არ არიან მზად მეფესთან შესახვედრად. და თუ ამ გადამწყვეტ ფაზაში რომელიმე მათგანი დახმარებას ითხოვს, რა მოხდება მაშინ? იესოს იგავის თანახმად, მათთვის — მანუგეშებელი არაფერი. როგორც იგავიდან გვახსოვს, გონიერი ქალწულები უგუნურებს ზეთს არ აძლევენ და ზეთის საყიდლად გამყიდველებთან უშვებენ. არადა შუაღამეა. შეძლებდნენ უგუნური ქალწულები ზეთის შეძენას შუაღამით? ვერა, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო.

12. ა) რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან დიდი გასაჭირის დროს ის ცხებულები, რომლებიც ვერ შეინარჩუნებენ უმწიკვლობას საბოლოო ბეჭდის დასმამდე? ბ) რა ბედი ეწევათ საბოლოოდ მათ, რომლებიც უგუნური ქალწულებივით მოიქცევიან?

12 დიდი გასაჭირის დროს ერთგული ცხებულები ვერაფრით დაეხმარებიან ორგულთ, სწორედ ისე, როგორც ეს ქალწულების შემთხვევაში მოხდა. მათთვის შველა არსაიდან მოვა, ვინაიდან მაშინ უკვე ძალიან გვიან იქნება. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი? ამ კითხვაზე პასუხს იესოს იგავიდან ვიგებთ. როდესაც უგუნური ქალწულები ზეთის საყიდლად წავიდნენ, „მოვიდა ნეფე. ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე და კარი დაიკეტა“. როდესაც დიდი გასაჭირის ბოლოს იესო თავისი დიდებით მოვა, ის თავის ცხებულ მიმდევრებს ზეცაში შეკრებს (მათ. 24:31; 25:10; იოან. 14:1—3; 1 თეს. 4:17). მაშინ ორგულებს, რომლებიც იგავში უგუნურ ქალწულებთან არიან შედარებულნი, კარი ჩარაზული დახვდებათ. ისინი შესაძლოა ნეფეს შეეხვეწონ: „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“, მაგრამ განაჩენის აღსრულებისას ისეთივე პასუხს მიიღებენ, როგორსაც უამრავი თხისმაგვარი ადამიანი: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ“. რა დასანანია! (მათ. 7:21—23; 25:11, 12).

13. ა) რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ქრისტეს ცხებული მიმდევრებიდან ბევრი უორგულებს ღმერთს? ბ) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესომ თავისი მიმდევრები თან გააფრთხილა და თან ნდობა გამოუცხადა? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

13 რა დასკვნამდე მივყავართ ყოველივე ზემოთქმულს? იესოს იმის თქმა ხომ არ სურდა, რომ ბევრი ცხებული ქრისტიანი ერთგულებას დაკარგავდა და მათ ადგილს სხვები დაიკავებდნენ? არა. გახსოვთ, იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ გააფრთხილა, რომ „ბოროტ მონად“ არ ქცეულიყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „მონა“ გაბოროტდებოდა. ამის მსგავსად, იესოს ეს იგავიც სერიოზულ გაფრთხილებას შეიცავს. როგორც იგავში ხუთმა ქალწულმა გონიერება გამოიჩინა, ხუთმა კი — უგუნურება, ასევე თითოეული ცხებულიც ან თადარიგს დაიჭერს და სიფხიზლეს შეინარჩუნებს, ან უგუნურად მოიქცევა და უორგულებს ღმერთს. მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით მსგავსი გაფრთხილება მისცა სულითცხებულ ძმებს (წაიკითხეთ ებრაელების 6:4—9; შეადარეთ კანონის 30:19). მართალია, მან თანაქრისტიანები მკაცრად გააფრთხილა, მაგრამ ამასთანავე, სიყვარული გამოავლინა, მათ ნდობა გამოუცხადა და უთხრა, რომ სანაცვლოდ ჯილდოს მიიღებდნენ. იესომაც მსგავს სულში წარმოთქვა გაფრთხილება, რომელიც ათი ქალწულის იგავის მეშვეობით მისცა თავის მიმდევრებს. ქრისტე დარწმუნებულია, რომ მის ცხებულ მიმდევრებს შეუძლიათ ერთგულების შენარჩუნება და ჯილდოს მიღება.

რა მხრივ არის იგავი სასარგებლო „სხვა ცხვრისთვის“

14. რა მხრივ არის სასარგებლო „სხვა ცხვრისთვისაც“ იგავი ათ ქალწულზე?

14 როგორც დავინახეთ, იესომ იგავი ათ ქალწულზე თავისი ცხებული მიმდევრების საყურადღებოდ წარმოთქვა. თუმცა ჩნდება კითხვა: არის თუ არა ბიბლიის ამ მონაკვეთში ჩაწერილი სიტყვები სასარგებლო „სხვა ცხვრისთვისაც“? (იოან. 10:16). რა თქმა უნდა. გახსოვთ, რა იყო იგავის მორალი? მოწაფეებს უნდა ეფხიზლათ. მაგრამ საინტერესოა, იგავში ჩადებული გაფრთხილება მხოლოდ ცხებულებს ეხებათ? ერთხელ იესომ თქვა: „რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:37). იესო ყველა თავისი მიმდევრისგან მოელის, რომ ისინი მსახურებისთვის გულებს მოამზადებენ და იფხიზლებენ. ასე რომ, ყველა ქრისტიანი ჰბაძავს ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს და ცხოვრებაში მსახურებას უმთავრეს ადგილს უთმობს. თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს იგავიდან, თუ როგორ სთხოვეს უგუნურმა ქალწულებმა გონიერებს, რომ ზეთი ეწილადათ. მათი უგუნური საქციელი შეგვახსენებს, რომ ჩვენს საკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს — ჩვენ მაგივრად ვერავინ უერთგულებს ღმერთს, ვერავინ შეინარჩუნებს რწმენას და ვერავინ იფხიზლებს. თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ იეჰოვას დანიშნული სამართლიანი მოსამართლის წინაშე. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ. მოსამართლე, იესო, განაჩენის აღსასრულებლად მალე მოვა!

უგუნური ქალწულების მაგალითზე ვსწავლობთ, რომ ჩვენ მაგივრად ვერავინ იფხიზლებს და ვერავინ იქნება ღვთისადმი ერთგული

15. რატომ არ გვტოვებს გულგრილს ქორწილი, რომელიც ზეცაში უნდა გაიმართოს?

15 იგავში მოხსენიებული ღირსშესანიშნავი მოვლენა ქრისტეს „სხვა ცხვრისთვისაც“ იქნება სასარგებლო. ნუთუ ვინმეს გულგრილს დაგვტოვებს ასეთი გასაოცარი ქორწილი?! ცხებული ქრისტიანები ზეცაში შეიკრიბებიან და არმაგედონის ომის შემდეგ ქრისტეზე იქორწინებენ (გამოცხ. 19:7—9). ეს ქორწინება დედამიწის მკვიდრთ სასიკეთოდ წაადგებათ, რადგან ის ზეციერი ხელისუფლების დამყარების საწინდარია. იმისდა მიუხედავად, დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ — ზეცაში, ყველამ უნდა გავიაზროთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც ვსწავლობთ იესოს იგავიდან ათ ქალწულზე. მოდი, მოვამზადოთ გული, ვიყოთ მტკიცენი და ვიფხიზლოთ ისე, როგორც არასდროს, რათა გავიხაროთ დიდებული მომავლით, რომელსაც იეჰოვა ღმერთი გვიმზადებს!

^ აბზ. 9 იგავიდან აშკარად ჩანს, რომ ნეფის მოსვლის მაუწყებელ შეძახილსა (მე-6 მუხლი) და მის მოსვლას (მე-10 მუხლი) შორის დროის გარკვეული ინტერვალია. ბოლო დღეების განმავლობაში ფხიზლად მყოფი ცხებული ქრისტიანები მკაფიოდ ხედავენ იესოს მოსვლის ნიშანს. მათ იციან, რომ იესო ზეცაში მეფობს. თუმცა ვიდრე ის საბოლოო განაჩენის აღსასრულებლად დიდ გასაჭირში მოვა, მათ სირთულეების ატანა მოუწევთ.